ნაღმები საარჩევნო კოდექსში - კვირის პალიტრა

ნაღმები საარჩევნო კოდექსში

"რატომ ავალდებულებს ხელისუფლება პოლიტიკურ პარტიებს, რომ წინასაარჩევნოდ 300 ათასი მხოლოდ სატელევიზიო და არა საგაზეთო რეკლამისთვის დახარჯონ?"

"პალიტრაში" ფინანსური შემოწმების შეჩერება ფსიქოლოგიური ფაქტორია..."

- ხელისუფლება ირწმუნება, პროექტში ოპოზიციასთან მიღწეული ყველა შეთანხმება გავითვალისწინე, შეიქმნება საარჩევნო სიებზე მომუშავე კომისია, ხმების დამთვლელთა რაოდენობაც გაიზრდება, დამკვირვებელთა უფლებები კი უფრო ფართოდ იქნება წარმოდგენილიო. თუმცა, საარჩევნო კოდექსში ისეთი კურიოზული ხარვეზები გაიპარა, რაც ოპოზიციას მოლაპარაკებების დროს არც კი დაესიზმრებოდა.

- კურიოზულ ცვლილებებში რას გულისხმობთ?

- ნამდვილი "ნოვაციაა" საარჩევნო კოდექსის პროექტში მუხლი, რომელიც მაჟორიტარულ ოლქში არჩევნების შედეგის გაბათილების შესაძლებლობას იძლევა. იმ შემთხვევაში, თუკი ნარკოლოგიური დისპანსერი ცესკოს დროულად არ წარუდგენს გამარჯვებული მაჟორიტარი კანდიდატის ნარკოლოგიური შემოწმების ცნობას, არჩევნების შედეგი ავტომატურად ბათილდება. რა თქმა უნდა, ნარკომანი დეპუტატი არავის სჭირდება, მაგრამ რა შუაშია არჩევნებში გამარჯვებული მაჟორიტარი კანდიდატი, თუკი ნარკოლოგიურმა დისპანსერმა ცესკოს მიმოწერა დაუგვიანა? რატომ უნდა გაბათილდეს მისი შედეგი? ეს ის შემთხვევაა, როცა კომენტარიც ზედმეტია.

სამართლებრივი არსით კურიოზულია დეპუტატთა რიცხოვნობის 190-მდე გაზრდა. მოგეხსენებათ, თავის დროზე მათი რაოდენობის შემცირება 2003 წელს ჩატარებული რეფერენდუმის საფუძველზე მოხდა, როცა ხალხმა უპასუხა შეკითხვას, გსურთ თუ არა, რომ საქართველოს პარლამენტის წევრთა რაოდენობა 150-ს არ აღემატებოდეს? ამის მიუხედავად, ხელისუფლება ახალი საარჩევნო კოდექსის პროექტით დეპუტატთა რაოდენობის 190-მდე გაზრდას გვთავაზობს, არგუმენტად კი მოჰყავს, 2003 წლის რეფერენდუმი საქართველოს მთელ ტერიტორიაზე (ზოგიერთი რეგიონის ოკუპაციის გამო) ვერ ჩატარდა და შედეგში ხალხის ნება სრულიად ასახული ვერ არისო. ამგვარი ლოგიკით არც ნატოში შესვლის შესახებ პლებისციტი ჩატარებულა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, სადაც გამოკითხული მოსახლეობის უმრავლესობამ საქართველოს ნატოში შესვლას დადებითად უპასუხა. გამოდის, ხელისუფლება პლებისციტის შედეგსაც ეჭვქვეშ აყენებს?

არ შემიძლია მარკირების წესსა და ვიდეოთვალთან დაკავშირებულ საკითხებს არ შევეხო. ფაქტობრივად, ხელისუფლებამ ახალი პროექტით საარჩევნო კოდექსიდან ამოიღო როგორც ამომრჩევლის მარკირების, ასევე საარჩევნო უბნებზე ვიდეოკამერების განთავსების ვალდებულება. ამით ხელისუფლებამ საჩივრების რაოდენობის ხელოვნურად შემცირებას შეუწყო ხელი, მარტივი გამოსავალი გამონახა და ერთი ხელის მოსმით ამოიღო კოდექსიდან "პრობლემური პუნქტები". მარკირებისა და საარჩევნო უბნებში ვიდეოთვალის გამოყენებას სხვა დატვირთვა აღარც ჰქონდა. ხელისუფლების გარდა მაინც არავინ იცოდა, სად მზადდებოდა მარკირების სითხე (მარკირების ნიშანი ხელიდან ადვილად ქრებოდა, რის შემდეგაც შესაძლებელი იყო ხელახლა ხმის მიცემა, ხოლო ვიდეოთვალით გადაღებული ინფორმაცია საჯარო რომ არ ყოფილიყო, ხელისუფლებამ უფრო ადრე "იზრუნა" და შესაბამისი ცვლილება შეიტანა კანონში. ამიტომაც ვიდეოფირების გახსნას შედეგი არც ადრე მოუტანია). ეგ იყო, მარკირების პროცესთან დაკავშირებული შენიშვნა და თითოეული მოთხოვნა ვიდეოფირის გახსნაზე სტატისტიკურად  აღირიცხებოდა, რაც საერთაშორისო დამკვირვებლების რაპორტებშიც აისახებოდა. როგორც ჩანს, ხელისუფლებამ სწორედ ეს აირიდა თავიდან, თანაც გასათვალისწინებელია, რომ ამჯერად პოლიტიკურად და ისტორიულად ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნები გველის, სადაც ყველაფერი იმაზე იქნება დამოკიდებული, აღიარებს თუ არა საბოლოო შედეგებს საერთაშორისო საზოგადოებრიობა.

ჯერჯერობით პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ მარკირების წესსა და საარჩევნო უბნებზე ვიდეოთვალის გამოყენებასთან დაკავშირებულ საკითხებს უმრავლესობა გადახედავს. ნათქვამია, "აღდგომა და ხვალეო".

გარდა ამისა, საინტერესოა პოლიტიკური პარტიების დაფინანსების საკითხებიც. ამ პროექტით შპს-ების, სხვადასხვა  ფირმის თუ დაწესებულების მხოლოდ 50%-ის (ან მეტის) წილის მფლობელებს ეძლევათ დაფინანსების საშუალება. ამ დროს ვიცით, რომ ძირითადად დიდი შპს-ს, ბიზნესორგანიზაციის თუ დაწესებულების 50%-იანი წილის მფლობელი თავად ხელისუფლებაა.

- პოლიტიკურ პარტიებს სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი ფულიდან (წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში) ტელევიზიებისთვის 300 ათასის გადარიცხვა ევალებათ, ამაზე რას იტყვით?

- ამ ცვლილებით პარტიამ, რომელიც თვლის, რომ გადალახავს 5%-იან ბარიერს, 38 დღით ადრე უნდა აცნობოს ცესკოს ამის თაობაზე და მილიონი ლარი მოითხოვოს საარჩევნო კამპანიის საწარმოებლად. რა თქმა უნდა, მილიონს მხოლოდ გამარჯვების შემთხვევაში მიიღებს, მანამდე სატელევიზიო არხებთან სესხად უნდა გააფორმოს 300 ათასად ღირებული ხელშეკრულებები. 5%-იანი ბარიერის გადაულახაობის შემთხვევაში კი ოპოზიციური პარტიები, სავარაუდოდ, "რუსთავი 2"-ის ან "იმედის" კრედიტორები გახდებიან, რაც შესაძლოა ტელევიზიების ჩივილითა და ზოგ-ზოგიერთის პარტიული ქონების დაყადაღებით დამთავრდეს. ამგვარი კაბალური პირობების გამო არ არის გამორიცხული, არჩევნების შემდეგ ზოგიერთმა პარტიამ სწორედ ფინანსური პრობლემების გამო არსებობაც შეწყვიტოს.

და მაინც, ჩნდება რიტორიკული კითხვა: ეს 300.000 რატომ უნდა დახარჯონ პოლიტიკურმა პარტიებმა მაინცდამაინც სატელევიზიო და არა საგაზეთო რეკლამისთვის? ცხადია, ასეთი შეზღუდვა იმ გაზეთებისა და რადიოებისთვის დაწესდა, რომელთაც საქართველოს თითქმის მთელ ტერიტორიაზე შეუძლიათ ინფორმაციის გავრცელება.

როგორც ჩანს, ხელისუფლებას არ აძლევს ხელს, ამ თანხებით ბეჭდური მედიისა და რადიოს გაძლიერება.

- ბატონო კახა, რით ხსნით იმას, რომ "მედიაპალიტრაში" ფინანსური შემოწმება უვადოდ შეჩერდა?

- ნებისმიერ შემოწმებას თავისი ვადა აქვს. როგორც ვიცი, თქვენს მედიაჰოლდინგში ფინანსური შემოწმების სამთვიანი ვადა უკვე ამოიწურა. შემმოწმებელმა კი ამ ხნის განმავლობაში ვერ უზრუნველყო საბოლოო აქტის დაწერა (ეტყობა ვერც ვერაფერი ნახეს, თორემ არ "დაგამადლიდნენ"), ამიტომ მედიაჰოლდინგში ხელმეორედ შემოსვლისა და უკვე ახალი ვადით შემოწმების უფლება დაიტოვა. Kკანონის მიხედვით, საგადასახადო სამსახური უფლებამოსილია, შემოწმება ნებისმიერ დროს განაახლოს. ისე კი მუხლი, რომელიც დაუძლეველი ძალის გამო შემოწმების უვადოდ შეჩერებას ითვალისწინებს, საკმაოდ ბუნდოვანია. ვფიქრობ, "პალიტრაში" ფინანსური შემოწმების შეჩერება ფსიქოლოგიური ფაქტორითაც არის განპირობებული. როგორც ჩანს, ხელისუფლებას სურს, მუდმივად იყოთ მოლოდინსა და დაძაბულობაში. ეს მედიაზე ზემოქმედების სუსტი, მაგრამ მაინც ერთ-ერთი ბერკეტია.