მერაბ მეტრეველის კვირის ფიქრები... - კვირის პალიტრა

მერაბ მეტრეველის კვირის ფიქრები...

რამდენიმე სურათი ანუ ეპიზოდი დეპუტატის ცხოვრებიდან:

წამოხტა კაკო ლომივით ზეზე,

მუშტი მოზიდა და შეაყენა

და, რა იხილა, პეტრე დგას ფეხზე,

შეჰკივლა: "მითხარ, ვინა ხარ შენა,

რისთვის მოსულხარ, - მოყვრად,

თუ მტრადა?"

პეტრე: - მოყვრად, გულფიცხო, იყავ მშვიდადა.

კაკო: - არ მჯერა, არა, შენ,

ნაძირალავ!

შენ პუტინის ხარ აქ მოციქული.

შენს მკერდში ვიცი უკვე ნამდვილად

ნოღაიდელის ძგერს ავი გული.

გადააფრინდა კაკო მაგიდებს,

მიშას ფიცულობს მაღალს

თვით მზეზე,

ყველა ხვდება, რომ პეტრეს წაიგდებს;

პეტრეს, რომელიც ისევ დგას ფეხზე.

ელდარ კვერნაძე ვითომ არიდებს,

მაგრამ დეპუტატს დაგეშილს მტერზე

ვერ შეაჩერებს ვერარა ძალა

პატრიოტულად როს უძგერს გული.

და პეტრეს უგრძნობს ცუდს

თავის ქალა,

თუმცა მშვიდია დღეს მისი სული;

სული, რომელიც ეშმაკს მიჰყიდა,

თუ დავუჯერებთ გოგორიშვილსა,

რომელიც წივის სადღაც იქიდან,

სადაც კამერის ვერ წვდება

"თვალი".

უცებ გაისმის ხმა ტკაცანისა...

და მოიხადა კაკოიმ ვალი!

ეპილოგი

გასრულდა მათი ამბავი, ვითა

სიზმარი ღამისა.

კაკომ გალახა პეტრეი, - ნახეთ

სიმუხთლე ჟამისა!

ვისაც ჰგონია გადურჩა, კაკო

მიუსწრებს წამისად.

ვწერ მე რაჭველი მელექსე,

ჭავჭავაძისად ამისა.

***

KvirisPalitra.Geდახვედრა ახალზელანდიურად

ჩვენ კი გვგონია, რომ ტრადიციების მოყვარული ქვეყანა ვართ, მაგრამ ნახეთ, როგორ დახვდნენ ნიკა გილაურს ახალ ზელანდიაში?! "რუსთავი 2" იუწყებოდა, რომ - "ადგილობრივი ტრადიციების სრული დაცვითო". "სრული დაცვა" ის სიტყვები არ არის, რომლებიც ამ მოვლენას აღწერს. ტრადიციების მოყვარულნი ისინი ყოფილან სწორედ. არადა, ამ ქვეყანაში მოსახლეობის 67 პროცენტი ევროპული წარმომავლობისაა. მიუხედავად ამისა, ნახავდით, როგორ სცემენ პატივს ადგილობრივი მკვიდრების ტრადიციებს. საქართველოს პრემიერ-მინისტრს სულ ცხვირები უხახუნეს - იქ მისალმების ასეთი წესია.

თუმცა ცხვირების ხახუნი რა არის იმასთან შედარებით, რაც მერე დაიწყო! იმას, რაც მერე დაიწყო, "მოხატული უკანალების შოუს" თუ დაარქმევ, სხვას ვერაფერს. ვერ გეტყვით, რას ფიქრობდა ყოველივე ამის შემხედვარე გილაური, თავი კი ბრწყინვალედ ეჭირა - ერთი არ გაღიმებია. გულში კი სავარაუდოდ, ფიქრობდა: რა გაუძლებს ქართველებს, საქართველოში რომ ჩავალო. მე კი, როდესაც გილაური და მის წინ შიშვლად მოხტუნავე აბორიგენები დავინახე, გავიფიქრე: კიდევ კარგი, გილაურს ქართული ანდაზა არ გაახსენდა, რომელიც გვასწავლის: "სადაც ჩახვალ, იქაური ქუდი დაიხურეო".

(სიუჟეტი იხ. palitratv.ge-ზე)

***

სიმინდის პარადოქსი

პარასკევს, პარლამენტის აგრარული კომიტეტის სხდომაზე, თავიდანვე ცხადი გახდა, ვისი ტარო უფრო გრძელი იყო. ხელისუფლებამ სხდომაზე გრძელი ტაროები მოიტანა, ოპოზიციამ - მოკლე. ხელისუფლება ამტკიცებდა, ახალმა ამერიკულმა ჰიბრიდულმა სიმინდმა საქართველოში არნახულად იხარაო. ოპოზიცია პირიქით ამბობდა... შესაბამისი მტკიცებულება ორივეს თან ჰქონდა - დიდი და პატარა ტაროები. სოფლის მეურნეობის მინისტრმა სხდომაზე ჰიბრიდული სიმინდისგან გამომცხვარი მჭადებიც მოიტანა და დეპუტატებს მათი დაგემოვნება შესთავაზა. როდესაც უმრავლესობის წევრები ამ მჭადებს მიირთმევდნენ, ველოდი ერთ-ერთი მაინც წამოიძახებდა: "კუჭსაც არ ამიშლისო". ასე არ მოხდა, თუმცა სანახაობა მაინც თვალსასეირო გამოვიდა. წინა კვირას სიმინდი მთავარ პოლიტიკურ თემად იქცა. საინტერესო ფაქტია: ჯერ კიდევ შარშან, მთავარი პოლიტიკური თემა პრეზიდენტის გადაყენება იყო.

ახლა - სიმინდის მოსავალია. წინ წავედით თუ უკან? ვფიქრობ, რომ აშკარად წინ ვართ, მიუხედავად იმისა, რომ სიმინდის თემის განხილვამ ცოტა კომიკური ხასიათიც კი მიიღო. ყოველ გაზაფხულსა და შემოდგომაზე რევოლუციის მოწყობაზე უშედეგო ფიქრს, სიმინდის დათესვაზე და მის აღებაზე ფიქრი ჯობია. რაც უნდა უცნაურად მოგეჩვენოთ, როდესაც პარლამენტში სიმინდის ტაროები მიაქვთ და იქ ტაროების სიგრძეზე დებატები იწყება, გიჩნდება განცდა, რომ პოლიტიკურად სტაბილურ ქვეყანაში ცხოვრობ, სადაც პოლიტიკოსებისთვის მთავარი სალაპარაკო გლეხების მოსავალია, ხოლო როდესაც უყურებ პოლიტიკოსების ერთ ნაწილს, თუ როგორ გამოჰყავს ხალხი ქუჩაში საიმისოდ, რომ რესპუბლიკის მოედანზე შეაგროვოს და შემდეგ მარშით სამების საკათედრო ტაძარში სალოცავად წაიყვანოს, ხვდები, ისევ "სიმინდის რესპუბლიკა" ხარ! დიახ, რაც უნდა პარადოქსულად მოგეჩვენოთ, თუ ჩვენი პოლიტიკის მთავარი საკითხი სიმინდის მოსავალი იქნება, ჩვენ ნორმალური ქვეყანა გავხდებით, ხოლო თუ მარშები, გადატრიალებები, რევოლუციები და ა.შ. - "სიმინდის რესპუბლიკა".