"ორი სიზმრის ტყვეობაში" - კვირის პალიტრა

"ორი სიზმრის ტყვეობაში"

"შემდეგი არჩევნები შეიძლება სააკაშვილმა კი არა, პუტინმა ჩაატაროს"

"დაცემიდან ამაღლებამდე ფორთხვით ვერ მიხვალ, მარშით უნდა მიხვიდე"

გუბაზ სანიკიძემ მითხრა: "გაუგებრობა მოხდა, რომელიც გაირკვევა და დიდი იმედი მაქვს, ჩვენ შორის ძველი ურთიერთობა გაგრძელდება ყოველგვარი ნაწყენობის გარეშე" ("კვირის პალიტრის" მკითხველს ეხსომება პუბლიკაცია - "რა ხდება ფორუმში", სადაც ვწერდით, რომ გუბაზ სანიკიძემდე მისვლას (ამას კიდევ არაერთი ჟურნალისტი ამბობს) პარტიაში "ვიღაც" ბლოკავდა). გუბაზ სანიკიძეს "ქართველთა მარშსა" და ახალი პოლიტიკური სეზონისთვის ოპოზიციის ამოცანებზეც ვკითხეთ:

- "ქართველთა მარშზე" ხალხის გამოუსვლელობა "ფორუმის" ბრალი იყო. საზოგადოებას ვერ გავაგებინეთ, სწორად ვერ წარვუდგინეთ, რას ვაპირებდით. ის 5-6 ათასი კაცი, რომელიც აქციაზე მოვიდა, "ეროვნული ფორუმის" თბილისის ორგანიზაციის წევრები იყვნენ. ფინანსური პრობლემების გამო ვერ მოვახერხეთ პარტიის წევრების ჩამოყვანა რეგიონებიდან.

ამ აქციით "ფორუმმა" ძალა მოსინჯა, ეს იყო ტესტი, რამდენად გვაქვს გავლენა საზოგადოებრივ აზრზე და რამდენად ორგანიზებულია პარტია. პირველი შედეგი არადამაკმაყოფილებელია, მაგრამ მეორე ტესტი "ფორუმმა" ფრიადზე ჩააბარა. "ქართველთა მარში" ჩაიშალა, მაგრამ "ფორუმის მარში" ბრწყინვალედ ჩატარდა. ასე რომ, კმაყოფილიც ვარ და უკმაყოფილოც. ვეჭვობ, დღეს რომელიმე პოლიტიკურ ძალას თბილისში 5 ათასი პარტიის წევრი ჰყავდეს.

სიურპრიზი იყო უცხოური პრესის გამოძახილი. ყველა აღნიშნავს, 26 მაისის შემდეგ, როდესაც ქართულ ოპოზიციურ ფრონტზე სიო არ ირხეოდა, ეს იყო პოზიტიური მოვლენა. ეს პროტესტი მზარდი იქნება. აქციებს ჩვენს კოლეგებთან ერთად გავმართავთ, მაგრამ იქნება ისეთი აქციებიც, რომელთაც მხოლოდ "ფორუმი" ჩაატარებს. ისეთ აქტიურ პოლიტიკურ სეზონს ვაპირებთ, როგორიც არასოდეს ყოფილა.

-  "ექვსიანის" წევრმა "თავისუფალმა დემოკრატებმა" კი სხვაგან გამართეს აქცია. უცნაურია, რომ 27 სექტემბერს ჟიული შარტავასა და მამია ალასანიას (18 წლის წინ ამავე დღეს ისინი აფხაზებმა დახოცეს) შვილები ცალ-ცალკე იყვნენ და მამებისგან არ აიღეს მაგალითი.

- არა უშავს. არავინ იფიქროს, რომ კახაბერ შარტავასა და ირაკლი ალასანიას შორის პიროვნული პრობლემებია, პირიქით; გეთანხმებით, რომ ქართულ ოპოზიციას დასალაგებელი გვაქვს კომბინაცია და არა მარტო "ექვსიანის" ფორმატში. საზოგადოებაში ოპოზიციის ერთობის მოთხოვნაა და ვიღებთ ამ შეკვეთას.

- ითქვა, "ფორუმს" ამბიციამ უბიძგა "ქართველთა მარში" გაემართა, საკუთარი ძალის დემონსტრირება უნდოდა, მაგრამ ვერ გამოუვიდაო.

- ყველა გამომცდელის თვალით გვიყურებდა. ხომ ცხადია, რომ "ეროვნულ ფორუმს" ნებისმიერ დროს შეუძლია 5 ათასი კაცის გამოყვანა. არა მგონია, სხვამ ასე ორგანიზებულად გამოიყვანოს ამდენივე.

მარშრუტი სიმბოლურად ავირჩიეთ - ყოფილი რესპუბლიკის მოედნიდან სამებამდე. იქ, სადაც ადრე დავით აღმაშენებლის ძეგლი და სასტუმრო "ივერია" იდგა, დღეს ვარდების მოედანია, იქიდან გაძევებულია დავით აღმაშენებელი, "ივერიას" კი "რედისონი" დაარქვეს - ეს დაცემის სიმბოლოა. დაცემის ადგილიდან ჩვენ ამაღლებისკენ, სამების ტაძრისკენ წავიყვანეთ ხალხი. დაცემიდან ამაღლებამდე ფორთხვით ვერ მიხვალ, მარშით უნდა მიხვიდე.

- რა კონტექსტში თქვით, რომ შემდეგ არჩევნებს საქართველოში პუტინი ჩაატარებს?

- უახლოესი 10 წელი, მოგვწონს თუ არა, საქმე გვექნება ვლადიმირ პუტინთან. გადამეტებულია მოლოდინი, რომ რუსეთი პუტინის ხელში დაიშლება. გადავავლოთ მსოფლიოს თვალი. თურქეთმა ისლამისა და აზიისკენ დაიწყო მოტრიალება. ამ ქვეყანას დიდი ეკონომიკური გავლენა აქვს, აჭარა უკვე თურქეთის ხელშია. ეს მცოცავი ანექსიაა. იმავეს აკეთებს რუსეთი, აქტიურობს სომხეთიც. 635 ეკლესიაზე რომ აქვს პრეტენზია, წარმოგიდგენიათ, ეს რამხელა ქონებაა თავისი მიმდებარე ტერიტორიით? ესეც ანექსიის მცდელობაა. გაითვალისწინეთ, რომ ეს პატრიარქის, ქართული ეკლესიისა და საპატრიარქოს სახელის გატეხის ფონზე ხდება...

სირიასა და ლიბიაში რაც ხდება, ვნახეთ. სირია და ლიბია ჯერ საბჭოთა კავშირის გავლენის ქვეყნები იყო და შემდეგ რუსეთის. ლიბიის ნავთობის დიდ ნაწილს რუსული კომპანიები აკონტროლებდნენ და დათმეს. რუსეთს სირიის ქალაქ ლატაკიაში ერთ-ერთი უდიდესი სამხედრო-საზღვაო ბაზა ჰქონდა, რომლითაც ხმელთაშუა ზღვას აკონტროლებდა. ასადს რუსები არ დაიცავენ. ის დაემხობა, რადგან იქ შიშველი ხელებით იბრძვის ხალხი. რუსები დეგენერატები გგონიათ, რომ სირია და ლიბია არაფრის სანაცვლოდ დათმონ? რა შეიძლება იყოს სანაცვლოდ? - პოსტსაბჭოური სივრცე, მინუს ბალტიისპირეთი. პუტინი აუცილებლად შეეცდება ეს საქმე ბოლომდე მიიყვანოს და ამიტომ ვთქვი, შემდეგი არჩევნები შეიძლება სააკაშვილმა კი არა, ვლადიმირ პუტინმა ჩაატაროს-მეთქი. არის სხვა საფრთხეც, თუნდაც ყარაბაღში კონფლიქტის განახლება.

სომხეთმა და აზერბაიჯანმა ომი რომ დაიწყონ, რუსეთი აუცილებლად ჩაერევა, რადგან სომხეთის სტრატეგიული მოკავშირეა. ყარაბაღის კონფლიქტის დასრულების შემდეგ აზერბაიჯანი სამხედრო პოტენციალს აძლიერებს და რატომ? სომხეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტები უკვე მწვავე განცხადებებს აკეთებენ. ეს სერიოზული ხალხია, მათ განცხადებებს წონა აქვს. სომხეთი და აზერბაიჯანი ომს რომ დაიწყებენ, რუსეთი იტყვის, ჩემს მოკავშირეს პრობლემა აქვს და რადგან სომხეთთან საზღვარი არა მაქვს, დროებით დავიკავებ საქართველოს ტერიტორიასო.

არ შვრება ამას ამერიკა და სხვა ქვეყნები? რუსი ეტყვის, თუ თქვენ ამას აკეთებთ, მე რატომ არ უნდა ვქნაო. აბა, იმას კი არ იტყვის, საქართველოს ვიპყრობო. იტყვის, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ვდგებიო. რუსეთი გორში რომ შემოვიდა, ამით ყველას უთხრა, ხომ ჟანგიანი ტანკები მყავს, მაგრამ შემიძლია ქუთაისიც ავიღო და თბილისიც. თუ მაგრები ხართ, მეომეთ გორშიო, მაგრამ მოვიდა ვინმე? ამერიკამ პამპერსები და წყალი გამოგვიგზავნა.

რასაც ვამბობ, შეიძლება აუცილებლად არ მოხდეს, მაგრამ სახელმწიფოს, პოლიტიკოსსა და პასუხისმგებლობის მქონე მოქალაქეს ევალება ამ საკითხებზე დაფიქრება. ვიცი, სადაც არის გამოსავალი, ოღონდ ამას ცოტა ხნის შემდეგ მოვახსენებ ქართველ საზოგადოებას.

ჩვენ ორი სიზმრის ტყვეობაში ვართ. კარგი სიზმარია, რომ ნატოში მიგვიღებენ, გვასმევენ, გვაჭმევენ, აფხაზეთს დაგვიბრუნებენ. შოტლანდიელები, პორტუგალიელები და ესპანელები ჩვენი გულისთვის რუსეთს დაამარცხებენ, აფხაზეთიდან და ცხინვალიდან გარეკავენ, აშშ კი ატომურ ბომბს გამოიყენებს რუსეთის წინააღმდეგ. ცუდი სიზმარია, რომ რუსეთს უნდა საბჭოთა კავშირის აღდგენა და ჩვენი ჩაყლაპვა. როდემდე უნდა ვიცხოვროთ ამ ორი სიზმრის ტყვეობაში?

- ერთ კულუარულ ამბავსაც გეტყვით, - "ფორუმმა" მარში იმიტომ გამართა, რომ საკუთარი ძალის დანახვება სურდა რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენის, მინდია გულუასთვის, რომელიც საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში აპირებს ჩართვასო.

- მინდია გულუას შარშან შევხვდი ქვეყნის გარეთ. საინტერესო და საქმიანი კაცია, რუსეთში კარგ ქართულ საქმეებს აკეთებს. ზოგი ამბობს, რომ ეფ-ეს-ბესთან არის შეკრული, მაგრამ მე ვხედავ, რომ სამხრეთ რუსეთში ქართულ სკოლებს, კულტურულ ცენტრებსა და ეკლესიებს ხსნის.

ეს კაცი გულანთებული ქართველია. თუ ამ ქვეყნის შვილს უნდა ფული ჩადოს საქართველოში, არ უნდა შეზღუდონ. ქართველებს დიდი ფული აქვთ რუსეთში, უკრაინაში, ამერიკაში, ევროპაში, მაგრამ ფულს ვერ აბანდებენ თავიანთ ქვეყანაში.

"ფორუმი" არ ფინანსდება, უფულო პარტია კი მნიშვნელოვან შედეგზე ვერ იფიქრებს, "მარშით" ჩემი უკმაყოფილება სწორედ უსახსრობას უკავშირდება... როდესაც მინდია გულუას შევხვდი, მას პარტიის შექმნის იდეაც არ ჰქონდა. მელაპარაკა იმ საფრთხეებზე, რაც შეიძლება საქართველოს დაემუქროს და ვიმსჯელეთ განეიტრალების გზებზე, საქართველოს პერსპექტივებზე. ამ კაცს კიდევ დაველაპარაკები, ვინ დამიშლის? გულუამ სოფლის მეურნეობის განვითარების ისეთი საინტერესო პროგრამა გამაცნო, ბევრ პრობლემას რომ მოუგვარებს ჩვენს ქვეყანას.

მითხარით, რომელი მდიდარი ქართველი იტყვის უარს სამშობლოში ინვესტირებაზე, მაგრამ ვერ ბედავენ, რადგან როგორც ძაღლი თივაზე, ისეა მიშა, - რასაც თვითონ ვერ ჭამს, არც სხვას აჭმევს. შეიძლებოდა ქვეყანას ბადრი პატარკაციშვილი არ გამოეყენებინა? ამათ კი აიძულეს ოპოზიციაში წასულიყო და ბოლოს მოკლეს კაცი.

ხელისუფლება აქედან წასულ ქართველებს უნდა ეძახდეს, დაბრუნდით, გახსენით საწარმოები და დაასაქმეთ ხალხიო. რამდენი გაიმართება წელში, მაგრამ ეს არ უნდა სწორედ ხელისუფლებას, რადგან კაცი რომ გამდიდრდება, არჩევნებზე მიშა 20 ლარად ვეღარ იყიდის. გაჭირვებული ხალხი კი იაფი უჯდება და ამიტომ აცხოვრებს მათხოვრებივით.