"ძნელია წინასწარ იმის თქმა, რას გააკეთებს ივანიშვილი" - კვირის პალიტრა

"ძნელია წინასწარ იმის თქმა, რას გააკეთებს ივანიშვილი"

"ვინც საქართველოს რუსეთისკენ წაიყვანს, არ მივემხრობი"

7 ოქტომბერს "ნაციონალური მოძრაობისთვის" მთავარი მოვლენა საფრანგეთის პრეზიდენტის სტუმრობა იყო, შემდეგ კი თბილისობა. სახელისუფლებო გუნდი შეეცადა "არ შეემჩნია" ამ დღეს ქართული მედიით გავრცელებული ბიძინა ივანიშვილის განცხადება, მაგრამ მოგვიანებით საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა შეფასებები მაინც გააკეთეს: "ხელისუფლება არ აპირებს გაეჯიბროს იმ ადამიანს, რომელსაც ქვეყნის სიყვარული გადახურდავებული აქვს ცალკეულ ვალუტაში...

ბიძინა ივანიშვილი ქართულ პოლიტიკურ სპექტრს გაამდიდრებს, მაგრამ არა ღირსებითა და ფასეულობებით... ადამიანი, რომელიც პირველ პოლიტიკურ განცხადებას აკეთებს და ამ განცხადებაში დიდი ადგილი აქვს დათმობილი, როგორ იყიდის რაღაცას და შემდეგ გაყიდის, ეს არის ვაჭრობა. ამ ადამიანის ადგილი, ეტყობა, ქარვასლაში ან უკეთეს შემთხვევაში, ბირჟაზეა... პოლიტიკური ხედვის ნაცვლად ჩვენ მივიღეთ პრიმიტიული საგაზეთო სტატია, სადაც გარდა  ქართველი საზოგადოების გარკვეული ფენებისადმი სიძულვილისა,  არაფერია ნათქვამი. საქართველოში შეუძლებელია პოლიტიკური პროცესების ყიდვა და სასურველი მიმართულებით ფულის მეშვეობით მართვა".

მიუხედავად ჩვენი მცდელობისა, პარლამენტის ვიცე-სპიკერს, ბიძინა ივანიშვილივით ჭორვილელ (იქ თუ არ დაბადებულა, წინაპრების სამკვიდრო იქ აქვს) მიხეილ მაჭავარიანს დავკავშირებოდით, ეს ვერ მოხერხდა, მაგრამ ის კი შევძელით, რომ წარმოშობით საჩხერელ ოლიმპიურ ჩემპიონს, უმრავლესობის წევრ გიორგი ასანიძეს გავსაუბრებოდით:

- 7 ოქტომბერი მოვლენებით დატვირთული დღე იყო და მოდი, ნიკოლა სარკოზის ვიზიტის შეფასებით დავიწყოთ. რა მოუტანა მისმა სტუმრობამ საქართველოს?

- ის, რომ ბატონ ნიკოლა სარკოზის კავკასიური ტურნე ჰქონდა, ჩვენი რეგიონის მნიშვნელობაზე მიუთითებს. მან თავისუფლების მოედნიდან ათიათასობით ქართველს მიმართა და აღნიშნა, რომ მხარს უჭერს საქართველოს დეოკუპაციასა და ტერიტორიულ მთლიანობას. სარკოზიმ მოითხოვა იმ ექვსპუნქტიანი შეთანხმების შესრულება,  რომელიც მისი მცდელობით იქნა მიღწეული რუსეთის ფედერაციასთან. სარკოზიმ აღნიშნა, რომ  აუცილებელია რუსეთთან დიალოგი, რასაც ვეთანხმებით. დიალოგისთვის საქართველოს ხელისუფლება ყოველთვის მზად არის. მნიშვნელოვანი იყო საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადებები საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში  ინტეგრაციაზე. მიუხედავად იმისა, რომ სარკოზის  გამოსვლა დაბალანსებული იყო, მასში ბევრი პოზიტივი დავინახე, რაც რეალურ შედეგებს მოიტანს.

- რას ფიქრობთ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში ჩაბმასა და იმ აქცენტებზე, რაც თავის განცხადებაში გააკეთა?

- ჯერჯერობით ამ განცხადების კომენტარისაგან თავს შევიკავებ. როდესაც ბიძინა ივანიშვილი ჩაერთვება პოლიტიკაში, მაშინ იქნება შესაძლებელი მისი ქმედებების გაანალიზება და შეფასება.  თუ რომელიმე ახალშექმნილი პოლიტიკური ძალა შეეცდება საქართველომ გააძლიეროს იმ გზით სვლა, რომელსაც ადგას, ამას მხოლოდ მივესალმები.

ბიძინა ივანიშვილს ვიცნობ, თუმც მასთან არ მაქვს ხშირი ურთიერთობა. ვიცი, რაც გააკეთა ჩვენი ქვეყნისთვის. ჩემთვის მისაღებია ყველა ის ადამიანი, ვისაც საქართველოს უკეთესი მომავალი  და ეკონომიკური აღმავლობა უნდა.

- ბიძინა ივანიშვილის განცხადება ხელისუფლების კრიტიკის შემცველი იყო და შესაბამისად, სახელისუფლებო, ანუ თქვენი გუნდიდანაც კრიტიკა გაისმა.

- ძნელია წინასწარ იმის თქმა, რას გააკეთებს ივანიშვილი. ის გზა, რომელსაც ხელისუფლება და ჩემი გუნდი ადგას, სწორია. ვინც ამას დაუჭერს მხარს, მივესალმები. სხვა გზა  კი, პირდაპირ გეტყვით, სწორად არ მიმაჩნია.

- თქვენმა თანაგუნდელებმა ივანიშვილს  "რუსი ბიზნესმენი" და რუსული ინტერესების გამტარებელი უწოდეს.

- შეფასებებს მხოლოდ მას შემდეგ გავაკეთებ, რაც ბიძინა ივანიშვილი კონკრეტულ პოლიტიკურ ნაბიჯებს გადადგამს. ისე ხომ ყველამ იცის, რომ ივანიშვილმა ფული რუსეთში იშოვა. ვინც ქართულ ინტერესებს არ დაიცავს და საქართველოს რუსეთისკენ წაიყვანს, ვინც უნდა იყოს, არ მივემხრობი.