მერაბ მეტრეველის კვირის ფიქრები... - კვირის პალიტრა

მერაბ მეტრეველის კვირის ფიქრები...

ცუდი დასაწყისი

palitratv-ის ეთერში, გადაცემა "რეზიუმეში" ჩართვის დროს, ლევან ბერძენიშვილს ვკითხე, "როგორ ფიქრობთ, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში გამოჩენა, დადებითი მოვლენაა თუ უარყოფითი?" ბატონმა ლევანმა მიპასუხა, რომ საკითხი ასე არ დგას, კითხვა უნდა დაისვას: ეს მნიშვნელოვანი მოვლენაა თუ უმნიშვნელო. არადა, მე პირიქით მგონია. ქართულ პოლიტიკაში შემოვიდა ადამიანი, რომლის ქონებაც ზოგიერთი ცნობით, საქართველოს ბიუჯეტს ლამის ორჯერ აღემატება. ბუნებრივია, ეს ვერც ერთ შემთხვევაში ვერ იქნება უმნიშვნელო მოვლენა, მაგრამ დიდი ქონების პატრონს თავისი აქტიურობით ერთნაირი წარმატებით შეუძლია შეასრულოს როგორც დადებითი, ისე უარყოფითი როლი. უფრო მეტიც, შეუძლია ქვეყანაში სიტუაცია გააჯანსაღოს ან არიოს. გააჩნია, რას მოინდომებს. ამ მოკლე ხანში კი მან უკვე მოასწრო, როგორც დადებითი, ისე უარყოფითი ემოციების გამოწვევა.

ბიძინა ივანიშვილის განცხადებამ, პარტიას ვქმნი და არჩევნებში მონაწილეობას ვაპირებო, თავისთავად გამოაცოცხლა დაჭაობებული სიტუაცია. ამ განცხადებამ ოპოზიციური ელექტორატი, რომელიც ოპოზიციის შემყურე არჩევნებამდე ერთი წლით ადრე "ნაციონალური მოძრაობის" გამარჯვებას უკვე შეგუებული იყო, ცოტა ფერზე მოიყვანა. ეს თავისთავად არის უკვე დადებითი მოვლენა, რადგან პოლიტიკური პროცესებისადმი მოსახლეობის უნდობლობა და ნიჰილიზმი მხოლოდ ვნებს ქვეყანას. ეს ხელისუფლებას საშუალებას აძლევს არჩევნებზე დიდი უპირატესობით გაიმარჯვოს და საკუთარი თავი დააჯეროს, რომ მის პოლიტიკას ქვეყანაში მოსახლეობის დიდი ნაწილი მხარს უჭერს. თუმცა იმან, რაც შემდეგ მოიმოქმედა უკვე გაპოლიტიკოსებულმა ბიზნესმენმა, საზოგადოების ნაწილი, რბილად რომ ვთქვათ, გაოცებული დატოვა. პოლიტიკური კარიერის დაწყება მედიაზე შეტევით თავისთავად არის უცნაური მოვლენა, მაგრამ შეტევასაც ხომ გააჩნია?! ივანიშვილმა სამიზნედ ქვეყანაში შემორჩენილი ხელისუფლების კონტროლს მიღმა დარჩენილი ორი არხი აირჩია. ჯერ მათაც ხელისუფლებასთან შეკრულები უწოდა, შემდეგ კი მათი ყიდვის სურვილი გამოთქვა. პლუს ყველა იმ ჟურნალისტს, ვინც თავისი პრინციპული პოზიციის გამო სამსახურს დატოვებს, ახალი და ჯერ კიდევ უსახელო პარტიის შტაბში მაღალანაზღაურებად თანამდებობას შეჰპირდა. რბილად რომ ვთქვათ, ბატონ ივანიშვილს ძალიან ცუდად გამოუვიდა.

კაცმა რომ ქალს უთხრას, სხვასთან რომ წევხარ, კახპა, ხარ, ჩემთან თუ დაწვები, აღარ იქნებიო, აი, ასე გამოუვიდა. ან ჟურნალისტებისთვის პარტიის შტაბში ფულის გამო გადასვლის შეთავაზება რაღაა. გასაგებია, რომ საქართველოში შეიძლება იყვნენ ჟურნალისტები, რომლებიც იყიდებიან, მაგრამ ასეთები ბატონ ბიძინას რაღაში სჭირდება? რა, ის აპირებს ახალი საქართველო, რომლის აშენებასაც გვპირდება, ისევ ასეთ ადამიანებზე დააფუძნოს? ან თუ ის "მაესტროს" ან "კავკასიის" ყიდვას და მათ კოლექტივთან თანამშრომლობას აპირებს, რატომ ლანძღავს ამ ადამიანებს? ახლა ცუდები არიან და თუ მას მიეყიდებიან, კარგები გახდებიან? ან ბოლოს და ბოლოს, არ უნდა დამთავრდეს ეს პოლიტიკოსების ტელევიზიები საქართველოში? როდის უნდა მიხვდეს ეს ხალხი, რომ პოლიტიკოსის ტელევიზია ვერასოდეს იქნება სიმართლის მსახური, რომ პროპაგანდას ისევ პროპაგანდით ვერ დაუპირისპირდები და ვერაფრით გახდები სააკაშვილისგან განსხვავებული, თუ მასავით წარმატების მიღწევას ტელევიზიების პროპაგანდის საშუალებად გამოყენებით აპირებს?

როგორ მოვხვდეთ ევროკავშირში

იმას, რაც თბილისში 7 ოქტომბერს ხდებოდა, თბილისელებმა ხუმრობით "სარკოზობა-2011" დაარქვეს. მართლაც საქართველოს მთავრობამ ყველაფერი გააკეთა, რომ საფრანგეთის პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტი დღესასწაულად ექცია და არ ყოფილიყო ერთი ჩვეულებრივი ოფიციალური სტუმრობა. ეს დღე დედაქალაქში უქმე დღედაც კი გამოაცხადა. მართალია, ოფიციალურად ეს თბილისობის დღესასწაულს დაუკავშირეს, მაგრამ ყველა მიხვდა, რაშიც იყო საქმე და სწორედ ამიტომ დაარქვეს ამ დღეს "სარკოზობა". ასეთი პატივი ჩვენი ხელისუფლებისგან ჯორჯ ბუშის მერე არავის რგებია. სარკოზი არა როგორც ერთი ქვეყნის, არამედ როგორც ევროპის ლიდერი, ისე მივიღეთ. თავისუფლების მოედანი ხალხით გადაჭედილი დავახვედრეთ და თავი მართლაც გმირად ვაგრძნობინეთ. სარკოზი ნამდვილად დარჩებოდა ნასიამოვნები. ყველა პრეზიდენტი ადამიანია და შეუძლებელია, როდესაც ამდენი ათასი კაცი ტაშს უკრავს, არ ესიამოვნოს. მან ხომ არ იცის, რომ უმეტესობა რეგიონებიდან ორგანიზებულად ჩამოიყვანეს, ზოგს სთხოვეს, ზოგს დაავალეს და ასე გაავსეს თავისუფლების მოედანი. ისე, არცაა საჭირო, იცოდეს. დაე, ეგონოს, რომ ამდენი ქართველი თავისუფლების მოედანზე საკუთარი სურვილით შეიკრიბა. იქნებ ამან გული მოულბოს და ნატოს და ევროკავშირში ჩვენს გაწევრებას მხარი დაუჭიროს. ხომ ამაზე იყო გათვლილი საქართველოს ხელისუფლების მთელი ეს ძალისხმევა? სააკაშვილს მწარედ ახსოვს ბუდაპეშტის სამიტზე აგრერიგად საოცნებო მაპის მოცემაზე საფრანგეთისა და გერმანიის უარი. სარკოზის სტუმრობის შემდეგ კი სააკაშვილი "რუსთავი 2"-ის ეთერით გვარწმუნებდა, ჩვენმა ძალისხმევამ გაჭრა და სარკოზიმ საქართველო იშვილა, აწი ის გაგვიძღვება ევროკავშირისკენ და ნატოსკენო.

არავინ იცის, რამდენად გულწრფელი იყო სააკაშვილი, როდესაც ამას ამბობდა, ან სჯეროდა თუ არა საკუთარი სიტყვების, მაგრამ სხვა გამონათქვამებში მას გულწრფელობას ნამდვილად ვერ დავწამებთ. საერთოდ, სააკაშვილის ერთ-ერთ ძირითად თვისებად არაგულწრფელობა იქცა. იმავე  პირდაპირი ჩართვის დროს პრეზიდენტმა რამდენჯერმე საგანგებოდ გაამახვილა ყურადღება თავისუფლების მოედანზე შეკრებილ ხალხზე. მგონი, სარკოზიზე არ ულაპარაკია იმდენი, რამდენიც ამ ხალხზე და სულ იმეორებდა, მინდა თბილისელებს მადლობა ვუთხრა, რომ მოვიდნენ, ამდენი ხალხი "ვარდების რევოლუციის" დროსაც არ გამოსულა ქუჩაში, არათუ ჩემი გადადგომის მოთხოვნით გამართული აქციების დროსო. შეიძლება სარკოზიმ არ იცოდა, ის ხალხი იქ როგორ მოხვდა და იყვნენ თუ არა მხოლოდ თბილისელები, მაგრამ სააკაშვილმა ეს ყველაფერი ძალიან კარგად უწყის. მე ძალიან მინდა მჯეროდეს, რომ საფრანგეთმა საქართველოს საკითხზე პოზიცია შეცვალა, მაგრამ ამის შემდეგ ჩვენი პრეზიდენტის სიტყვებს როგორ ვენდო? თქვენ მეტყვით, მაშინ ენდე სარკოზის, რომელმაც თქვა, როდესაც აქა ვარ, თავი ევროპაში მგონია და არსად სხვაგანო. კი, ეს სიტყვები მეც ძალიან მესიამოვნა, მაგრამ ეს ხომ ლირიკაა, რომელსაც მოჰყვება თუ არა საქმე, არავინ იცის. ამიტომ გამოვდივარ წინადადებით, სარკოზის გული კარგად რომ ავუჩუყოთ და სიტყვები საქმედ აქციოს, ბუშის ქუჩას სახელი გადავარქვათ და სარკოზის ქუჩა ვუწოდოთ, ბუში აწი მაინც აღარაფერში გვჭირდება, ხოლო სარკოზობა არა ერთჯერად, არამედ ყოველწლიურ დღესასწაულად ვაქციოთ. ამას თუ ვიზამთ, აღარც დემოკრატიის გაძლიერება დაგვჭირდება და აღარც არჩევნების კარგად ჩატარება, სარკოზი ზურგზე შეგვისვამს და ისე შეგვიყვანს ევროკავშირში.

არის თუ არა ალასანია არასანდო პარტნიორი?

ალასანიამ უკვე მეორე ერთობა დაშალა. მე შეგნებულად არ ვხმარობ სიტყვას "გაერთიანება", რადგან "ოპოზიციურ ექვსიანს" გაერთიანებამდე ჯერ ბევრი აკლდა. თუმცა რაც იყო, ისიც დაიშალა. ალასანიამ და "ეროვნულმა ფორუმმა" ცალკე თამაში გადაწყვიტეს. ერთობის დაშლა ალასანიასთვის უკვე მეორე შემთხვევაა. გახსოვთ "ალიანსიც" მისი გადაწყვეტილებით დაიშალა. ამიტომ გამიჩნდა კითხვა, ხომ არ ნიშნავს ეს, რომ იგი არასანდო პარტნიორია? ანუ ის არის პარტნიორი, რომელიც არავინ იცის, როდის მიგატოვებს! მე ნამდვილად არ მინდა ასე იყოს, მაგრამ მისი საქციელი ჯერ მხოლოდ ასეთი დასკვნის გაკეთების საშუალებას იძლევა. სხვა პარტიები ოფისებიდან არ გამოდიოდნენ და ამიტომ დავშალე "ექვსიანიო", სუსტი არგუმენტი მგონია. მაგალითად, "ეროვნულ ფორუმსა" და ალასანიას რომ ეთქვათ, ამ ერთობაში რეიტინგულები ჩვენ ორნი ვიყავით და ბალასტის აკიდება არ გვინდოდაო, სხვა საკითხი იქნებოდა. უფრო დავიჯერებდი და გავუგებდი, მაგრამ სოფლებში სიარული ცოტა სასაცილოა. რა თქმა უნდა, ყველას აქვს უფლება, არ შევიდეს გაერთიანებაში და ცალკე იბრძოლოს, მაგრამ თუ ასეთი კურსი ჰქონდა ამ ორ პარტიას არჩეული, მაშინ რა საჭირო იყო ჭადრაკის სასახლეში "ექვსიანის" ახალი სტრატეგიის თუ ხედვის პომპეზური პრეზენტაცია? თუ გაერთიანება არ უნდოდათ, არც იქ მისულიყვნენ ალასანია და "ფორუმი". საბავშვო ბაღი ხომ არაა, დღეს ერთი გინდოდეს, ხვალ - მეორე. ვფიქრობ, დადგა დრო, ალასანიამ თანამიმდევრულობა ისწავლოს, თორემ არათანამიმდევრული ჩვენს პოლიტიკაში იმდენი გვყავს, რამდენიც გინდა.