ღირს აეროპორტი ბდღვნად?! - კვირის პალიტრა

ღირს აეროპორტი ბდღვნად?!

”მე, სომეხი გეუბნებით: რობიკო მართალი იყო!”

"აპრილში საშუალოდ, დღეში 1,31 კაცი მიიღო მესტიის აეროპორტმა. ამდენი ფული კაც-ნახევრისთვის გადაყარეს?"

"ფოთისა და ზუგდიდის აეროპორტები ისეთივე წამგებიანი იქნება, როგორიც მესტიისა"

"რა თავში ვიხლით ამდენ აეროპორტს ამ მშიერ ქვეყანაში?"

სახელისუფლებო ტელეარხებმა რამდენიმე ხნის წინ სასიხარულო ამბავი გვამცნეს, - მალე საქართველოში კიდევ ერთი საერთაშორისო აეროპორტი გაიხსნება. წელიწად-ნახევარში ახალი, თანამედროვე აეროპორტი ფოთშიც ამოქმედდება! როგორც პრეზიდენტმა ბრძანა, "ფოთის აეროპორტი ყველაზე დიდი და თანამედროვე იქნება, როგორც საქართველოში, ისე მთლიანად კავკასიაში". ცოტა ხნით ადრე კი ასევე სიხარულით გვამცნეს, რომ აეროპორტი ზუგდიდის რაიონის სოფელ ინგირშიც გაიხსნება (ასაფრენი ზოლი უკვე გახსნა პრეზიდენტმა).

ალბერტ ნურბეკიანი: - ამ ინტერვიუს გაძლევთ არა როგორც პილოტთა ასოციაციის პრეზიდენტი, არამედ როგორც ვეტერანი ავიატორი. დაწერეთ, რომ საქართველოს პილოტთა ასოციაცია ფაქტობრივად აღარ არსებობს. ის სიმართლის თქმას შეეწირა! მას შემდეგ, რაც "კვირის პალიტრაში" ქართული ავიაციის კრახზე ვისაუბრე, ისე დაფრთხნენ, ასოციაციის დაშლა გადაწყვიტეს. დაიბარეს საწევროების შემომტანი მფრინავები და უბრძანეს ასოციაციიდან გასულიყვნენ. ეს გააკეთეს თბილისში დაგეგმილი ევროპის მფრინავთა ყრილობის წინ და ჩაშალეს კიდეც. ამიტომაც დღეს ისე იხოცებიან ჩვენი ვეტერანები სიღარიბეში, რომ ხმის ამომღებიც აღარავინ დარჩა. არ გინდათ ნურბეკიანი? კი, ბატონო, აირჩიეთ, ვინც გნებავთ, მაგრამ რატომ ანადგურებთ ასოციაციას?

- თქვენი გადარჩევა "არმენოფობიის" შიშით ხომ არ გადაიფიქრეს?

- რომელ არმენოფობიაზე ლაპარაკობთ? სომეხი ვარ, ბატონებო, და

არ მახსოვს შემთხვევა, ჩემი სომხობის გამო რაიმეში ხელი შემშლოდა,

დაბრკოლება შეექმნათ ჩემთვის ქართველებს, ვინმეს არ ვყვარებოდი იმის გამო, რომ სომეხი ვარ! არმენოფობია საქართველოში არ არსებობს და თითიდან ნუ წოვენ არარსებულ პრობლემას! გრანტები აქვთ ვითომ ტოლერანტობის განვითარების ხელშეწყობისთვის აღებული.

სასაცილოა, ტოლერანტობას ევროპელები ასწავლიდნენ ქართველებს!

ამ საქმით კარგი ფული იჭრება, არარსებულ პრობლემაში გრანტებს არავინ გამოყოფს, ფულის საშოვნელად ხელოვნურად ქმნიან პრობლემას, რომელსაც მერე "გამოსწორება" დასჭირდება! არმენოფობიაც ხელოვნური პრობლემაა. იქნებ ვიღაც სულელმა რაღაც კი თქვა სომხებზე, მაგრამ

ცოტა მოიძებნება სომხეთში ხალხი, უარესს რომ იტყვის ქართველებზე?

- რობერტ სტურუამ რომ თქვა, სომეხი პრეზიდენტი არ მინდაო, არ გწყენიათ?

- მე თბილისელი სომხების ასამბლეის ერთ-ერთი დამფუძნებელი და დირექტორის მოადგილე ვარ. არაფერი ცუდი ბატონ სტურუას არ უთქვამს, ამას მე, სომეხი გეუბნებით! რამდენიმე დღის წინ 15 სომეხი ვიჯექით სუფრასთან და მხოლოდ ერთი აღმოჩნდა ისეთი, რომელსაც სტურუას ნათქვამი არ მოეწონა. რა თქვა ამ კაცმა მიუღებელი? მან თქვა, რომ არ უნდა სომეხი პრეზიდენტი! აქ მაინცდამაინც სომხობაზე კი არ არის საქმე, მას არც სომეხი უნდა, არც უკრაინელი და არც ფრანგი საქართველოს პრეზიდენტად. მას ქართველი პრეზიდენტი უნდა! იკითხეთ სომხეთში, თუ უნდათ ქართველი პრეზიდენტი?

ქვეყანაში არმენო- კი არა, სიმართლეფობიაა! ესენი ათეულობით მილიონს გაუგებარი აეროპორტების მშენებლობაში ფლანგავენ და ვეტერან პილოტებს შიმშილით ხოცავენ. ბოლო ერთი წლის განმავლობაში 7 ვეტერანი პილოტი დაიღუპა უსახსრობით. თანაც ამ ხალხს სასამართლო გადაწყვეტილებით დაკისრებული პენსიაც არ აღირსეს. გაიძახიან, სახელმწიფოს საშუალება არა აქვსო... როცა ეს პროცესი დამთავრდება, მფრინავთა ასოციაციას ოფიციალურად გავაუქმებ. ებრაელებს აქვთ წყევლა, შენი არ იცოდე და ღმერთმა სხვისი ნუ გაგაგონოსო! ახლა ფოთსა და ზუგდიდში აპირებენ აეროპორტების აშენებას.

KvirisPalitra.Geშემიძლია დაზუსტებით გითხრათ, რომ ფოთისა და ზუგდიდის აეროპორტები ისეთივე წამგებიანი იქნება, როგორიც მესტიის გაპიარებული აეროპორტი.

პრეზიდენტი ამბობდა: "ეს აეროპორტი რთული რელიეფის მიუხედავად, უსაფრთხო ფრენას უზრუნველყოფს. უსაფრთხოების გარანტიაა ის თანამედროვე ტექნიკური აღჭურვილობა, რომელიც ევროპელ სპეციალისტებთან ერთად დამონტაჟდა. აეროპორტს 1200-მეტრიანი ასაფრენი ბილიკი აქვს და ამინდის მიუხედავად, ლაინერების მიღებას ნებისმიერ სეზონზე შეძლებს. მესტიის აეროპორტს ზამთარში 18, ხოლო ზაფხულში 50 კაცის ტევადობის თვითმფრინავის მიღება შეუძლია. მესტიაში პირველ ეტაპზე სუბსიდირებული ფრენა და ბილეთის ფასი ყველასთვის ხელმისაწვდომი იქნება. ეს იმისთვის კეთდება, რომ მესტიაში რაც შეიძლება მეტი დამსვენებელი ჩავიდეს. 4 წელიწადში სვანეთში ნახევარი მილიონი ტურისტის ჩასვლას ვვარაუდობ".

შეიძლება არავინ დამიჯეროს, მაგრამ ოფიციალურ მონაცემებს სად წაუვლენ? აეროპორტის გახსნიდან 10 თვეა გასული. მე ხელთ მაქვს მესტიაში ფრენების ოფიციალური მონაცემები: თებერვალში მხოლოდ 10 რეისი შესრულდა, მარტში - 15, აპრილში კი უამინდობის გამო 6 რეისის შესრულება ძლივს მოახერხა კანადურმა ეკიპაჟმა! აპრილში დღეში 1,31 კაცი მიიღო მესტიის აეროპორტმა. ამდენი ფული კაც-ნახევრისთვის გადაყარეს? ახლა ზაფხულში ვნახოთ, იქნებ ამ დროს გვაქვს ტურისტული აფეთქება? ზაფხულში მესტიის აეროპორტით დღეში მხოლოდ 7 კაცი სარგებლობდა. დღეში 7 კაცის მიღებით უნდათ აეროპორტის შენახვა? კანადური ეკიპაჟი დღემდე დოტაციაზეა, ისევე როგორც თავად აეროპორტი და თბილისის აეროპორტის 18-მილიონიანი რკინიგზა. როდესაც აეროპორტში რკინიგზას აშენებდნენ, ვთქვი, რომ არ იმუშავებდა და ამხელა ფულის გადაყრა არ შეიძლებოდა. ჯერ იყო და, 8 რეისი დანიშნეს, მაგრამ მატარებელი ცარიელი იყო, მერე 4-ზე ჩამოიყვანეს და უფრო დაცარიელდა. უცხოეთიდან ღამის 12 საათზე ჩამოფრენილი ადამიანი დილის 8 საათამდე დაელოდება მატარებელს?

საქართველოს პრეზიდენტმა ზუგდიდში ინგირის აეროპორტის ასაფრენი ბილიკი რომ გახსნა, ბრძანა: "ქალაქში იტალიელი არქიტექტორის მიერ დაპროექტებული აეროპორტი გაიხსნება და რეისები მესტია-ზუგდიდისა და ზუგდიდი-ბათუმის მიმართულებით შესრულდება. მომავალი წლისთვის ვყიდულობთ ფრანგულ თვითმფრინავებს და რეგულარულ რეისებს დავიწყებთ. ფოთში დიდი აეროპორტი იქნება, თუმცა რეისები ზუგდიდშიც შესრულდება. აქედან ტურისტები ანაკლიასა და მესტიაში ივლიან". თუ ტურისტები მესტიაში ზუგდიდის აეროპორტიდან წავლენ, მესტიის აეროპორტი რა თავში ვიხალოთ? ახლა მიხვდა პრეზიდენტი, რომ მესტიის აეროპორტი ყველანაირ ამინდში ვერ იმუშავებდა? ვამბობდი, რომ იქ დიდი თვითმფრინავები ვერ იფრენდნენ, იმ თვითმფრინავებისთვის კი, დღეს მესტიაში რომ ფრენს, 300-400-მეტრიანი ასაფრენი ბილიკიც საკმარისი იყო. სვანეთში "ბოინგებმა" უნდა იფრინოსო, დაფრინავს? სვანეთში "ბოინგი" ვერასოდეს იფრენს, რადგან მთები არსად წავლენ, ხოლო კამიკაძის გარდა "ბოინგის" სვანეთში დასმას არც ერთი პილოტი არ გარისკავს. ახლაც ვაფრთხილებ პრეზიდენტს, ფოთის აეროპორტიც წამგებიანი იქნება.

- რატომ, ფოთში ხომ მაინც არის სააეროპორტო ამინდი და არც მთები შეუშლის ხელს "ბოინგებს".

- პრეზიდენტმა თქვა, "ფოთის საერთაშორისო აეროპორტი რეგიონში ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების წინა პირობა უნდა გახდეს. ფოთის აეროპორტი ქალაქ ფოთსა და პორტს, მთელ გურიას, სამეგრელოს, ბათუმს, ქობულეთს, ურეკს, ანაკლიას,  და მესტიას მოემსახურებაო. ეს იქნება ყველა ამინდში მომუშავე აეროპორტი და მუდმივად ჩამოიყვანს ტურისტებს, ბიზნესმენებსო. აქ ამინდსა და მთებზე აღარ არის ლაპარაკი. მართალია, საქართველოზე გადის უმოკლესი სატრანზიტო გზა.

აზერბაიჯანიდან და ცენტრალური აზიიდან დასავლეთის მიმართულებით, და პირიქით - დასავლური საქონლისა ცენტრალური აზიისკენ, მაგრამ ამ ყველაფრის ავიაციასთან დაკავშირება არ შეიძლება. საქმე ის არის, რომ ყველაზე ძვირი ავიაციაში აფრენა და დაშვებაა. ჰაერში ფრენა კი იაფია, საშუალო "ბოინგისათვის" 100 კილომეტრი საჰაერო სივრცის დაფარვა დაახლოებით 40 დოლარი ღირს. წარმოიდგინეთ თვითმფრინავი, რომელიც აზერბაიჯანში ან ყაზახეთში აფრინდება და ვარნაში მიფრინავს, ამ თავისებურებიდან გამომდინარე, როგორ ფიქრობთ, ფოთში დაჯდება, რომ ტვირთი შემდეგ ბორნით გადაზიდოს? თანაც თვითმფრინავი ხომ ისევ უკან აზერბაიჯანში ან ყაზახეთში უნდა დაბრუნდეს? ანუ ისევ უნდა აფრინდეს? თუ ფოთში დაჯდომაში ფული უნდა გადაიხადოს, აფრენაშიც და უკან დასაბრუნებლად, ბორნისა და ტვირთის გადაზიდვის თანხა ცალკე გაიღოს, როგორ ფიქრობთ, მაინც ამ გზით გადაზიდავენ ტვირთს, მაშინ როცა სულ 250 დოლარად გადაიფრენს შავ ზღვას? აეროპორტი, იმ ცნობილი ჩიტისა არ იყოს, ბდღვნად ხომ უნდა ღირდეს?!

ფოთის გარდა აეროპორტი შენდება ზუგდიდში, სოფელ ინგირშიც, აეროპორტი აშენებულია ბათუმში, მოქმედებს კოპიტნარისა და მესტიის აეროპორტები. ხუთივე აეროპორტი 75 კილომეტრის რადიუსში იქნება, რა თავში ვიხლით ამდენ აეროპორტს ამ მშიერ ქვეყანაში? პრეზიდენტმა განაცხადა, ფოთის აეროპორტი ბათუმსა და ქობულეთს მოემსახურებაო, ბათუმის ვიღას მოემსახურება? ბათუმიდან ფოთამდე 58 კილომეტრია, ფოთიდან კოპიტნარამდე - 72, ფოთიდან ინგირამდე - 24. მოუვა თავში ვინმეს ამსტერდამის აეროპორტიდან 24 კილომეტრში კიდევ ერთი საერთაშორისო აეროპორტის აშენება? ეს აეროპორტი გადაყრილი მილიონებია. კარგად იციან ეს, მაგრამ აეროპორტების მშენებლობაში დიდი ფულს ათეთრებენ!

გახსოვთ, ალბათ, თბილისის აეროპორტის მშენებლობის ამბავი. დღემდე ვერ მივიღე პასუხი, რა დაჯდა მისი აშენება. ოფიაციალური პასუხი მაქვს მიღებული სხვადასხვა უწყებიდან და სულ სხვადასხვა ციფრია დასახელებული. ჯერ იყო და, პროექტი 62 მილიონზე შედგა, მერე 77 მილიონამდე გაიზარდა და შემდეგ 92 მილიონამდე ავიდა, ბოლოს 100 მილიონიც დაასახელეს. თუ აეროპორტის აშენება პირობითად 10 მილიონი ღირს, შეაფასებენ ოცად და ფულის გათეთრებაც ეგ არის.

მსოფლიოში საერთაშორისო აეროპორტებს ერთმანეთთან ასე ახლოს მხოლოდ მეგაპოლისების ირგვლივ აშენებენ. რომელი მეგაპოლისი ფოთი ან ანაკლიაა.