"ხელისუფლებამ საფრთხე იგრძნო და არც მიკვირს მისი განერვიულება" - კვირის პალიტრა

"ხელისუფლებამ საფრთხე იგრძნო და არც მიკვირს მისი განერვიულება"

"ჩემი ამოცანაა რუსეთთან ურთიერთობის აღდგენა"

პოლიტიკურ ასპარეზზე ბიძინა ივანიშვილის გამოჩენისთანავე გაჩნდა ეჭვი, რომ გაპოლიტიკოსებულ ბიზნესმენს ხელისუფლების გარდა,   ოპოზიციაც კრიტიკულად მიიღებდა. ითქვა, რომ ოპოზიციურ ფლანგზე ძლიერი კონკურენტის გამოჩენა ყველაზე ნაკლებად ირაკლი ალასანიას გაახარებდა. როგორ შეხვდა ამ ამბავს "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი, რატომ დაიშალა "ექვსიანი" და რას ემსახურებოდა ნიკოლა სარკოზის საქართველოში ჩამოსვლა, ირაკლი ალასანიასთან ინტერვიუში შეიტყობთ.

- ბიძინა ივანიშვილს არ ვიცნობ, მაგრამ მეც ვიცი იმ კეთილ საქმეებზე, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში აქვს გაკეთებული. დიდსულოვანი ადამიანი და მეცენატია. ბევრმა ჩვენმა მოქალაქემ, კულტურისა და მეცნიერების სფეროს წარმომადგენელმა, სწორედ მისი დახმარებით შეინარჩუნა სახე და თავი გაიტანა რთულ პერიოდში. ეს სიმპათიას აღძრავს ბიძინა ივანიშვილის მიმართ, მაგრამ პოლიტიკაში ის რა ნაბიჯებს გადადგამს, ამის ერთი-ორი განცხადებით შეფასება რთულია.

გავეცანი ბიძინა ივანიშვილის ხედვას, რომელიც პრესაში გამოქვეყნდა და სიმართლე გითხრათ, ძალიან მომეწონა.

მას სწორი აქცენტები აქვს დასმული ქვეყნისთვის ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე (ვგულისხმობ ეკონომიკას, სოფლის მეურნეობის აღდგენასა და მედიაში თავისუფალი აზრის წარმოჩენის შესაძლებლობას), რაზეც "თავისუფალი დემოკრატები" ორი წლის განმავლობაში ვლაპარაკობდით.

- ხელისუფლება მძაფრი კრიტიკით შეხვდა ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებას.

- ეს არც გამკვირვებია. ხელისუფლების წარმატების ერთ-ერთი წყარო ის არის, რომ ყველა ფინანსურ შესაძლებლობას აკონტროლებს და არ დაუშვებს ეს ფინანსები განსხვავებულად მოაზროვნე პოლიტიკური ოპოზიციის ხელში  მოხვდეს. როდესაც ბატონი ივანიშვილი ასეთი კრიტიკული განცხადებით გამოვიდა, ხელისუფლებამ საფრთხე იგრძნო და არც მიკვირს მისი განერვიულება.

- ბიძინა ივანიშვილს უკვე მიაკერეს რუსი ბიზნესმენის იარლიყი.

- როდესაც ბატონი ივანიშვილი ფულს ქველმოქმედებაზე ხარჯავდა, ეკლესიებს აშენებდა და ხალხს ეხმარებოდა, ხომ  მისაღები იყო ყველასთვის, რომ რუსეთში ნაშოვნი მისი პირადი ფული საქართველოში დახარჯულიყო. თუ ის ფულს პოლიტიკაში დახარჯავს, რატომ უნდა იყოს ვინმესთვის მიუღებელი, ეს ხომ მისი პირადი შემოსავალია?

- ითქვა, რომ ივანიშვილის გამოჩენა ოპოზიციურ სპექტრში ყველაზე მეტად თქვენ არ უნდა გაგხარებოდათ. აღიქვამთ მას კონკურენტად?

- ჯერ ვერაფერს გეტყვით. ვხედავ, რომ ეს არის კაცი, რომელსაც, ჩემი აზრით, ძალიან უსამართლოდ მოექცა სააკაშვილი და მისი ხელისუფლება. დაველოდები, რა ნაბიჯებს გადადგამს და მერე გავაკეთებ შეფასებას.

- ივანიშვილი ლაპარაკობს ოპოზიციურ ერთობაზე, რომელიც საქართველოს პარლამენტში უმრავლესობას აიღებს. ასეთ კოალიციაში წარმოგიდგენიათ თავი?

- ჩემი მიზანია, შემდგომი პარლამენტი ერთპარტიული არ იყოს. Mმისასალმებელია, რომ იქმნება ახალი პარტია, მიუხედავად იმისა, პარლამენტში ის ჩემ გვერდით იქნება, ჩემთან ერთად თუ სხვა პოლიტიკურ ძალაში. პარლამენტი სწორედ ის ადგილია, სადაც პოლიტიკურ ძალთა შეთანხმებები და ოპონირება უნდა მიმდინარეობდეს. ერთპიროვნულმა და ერთპარტიულმა მმართველობამ ქვეყანა უფსკრულთან მიიყვანა. სააკაშვილის მართვის ფილოსოფია ძალადობრივია და მასთან ბრძოლაში პარტნიორებს ყველა ძალაში ვეძებ.

- ამ თემაზე მოლაპარაკებასა და პარტნიორობას აპირებთ ბიძინა ივანიშვილთან?

- ამ თემით სპეკულირება არ მინდა. ჯერ ამ კაცის ხმაც არ გამიგია. მაინტერესებს არა მარტო მისი ხედვა, არამედ რა ნაბიჯებს გადადგამს ამ განცხადებების შემდგომ.

- ოპოზიციურ ძალებთან თანამშრომლობა ახსენეთ, მაგრამ თქვენ დაგბრალდათ ოპოზიციური "ექვსიანის" (თავის დროზე კი - "ალიანსის") დაშლა.

- "ექვსიანი" დაიშალა იმიტომ, რომ  დავინახე, აქტიური ქმედებებისთვის განწყობა ჯერჯერობით არ იყო. მე ვერ დაველოდებოდი მათ. მოსახლეობა ჩვენგან დროულ რეაქციას ითხოვს ყველა პრობლემაზე. "ექვსიანს" ერთად უნდა ელაპარაკა (რასაც მე ვაკეთებდი) სოფლის მეურნეობის პრობლემებზეც, სამუშაო ადგილებსა და საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაზეც. საზოგადოება უნდა დაგვერწმუნებინა, რომ სააკაშვილისაგან განსხვავებით მათ პრობლემებს მოვაგვარებდით. მხოლოდ ამით იქნებოდა შესაძლებელი ადამიანებში რწმენის აღდგენა და არჩევნების დღეს მილიონზე მეტი ამომრჩევლის მობილიზება. "ექვსიანში" შემავალ პარტიებს დღესაც დიდ პატივს ვცემ, ისინი ღირსეული ხალხია და დიდი პოტენციალი აქვთ, მაგრამ უნდა იმოქმედონ. არ შეიძლება თბილისის  ოფისებიდან პოლიტიკის გაკეთება. ბლოკი გვექნებოდა თუ კოალიცია, არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე უნდა გადაგვეწყვიტა. ეს არის ჩემი პრინციპული პოზიცია, მაგრამ რომ დავინახე, ჩემი კოლეგები უამრავი მიზეზის გამო ფეხს ითრევდნენ, მე მოქმედება დავიწყე და ვუთხარი, როდესაც მოიფიქრებთ და მზად იქნებით, მაშინ გადადგით ნაბიჯი-მეთქი. ჩემს პარტნიორებს ხომ შეეძლოთ თვითონ დაეგეგმათ ხალხთან შეხვედრები, რომლის თანამონაწილე მეც გავხდებოდი. მომავალში ეს არ არის გამორიცხული, მაგრამ მე და უპირველესად საქართველოს, აღარა აქვს დროის დაკარგვის ფუფუნება.

- "ექვსიანის" დაშლის ერთ-ერთ მიზეზად ითქვა, რომ თქვენი პარტნიორები ახლავე ითხოვდნენ საარჩევნო ბლოკის ჩამოყალიბებას, თქვენ და "ფორუმს" კი ეს იდეა არ მოგეწონათ.

- ჩვენ ბევრ რამეზე შევთანხმდით და ბევრზეც - ვერა, მაგრამ არ მჩვევია შიდა დისკუსიები საჯარო განხილვის საგანი გავხადო.

მიმაჩნია, რომ რთული, მაგრამ ძალიან საინტერესო პოლიტიკური წელი გველოდება წინ.

ჩემთვის ბატონი ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლა მნიშვნელოვანი ორი რამის გამოა: პირველი - ქველმოქმედი, რომელიც არანაირ პოლიტიკურ ამბიციას არ ავლენდა, სამუშაო ადგილების შექმნა უნდოდა, სააკაშვილმა და მისმა ხელისუფლებამ მიიყვანა იქამდე, რომ პოლიტიკაში მოუწია ჩართვამ და მეორე - ოპოზიციაში სოლიდური ფინანსური რესურსების პრობლემა იყო და, ბიძინა ივანიშვილის სწორი ნაბიჯების გადადგმის შემთხვევაში, შესაძლოა ეს დეფიციტი შეივსოს.

- მინდა პრეზიდენტ სარკოზის სტუმრობაზეც გკითხოთ, რომელიც ზოგმა ორი პრეზიდენტის პიარკამპანიად შეაფასა.

- პიარი ასეთი მოვლენების თანამდევია. სარკოზი, რომელსაც არჩევნები მოუახლოვდა, ამას შიდაპოლიტიკური პიარისთვის  გამოიყენებს, ამას გამოიყენებს სააკაშვილიც. სარკოზი ძლიერი ქვეყნის პრეზიდენტია და მისი ჩამოსვლა საჩვენოდ უნდა გამოვიყენოთ, უნდა დავანახოთ, რომ საქართველო ფუნდამენტურად დემოკრატიული ქვეყანაა, მაგრამ გვაკლია ინსტიტუტები, რომლებმაც დემოკრატიული მისწრაფებები უნდა გაამყაროს.

- ვლადიმირ პუტინის განცხადება ევრაზიის კავშირის შექმნაზე, თქვენი აზრით, რას უქადის საქართველოს?

- სიმართლე გითხრათ, ვერანაირ პოტენციალს ვერ ვხედავ ევრაზიულ პოლიტიკურ სივრცეში. რა ახალი უსაფრთხოების მექანიზმები უნდა შემუშავდეს ევრაზიაში? Aეს განცხადებაც, ალბათ, პუტინის წინასაარჩევნო კამპანიის შემადგენელი ნაწილია.

უნდა შევეგუოთ, რომ უახლოესი 12 წლის განმავლობაში პუტინის რუსეთთან გვექნება ურთიერთობა.

ეს ნიშნავს, რომ პრაგმატული საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა უნდა გავატაროთ. ეს ნიშნავს იმას, რომ საპარლამენტო არჩევნებით რეალური ცვლილება უნდა მოხდეს საქართველოს ხელისუფლებაში, რათა რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზება დავიწყოთ. ჩემი ამოცანაა რუსეთთან ურთიერთობის აღდგენა, ეს მჭირდება ეკონომიკის განვითარების, აფხაზებსა და ოსებთან ურთიერთობის ნორმალიზებისა და რუსული საჯარისო ფორმირებების საქართველოდან გაყვანისთვის და ეს შესაძლებელი იქნება მხოლოდ პოსტსააკაშვილის, პოსტნაციონალურ ხელისუფლებაში.

ცვლილების ძალა ჩვენშია. არჩევნებზე თუ მოსახლეობის 75% მოვა, სააკაშვილის ხელისუფლება წავა და საქართველოში ეროვნული სახელმწიფოებრივი მშენებლობა დაიწყება.