რა ხდება "ფორუმში"? - კვირის პალიტრა

რა ხდება "ფორუმში"?

ნება გვიბოძეთ, თავად შევარჩიოთ რესპონდენტები და საკუთარ თავს ძალად ნუ მოგვახვევთ

"პარტიული საქმიანობის" დამგეგმავებმა აურ-დაურიეს...

გუბაზ სანიკიძესთან ინტერვიუს ჩაწერა მას შემდეგ გადავწყვიტეთ, რაც "ეროვნულმა ფორუმმა" "ქართველთა მარშის" შესახებ გამოაცხადა,  გვაინტერესებდა გაგვეგო, რა გეგმა ჰქონდათ და რას ელოდნენ ამ აქციისგან.

მაგრამ საქართველოს ყველაზე მრავალტირაჟიანი გაზეთისთვის ეს შეუძლებელი აღმოჩნდა. ჯერ გვითხრეს, გუბაზ სანიკიძესთან ინტერვიუ ხვალისთვის გამორიცხულია, არ სცალიაო. ამის გამო ინტერვიუს კიდევ ერთი დღით გადადებამ მოგვიწია, მაგრამ ბოლოს გვაცნობეს, გუბაზ სანიკიძე რეგიონში მიდიოდა და ინტერვიუ მორიგი კვირისთვის გადადეთო... ეს პირველი შემთხვევა რომ ყოფილიყო, კიდევ არაფერია, მაგრამ ბოლო ხანს ტენდენციად იქცა, - გუბაზ სანიკიძე ინტერვიუს სხვადასხვა მედიასაშუალებაში რომ ჩამოარიგებს, ბოლოს იცლის "კვირის პალიტრისთვის". უნდა ვაღიარო, მსგავსი რამ აქამდე არ ხდებოდა, დღეს რა შეიცვალა?!

KvirisPalitra.Geვცადეთ, გაგვერკვია, რატომ ვიბლოკებოდით "ეროვნულ ფორუმში"

როდესაც საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურისა და "კარდაკარის" ხელმძღვანელ თამარ ჩიბურდანიძეს დავუკავშირდით, ძალიან შეწუხდა და გვითხრა, რომ ყველაფერს უსათუოდ აცნობებდა გუბაზ სანიკიძეს. გვაინტერესებდა "კვირის პალიტრას" "ეროვნული ფორუმის" ხელმძღვანელები არ სწყალობენ თუ პარტიის რომელიმე გავლენიანი წევრი.

"ეროვნული ფორუმის" პრესმდივანმა გუკა შუღლიაშვილმა გვაცნობა, თქვენი სურვილი, გუბაზ სანიკიძესთან ინტერვიუ ჩაგეწერათ,  პარტიული საქმიანობის დაგეგმვის ხელმძღვანელს ანი მიროტაძეს ვაცნობე, მაგრამ რადგან გუბაზ სანიკიძეს დატვირთული გრაფიკი ჰქონდა  - "პრაიმტაიმის კლუბსა" და ფეისბუკზე პასუხობდა კითხვებს, "კვირის პალიტრის"  სურვილის შესახებ ანი მიროტაძეს მისთვის არც უცნობებიაო. გუბაზ სანიკიძეს არაფერი სცოდნია პარტიული საქმიანობის დაგეგმვის ხელმძღვანელის  ერთპიროვნული გადაწყვეტილების გამო. ჩემი აზრით, თუნდაც ამ ფაქტიდან გამომდინარე დაგეგმვის "ამბავი" მთლად კარგად ვერ უნდა იყოს "ფორუმში" და შენ რას იტყვი, მკითხველო?

"ფორუმელებს" ის რომ მაინც გაემხილათ "კვირის პალიტრისთვის", სანიკიძე "პრაიმტაიმში" მიდისო, იქ მივიდოდით და ჩვენთვის საინტერესო კითხვებს დავსვამდით, მაგრამ... ესეც არავინ გვითხრა. საინტერესოა, რატომ?

KvirisPalitra.Geგამოდის, "კვირის პალიტრას" ანი მიროტაძე არ სწყალობს. ალბათ, იმიტომ, რომ ჩვენი ყოფილი კოლეგა და "ეროვნული ფორუმის" ახალი "ლიდერი" სხვა გაზეთებისაგან განსხვავებით "კვირის პალიტრის" ფურცლებზე ჯერ არ მოხვედრილა. რამდენად საფუძვლიანია "კვირის პალიტრის" ეს არგუმენტი, ადვილად დარწმუნდებით, თუ ფაქტებს  დააკვირდებით: იმ გაზეთებისთვის, სადაც ანი მიროტაძის ვრცელი ინტერვიუები იბეჭდება, "ეროვნული ფორუმის" ლიდერების ექსკლუზივებიც გარანტირებულია.

"მედიაპალიტრის" პოზიცია კი ასეთი იყო და ასეთი რჩება:  ნება გვიბოძეთ, თავად შევარჩიოთ რესპონდენტები და საკუთარ თავს ძალად ნუ მოგვახვევთ.

P.S.ამდენი ხნის ჟურნალისტი ვარ (17 წელი) და არ მჩვევია პროვოკატორობა. ამ წერილს რომ ვწერდი, ისიც არ დამიმალავს "ეროვნული ფორუმის" პრესმდივნისთვის (აი, პარტიული საქმიანობის დაგეგმვის ხელმძღვანელთან კი ნამდვილად არ დამირეკავს, რადგან წესით, ჟურნალისტს პრესმდივანთან უნდა ჰქონდეს ურთიერთობა და არა პარტიული საქმიანობის დაგეგმვის ხელმძღვანელთან) და გუკა შუღლიაშვილმა  სწორედ ამ დროს მამცნო, გაუგებრობა მოხდა და იქნებ ყველაფერი დაძაბულობის გარეშე მოვაგვაროთ, ჩვენი მხრიდან მსგავსი რამ აღარ განმეორდებაო. როგორ შეასრულებს "ეროვნული ფორუმი" პირობას, გამოჩნდება, მაგრამ ჩემი კეთილი რჩევაა (მიუხედავად მომხდარისა, სულაც არ გავბოროტებულვარ "ფორუმზე") - "პარტიული საქმიანობა" სხვა დროს უფრო უკეთესად დაგეგმეთ.