"ძნელად წამომიდგენია ეს ამორფული "ქართველთა მარში" - კვირის პალიტრა

"ძნელად წამომიდგენია ეს ამორფული "ქართველთა მარში"

"დიდი იმედი მაქვს, რომ საქართველოში ორენოვანი წარწერები არ გაჩნდება"

27 სექტემბერს "ეროვნული ფორუმის" მიერ დაგეგმილ აქციასა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე "კვირის პალიტრა" კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ნუგზარ წიკლაურს ესაუბრა:

- "ეროვნული ფორუმი" "ქართველთა მარშის" გამართვას გეგმავს. როგორც აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, ეს ქვეყნის სინგაპურიზაციის წინააღმდეგ მიმართული აქციაა. ხელისუფლებაში როგორ აფასებენ ამ აქციას?

- პარტიებმა წინასაარჩევნო ტაქტიკის გამომუშავება დაიწყეს და ეს აქციაც წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილია. პოლიტიკური პარტიების ერთი ნაწილი თუ არჩევნებისთვის ემზადება, მეორისთვის აქტიურობის ერთადერთ საშუალებად ქუჩის აქციები დარჩა. მას შემდეგ, რაც 26 მაისს ქუჩის აქციების იდეამ კრახი განიცადა, ბევრი პოლიტიკური პარტია დაფიქრდა, რომ უმჯობესია ცივილიზებულ პოლიტიკურ პროცესში მიიღოს მონაწილეობა. თუმც არსებობენ პოლიტიკური ძალები და ასეთია გუბაზ სანიკიძის გაერთიანებაც, რომელიც მიიჩნევს, რომ საჯარო აქციებით და დემონსტრაციებით მოახდინოს თავისი ამომრჩევლის მობილიზება.

ეს მათი უფლებაა, მაგრამ ძნელად წამომიდგენია ეს ამორფული "ქართველთა მარში" რა იქნება. არც ვიცი, რა მოთხოვნები ექნება "ფორუმს" და რა უნდა. თუმც კარგად გამოჩნდა ამ აქციისადმი სხვა ოპოზიციური პარტიების დამოკიდებულება, არავის უნდა სხვის ორგანიზებულ აქციაში მონაწილეობა. ამით არის განპირობებული, რომ "ფორუმის" ინიცირებულ მარშში სხვა პარტიები არ მონაწილეობენ. არავის უნდა სხვისი ლიდერობით რიგით პოლიტიკურ ძალად გამოჩნდეს. ამ აქციის საბოლოო მიზანი გაურკვეველია. ეს თუ ძალთა მოსინჯვა და პარტიული აქტივის მზადყოფნის შემოწმებაა, ალბათ, ამისთვის სხვა ფორმის მოძებნა აჯობებდა. შეიკრიბებიან, გაივლიან ქუჩაში და წავლენ შინ.

უმოკლეს დროში დასრულდება პოლიტიკურ ძალებს შორის თამაშის წესებზე შეთანხმება. პოლიტიკური პროცესი არჩევნებში მონაწილეობას გულისხმობს და არა ხელკეტების ქნევას. ეს დრო, საბედნიეროდ, დასრულდა, მაგრამ თუ ცალკეული პოლიტიკური ძალების მხრიდან მაინც იქნება რეციდივები, მთლიან პოლიტიკურ პროცესს ეს საფრთხეს ვეღარ შეუქმნის.

- რამდენიმე დღის წინ ტუვალუს მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის ცნობაზე რას იტყვით?

- ტუვალუს, ნიკარაგუასა და ნაურუს პოზიციებზე ძნელია ლაპარაკი. რუსეთი, რაც სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარა, ცდილობს ამ გადაწყვეტილებაში იზოლირებული არ დარჩეს და შანტაჟით, მოსყიდვით თუ იარაღით მომარაგებით ცდილობს, სხვა ქვეყნებიც დაიყენოს გვერდით. თავისი ნაბიჯის ლეგიტიმაციისათვის რუსეთი არაფერს ერიდება. ტუვალუს აღიარებას ამ კონტექსტში განვიხილავ და ეს პროცესი ძალზე კომიკურ ხასიათს იძენს. არც ერთი მეტ-ნაკლებად სერიოზული ქვეყანა ამ პროცესში არ მონაწილეობს. ეს ნიშნავს, რომ რუსეთი გარიყულია და კიდევ იმას ნიშნავს, რომ რუსეთს, უზარმაზარი რესურსების ქვეყანას, არ შეუძლია რომელიმე ნორმალური ქვეყანა დაარწმუნოს, რომ მხარი დაუჭიროს მის არჩევანს. რადგან 2 წლის განმავლობაში ოკუპაციის ლეგიტიმაცია ვერ მოახერხა, აუცილებლად დაიწყება დეოკუპაციის პროცესი, ამას ხელს ვეღარაფერი შეუშლის.

- ბოლო დროს გააქტიურდა სომხური და აზერბაიჯანული ენებისთვის რეგიონული ენების სტატუსზე საუბარი, რის გამოც ზოგი შეშფოთებულია.

- ამ საკითხზე მოლაპარაკება ევროსაბჭოსთან მიმდინარეობს. ეს არ არის ისეთი საკითხი, რომლის გადაწყვეტასაც 1 თვეში ან 1 წელიწადში ითხოვენ. საქართველოში არის რეგიონები, სადაც მოქალაქეების უდიდესი ნაწილი აზერბაიჯანულ ან სომხურ ენაზე ლაპარაკობს. მათ აქვთ უფლება საკუთარი პოზიცია გამოხატონ. ეთნიკური უმცირესობები სწავლობენ სახელმწიფო ენას უპირველესად იმისათვის, რომ მოახერხონ აქტიურ ცხოვრებაში ჩართვა და თავი იზოლირებულად არ იგრძნონ. განათლების სამინისტრომ სპეციალური პროგრამები შექმნა იმ მასწავლებლებისთვის, რომლებიც ასეთ რეგიონებში ასწავლიან ქართულ ენას. მათ გაცილებით მაღალი ხელფასი აქვთ, ვიდრე მასწავლებლებს თბილისში. სახელმწიფოს პოლიტიკაა, რომ მინიმუმამდე დავიყვანოთ იმ მოქალაქეთა რაოდენობა, ვინც სახელმწიფო ენაზე ვერ ლაპარაკობს.

თუ ვიღაცას უნდა რეგიონული ენის სტატუსი, ამის თაობაზე მოლაპარაკებები გაგრძელდება. შესაძლოა, უნდოდეთ ზოგიერთ რეგიონში ორენოვანი წარწერები და ამის განხილვაც შეიძლება. თუმცა დიდი იმედი მაქვს, რომ ამის აუცილებლობა საქართველოში არ გაჩნდება.