ვალერი გელბახიანი: "ბიძინა მიშას არასოდეს გაურიგდება" - კვირის პალიტრა

ვალერი გელბახიანი: "ბიძინა მიშას არასოდეს გაურიგდება"

პოლიტიკაში ჩაბმის თაობაზე ბიძინა ივანიშვილის განცხადება სკანდალურ მოვლენად იქცა. ამ თემაზე ბადრი პატარკაციშვილის შტაბის ყოფილ ხელმძღვანელს, ამჟამად სამშობლოდან გადახვეწილ ექსპარლამენტარ ვალერი გელბახიანს ვესაუბრეთ:

- ივანიშვილის გადაწყვეტილება ჩემთვის მოულოდნელი არ ყოფილა. მაგრამ სჯობდა, პოლიტიკური განაცხადი წლის მიწურულს  გაეკეთებინა. ასეთ დროს ხელისუფლებაც საზეიმო განწყობის გამო მისთვის ვერ მოიცლიდა. ნახავთ, როგორ განვითარდება ცოტა ხანში მოვლენები, ხელისუფლება ფინანსურ შემოწმებებს დაიწყებს და იტყვის, "კრიმინალური თანხები" გამოვავლინეო, ისეთივე ბინძურ მეთოდებს გამოიყენებს, რაც თავის დროზე პატარკაციშვილის წინააღმდეგ გამოიყენა. ბიძინას მხარდამჭერებზეც ნადირობა გაჩაღდება, მოსახლეობას ყურებს გამოუჭედავენ პროპაგანდით, ივანიშვილმა კრიმინალური ფული მოსკოვში იშოვა, ის ბანდიტიაო.

- სარკოზის ჩამოსვლასთან რა კავშირშია ეს ყველაფერი?

-  სარკოზიმ 2008 წელს რუსეთ-საქართველოს შორის კონფლიქტში დიდი როლი შეასრულა, შეაჩერა ომი და რომ არა საფრანგეთის აქტიურობა, სააკაშვილის ხელისუფლება საქართველოში აღარ იქნებოდა. მეორე მხრივ, საფრანგეთი და რუსეთი პოლიტიკური პარტნიორები არიან. საფრანგეთის, რუსეთის, ჩინეთის, გერმანიის ფარული ალიანსი საერთაშორისო წარმომადგენლობით ორგანოებში ყოველთვის იგრძნობა. ისტორიულადაც საფრანგეთის, ინგლისისა და ამერიკის ინტერესები არასოდეს ემთხვეოდა ერთმანეთს. ჩემი აზრით,

პოლიტიკური პროექტი, რომელზეც ბატონმა ივანიშვილმა ისაუბრა, საფრანგეთისა და რუსეთის შეთანხმების შედეგია.

სავარაუდოდ, საფრანგეთს სურს ახლავე მიიღოს პირობა და გარანტია, რომ საქართველოში არჩევნები  კონკურენტულ გარემოში ჩატარდება. ყველამ იცის, ვიდრე მიშას ხელისუფლება მართავს ჩვენს ქვეყანას, კავკასია ფეთქებადსაშიშია. ამიტომ მისი ჩანაცვლება პოლიტიკური მეთოდებით, უხმაუროდ უნდა მოხდეს, მაგრამ თუ მიშამ უარი თქვა თამაშის წესებზე, ამ ყველაფერს მის წინააღმდეგ სანქციები მოჰყვება. ცხადია, აშშ-ის ინტერესებში არ შედის ფრანგულ-რუსულ-გერმანული თამაში კავკასიის რეგიონში, თუმცა ამერიკელები არ შეეწინააღმდეგებიან საქართველოში დემოკრატიული არჩევნების ჩატარებას!  სხვათა შორის, ვიდრე ივანიშვილი გააკეთებდა ამ განცხადებას, ოპოზიციური წრეები ეჭვობდნენ, ხომ არ იყო ბიძინა ხელისუფლებასთან გარიგებული? მისი მეშვეობით ხომ არ ცდილობს ხელისუფლება კავკასიური ბანქოს დალაგებას? ეს კითხვები გაუჩნდა იმათ, ვისაც ივანიშვილის პიროვნებაზე წარმოდგენა არა აქვს. ის ძალიან პრინციპული ადამიანია, ძნელად იცვლის აზრს. დარწმუნებული ვარ, ბიძინა მიშას არასოდეს გაურიგდება. უფრო მეტიც, Mისიც ვიცი, რომ წელიწად-ნახევრის წინ ივანიშვილების ოჯახში მიშაზე კარგის თქმას ყველა ერიდებოდა ბიძინას მკვეთრად უარყოფითი პოზიციის გამო.

- ყოველთვის აცხადებდა, რომ აპოლიტიკური იყო.

- გახსოვთ, ალბათ, ბიძინას აღშფოთება, როცა შალვა ნათელაშვილმა თქვა, ივანიშვილი იმ ძალას აფინანსებდა, ვინც აქციების მონაწილეებს არბევდაო. შალვას საპასუხოდ ივანიშვილმა ხელისუფლებაც უარყოფითი კონტექსტით მოიხსენია, თუმცა დასძინა, აპოლიტიკური ვარო. ვფიქრობ, ეს მისი ტაქტიკური ნაბიჯი იყო. მაშინ ბრძოლა ნაადრევი იქნებოდა.

საერთოდ, როდესაც ადამიანი ამდენს ხარჯავს საკუთარი ხალხისთვის, შეუძლებელია პოლიტიკაში მოსვლაზე არ დაფიქრდეს. ფულისა და ძალაუფლებისაკენ სწრაფვა ადამიანს პოლიტიკისკენ უბიძგებს, ეს უკვე დაუწერელი ფორმულაა.

- თქვენ თუ შეხვედრიხართ ივანიშვილს?

- სამიოდეჯერ შევხვდი. ჯერ იყო და, მამის გარდაცვალება მივუსამძიმრე, მერე  ახლობლის დაკრძალვაზე შევხვდი, მესამედ ჭორვილას სკოლაში. საკმაოდ სიტყვაძუნწი და ზედმეტად თავდაჭერილი კაცის შთაბეჭდილებას ტოვებს. თავის დროზე, როცა საჩხერეში კენჭს ვიყრიდი, ჩემი კონკურენტი ერთი კაცი იყო, რომელიც მგონი ახლა იქ პოლიციის უფროსია. ხმა დადიოდა, ივანიშვილის კანდიდატიაო. შევეცადე ბიძინასთვის ხმა მიმეწვდინა, ეს თუ შენი კანდიდატია, კენჭს აღარ ვიყრი-მეთქი. მისგან ასეთი პასუხი გადმომცეს,  შეგიძლია კენჭი იყარო და ღმერთმა ხელი მოგიმართოს, ის ჩემი კანდიდატი არ არისო.

- თავის დროზე ეროსი კიწმარიშვილმა "მე-9 არხის" დახურვის მიზეზზე ისაუბრა და განაცხადა, ივანიშვილმა ეს ტელევიზია პატარკაციშვილის დასაბალანსებლად შექმნა და შემდეგ იმიტომ დახურა, რომ ბადრის პოლიტიკური დაბალანსება აღარ სჭირდებოდაო.

- როცა პატარკაციშვილმა, ვანო ჩხარტიშვილმა და ივანიშვილმა გახსნეს ტელევიზიები, მაშინვე ვთქვი, რომ ეს პროექტები პოლიტიკისაკენ ერთი ნაბიჯის წინ გადასადგმელად სჭირდებოდათ, მაგრამ მაშინ, როგორც ჩანს, ბიძინა ივანიშვილმა ჩათვალა, რომ არ იყო მომწიფებული ის დრო, როცა თვითონ უნდა გამოსულიყო პოლიტიკურ ასპარეზზე. ნათელაშვილს კი სწყდება გული, მაგრამ მე საძრახისად არ მიმაჩნია ის, რომ ივანიშვილმა ჯარისკაცებსფორმები უყიდა, პატრულს კი ავტომანქანები. ის ამგვარად, დიდი თმენის ხარჯზე ცდილობდა უმტკივნეულოდ გზის გავლას, რისი ერთადერთი საშუალებაც ხელისუფლებისთვის ფულის მიცემა იყო. თავის დროზე არც პატარკაციშვილი აკლებდა დაფინანსებას სახელისუფლებო პროექტებს, მაგრამ როგორც კი გადაიკვეთა მისი და ხელისუფლების პოლიტიკური ინტერესები, მტერი გახდა. ახლა ივანიშვილი გახდება "მტერი".

ხელისუფლება რომ ყველაფერზე წავა, ცხადია. ეს ძალა, რომელიც ახლა პოლიტიკურ არენაზე გამოჩნდა, მართლაც სერიოზულია, მაგრამ თუ სხვის შეცდომებს არ გაითვალისწინებს, იმაზე უარესი დაემართება, რაც პატარკაციშვილსა და მის მხარდამჭერებს დაგვემართა.

- ცოტა ხნის წინ მინდია გულუა გამოჩნდა პოლიტიკურ ასპარეზზე, რომელმაც უკვე დააფუძნა პოლიტიკური პარტია. ახლა ივანიშვილმა გააკეთა პოლიტიკური განაცხადი.

- მინდია გულუა მეწარმეა, არყის ქარხნის მეპატრონე. ის ნამდვილად არ არის ის, ვისაც ხელისუფლებაში მოსვლის პოლიტიკური ამბიცია შეიძლება ჰქონდეს. გაითვალისწინეთ მეორე საკითხიც: რუსეთში 50-ზე მეტი ქართველი მილიარდერია. ზოგიერთის სახელი ახლახან გაიგეთ, მაგალითად, ალექსანდრე ჯაფარიძის, რომელიც "ფორბსმა" მსოფლიოს მილიარდერთა შორის დაასახელა. მდიდრები სხვა ქართველებიც არიან, მაგრამ არ ესიამოვნებათ, თუკი მათ დავასახელებ. ამიტომაც ერთს გეტყვით: მრჩება შთაბეჭდილება, რომ თუ მათ კრემლის ნებართვა არ ექნათ, ერთ თეთრსაც არ დახარჯავენ პოლიტიკისთვის. არ ვიცი, მინდია გულუას თუ აქვს მიცემული ამგვარი მანდატი, შესაძლოა ის ამ პროცესში ერთ-ერთი სატელიტია. რუსეთის ხელისუფლების სათავეში ისევ მოდის პუტინი, რომლისთვისაც სააკაშვილის შეცვლა ერთ-ერთი პრიორიტეტი იქნება.