"რუსები აფხაზებს ყველაფერს აპატიებენ, მაგრამ არა მუჰაჯირების დაბრუნებას" - კვირის პალიტრა

"რუსები აფხაზებს ყველაფერს აპატიებენ, მაგრამ არა მუჰაჯირების დაბრუნებას"

"რაც პრეზიდენტი გახდა, ანქვაბს ორი ღამეც არ გაუთევია სახლში, ანგარიშსწორების შიში აქვს"

18 წლის წინ, 27 სექტემბერს, სოხუმი დაეცა, 29  სექტემბერს -  ოჩამჩირე, 30 სექტემბერს გალი. ამით დასრულდა ბრძოლა აფხაზეთის შენარჩუნებისთვის. რამდენიმე დღის წინ, 30 სექტემბერს, აფხაზეთის მოსახლეობას ე. წ. პრეზიდენტმა "საქართველოს საოკუპაციო ჯარებისაგან გათავისუფლების დღე" მიულოცა და დასძინა, ეს გამარჯვება განმათავისუფლებელი ბრძოლის სამართლიანი შედეგი იყოო. "ქართველთა ოკუპაციისაგან" გათავისუფლების დღის მილოცვა არც რუსეთს დავიწყებია და აფხაზებს საჩუქრად ტუვალუს აღიარება უბოძა. მერე რა, თუ ტუვალუს მოსახლეობა დაახლოებით 11 000 კაცს შეადგენს. მთავარია, რომ გაეროს წევრი ქვეყანაა, რომელმაც აფხაზეთის დამოუკიდებლობა ცნო ასეთია რუსული ლოგიკა. ანქვაბს "საჩუქარი" აფხაზურმა კრიმინალურმა სამყარომაც გაუკეთა, ორი აფეთქება სოხუმის ცენტრში, რომელსაც აფხაზეთის ომის "გმირი", აფხაზეთში მცხოვრები ყაბარდოელი არსენ ბჟეშკიევი ემსხვერპლა.

აფხაზეთში შექმნილ ვითარებაზე ვესაუბრეთ ექსპერტს კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძეს:

- სერგეი ბაღაფშის საეჭვო გარემოებებში (და ეს ეჭვი არა მხოლოდ მე, სოხუმშიც ბევრს აქვს) გარდაცვალების შემდეგ დანიშნულ არჩევნებში გაიმარჯვა ალექსანდრე ანქვაბმა, რომლის ინაუგურაცია 26 სექტემბერს გაიმართა. ზოგისთვის ეს მოულოდნელი იყო, რადგან რუსული პოლიტიკური ისთებლიშმენტის ერთი ჯგუფი შამბას ეხმარებოდა და ამას არც მალავდა. თურმე, რუსების ერთი ჯგუფი ანქვაბსაც ეხმარებოდა, ოღონდ მალულად. ის შეცდომა, რაც 2004 წელს დაუშვეს, აღარ გაიმეორეს რუსებმა, აღარ დაეყრდნენ აფხაზ ელექტორატს, რომელიც მის საქმეებში ჩარევას აგრესიულად ხვდება და, ძირითადად, სომეხ მოსახლეობასთან იმუშავეს. შედეგიც მიიღეს, ანქვაბმა გაიმარჯვა.

ანქვაბი მკაცრი, შრომისმოყვარე ადამიანია და ურთიერთობაში მძიმე, პრინციპულია და ხისტი ხასიათი აქვს. ხელისუფლების სათავეში მოსვლისთანავე განაცხადა, რომ მკაცრ შიდა პოლიტიკას გაატარებს. ბაღაფში მასზე ბევრად რბილი იყო და ეს ჩანდა კლანებთან ურთიერთობაშიც, ანქვაბი კი დაუპირისპირდა პოლიტიკურ კლანებს და ბიზნესკრიმინალურ ჯგუფებს, რომლებსაც აფხაზეთი გავლენის ზონებად აქვთ დაყოფილი. ამის გამო მოაწყვეს ორი აფეთქება ანქვაბის ინაუგურაციამდე. ამით აფხაზეთში ფეხმოკიდებულმა კლანებმა თავიანთი ძალა აჩვენეს. რაც პრეზიდენტი გახდა, ანქვაბს ორი ღამეც არ გაუთევია სახლში, ანგარიშსწორების შიში აქვს.

თუ ანქვაბმა დროზე არ მოაშთო კრიმინალური ჰიდრა, არ არის გამორიცხული, კრიმინალური ჯგუფები დაირაზმონ და სპონტანურად შეუტიონ ანქვაბს. მას კი დაეხმარებიან რუსები, მაგრამ ეს მისი უსაფრთხოების გარანტია არ არის. ბოლო დროს გახშირდა რუსი ტურისტების ცემის, ძარცვისა და  გაუპატიურების შემთხვევები, რაც ანქვაბთან დაპირისპირებული კრიმინალური ჯგუფების ხელწერაა. ისინი გამიზნულად, ხელოვნურად ქმნიან პრობლემას.

- აფხაზეთის ე. წ. პრემიერ-მინისტრი  ლეონიდ ლაკერბაია ამბობს, რომ 1989 წლის შემდეგ აფხაზი ხალხი არასოდეს ყოფილა ასეთი თავისუფალი, რომ ქართველები და აფხაზები თითქოს სხვადასხვა პოლუსზე ვართ.

- დიახ, აფხაზეთი თავისუფალია იმ მხრივ, რომ იქ რუსეთი რაც უნდა, იმას აკეთებს. ლაკერბაიამ ისიც ბრძანა, ახალგაზრდა თაობას საქართველო არ აინტერესებსო, რაც ტყუილია. თავისი ასაკიდან გამომდინარე, შეიძლება ლაკერბაია ინტერნეტით ვერ სარგებლობს, მაგრამ თვალს თუ გადაავლებთ ინტერნეტსივრცეს, ისეთი გაცხარებული კამათია ქართველ და აფხაზ ახალგაზრდობას შორის, თუნდაც ეს მეტყველებს რომ მათ ერთმანეთი აინტერესებთ.

- როგორ წარმოგიდგენიათ ამიერიდან აფხაზურ-რუსულ-ქართული ურთიერთობები?

- ანქვაბი ისეთი ადამიანების კატეგორიას განეკუთვნება, რომელთაც არ სჩვევიათ დიპლომატიური სვლები. ის რუსეთს რევერანსებს უკეთებს, მაგრამ არც მეტოქის გაცურება ან საზოგადოების მოტყუება სჩვევია. საგულისხმოა, რომ ანქვაბს ყურადღება არ გაუმახვილებია მუჰაჯირების დაბრუნებაზე, რაც ბაღაფშის პოლიტიკის უმთავრესი ნაწილი იყო და ჩემი აზრით, ამას შეეწირა კიდეც. რუსები აფხაზებს ყველაფერს აპატიებენ: ტურისტების ცემას, ძარცვასა და გაუპატიურებასაც კი, მაგრამ არ აპატიებენ მუჰაჯირების დაბრუნებას.

- რატომ?

- ეს იქნება რუსეთის ინტერესებზე დარტყმა და თურქეთის გავლენის გაძლიერება რეგიონში, რაც ისედაც ძლიერია.

ანქვაბი საკადრო წმენდას იწყებს, მაგრამ მდიდარი რესურსი არ გააჩნია. ის კადრებს დაეძებს ყველგან, მათ შორის მუჰაჯირების შთამომავლებს შორისაც. ერთი მხრივ, ანქვაბი არ ახდენს დეკლარირებას, რომ მისი პოლიტიკის მნიშვნელოვანი ნაწილი მუჰაჯირების შთამომავლების დაბრუნება იქნება და მეორე მხრივ, ამას აკეთებს. მუჰაჯირების შთამომავლების მოყვანა აფხაზეთის ხელისუფლებაში ნიშნავს, რომ ანქვაბს ეყოლება კვალიფიციური, ფინანსურად უზრუნველყოფილი მთავრობა, რომელიც ჩართული არ იქნება კლანურ ურთიერთობებში.

ალექსანდრე ანქვაბი ისეთი კაცია, ჩვენს მხარეს არ გადმოიხრება, მაგრამ სარგებლის მისაღებად კი დაელაპარაკება. ამისთვის აუცილებელია ჩვენთან დალაპარაკების მოსურნე გამოჩნდეს. თავი ისე არ უნდა დავიჭიროთ, აქაოდა, მტერი ხარ და არ დაგელაპარაკებიო. უნდა გავააქტიუროთ აფხაზ საზოგადოებასთან ურთიერთობა და დიალოგი არასამთავრობო ორგანიზაციებთან, საზოგადოების წარმომადგენლებთან. ეს უნდა მოხდეს ჩვენი დასავლელი მეგობრების დახმარებით, დიალოგი ეპიზოდური კი არა, მუდმივი უნდა იყოს.

თუ ჩვენ რაიმე სასარგებლოს შევთავაზებთ, არ არის გამორიცხული, აფხაზებმაც არაორდინარული ნაბიჯი გადადგან.

- რუსეთმა აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარა და ამაზე მეტი ჩვენ რაღა უნდა შევთავაზოთ?

- აფხაზი საზოგადოება დასავლეთისკენ ისწრაფვის და კარგად იცის, მისი დასავლეთთან დაახლოება წარმოუდგენელი იქნება, თუ დევნილებს არ დააბრუნებს. ამიტომ უნდა დავიწყოთ აფხაზებთან საუბარი რუსეთის ჯარის გაყვანაზე, დევნილების დაბრუნებაზე და შევთავაზოთ დიალოგის დაწყება დამოუკიდებლობის საკითხზე.

მუჰაჯირები

აფხაზეთში მუჰაჯირობა  XIX  საუკუნის პირველ ნახევარში დაიწყო პროთურქული ორიენტაციის აფხაზი ფეოდალების პოლიტიკური მარცხისა და სახალხო აჯანყების მკაცრად ჩახშობის გამო. ყირიმის ომის (1853-1856) დროს თურქთა მიერ აფხაზეთის ოკუპაციას მოჰყვა მასობრივი გადასახლება ოსმალეთში: 1867 წელს მუჰაჯირობის დიდი ტალღა მოჰყვა აფხაზეთის სამთავროს გაუქმებასა და 1866 წელს დიდ სახალხო აჯანყებას. მასშტაბური გადასახლება დაიწყო რუსეთ-თურქეთის 1877-1878 წლების ომის დროს (დაახლოებით 50 ათასი). მუჰაჯირობის შედეგად აფხაზეთის ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი გავერანდა და გაუკაცრიელდა. გადასახლებულთა ძირითადი მასა დღესაც ცხოვრობს თურქეთში, ნაწილი - სირიაში, იორდანიასა და სხვა ქვეყნებში, მცირე ნაწილი - ჩრდილოეთ საბერძნეთში. მუჰაჯირ აფხაზთა რაოდენობა თურქეთში 100 ათასს აღწევს, არაბულ ქვეყნებში - დაახლოებით 15 ათასს.