"ღვინის ქურდები" კარგი ფილმია ... კეთილი - კვირის პალიტრა

"ღვინის ქურდები" კარგი ფილმია ... კეთილი

ელიბო განსაკუთრებით მომწონს. ვითომ ხომ ასეთი წუწურაქი და აშარია, მაგრამ მაინც კარგი კაცი აღმოჩნდება.

არ ვიცი, ფილმმა შთამაგონა თუ მიშას ვენახების მრავალჯერადმა სატელევიზიო ჩვენებებმა, მაგრამ გადავწყვიტე, ახალი სეზონის პირველი "გადაცემა აკრედიტაციის გარეშე"  სააკაშვილის მამულისათვის მიმეძღვნა. არსად შეპარვას ან მით უმეტეს - ქურდობას არ ვაპირებდი. თუმცა ვტყუი - მინდოდა ერთი რამის დაცინცვლა. 20 წელია, ტელევიზიაში ვმუშაობ და შევატყვე, რომ სამთავრობო ტელევიზიები მიშას ვენახს განსაკუთრებული რაკურსებით აჩვენებდნენ. სახლსაც არ აფიქსირებდნენ მაინცდამაინც. ამიტომ მსურდა, "მომეპარა" ნაღდი და შეულამაზებელი კადრები სააკაშვილის ვენახისა.

ჩასვლისთანავე შევნიშნე ლურჯფორმიანი სამთავრობო დაცვის წევრების კონცენტრაცია, თუმცა როგორც კი მოვიმარჯვეთ კამერები, ფორმიანები დაიფანტნენ. იქვე მდებარე ვენახებში აქა-იქ ელავდა მათი პერანგების სილაჟვარდე. მიშას სახლს არც ღობე აქვს და არც ჭიშკარი. ცხადია, პიარპონტია ეს. ჰოდა, მეც დავადექი ვენახის სიღრმეში მიმავალ გზას. მომსახურე პერსონალი ძალიან დაიბნა. წარმოიდგინეთ - ხარ პრეზიდენტის კუთვნილ სახლში,  დაცულად და უსაფრთხოდ გრძნობ თავს,  უცებ კი მე მოვდივარ კამერებით და ურცხვად გეკითხები, "ეს მიშას სახლია-მეთქი?" ძალიან დაიბნენ... ვერაფერს მპასუხობდნენ.

ამასობაში ჩავედი მარანში, მოვიარე ოთახები, ვერანდაზეც გავედი. ვეძებ სახლის პატრონ "ელიბოს". ყველა კეთროვანივით გამირბის. ბოლოს გამოჩნდა ერთი ჩაკურატებული კაცი, რომელიც რაღაცნაირად უხერხულად მარიდებდა თვალს და ჩემს განდევნას ცდილობდა. როგორც გაირკვა, ეს კაცი ყვარლის პოლიციის უფროსი, ვინმე გურაშვილი ყოფილა. დავყევით მის ნებას და დავდექით გზის პირზე. სწორი იქნებოდა, მეკმარა და გადაღებული მასალით თბილისში წამოვსულიყავი, მაგრამ არ მომასვენა გამჩენმა. თან ისე აფუსფუსდნენ იქაური  ტიპები, რომ მივხვდი -  მიშა მოდიოდა თავის ვენახში. KvirisPalitra.Geდალოდება გადავწყვიტე და აქ დავუშვი შეცდომა:  ცოტა ხანში მეცნენ სამოქალაქოტანსაცმლიანი  პრეზიდენტის დაცვის წევრები, რომლებმაც გამოგვგლიჯეს კამერები და ჩაგვტენეს მანქანებში. სად იყო და სად არა, ყვარლის პოლიციაც გაიჩითა გურაშვილით და ყვარლელი ოპერებით. თუ დაცვის ბიჭები მცირედ კორექტულობას მაინც იჩენდნენ, ადგილობრივი ქურდ-ბაცაცების დევნას დაჩვეულმა ყვარლელმა ოპერებმა ბაზრობის "კარმანშჩიკივით" დამიჭირეს. "ჩაჯექი, შენი!"-ს ძახილით და წიხლების რტყმევით გადამსვეს თავიანთ დანჯღრეულ "ოპელში" და გამაქანეს. გზაში ერთი ტიპი მაგრად მექაჩებოდა, ოპერობდა. ავუხსენი: ახალგაზრდავ,  მე პირველ ჯერზე პირადად დათა ახალაიამ დამაკავა და ვანო მერაბიშვილი ხელმძღვანელობდა ოპერაციას, შენ ვერ დამიჭერ-მეთქი." მართლაც, ასე, 10 წუთში ტვინგახურებულ ოპერებს დაურეკეს და მეც და გადამღები ჯგუფიც ყვარლის ტრასაზე ჩამოგვსხეს

.

აპარატურაც ორ საათში დაგვიბრუნეს. შემდეგ რაც ხდებოდა,  თქვენც ნახეთ გადაცემაში. დაბნეული, არაკომპეტენტური, ჩანჩურა პოლიციელები, რომლებიც სამარცხვინოდ იქცეოდნენ და ყოველ ნაბიჯზე არღვევდნენ კანონს, "სამართალდამცავები", რომლებმაც მიიტაცეს ჩემი აპარატურის ნაწილი (კამერის ჩიპები და ერთი მიკროფონი ახლაც არ დაუბრუნებიათ) არანაირად არ ეთანადებოდნენ მიშას ტელევიზიების მიერ შექმნილი სუპერპოლიციელების სახეს. თუმცა ეს არც იყო გასაკვირი. როცა შენი "ღიაობის" საჩვენებლად ჭიშკარი და გალავანი არა გაქვს, მაგრამ ერთგულად დაგეშილი კანონდამრღვევი პოლიციელების მთელი ჯარი "გიცავს", ყველას აჩვენებ, რომ შენი კახეთის ვენახი პიარსათამაშოა, რომლითაც ცოტა ხანი გაერთობი და მერე მიაგდებ, როგორც უსარგებლო ნივთს. ცხადია, მიშა  ამ "შემოჭრას ვერ აიტანდა". მუზეუმში რომაა შემოღობილი ექსპონატი, ისე აქვს მასაც შემოსაზღვრული თავისი მიღწევები - მხოლოდ მიშას კამერებმა უნდა გადაიღონ ყოველივე, უნდა აღბეჭდონ მადლიერი მშრომელების სახეები, რომლებიც ოსანას უმღერიან მარჩენალს, მაგრამ ასე არ გამოვა! არ შეიძლება, ერთდროულად კიმ ჩენ ირიც იყო და ვიღაც კამერიანი უკონტროლო ტიპებიც დარბოდნენ შენს მამულებში. ადრე თუ გვიან არჩევანის გაკეთება მოგიწევს. როგორ არ მინდა ამ არჩევანის მსხვერპლი გავხდე, მაგრამ რა ვუყოთ... ყველა ისე კაიფობს, როგორც უნდა...