ღია წერილი ბატონ ბიძინა ივანიშვილს - კვირის პალიტრა

ღია წერილი ბატონ ბიძინა ივანიშვილს

ბ-ნო ბიძინა, 7 ოქტომბერს თქვენ გაავრცელეთ თქვენი პოლიტიკური საპროგრამო მიმართვა. არ შევუდგები მის განხილვას. შევჩერდები მხოლოდ იმ ნაწილზე, სადაც თქვენ, ჩემდა გასაკვირად, დიდი დრო დაუთმეთ იმ ტელეკომპანიაზე საუბარს, რომელშიც მე ვმუშაობ.

ბ-ნო ბიძინა, თქვენმა წარმატებულმა კარიერამ ბიზნესში ალბათ გამოგიმუშავათ ღრმა რწმენა იმისა, რომ ყველას და ყველაფრის კაპიტალიზაცია და მონეტიზაციაა შესაძლებელი. თქვენი ეს მოსაზრება ძალიან ახლოსაა სიმართლესთან. ბიზნესმა არ იცის სენტიმენტები. ოღონდ მედია განსხვავებული ბიზნესია. ვერაფერს გირჩევთ ვაზის და ხეხილის ჯიშების მოყვანაზე, მაგრამ ტელევიზიაზე კი შემიძლია გითხრათ ორიოდ სიტყვა. ტელევიზია, ბ-ნო ბიძინა, არ არის სტუდიები, კამერები თუ სხვა მატერიალური ღირებულებანი. ასე განსაჯეთ, სამაუწყებლო ლიცენზიაც არ არის ტელევიზია. ტელევიზიის ფასეულობას, მის აქტივს წარმოადგენს ის ხალხი, რომელიც ჩანს ეკრანზე და ისინიც, ვინც ეკრანს მიღმა შრომობენ. ეს ხალხი მხოლოდ მაღალი შემოსავლით არ არის მოტივირებული. წლების განმავლობაში ისინი ქმნიან რეიტინგულ სატელევიზიო პროდუქტს. ისინი ყოველდღე სტუმრობენ ათიათასობით ოჯახს. მათ ცნობენ ქუჩაში, უღიმიან, ამხნევებენ, აქებენ. პოპულარობა და საკუთარი თავის განსაკუთრებულობის  შეგრძნება - აი ის, რაც  ყველაზე მნიშვნელოვანია ტელევიზიაში მომუშავე ტიპებისათვის. რა თქმა უნდა, შეიძლება მათ მისცეთ ძალიან დიდი ფული და გადაიყვანოთ პარტიულ შტაბში, მაგრამ ამით მათი შრომის ნაყოფიერება, ე.ი. ღირებულებაც დაეცემა. მე თავად ვმუშაობდი "იმედში" ციხიდან გამოსვლის შემდეგ  და საკუთარ თავზე ვიწვნიე, რას ნიშნავს ცენზურის პირობებში მუშაობა.

აი, ამიტომ მიმაჩნია, რომ თქვენ, ბ-ნო ბიძინა, შეცდომა დაუშვით, როცა პოლიტიკური მოღვაწეობა ტელევიზიებზე თავდასხმით დაიწყეთ.  წარმოადგენს თუ არა "მაესტრო" სპეცდანიშნულების ფსევდოოპოზიციურ მედიასაშუალებას, ამაზე თავად მაყურებელი იმსჯელებს, რომელიც ელის ჩვენს გადაცემებს და გვენდობა. მერწმუნეთ, მათი რიცხვი არ არის მცირე. რატომ გადაწყვიტეთ ასეთი უხეში ფორმით მათი და ჩვენი დამცირება, გაუგებარია. რა მოიგეთ ამით?

აცხადებთ, რომ გსურთ "მაესტროს" შეძენა". ეს გარიგება თქვენსა და დამფუძნებლებს შორის უნდა შედგეს. შეგეძლოთ უშუალოდ მათთვის მიგემართათ. თუმცა თქვენ  საზოგადოებას  ღიად გააცანით თქვენი, მე ვიტყოდი, არაორდინარული ბიზნესწინადადებები და დაამატეთ, რომ თუ დამფუძნებლები ამ წინადადებას არ დასთანხმდებოდნენ, მათი "მიშისტობა" დადასტურდებოდა.

ბ-ნო ბიძინა, კიდევ ერთხელ მინდა გაგიმეოროთ, თუ "მაესტრო" რაიმე ღირებულებას წარმოადგენს, ეს იმ ხალხის დამსახურებაა, რომელიც  ამ არხზე მუშაობს. როცა თქვენ "მაესტროელებს"  სააკაშვილის სპეცდანიშნულების რაზმის წევრებს უწოდებთ, ეს შეურაცხყოფს მათ. ჩნდება ეჭვი, რომ თქვენ უბრალოდ გსურთ 2 წლით არხის დაქირავება და პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება. ხოლო დღეს ტვ-ში მომუშავეებს, როგორც "მიშას სპეცრაზმელებს," უბრალოდ მოისვრით. ის რომ ყოფილ მფლობელებს დაუტოვებთ საეთერო დროის 50 პროცენტს, არასერიოზულად მიმაჩნია. ტელევიზია მკაფიოდ დეტერმინირებული სტრუქტურაა. მას უნდა ჰქონდეს  ერთიანი ფორმატი. არ შეიძლება 7 საათზე "მიშას სპეცდანიშნულების რაზმის" მიერ მომზადებული გადაცემა გადიოდეს ეთერში, ხოლო რვაზე -  "ბიძინისტური". ასე არ ხდება.

ბ-ნო ბიძინა, მე თანაგიგრძნობთ და მომწონს თქვენი პოლიტიკური მისწრაფებანი. მიშას მოშორების საქმეში მოკავშირენიც ვართ, მაგრამ მომიტევეთ და თქვენი ასეთი დამოკიდებულება ტელევიზიისადმი არ არის მართალი. ამას მორალისტის პოზიციიდან კი არ გეუბნებით, არა, ღმერთმა დამიფაროს, ეს პრაგმატულად არ მოგიტანთ შედეგს. "ტელევიზიონშიკებს" სხვა მართვა უნდა - სხვა მენეჯმენტი. მათ უნდა ჰქონდეთ თავისუფლების დიდი ხარისხი. უნდა გრძნობდნენ პატივისცემას მფლობელებისგან. ეს კი არა მარტო მაღალ ხელფასში გამოიხატება. გარწმუნებთ, ქარვასლურად  მართული ტელევიზია თქვენი აწ უკვე დახურული "მეცხრე არხის" რეიტინგს ვერ გასცდება. გინდათ ეს? მე მგონი არა.