"წამოხტა კაკო ლომივით ზეზე და რა იხილა პეტრე დგას ფეხზე..." - კვირის პალიტრა

"წამოხტა კაკო ლომივით ზეზე და რა იხილა პეტრე დგას ფეხზე..."

აკაკი ბობოხიძე: "არ ვნანობ, რომ პეტრე მამრაძეს მივაყენე შეურაცხყოფა"

პეტრე მამრაძე: "ბობოხიძე ხშირად ნასვამი მოდიოდა პარლამენტში და დედას იგინებოდა"

გასულ კვირას საკანონმდებლო ორგანო ისევ მუშტი-კრივის არენად იქცა. ამჯერად, ნაციონალ აკაკი ბობოხიძის თავდასხმის ობიექტი ზურაბ ნოღაიდელის თანაგუნდელი და ფრაქცია "ერთობა სამართლიანობისათვის" წევრი პეტრე მამრაძე აღმოჩნდა, რომელმაც განაცხადა: "ყველას უნდა ესმოდეს, რომ 2008 წელს, სააკაშვილის მიერ განხორციელებული სამხედრო პოლიტიკური ავანტიურის შემდეგ, როცა მან ლანგარზე მიართვა რუსეთის სამხედრო პოლიტიკურ მანქანას აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის გამოცხადების საშუალება და დღევანდელმა პოლიტიკამ უსასრულოდ გადადო..." მამრაძეს სიტყვის დასრულების საშუალება აკაკი ბობოხიძემ არ მისცა, სახეში ჩაარტყა და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

ბობოხიძეს, როგორც ჩანს, ტელეკამერების წინ ოპონენტების ცემა ჩვევად ექცა (მასალის სათაურის გაგრძელება ვრცლად იხილეთ ჩემი კოლეგის, მერაბ მეტრეველის "კვირის ფიქრებში"). ტელევიზიის პირდაპირ ეთერში ჟურნალისტ ირაკლი იმნაიშვილის ცემისთვის ერთხელ უკვე დაემშვიდობა გუბერნატორის სავარძელს, ამჯერად გაიწვევენ თუ არა პარლამენტიდან, ჯერჯერობით უცნობია, თუმც მის დანაშაულს კვალიფიკაცია პარლამენტარმა და იურისტმა დიმიტრი ლორთქიფანიძემ უკვე მისცა: "ასეთი დანაშაულისთვის სანქციის ქვედა ზღვარი 7 წელია, ზედა კი - 14. ფიზიკური თავდასხმის გარდა, ეს არის ხულიგნობა, საზოგადოების აშკარა უპატივცემულობითა და ძალადობის მუქარით ჩადენილი, რაც ასევე პატიმრობით ისჯება. ამასთან დაირღვა სიტყვის თავისუფლების უფლებაც". "კვირის პალიტრა" კონფლიქტის მონაწილეებს დაუკავშირდა.

აკაკი ბობოხიძე: "პეტრე მამრაძემ ძალიან ცუდი რამ თქვა: 1992 წელს ქართულ-აფხაზური კონფლიქტი კიტოვანის ავანტიურით დაიწყოო. ამ განცხადებას უარესი მოაყოლა, - 2008 წლის ომი სააკაშვილის დადგმული ავანტიურა იყოო. მეტი კი არაფერი უთქვამს მედვედევს, როდესაც აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა ცნო. ეს ორი ერი აგრესორი ქართველებისაგან რომ დამეცვა, ამიტომ ვაღიარე მათი დამოუკიდებლობაო. მამრაძის ლოგიკით, ჩვენ აფხაზებსა და ოსებს სხვა გზა არ დავუტოვეთ, გარდა იმისა, რომ თვითგადარჩენისთვის დამოუკიდებლობა გამოეცხადებინათ.

მუშტი არ არის კარგი არგუმენტი რაიმე აზრის გასაბათილებლად, მაგრამ არგუმენტები ჭრის მასთან, ვისაც ინფორმაცია არა აქვს, არასწორ ინფორმაციას ფლობს, ან არასწორ ანალიზს აკეთებს. მამრაძესთან სამივე გამორიცხულია. მან კარგად იცის, რომ ტყუილს ამბობს. ქართულ სახელმწიფოს დამოუკიდებლობის მხოლოდ ოცწლიანი ისტორია აქვს. სამი პრეზიდენტი გვყავდა და მათგან ზვიად გამსახურდიას ეთნიკურ ნიადაგზე ოსების საწინააღმდეგო მოქმედებების დაწყება ბრალდებოდა. როგორც მამრაძე აცხადებს, შევარდნაძის დროს აფხაზეთის ომიც ქართველებმა დაიწყეს. მესამე პრეზიდენტმა სააკაშვილმა კი ცხინვალში დაიწყო ომი. გამოდის, ჩვენი დამოუკიდებლობის ოცწლიან ისტორიაში სამივე პრეზიდენტმა ომი დაიწყო?

მამრაძემ ყველაფერი კარგად იცის, რადგან პოლიტიკაში იყო 1992 წელსაც და 2008 წელსაც. რატომ არ იყო მისთვის ომის დაწყების დღე ის, როდესაც რუსეთის სარკინიგზო ჯარები შემოვიდნენ აფხაზეთში? რატომ არ არის ომის დაწყების დღე ის, როდესაც არასანქცირებული რუსული სამხედრო ნაწილები საქართველოს ტერიტორიაზე გამოჩნდნენ? რუსული სამხედრო ნაწილები რომ შემოვიდნენ და არა სამშვიდობო კონტინგენტი, ეს დასტურდება ტალიავინის კომისიის დასკვნითაც.

- დასკვნაში წერია, რომ საბრძოლო მოქმედებები ჩვენ დავიწყეთ.

- ფრაზები კონტექსტიდან ამოგლეჯილად არ უნდა განვიხილოთ. იქ წერია, რომ პროცესები დიდი ხნის დაწყებული იყო და 2008 წლის 8 აგვისტო იყო კულმინაცია.

ტალიავინის სამშობლოში რუსულმა ჯარმა საზღვარი რომ გადალახოს, იქნება თუ არა ეს მათთვის ომის დაწყება?

თუ რუსები საფრანგეთში ისე შევლენ, რომ ტყვია არ გაისროლეს, პარიზამდე მიუშვებენ?

ტალიავინის კომისიის დასკვნა პოლიტიკური დასკვნაა, სადაც ევროპა ცდილობს მისი პოლიტიკური ინტერესიდან გამომდინარე, ბრალი ორივე მხარეს გადაუნაწილოს. ისინი ჯერ მზად არ არიან საქართველოსთვის მხარდაჭერის გამოსახატად და იმისთვის, რომ პასუხი მოსთხოვონ მთავარ დამნაშავეს, თორემ კარგად იციან, ვინც არის დამნაშავე.

- რატომ ამახინჯებს ფაქტებს მამრაძე?

- მამრაძის, ბურჯანაძისა და ნოღაიდელისთვის რუსეთი ოკუპანტი არ არის, რადგან საკუთარ თავს რუსული სამყაროს შემადგენელ ნაწილად განიხილავენ.

თუ მათთვის რუსეთი მტერი არ არის, ე.ი. ჩემი მტრის მხარეს არიან და ჩემი მტრები არიან...

მამრაძემ კიტოვანს კი არა, საქართველოს დაარტყა. ყველამ ვიცით, რომ კიტოვანსა და აფხაზურ გვარდიას შორის არ მომხდარა შეტაკება. გვენცაძისა და სალარიძის გასათავისუფლებლად შესულ პოლიციის რაზმებს აფხაზური გვარდია დაესხა თავს. ასე დაიწყო ეს კონფლიქტი, მაგრამ ომი არც იმ დღეს დაწყებულა, გაცილებით ადრე იყო საამისო პირობები.

საქართველო რუსული ჯარით რომ გაივსო, სააკაშვილს მაშინ უნდა ესროლა და ამას ვედავები.

მას უნდა ესროლა პირველად და არა რუსებს, ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც კონდოლიზა რაისის ვიზიტის დროს თბილისის თავზე გადაიფრინა რუსეთის სამხედრო თვითმფრინავმა. ეს უკვე საქართველოზე სამხედრო თავდასხმა იყო. ტალიავინი წერს, 58-ე არმიის ჯარისკაცები იყვნენ ცხინვალში, მაგრამ არა კრიტიკული რაოდენობითო. რას ნიშნავს არაკრიტიკული რაოდენობა?

- იმ თემას მივუბრუნდეთ, რომ მუშტებისთვის, როგორც "არგუმენტებისთვის", პირველად არ მიგიმართავთ. ამის გამო ერთხელ გუბერნატორის თანამდებობიდან წასვლამაც მოგიწიათ.

- გუბერნატორობის დროს საქართველოს პრეზიდენტს წარმოვადგენდი, მისი რწმუნებული ვიყავი იმერეთში. მე უფლება არ მქონდა, დამეზარალებინა პრეზიდენტი. დღეს როგორც პარლამენტის წევრი, ჩემს ამომრჩეველს წარმოვადგენ და მათთან  ვარ პასუხისმგებელი. ჩემი ამომრჩეველი მაშინ მაგებინებს პასუხს, როდესაც ჩემს კანდიდატურას შევთავაზებ.

- მაგრამ გვინახავს, რომ პარლამენტარებსაც უჩერებენ უფლებამოსილებას.

- ეს სამართალდამცავების საქმეა.

- არ ნანობთ, რაც მოხდა?

- ვწუხვარ, რომ ამის გაკეთებამ მომიწია 47 წლის კაცს, მაგრამ არ ვნანობ, რომ მამრაძეს მივაყენე შეურაცხყოფა. ასეთი განცხადებები ძნელი მოსათმენია. არ შეიძლება სააკაშვილის სიძულვილით ქვეყანას ავნო.

პეტრე მამრაძე, "ერთობა სამართლიანობისათვის": - მთელმა მსოფლიომ იცის, რაც მოხდა 1992 წლის აგვისტოში. კიტოვანი თავისი ბანდით შევიდა აფხაზეთში. 1992 წლის იანვარში 8 ათასზე მეტი კაცი გამოუშვეს ციხიდან თბილისის ომის დროს. თითქმის ყველა მათგანმა აისხა იარაღი და აფხაზეთში საძარცვავად წავიდა. მანამდე კიტოვანს რუსეთის სამხედრო ძალებმა დიდი რაოდენობით ტექნიკა გადასცეს. აფხაზეთის შესანარჩუნებლად 13 თვე და 13 დღე გაგრძელდა ომი. შეადარეთ ეს 2008 წლის ორდღიან ომს. სოხუმი განუწყვეტლივ იბომბებოდა, მაგრამ არავინ არსად გაქცეულა.

2009 წლის სექტემბერში ბრიუსელში ვიყავი, როდესაც ტალიავინის დასკვნა გამოცხადდა.  არ დამავიწყდება ევროგაერთიანების მაღალი რანგის წარმომადგენლის ფრაზა, ნუ დავუშვებთ იმას, რომ ერთი ადამიანის დანაშაულის გამო (იგულისხმებოდა სააკაშვილი) დაისაჯოს მთელი ქვეყანაო. ტალიავინის დასკვნაში შავით თეთრზე წერია, რომ სააკაშვილის ბრძანებით დაიწყო ცხინვალის დაბომბვა 7 აგვისტოს ღამით და შემდეგ იერიში.

მაშინ რუსული ჯარი და ტანკები საქართველოში არ იყვნენ. ეს დაუმალა სააკაშვილის რეჟიმმა ქართველ ხალხს და ამას წერს "ვაშინგტონ პოსტი", - 3 ცენტრალური ტელევიზია ხელისუფლების რუპორად არის ქცეული და შავზე თეთრს ამბობსო.

- ცხინვალზე შეტევამდე ოსური მხარე ბომბავდა ქართულ სოფლებს.

- მანამდე სააკაშვილი ავანტიურისტულ პოლიტიკას ატარებდა - ცხინვალის გარშემო, ქართულ-ოსურ სოფლებში, ჯარი და შს სამინისტროს ნაწილები შეჰყავდათ. სანაკოევის მთავრობა სოფელ ქურთაში იყო. "სამხრეთ ოსეთის დაბრუნება რამდენიმე კვირის ამბავია", - ცხადდებოდა ტელევიზიით. სოფლებს შორის სროლა მას შემდეგ იწყებოდა, რაც სააკაშვილი იქ სამხედრო ნაწილებს შეიყვანდა. ამის შემდეგ დაიწყო დესტაბილიზაცია. ეს იყო ესკალაციის მთავარი მიზეზი. როდესაც სააკაშვილის ძალები ცხინვალში შევიდნენ, მაშინ განაცხადა კოკოითიმ, რომ ეს ყველაფერი მოჰბეზრდა და წმენდას იწყებს.  მაშინ გასცა სააკაშვილმა ის ბრძანება, რომელიც ტალიავინის კომისიის დასკვნით განიხილება, როგორც დანაშაული.

- ბობოხიძესთან კონფლიქტს დავუბრუნდეთ, რომლის დროსაც არც კი განძრეულხართ.

- 1995 წელს, როდესაც შევარდნაძის მანქანა ააფეთქეს, წინ ვიჯექი. ბეწვზე გადავრჩით. პარლამენტში საჯაროდ ხელი დავადე ჯაბა იოსელიანს, იგორ გიორგაძესა და თემურ ხაჩიშვილს. მიუხედავად იმისა, რომ სისხლი მდიოდა, ეს აბსოლუტურად მშვიდად გავაკეთე.

ეს ის პარლამენტი იყო, სადაც ხშირად ნასვამი მოდიოდა კაკო ბობოხიძე, დედას იგინებოდა და არაერთხელ აუტეხია ჩხუბი. ბობოხიძისთანა ადამიანი, რაც უნდა ილანძღებოდეს, სხვას ვერ შეურაცხყოფს...

- მის დასჯას ხომ არ მოითხოვთ?

- დღევანდელი კანონმდებლობით, როდესაც დანაშაული ხდება და ის დაფიქსირებულია (ტელევიზიით ნახა ყველამ), საქმე ავტომატურად უნდა აღძრას პროკურატურამ. ყველა დაინახავდა, როგორ მეჭირა ხელები ტანის გასწვრივ, რომ ვინმეს რამე არ დაებრალებინა. ბობოხიძის გარდა იქ სხვებიც მეჯაჯგურებოდნენ. ელდარ კვერნაძე ორივე ხელით მექაჩებოდა და გაჰყვიროდა, არ გაბედო მიკროფონთან მისვლაო, მაგრამ... გავიხსენოთ გივი თარგამაძე და მისი საუბრები ქურდებთან. "ახალგაზრდა იურისტებმა" პროკურატურას მიმართეს, რომ თარგამაძეს კავშირი ჰქონდა ქურდულ სამყაროსთან, რაც 25 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, მაგრამ ჩატარდა გამოძიება?

ბობოხიძემ ჟურნალისტს სცემა და ეს დაუფასდა, დღეს პარლამენტის წევრი და ბუნების დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეა.

დღეს ქვეყანაში გვაქვს ავტორიტარული პლუტოკრატია - ხაზინის ქურდების ავტორიტარული მმართველობა. ეს რეჟიმი მთლიანად ფლობს როგორც სახელმწიფო აპარატს, ისე ფინანსურ და ეკონომიკურ რესურსებს და ამას პოლიტიკურ ოპონენტებთან ანგარიშსწორებისთვის იყენებს.