"ერთი კაციც არ უნდა დარჩეს იქ, სადაც უნიჭობას ძეგლს უდგამენ" - კვირის პალიტრა

"ერთი კაციც არ უნდა დარჩეს იქ, სადაც უნიჭობას ძეგლს უდგამენ"

"მოქალაქეს ჯიბეში ხელს რომ ჩაუყოფ, შეიძლება იმან ფული მოგცეს, მაგრამ ხმა - აღარ"

"თუ სააკაშვილი 2013 წელს ისევ მოვიდა, კარგა ხანს აღარც წავა..."

"ნაციონალურ მოძრაობაში" მოიძებნება პირთა ჯგუფი, რომელიც საღად აზროვნებს და პოლიტიკაში მიხეილ სააკაშვილის გარეშე დარჩენას ფიქრობს. ჯერჯერობით, ისინი დღის სინათლეზე არ გამოსულან, მაგრამ სააკაშვილის აქტიურობა მიუთითებს, რომ ამ საფრთხეს ხედავს და შეშფოთებულია", - გვითხრა "რესპუბლიკური" პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ბერძენიშვილმა:

- სააკაშვილმა იცის, დასავლეთი რასაც ფიქრობს მის პოლიტიკურ მომავალზე, მაგრამ არც ისეთი კაცია, ევროპის ან ამერიკის სურვილების შესაბამისად მიიღოს გადაწყვეტილება. თუ მიხეილ სააკაშვილს დასჭირდა, პარტიის სახელსაც შეცვლის. პრეზიდენტი თუ არ იქნება, პრემიერი იქნება, თუ პრემიერი ვერ გახდა, ეცდება კონსტიტუციაში ახალი ცვლილება შევიდეს და ქართველი ხალხის მოთხოვნით მესამეჯერ გახდეს პრეზიდენტი.

სააკაშვილი თავიდან სასარგებლო იყო ქვეყნისთვის, მაგრამ 2004 წლის აგვისტოდან, როდესაც ფაქტობრივად გააუქმა აჭარის თვითმმართველობა და გადაწყვიტა დემოკრატიული შტურმი გაეგრძელებინა სამხრეთ ოსეთის მიმართულებით, მისი გაკეთებული კარგი არაფერი მინახავს. თუ არ ჩავთვლით გზებს, კონცერტებს და "ქეთო და კოტეს".

"ქეთო და კოტე", სანამ დოიაშვილი დადგამდა, მანამდეც სუსტი ნაწარმოები იყო. რასაც სააკაშვილი შეეხება, ყველაფრის გაფეტიშება იმის ნიშანია, რომ ქართველი ხალხი დაყრუვდა და ამიტომ არ გამოთქვამს პროტესტს. შეურაცხმყოფელია, როდესაც სოლიკო ვირსალაძის, გოგი ალექსი-მესხიშვილისა და ჩუბჩიკას მერე ვიღაც ბავშვს ავალებენ კოსტიუმების დახატვას.

საქართველო სააკაშვილის გამო გახდა ქვეყანა, სადაც ოპერაში ესტრადის ვარსკვლავები მღერიან, სახელგანთქმული ოპერის მომღერლები კი - ოპერეტაში.

დოიაშვილი არ არის ის რეჟისორი, რომელზეც უნდა ვილაპარაკოთ, რადგან საქართველო მიხეილ თუმანიშვილის, რობერტ სტურუასა და უამრავი მართლაც კარგი რეჟისორის სამშობლოა.

- საზოგადოების ერთმა ნაწილმა 31 აგვისტოს რუსთაველის თეატრის წინ გზა გადაკეტა, რობერტ სტურუა სამხატვრო ხელმძღვანელად დააბრუნეთო.

- პროტესტის იმ ფორმას არ ვგულისხმობ, როდესაც კაცს თეატრიდან გააგდებენ და ხალხი გამოვა. ხალხმა უნიჭო დადგმების გაფეტიშებაზე უნდა გამოხატოს პროტესტი. ჩვენ რომ ღირსეული საზოგადოება გვყავდეს, "ქეთო და კოტეს" საყურებლად მისულებს დარბაზი უნდა დაეტოვებინათ. ერთი კაციც არ უნდა დარჩეს იქ, სადაც უნიჭობას ძეგლს უდგამენ.

მთელი ეს უცნაური აქტიურობები დაკავშირებულია მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკურ ოცნებასთან, 2012 წელს "ნაციონალურმა მოძრაობამ" ისეთი მხარდაჭერა უნდა მოიპოვოს, რომ მას არჩევანი ჰქონდეს - პრემიერი გახდეს, პრეზიდენტი თუ პარლამენტის თავმჯდომარე. მას პარლამენტში კონსტიტუციური უმრავლესობა - 80% უნდა და არა უბრალო გამარჯვება, რომელიც დღევანდელი კონფიგურაციით ისედაც გარანტირებული აქვს. სააკაშვილს 2012 წლის არჩევნებზე კოლოსალური შედეგი სჭირდება, მაგრამ ის პრობლემა აქვს, რომ კოლოსალური გამარჯვების უზრუნველყოფას დიდი ფული სჭირდება, ფული კი გარედან არ მოდის და შიგნით არის საშოვნელი. მაგრამ მოქალაქეს ჯიბეში ხელს რომ ჩაუყოფ, შეიძლება იმან ფული მოგცეს, მაგრამ ხმა - აღარ. ამიტომაც გაჩნდა პრობლემა. სააკაშვილი ამბობს, მომეცით ფული და არ მაინტერესებს, ის პრივატიზაციისგან მოდის თუ მოქალაქეების ჯიბიდანო. ამ დროს მისივე პარტიაში ზოგიერთი ფიქრობს, რომ ფული დასავლეთიდან უნდა მოდიოდეს. ფიქრობენ, ამ კაცს რატომ უნდა გადავაყოლოთ ყველაფერი, მის გამო მოქალაქეებიც უნდა გაგვიბრაზდნენ, დასავლეთიც გაგვინაწყენდეს და მერე ჩვენ რაო? ეს ხალხი სწორად ფიქრობს, რადგან მათ ის ელით, რაც სხვებს უკვე გადახდათ. მალე სააკაშვილი მათ არაფერს ჰკითხავს, გადაწყვეტილებებში მონაწილე კაცებს შეცვლის.

მიხეილ სააკაშვილს პოლიტიკური სიბრძნე რომ ჰქონოდა, არ იზრუნებდა ოპოზიციის გაცამტვერებაზე.

- ანუ სააკაშვილმა ოპოზიცია გააცამტვერა?

- ოპოზიცია არ გაცამტვერებულა, მაგრამ ასე გამოცხადდა. ზოგიერთ ტელეარხს რომ დაუჯეროთ, ოპოზიცია არ არსებობს, ასევე იტყვის გია ნოდიაც, იმიტომ, რომ ეს ფილოსოფოსი კაცი კანფეტის მოყვარული აღმოჩნდა.

სააკაშვილს ერთი სახელმძღვანელოც რომ წაეკითხა ამ სფეროში, ეცოდინებოდა, რომ ჯობს ოპოზიცია გყავდეს, ვიდრე ბოკერია გითხრიდეს ძირს.

- რის საფუძველზე აცხადებთ, რომ ბოკერია სააკაშვილს ძირს უთხრის?

- "ვიკილიკსის" მიხედვით ჩანს, რომ დიდი ხანია "ნაციონალურ მოძრაობაში" წინააღმდეგობაა. Aარ ვიცი, ამას რა მოჰყვება, მაგრამ ოპოზიციამაც არ უნდა იფიქროს, რად გვინდა აქტიურობა, ბოკერია გამოუთხრის მიშას ძირსო. მიხეილ სააკაშვილი, ბოკერია და ვანო მერაბიშვილი ერთი ურჩხულის თავებია. სხვათა შორის, ვიცი, რომ საარჩევნო დათმობაზე წასვლას ბატონი ბოკერია ეწინააღმდეგებოდა და არა ვანო მერაბიშვილი. ისე, შესაძლოა "ნაციონალური მოძრაობის" "შეთქმულ" ლიდერთა ნაბიჯები საქართველოს ინტერესებს დაემთხვეს კიდეც. საქართველოს ინტერესშია, რომ მიხეილ სააკაშვილი არ გახდეს საქართველოს პრემიერი. ისე, წინასწარ ნურავინ იზეიმებს, რომ ქვეყანაში ოპოზიცია არ არის.

- მაგრამ ზეიმის საფუძველს ხელისუფლებას ოპოზიცია აძლევს დაუსრულებელი კინკლაობით. "რვიანი" "ექვსიანამდე" დადნა და ახლა "ხუთიანად" გადაკეთების შანსიც გაუჩნდა.

- ხელისუფლებამ იმუშავა, რომ "რვიანი" "ექვსიანად" გარდაქმნილიყო. "რვიანის" დატოვება "ახლების" პოლიტიკურ ისტორიაში საუკეთესო გადაწყვეტილება არ ყოფილა, თუმც ეს არც მათი პირველი შეცდომაა. ეს რომ შეცდომაა, "ახლები" მაშინ გაიგებენ, როდესაც არჩევნების შედეგებს ნახავენ.

- ფორუმის "ქართველთა მარშიც" ხელისუფლების ნამუშევარია?

- არა მგონია. "ფორუმი" ამბობს, რომ "ექვსიანი" არ დაიშლება, მაგრამ იქვე დასძენს, რომ ბლოკიც არ იქნება.

- 27 სექტემბერს ცალკე მართავს აქციას ირაკლი ალასანიაც.

- მე რომ მკითხონ, არც "ფორუმის" აქცია მომწონს და არც ირაკლი ალასანიასი.

- "ქართველთა მარშისაგან" რას ელით?

- შიმშილობას, პიკეტირებას, გალიებში თავის დატუსაღებას და სტადიონის გავსებას დაემატება ახალი მარში სამებისაკენ, მეტი არაფერი. 27 სექტემბერს "ფორუმი" 60 ათას კაცს რომ ვერ შეკრებს, ახლავე შემიძლია გითხრათ. არაფერი მაქვს საწინააღმდეგო, რომ ხალხმა ქუჩაში გაიაროს, მაგრამ ეს სოხუმის დაცემის დღეა და რას ვაჩვენებთ ამ მარშით? აფხაზებზე ვართ გაბრაზებული, შევარდნაძეზე თუ მიშაზე?

- როგორც გუბაზ სანიკიძემ ახსნა, ეს არის აქცია საქართველოს სინგაპურიზაციის გასაპროტესტებლად.

- ევროპული ორიენტაციის კაცი ვარ და ძალიან

კარგია, თუ ეს აქცია სინგაპურიზაციას დაგმობს, მაგრამ არა მგონია, მოქალაქეებს ესმოდეთ, რა არის სინგაპურიზაციის საწინააღმდეგო მარში 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს.

"ფორუმმა" იჩქარა. იცოდნენ, რომ ამ მარშს "ექვსიანში" მხარს არ დაუჭერდნენ და მაინც გამოაცხადეს. არ სჯობდა მარშის ნაცვლად ერთობლივი რაღაც გაგვეკეთებინა? ბატონმა გუბაზმა ისიც თქვა, ახალ ეროვნულ მოძრაობას ვიწყებთო. იმ ძველს რა მოუვიდა? ვინმემ თქვა, რომ ეროვნული მოძრაობა დამთავრდა და ამიტომ დაიწყო "ფორუმმა" ახალი? კარგად არ მესმის სოხუმის დაცემის დღე რატომ არის არჩეული, რამე რევანშისტული განზრახვა ხომ არ აქვს ფორუმს, სოხუმს ვიბრუნებთ თუ რაშია საქმე?

- "ქართველთა მარშს" ნინო ბურჯანაძემ დაუჭირა მხარი.

- გასაგებია ბურჯანაძის აქტივობა, მაგრამ შეუერთდება თუ არა ის "ფორუმის" ინიცირებულ მარშს, ეს საქართველოს ისტორიაში არაფერს გადაწყვეტს.

- სექტემბრისათვის ოქრუაშვილი აპირებდა ლევან გაჩეჩილაძეზე შეტევას, მაგრამ ბოლო დროს გაჩეჩილაძეც და "ქართული პარტიაც" უცნაურად დადუმდნენ.

- ირაკლი ოქრუაშვილის დაპირებების შესრულება აქამდე ვერ დავინახეთ, მაგრამ თუ არის რამე ბრალდებები, უნდა ითქვას. ოქრუაშვილი ამბობს, ვიდეომასალა მაქვსო და გვაინტერესებს, მაგრამ ქართული ოპოზიციის ძლიერება არა მგონია ამ ორი "გიგანტის" შერკინებაზე იყოს დამოკიდებული. ქართულ პოლიტიკაში არ არის ისეთი ვითარება, რომ ცალკეულ ძალებს ან პირებს შეეძლოთ ვითარების ძირეულად შეცვლა. მთავარია, ქართველმა ხალხმა გააცნობიეროს, თუ მიხეილ სააკაშვილი პრემიერ-მინისტრი გახდა, შემდეგი ჩვენი უფროსი ედუარდ სააკაშვილი ან მიშას შვილიშვილი იქნება. თუ სააკაშვილი 2013 წელს ისევ მოვიდა, კარგა ხანს აღარც წავა...

"პარლამენტს არ აქვს მეტი უფლება ჩაყოს ჩემს ჯიბეში ხელი, ვიდრე მე მისაში"

ჯ. ვაშინგტონი