ინკასო 2 ლარი და 15 თეთრისთვის (?!) - კვირის პალიტრა

ინკასო 2 ლარი და 15 თეთრისთვის (?!)

"კომპიუტერმაც იცის, ვის რა აპატიოს?!"

გასულ კვირას ტელეკომპანია "კავკასიის" ანგარიში ზედიზედ ორჯერ გაიყინა. შემოსავლების სამსახურის გავრცელებული განცხადების მიხედვით, ეს თურმე ავტომატურად, კომპიუტერული სისტემის მეშვეობით მოხდა. ტელეკომპანია "კავკასიის" წარმომადგენელს, ნინო ჯანგირაშვილს ეჭვი ეპარება, რომ კომპიუტერი მხოლოდ კრიტიკულად განწყობილი ტელეკომპანიის საწინააღმდეგოდ "ურევს" და ნაციონალურ ტელევიზიებს ყველა დავალიანებას აპატიებს.

- კარგად ვიცოდი, რომ მიმდინარე გადასახადი, 2.214 ლარი უნდა გადაგვეხადა, ამას ვაპირებდი კიდეც, მაგრამ ვერ მოვასწარი, ისედაც საკმარისი თანხა იყო ანგარიშზე, რომელსაც ინკასო დაადეს და გაყინეს, მერე ვალი თავად ჩამოგვაჭრეს და ინკასოც მოხსნეს. 22 სექტემბერს დღის პირველ ნახევარში საბანკო გადარიცხვები გავაკეთეთ, მეორე ნახევარშიც ტელეფონებზე თანხის დარიცხვა დაგვჭირდა და მოულოდნელად ისევ აღმოვაჩინეთ, რომ გაყინული იყო ჩვენი ანგარიში. ბანკმა აგვიხსნა, შემოსავლების სამსახურმა ისევ მოგვთხოვა, ინკასო დაგადოთო. თურმე ნუ იტყვით, 2 ლარის და 15 თეთრის ჩამოჭრაღა დავიწყებიათ და ეს გამხდარა მიზეზი(!).

სახტად დავრჩით. პირველივე დღეს რამდენიც უნდოდათ, იმდენი ჩამოგვაჭრეს და 2 ლარი და 15 თეთრი რაღა დასატოვებელი იყო? რატომ მაშინვე  არ წაიღეს? ვერ გავიგე, შემოსავლების სამსახური გვეხუმრება, მეთამაშება თუ სულ გამოშტერდა? ადრე დღგ-ს გადასახადის დაფარვისთვის გათვალისწინებული ათდღიანი ვადა იყო, მერე წესები შეიცვალა, მეორე დღესვე შეუძლიათ ინკასოს დადება, მაგრამ შეტყობინება დროულად ხომ მაინც უნდა გამოგზავნონ? პირველ დღეს, ვიდრე ინკასოს დაადებდნენ ჩვენს ანგარიშს, შეტყობინების დროულად გამოგზავნა დაავიწყდათ და ის ზუსტად 22 საათსა და 49 წუთზე მივიღეთ, ე.ი. მაშინ, როცა ფაქტობრივად, სამუშაო საათები დასრულებული იყო. მეორე დღეს კი გაუფრთხილებლად გაგვიყინეს ანგარიში. ამას რა ჰქვია?! თუმცა, სხვებს ჩვენზე უარესიც შემთხვევიათ.

- რას გულისხმობთ?

- მეწარმეებს უმიზეზოდ, პირდაპირ აჭრიან თანხებს  ანგარიშებიდან. როცა ეს საწყლები მიზეზს კითხულობენ, ეუბნებიან, მომავალში ხომ მაინც გადასახდელი გექნებათ და ამ თანხას მერე გამოგიქვითავთო! ისინიც შიშით ხმას ვერ იღებენ. შემოსავლების სამსახურისთვის მთავარია, როგორმე ბიუჯეტში ფული შევიდეს.

- ქალბატონო ნინო, თუ არ ვცდები, ადრეც დაადეს ინკასო "კავკასიის" ანგარიშს.

- დიახ, დაახლოებით 4 წლის წინ, მაგრამ მაშინ მართლაც დიდი დავალიანება გვქონდა და ხმა არ ამოგვიღია, გადავიხადეთ დაახლოებით 20 ათასი ლარი.

ფულს ვალის დარიცხვისთანავე გვახდევინებენ, საურავების დაკისრების "ბედნიერებაც" არა გვაქვს. რამდენიმე თვის წინ, როცა ტელევიზიებს ვალი - 36 მილიონი  ჩამოაწერეს, გაოცებული ვკითხულობდი, ნეტავ ამდენი ვალი როგორ დააგროვეს-მეთქი? ვიცი, ვალის დაგროვების საშუალებას  ჩვენ არავინ მოგვცემს.

- ახლახან შემოსავლების სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ინკასოს დადება-არდადების საკითხს ელექტრონული სისტემა ავტომატურად წყვეტს.

- კი, ბატონო, მაგრამ რაღა მაინცდამაინც ჩვენს ანგარიშს ადებს ინკასოს კომპიუტერული სისტემა? ნუთუ "იმედი" და "რუსთავი 2" ყველაფერს წუთი-წუთზე იხდიან? რატომ არ დაადო კომპიუტერულმა სისტემამ "იმედისა" და "რუსთავი 2"-ის ანგარიშებს ინკასო, ვიდრე მათ უზარმაზარ დავალიანებებს ჩამოაწერდნენ? იქნებ კომპიუტერმაც იცის, რომ "რუსთავი 2"-სა და "იმედს" ხელისუფლება ყველაფერს აპატიებს?

არა, ბატონებო! ეს კომპიუტერის ბრალი არ არის!