მერაბ მეტრეველის კვირის ფიქრები... - კვირის პალიტრა

მერაბ მეტრეველის კვირის ფიქრები...

ომი ხელოვანებით

რუსეთ-საქართველოს შორის ომი გრძელდება, ოღონდ ამ ომმა საინტერესო ხასიათი მიიღო. გინახავთ ხელოვანებით ომი? მე პირველად ვნახე. ეს რას ნიშნავს? ახლავე აგიხსნით. რობერტ სტურუა გათავისუფლებული არ იყო, რუსეთში ერთი ამბავი რომ  ატეხეს - ნახეთ, საქართველოში დიდ ხელოვანებს როგორ ავიწროებენ, აზრის თავისუფლად გამოხატვის საშუალებას არ აძლევენ და თანამდებობებიდან ხსნიანო. ამ ამბავში არა მარტო რუსული მედია, არამედ ოფიციალური სტრუქტურებიც ჩაებნენ. მოსკოვის მერიამ ვრცელი მიმართვა გაავრცელა და სტურუას ოფიციალურად შესთავაზა მოსკოვის რამდენიმე თეატრში მუშაობა.

რუსული მედია კი ამ თემას რამდენიმე კვირა ატრიალებდა. როგორ ფიქრობთ, რაში დასჭირდათ ეს რუსებს? სტურუაზე დარდობენ? რა თქმა უნდა, არა. მათ, უბრალოდ, სურდათ, დაემტკიცებინათ, რომ საქართველოში თავისუფლება არ არის და ხელოვანები იქიდან რუსეთში გარბიან. როგორი იყო ქართული მხარის პასუხი? ისეთი ადეკვატური, მეტი რომ არ შეიძლება. სტურუას ამბავი გაცივებული არ იყო, რომ ქართულმა საინფორმაციო საშუალებებმა ჯერ ერთი რუსი ხელოვანის საქართველოში გადმობარგების ამბავი გვახარეს, მერე - მეორის. ეს მეორე, ვინმე მიხეილ არკადიევი განსაკუთრებით გააპიარეს, აქაოდა, რუსეთში აღარ დაედგომება, პუტინის კრიტიკის გამო სამსახურის გარეშე დარჩა და საქართველოს მოქალაქეობაზე ოცნებობს, რადგან თავისუფლების კუნძული აქ ეგულებაო. პრეზიდენტმა სააკაშვილმა პირადად გადასცა ქართული პასპორტი. მართალია, შემდეგ ამ კაცმა დიდი ხანი ამტკიცა, არც საქართველოს მოქალაქეობა მითხოვია და არც პასპორტი, უბრალოდ, საქართველოსადმი ჩემი სიმპათია გამოვხატე, პუტინის კრიტიკის გამო მართლაც უმუშევარი დავრჩი და თუ აქ სამსახურს მომცემენ, ძალიან კმაყოფილი ვიქნები, სულ ეს არისო, მაგრამ ეს ამბავი ვიღამ გააშუქა!

არ იფიქროთ, რომ ხელოვანებით ომი ერთადერთი სიახლე იქნება, რომელსაც პუტინი და სააკაშვილი შემოგვთავაზებენ. სულ მალე კურორტებით ომიც დაიწყება. უფრო სწორად, უკვე დაიწყო. ახლახან საინფორმაციო საშუალებებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ საფრანგეთის სახელმწიფო ბანკი Caissedes Depotset Consignations ჩრდილოეთ კავკასიის კურორტების განვითარებისთვის 10 მილიარდ ევროს გამოყოფს. ჩრდილოეთ კავკასიის კურორტების განვითარებაში ფრანგული ინვესტიციების ჩადების შესახებ პოლიტიკურ შეთანხმებას ორი ქვეყნის ლიდერებმა -  დიმიტრი მედვედევმა და ნიკოლა სარკოზიმ 26 მაისს დოვილში მიაღწიეს.

შეთანხმების პირობების მიხედვით, ფრანგული მხარე მზად არის, შეთანხმების გაფორმებიდან ერთი წლის განმავლობაში ჩრდილოეთ კავკასიის ხუთი კურორტის განვითარებაში 10 მილიარდი ევრო ჩადოს. "ჩრდილოეთ კავკასიის კურორტები" 2010 წლის დეკემბერში შეიქმნა. ესენია:  ადიღეაში - ლაგო-ნაკი, ყაბარდო ბალყარეთში - ბეზენგი, ყარაჩაი-ჩერქეზეთში - არხიზე, ჩრდილოეთ ოსეთში -– მამისონი და დაღესტანში - მატლასე. თუ ამ კურორტებს მართლა ფრანგები მიხედავენ, მესტიას და გუდაურს ქედს გადაღმა ძალიან სერიოზული კონკურენტები გამოუჩნდება და ჩვენმა ოცნებამ ზამთრის კურორტებით გამდიდრების შესახებ, შეიძლება, თერგის წყალი დალიოს.

ყველაზე ყველაზე ევროპა

"საკმარისია, აქ ამოიყვანო ადამიანი და დარწმუნდება, რომ ეს არის უფრო მეტი ევროპა, ვიდრე დასავლეთ ევროპის ბევრი ქვეყანა და ვიდრე აღმოსავლეთ ევროპა..." - ეს სიტყვები მიხეილ სააკაშვილმა სვანეთზე თქვა, როდესაც მესტიაში იუსტიციის სახლს ხსნიდა. ის დღე საოცარი დღე იყო. სააკაშვილმა საკუთარ თავსაც კი აჯობა და ერთ დღეში იმდენი რამე მოასწრო, სახელისუფლებო ტელევიზიები მისი ნამოქმედარის აღწერას ვერ აუდიოდნენ. საერთოდ, სატელევიზო სტანდარტია, რომ საინფორმაციო გამოშვებაში ერთი სიუჟეტი 3 წუთზე მეტხანს არ უნდა გაგრძელდეს, "რუსთავი 2"-მა კი სააკაშვილის სვანეთის ვოიაჟს 15-წუთიანი სიუჟეტი მიუძღვნა და ესეც არ ეყო. ამის გარდა ცალკე მისი გამოსვლა შემოგვთავაზეს და ცალკე -  უზარმაზარი სიუჟეტი პრეზიდენტის მიერ სვანეთისკენ მიმავალი ახლად გარემონტებული გზის გავლის შესახებ. ყველაფერს დაახლოებით ნახევარი საათი დაეთმო.

არ ვიცი, სვანეთი შეიძლება ნამდვილად არის ყევლაზე მეტი ევროპა, მაგრამ "რუსთავი 2" რომ ევროპულ ტელევიზიად ვერაფრით ჩაითვლება, ფაქტია. ასეთ სიუჟეტებს და რეპორტაჟებს, ალბათ, მუამარ კადაფიზე თუ  აკეთებდა ლიბიის ტელევიზია. ცალკე თემაა, როგორ იყო დადგმული პრეზიდენტის სვანეთის ვიზიტი. ასე, ალბათ, მუამარ კადაფის ვიზიტებსაც არ დგამდნენ. მესტიისკენ მიმავალი გზის გარემონტებით მართლაც საშვილიშვილო საქმე გაკეთდა და იმედია, ის ისევე არ დაინგრევა სამ თვეში, როგორც გომბორის გზის შემთხვევაში მოხდა. ამას მომავალი გვიჩვენებს, აწმყომ კი ის გვაჩვენა, რომ ევროპამდე მართლაც ბევრი გვიკლია;

არ ვიცი, მე არ მახსოვს ბრეჟნევის ვიზიტი თბილისში, მაგრამ ალბათ, მასაც ასე ახვედრებდნენ გზაზე საგანგებოდ გამოყვანილ ხალხს, რომლებიც მას დიდი აღტყინებით და, რაც მთავარია, "გულწრფელად", მადლობებს უხდიდნენ, ჩუქნიდნენ ყვავილებს და ათასგვარი ეპითეტით ამკობდნენ (რაც მთავარია, კოცნიდნენ). სააკაშვილმა ზუგდიდიდან მესტიისკენ მიმავალ გზაზე ავტომანქანა სამჯერ გააჩერა და მის შესახვედრად გამოსულ თუ გამოყვანილ მოსახლეობას გაესაუბრა.

გაესაუბრა რა - ძირითადად, მადლობები მოისმინა. ერთ ქალი ისეთი აღტაცებული იყო პრეზიდენტით, ისეთი აღტაცებული, რომ... ძალიან შემრცხვა, როდესაც მის გამოსვლას ვუყურებდი. არა მგონია, ასეთი  ადამიანების ტელევიზიით ჩვენება პრეზიდენტის რეტინგზე დადებით გავლენას ახდენდეს. ტრაგედია ის კი არ არის, რომ ასეთი ადამიანები არსებობენ, არამედ ის, რომ ასეთი რაღაცები პრეზიდენტს მოსწონს (რომ არ მოსწონებოდა, "რუსთავი 2"-ის ეთერში ვერ მოხვდებოდა). გგონიათ, ეს ქალი  ერთადერთი იყო? მერე ვიღაც კაცი გამოვიდა და სააკაშვილს სვანეთის წმინდა გიორგი უწოდა. ესეც აჩვენეს სამთავრობო ტელევიზიებმა.

თუ ამ ყველაფერს შევაჯამებთ, ვიტყვი, რომ იმ დღეს ტელევიზიებით კარგად გაკეთებული საქმე და გულისამრევად გაკეთებული პიარი ვნახე.

ორი ფრაზა პრეზიდენტისგან

პირადად მე სულ ველოდებოდი, როდის იტყოდა პრეზიდენტი ამ ფრაზას. მე კი არა, მგონი, მთელი საქართველო გრძნობდა, რომ ადრე თუ გვიან იტყოდა. თავად ფრაზა მოითხოვდა, რომ ის ეთქვათ და თან ეთქვა პრეზიდენტს! და აი, ახალი სასწავლო წლის დაწყების დღეს ეს მომენტიც დადგა. პრეზიდენტი პირველკლასელისკენ დაიხარა, ხელისუფლების მიერ მისთვის ნაჩუქარ კომპიუტერს დახედა და წარმოთქვა: "რატომ ვიყავით რევოლუციამდელი ბავშვები ჩამორჩენილები? იმიტომ, რომ არ გვქონდა კომპიუტერი!" პრეზიდენტმა არ თქვა სიტყვა "გონებაჩლუნგი", ცოტათი შეარბილა. ეს  პრეზიდენტის სტილი არ არის, მაგრამ ამჯერად კორექტულობა დაიცვა. ალბათ იმიტომ, რომ რევოლუციამდელი თაობა ჯერ კიდევ ცოცხალია და პატივი გვცა. ან იმიტომ, რომ ამ თაობაში თავადაც იგულისხმება და საკუთარ თავს სცა პატივი. ასეა თუ ისე, წყალგამყოფი უკვე გავლებულია ჩამორჩენილებსა და განვითარებულებს შორის. თუმცა იმ დღეს ეს ფრაზა არ იყო ყველაზე გენიალური - ბოლოს და ბოლოს ეს ხომ პერიფრაზი იყო...

საკუთარი სიბრძნე კი მან იმ საკლასო ოთახში გამოავლინა, რომელიც მისი დავალებით და "ჯეოსელის" რეკლამის მიხედვით შეიქმნა. მოსწონებია "ჯეოსელის" რეკლამაში ნაჩვენები მომავლის საკლასო ოთახი და გადაუწყვეტია, რაღა მომავალში, მოდი, "ჯეოსელს" ამას ყველაფერს აწმყოში გავაკეთებინებო და გააკეთებინა კიდეც!.. პრინციპში, ჭკვიანურია: მისი მემკვიდრე ვეღარ იტყვის: რატომ იყო სააკაშვილის დროინდელი ბავშვი ჩამორჩენილი? იმიტომ, რომ მას არ ჰქონდა კომპიუტერიზებული საკლასო ოთახიო. ჩვენი პრეზიდენტი წინ იხედება. ფრაზაც, შესაბამისად, ბრძნული გამოუვიდა: "ვიღაცისთვის ეს არის წარმოუდგენელი ფუფუნება, მაგალითად, ამერიკისთვის, იაპონიისთვის, ჩვენთვის კი არის ყოველდღიური აუცილებლობა, თუ გვინდა, რომ მათ დავეწიოთ."