მამუკა ღლონტი: "ივანიშვილი როგორც კახპას, ისე გველაპარაკა" - კვირის პალიტრა

მამუკა ღლონტი: "ივანიშვილი როგორც კახპას, ისე გველაპარაკა"

ბიძინა ივანიშვილის განცხადებას, რომ იყიდის ნებისმიერ ქართულ ტელევიზიას, რომელსაც საინფორმაციო გადაცემების ლიცენზია აქვს, მედიის წარმომადგენელთა უკმაყოფილება მოჰყვა. ამ წინადადებას "მაესტროს" ერთ-ერთმა დამფუძნებელმა მამუკა ღლონტმა "უხამსი" უწოდა.

- ჩვენ თანამშრომლობაზე არასდროს ვამბობთ უარს, მაგრამ ივანიშვილის წინადადება  შეურაცხმყოფელი იყო.  ჩვენთან უამრავი ჟურნალისტური გაერთიანება და სტუდია თანამშრომლობს. ივანიშვილს დამოუკიდებელი ჟურნალისტური გამოძიებების ან სხვა გადაცემების დაფინანსება რომ შემოეთავაზებინა, სხვა საქმე იქნებოდა.

- შემოთავაზების ფორმამ გაგაღიზიანათ მხოლოდ თუ შინაარსმაც?

- ავტორიტეტი, პატიოსნება, ღვაწლი, ყველაფერი თუ ფულით იზომება, არ ვიცი... ჩემთვის პირადად ასე არ არის. ძალიან მნიშვნელოვანია "მაესტროს" ჟურნალისტების დამოუკიდებლობისა და თავისუფლების ხარისხი, არც საეთერო დროის 50%-ის შენარჩუნება დაგვაკმაყოფილებს, ვინაიდან ჩვენთან, როგორც უკვე მოგახსენეთ, დამოუკიდებელი სტუდიები და მედიაჯგუფები თანამშრომლობენ. ვერ დავუშვებთ, რომ ჟურნალისტები ჰაერში გამოკიდებული, უმუშევარი დარჩნენ.

- ე. ი. თქვენ თვლით, რომ ეს არ არის ტელევიზიაში ინვესტიციის ჩადების შემოთავაზება?

- არა, ეს ინვესტიციის ჩადება არ არის. როგორ გითხრათ, კახპას რომ ყიდულობენ, აი, ისეთი შეთავაზებაა. საკმაოდ ცუდი ფორმაა შერჩეული მედიასთან ურთიერთობისთვის.