"სხვა გზა აღარ დამრჩა!" - კვირის პალიტრა

"სხვა გზა აღარ დამრჩა!"

ტელე-რადიოკომპანია "თრიალეთის" დამფუძნებელმა და დირექტორმა ჯონდო ნანეტაშვილმა საფრანგეთის პრეზიდენტ ნიკოლა სარკოზისა და საფრანგეთის ელჩს საქართველოში ერიკ ფურნიეს პოლიტიკური თავშესაფრის მოთხოვნით მიმართა.

- უცხოეთში საცხოვრებლად წასვლა ჩემთვის სიკვდილის ტოლფასია, მაგრამ ამ გზას მივმართე მხოლოდ იმიტომ, რომ ტელევიზია გადავარჩინო. იმის გამო, რომ ტელეკომპანიის წილის უდიდესი ნაწილი მე მეკუთვნის, ვფიქრობ, როდესაც მე აღარ ვიქნები საქართველოში და ვეღარ მაიძულებენ ტელევიზიის გაყიდვას, ალბათ, შეწყვეტენ ტელე-რადიოკომპანიის თანამშრომლებზე ზეწოლას.

დიდი ხანია მაიძულებენ, ტელევიზია სამშენებლო კომპანიას მივყიდო. შპს "გორგიას" დირექტორმა ლალი ეგაძემ შუამავალი მომიგზავნა, ტელევიზიის ყიდვა უნდოდა, თანაც ულტიმატუმი ჰქონდა - ჩვენ (მე და ჩემი ძმა, რომელიც ასევე ტელევიზიიის მოწილეა) საზღვარგარეთ უნდა წავსულიყავით და უკან აღარ უნდა დავბრუნებულიყავით. წინააღმდეგ შემთხვეევაში, სერიოზულ ზეწოლას ექნება ადგილიო! მუქარა აასრულეს. ამის შემდეგ იყო, რომ გორის ცენტრში, გუბერნატორის კაბინეტის ფანჯარასთან სამართალდამცველებმა სასტიკად მცემეს. 2010 წლის 7 ოქტომბერს გორის ცენტრალურ მოედანზე საჭესთან ტელეფონზე ლაპარაკის ბრალდებით საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ტარიელ სარაულმა და ილია გავაშელმა გამაჩერეს, ბორკილები დამადეს და ისე სასტიკად მცემეს, ტვინის შერყევა და სხვა დაზიანებები მივიღე, რასაც ექსპერტიზის ცნობაც ადასტურებს. სისხლის სამართლის საქმე იმ დღესვე კი აღძრეს, მაგრამ ცოტა ხნის წინ სამხილების არარსებობის საბაბით დახურეს.

ქარელის კინოთეატრი 1900 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთითურთ სახელმწიფოსგან, კერძოდ, "ქართული ფილმისაგან" მაქვს ნაყიდი. ქონება რეგისტრირებული მქონდა საჯარო რეესტრშიც. შენობა დატოვეს და მიწის ნაკვეთი მთლიანად გამგეობამ დაირეგისტრირა. მიწას მისამართი შეუცვალეს და  მიმდებარე ქუჩის მისამართით შეიტანეს საჯარო რეესტრში მოთხოვნა რეგისტრაციაზე. ყველა ინსტანციას მივმართე ამ უკანონობის გამო, მაგრამ ისევ ამაოდ. 2010 წლის 29 ნოემბერს ქარელში მცხოვრები ნინო მარჯანიძე და ორი ჟურნალისტი კაფეში შემთხვევით შეესწრნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების საუბარს ჩემ შესახებ, რომ იმ შემთხვევაში, თუ ტელევიზია იმავე კურსით გააგრძელებდა მუშაობას, ჩემი ფიზიკური ლიკვიდაცია გახდებოდა საჭირო. ამ საკითხზეც მივმართე პოლიციას, მაგრამ საქმეზე გამოძიება არც კი დაწყებულა. ზეწოლაა ყველა მხრიდან, ავიწროებენ იმ ბიზნესმენებსაც, რომლებსაც ტელეკომპანია "თრიალეთში" რეკლამა მოაქვთ, შავ დღეში აგდებენ. ამ ფაქტორების გათვალისწინებით მოვითხოვე პოლიტიკური თავშესაფარი.

საქართველოში შიშია გამეფებული და სხვა გზა აღარ დამრჩა!