დამთრგუნველი პერსპექტივა - კვირის პალიტრა

დამთრგუნველი პერსპექტივა

დიდი იწილო-ბიწილო დასრულდა. კვირის ბოლოს გაირკვა, ვინ იქნება რუსეთის მომავალი პრეზიდენტი. რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებს ინტრიგა აღარ ექნება - მედვედევმა პუტინის მეტოქეობაზე უარი თქვა! რატომ მოიქცა მედვედევი ასე? ხომ ამბობდნენ, რომ შანსი მასაც ჰქონდა? აქ შეიძლება პასუხის ორი ვარიანტი არსებობდეს: 1) რადგან თავიდანვე შეთანხმებული იყვნენ, რომ მედვედევი ერთი ვადით იქნებოდა პრეზიდენტი, შემდეგ კი ისევ პუტინი იყრიდა კენჭს, სიტყვა აღარ გატეხა; 2) უბრალოდ, მიხვდა, რომ პუტინს ვერ დაამარცხებდა. ახლა უკვე მნიშვნელობა აღარ აქვს, რომელი პასუხია სწორი. ფაქტი ერთია: მინიმუმ მომავალი 12 წელი ჩვენ საქმე ისევ პუტინთან გვექნება (რომელმაც ერთი საპრეზიდენტო ვადა 6 წლამდე გაზარდა). რუსეთში უკვე გამოჩნდნენ ძალები, რომლებიც პუტინს კადაფის ბედს უწინასწარმეტყველებენ, მაგრამ საამისო რუსეთში ჯერ არაფერი ხდება. იქაური ოპოზიციის ლიდერი ბორის ნემცოვი უკვე მოთქმაზე გადავიდა და განაცხადა, რომ პუტინი ხელისუფლებას სიკვდილამდე ჩაებღაუჭა. "მე ხომ არ ვიცი, ის რამდენ ხანს იცოცხლებს? ან რუსეთი მოკვდება ადრე, ან - პუტინი!" - თქვა ნემცოვმა.

მართლაც დამთრგუნველი პერსპექტივაა! როგორი პერსპექტივა გვაქვს საქართველოში, სადაც სააკაშვილსაც არაბული გაზაფხულით ემუქრებიან, მაგრამ წარბიც ვერ შეახრევინეს? წინა კვირას უკვე გაეროს ტრიბუნიდან წარმოაჩინა თავი, როგორც ყველაზე პროგრესულმა ლიდერმა. თავიდან ვიფიქრე, მის გამოსვლაზე დაწვრილებით შევჩერდები-მეთქი, მაგრამ მივხვდი, აზრი არ აქვს. რაც იქ თქვა, მანამდეც ხომ ათასჯერ უთქვამს! ფრაზებიც კი ერთი და იგივეა, ზეპირად ვისწავლე... ამის შესახებ ჩვენც ათასჯერ დაგვიწერია...

ჰოდა, სააკაშვილს ხომ არ დავემსგავსებით და ჩვენც ერთსა და იმავეს ვილაპარაკებთ? პუტინთანაც ბევრჯერ შეგვიდარებია, მაგრამ ამჯერად რუსეთის ლიდერმა დაასწრო - მასზე ადრე მოჰფინა ყველაფერს ნათელი. სააკაშვილი კი ჯერ კიდევ გვაწვალებს და არ ამბობს, რას აპირებს. ახლა შეგვიძლია მხოლოდ ვივარაუდოთ (თუმცა, საფუძვლიანად), რომ იგი თან მოიქცევა პუტინის მსგავსად და თან - არა. პუტინივით პრემიერ-მინისტრი კი გახდება, მაგრამ პრეზიდენტად აღარ დაბრუნდება მარტივი მიზეზის გამო - ახალი კონსტიტუციით, ჩვენთან ქვეყნის მმართველი რეალურად პრემიერ-მინისტრი იქნება. პუტინისგან მას კიდევ ერთი რამ განასხვავებს: რუსეთის ლიდერის შესახებ ვიცით, რომ სავარაუდოდ, იგი კიდევ 12 წელი უხელმძღვანელებს ქვეყანას,  სააკაშვილის შემთხვევაში კი ესეც არ ვიცით.

პრემიერ-მინისტრად ერთი ადამიანის არჩევა რეგლამენტირებული არ არის - რამდენჯერაც მისი პარტია გაიმარჯვებს, იმდენჯერ შეუძლია ამ თანამდებობის დაკავება, ხოლო თუ შევარდნაძის ან არაბული ქვეყნების ლიდერების მაგალითს გავიხსენებთ, ხალხი ხელისუფლების სათავეში ერთსა და იმავე ადამიანს 30-40 წელი იტანს. როგორ ფიქრობთ, ჩვენი პერსპექტივა უფრო დამთრგუნველია თუ რუსეთის?