"ამ კაცს, რომელმაც მთელი მსოფლიო დაღალა უკვე, სარკოზიმ მასტერკლასი ჩაუტარა" - კვირის პალიტრა

"ამ კაცს, რომელმაც მთელი მსოფლიო დაღალა უკვე, სარკოზიმ მასტერკლასი ჩაუტარა"

"გავაანალიზოთ სარკოზის ნათქვამი, მართლა გოგრები ხომ არ გვაბია თავზე?"

"თუ უსიყვარულო, კაცთმოძულე და ქვეშაფსია ხარ, რა ჯანდაბად გინდა ან ჯიპი, ან ხელისუფლება"

"საქართველოსთვის მნიშვნელოვანი იყო სარკოზის ჩამოსვლა, მაგრამ ჩვენი ქვეყნისთვის ამ გავლით ვიზიტზე ბევრად მნიშვნელოვანია ბიძინა ივანიშვილის განზრახვა, ჩაერთოს პოლიტიკაში და ის განცხადება, რაც გაავრცელა", - განუცხადა "კვირის პალიტრას" რუსთაველის თეატრის მსახიობმა ზაზა პაპუაშვილმა.

- სარკოზი პირველად თურქეთში ჩავიდა იმ დაძაბულობის გამო, რომელიც თურქეთსა და ისრაელს შორის არის. კავკასიაში ირანისა და რუსეთის ინტერესებიც მოგეხსენებათ, რადგან ჩვენს რეგიონზე ბევრი რამ არის დამოკიდებული. გარდა ამისა, სარკოზი თავის რეიტინგზეც ზრუნავს. ამ კონტექსტში უნდა განვიხილოთ საფრანგეთის პრეზიდენტის საქართველოში ჩამოსვლა. ვუსმინე მის გამოსვლას და ბევრი მნიშვნელოვანი რამ თქვა, რაც რატომღაც ხელისუფლების ყურადღების მიღმა დარჩა, - ხელისუფლებამ უზნეო რიტორიკას თავი უნდა დაანებოსო და საფრანგეთისა და გერმანიის ურთიერთობის კარგი მაგალითი მოიყვანა, ადრე ჩვენ შორის დაძაბულობა იყო, მაგრამ დღეს მეგობრები ვართ.

KvirisPalitra.Ge ამ ურთიერთობის მოგვარებისთვის დე გოლის დროიდანვე იღვაწა ყველა პოლიტიკოსმა და  მე და მერკელი ამ პოლიტიკას ვაგრძელებთო. სარკოზიმ ისიც თქვა, რუსეთი ჩვენი მეგობარი და სტრატეგიული პარტნიორიაო. ამაზე მეტი რაღა უნდა ეთქვა? გავაანალიზოთ ეს ნათქვამი, მართლა გოგრები ხომ არ გვაბია თავზე?

სამარცხვინოა, ეს კაცი ხიდს ხსნის თუ მაღაზიას, ერთსა და იმავეს ლაპარაკობს, მეხუთე კოლონაზე, აგენტებზე და გაიძახის, ვერ დაგვაჩოქებენო. დაიღალა მსოფლიო ამ იდიოტობის მოსმენით და სარკოზიმ ძალიან კარგად მიუთითა სააკაშვილს, თუ გაიგებს.

მაგრამ ტელევიზიები ამას კი არა, რაღაც სისულელეებს აჩვენებენ და ნატოში შესვლის პერსპექტივაზე მსჯელობას გვასმენინებენ, რაც დიპლომატიური საუბრის კონტექსტია და მეტი არაფერი. აAმ კაცს, რომელმაც მთელი ერი და მსოფლიოც დაღალა უკვე, სარკოზიმ მასტერკლასი ჩაუტარა, თუ როგორ უნდა ილაპარაკოს ქვეყნის პრეზიდენტმა.

- ბიძინა ივანიშვილს აქამდე პოლიტიკური პროცესები თითქოს არ აინტერესებდა, მაგრამ იძულებული გახდა პოლიტიკაში ჩაბმულიყო. ამაზე რას ფიქრობთ?

- საქართველოში აპოლიტიკური ვერავინ იქნება. ბიძინა ივანიშვილს დიდი ღვაწლი მიუძღვის ქვეყნისა და უამრავი ადამიანის წინაშე. დარწმუნებული ვარ, მას ღრმად შესტკივა გული იმაზე, რაც ქვეყანაში ხდება. მინდა ამ მოვლენას ჯანსაღად შეხედოს საზოგადოებამ. ცივი გონებით მიუდგეს. ბიძინა ივანიშვილს ბევრი სიკეთე აქვს გაკეთებული. თავის ქვეყანაზე რომ გული არ შესტკიოდეს, ამდენ სიკეთეს ხომ არ ჩაიდენდა. ზოგჯერ ადამიანის ცხოვრებაში დგება ეტაპი, როდესაც მერკანტილური აზრები ფასს კარგავს და ქვეყნის საკეთილდღეოდ იწყებს ბრძოლას. ასე აღვიქვი ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილება.

- ივანიშვილს არ დაუმალავს, რომ ხელისუფლებაში მოსვლა, პარლამენტის თავმჯდომარეობა ან პრემიერ-მინისტრობა სურს მცირე ხნით და როდესაც სხვადასხვა მიმართულებით წარმატებას მიაღწევს ქვეყანა, 2-3 წელიწადში თანამდებობას დატოვებს. მისი ეს იდეაც განსჯის საგანი გახდა.

- როდესაც ადამიანი ამას ამბობს, ნიშნავს, რომ მას მასშტაბური პროექტები აქვს ჩაფიქრებული და რადიკალურ ცვლილებებს გეგმავს. არა მგონია, ეს გადაწყვეტილება უცებ მიეღო ან ქულების ჩასაწერად ეთქვა. ალბათ, ათასჯერ იფიქრა და გადაწყვიტა. ჩანს, ეს გულითა და სიყვარულით გადადგმული ნაბიჯია. კაცი დაინტერესებულია, რომ ქვეყანას დაკარგული დაუბრუნოს და საქართველოს სასიცოცხლო რესურსები აამოქმედოს, რაც დღეს ჩამკვდარია. დავაკვირდეთ, ვინ დაუდგება გვერდით, ვინ წამოყოფს თავს და ვინ მოეკიდება მტრად. მთავარია, საზოგადოება ფხიზლად იყოს და ადეკვატურობა არ დაკარგოს.

ამ კაცს არ ვიცნობ. თუმცა, ცნობა რად უნდა, ადამიანი საქმით ჩანს. საქმით ჩანს მისი სიკეთე და ხალხის სიყვარული, რომლისთვისაც სულიერად და ფიზიკურად იხარჯება. მიჭირს მის გაკეთებულზე ლაპარაკი, რადგან მისი თხოვნაა, ამაზე არავინ ილაპარაკოს.

- პავლე კუბლაშვილის აზრით კი ის საზოგადოებას ევაჭრება.

- კუბლაშვილი და მისი კატეგორიის ხალხი რას ამბობს, არ მაინტერესებს. Aამ კოღოებისა და მუმლების აზრი ნაკლებად საინტერესოა. ცხადია, ისინი ბრძოლას დაუწყებენ და ეცდებიან, ავნონ, მაგრამ ჩვენ თვალს კარგად გავახელთ და თავზე ნაცარს არ წავიყრით,

საღი განსჯის უნარს არ დავკარგავთ. სურვილი არა მაქვს, თავი მოვიტყუო და ილუზიით ვიცხოვრო, კმარა. ვიღაც წუნკალი ადამიანები რას იტყვიან, არ მაინტერესებს.

ვინც ჩემს ქვეყანას სიყვარულით მოეპყრობა, ყველამ გვერდით მიგულოს, მაგრამ ვინც ჩემს ქვეყანას მახვილს ჩასცემს, არც მე დავინდობ.

- ითქვა, რომ შესაძლოა ბიძინა ივანიშვილის თანამოაზრეთა გუნდში რობერტ სტურუა ვიხილოთ.

- ამის თაობაზე არაფერი ვიცი. თუმც ვიტყვი, რომ რობერტ სტურუა საქართველოში თავისი ქვეყნის, ხალხის, საქმის სიყვარულმა და ერთგულებამ დატოვა. უსიყვარულოდ ადამიანი ვერც რისკს გასწევს, ვერც თავგანწირულ ბრძოლაში ჩაებმება.

თუ უსიყვარულო, კაცთმოძულე და ქვეშაფსია ხარ, რა ჯანდაბად გინდა ან ჯიპი, ან ხელისუფლება, როდესაც ამდენი ხალხი სახეში გაფურთხებს?

გეგმებმა და საქმის გაკეთების სურვილმა დატოვა რობერტ სტურუა საქართველოში.

- რა გეგმებს გულისხმობთ?

- რობერტ სტურუას არ შეიძლება ბოროტი გეგმები ჰქონდეს. არავის გაპარტახებას არ ვაპირებთ, მაგრამ ქვეყნის დაცვასა და სიყვარულს ვერავინ აგვიკრძალავს და ვერც ხელს შეგვიშლის. ჩვენ გვინდა ბევრი დავარწმუნოთ სიყვარულში, მაგრამ ისე მოწამლული აქვს ზოგს ტვინი,  იმათ რა შემოატრიალებს.

ზოგს გაუკვირდა, რობერტ სტურუამ მაღალ ანაზღაურებაზე რომ თქვა უარი და დარჩა, მაგრამ საზოგადოებამ არ იცის, რომ მას თავისი პრინციპები არ დაუთმია და გაცილებით დიდ თანხებზეც უთქვამს უარი, თავისუფლება ნებისმიერ თანხაზე მეტი მიღირსო.

- მახსენდება, შარშან, თბილისობაზე ჩავწერეთ ინტერვიუ, შინ იყავით, გარეთ გასვლაც არ მინდა, ეს დღესასწაული არ მიყვარსო, მითხარით. ამჯერად მეტი ოპტიმიზმი გეტყობათ.

- ძალიან გამახალისა ჩვენი ხალხის იუმორმა. მირეკავდნენ, სარკოზობას გილოცავთო. წელს თბილისობას სარკოზობა დაერქვა. აი, ასე ჯანსაღად მიიღო ქართველმა ხალხმა ამ კაცის ჩამოსვლა და სულაც არ უფიქრია, რომ დღეს  წყდებოდა მისი ბედი.

მჯერა, ერთი წლის მერე სარკოზობაზე კი არა, თბილისობაზე შევხვდებით ერთმანეთს და მგონი, კიდევ უფრო უკეთეს ხასიათზე ვიქნები. თუ გვინდა, ქვეყანა გადავარჩინოთ, ერთსულოვნებასა და გუნდურ თამაშს ალტერნატივა არა აქვს. ისეთ ეპოქაში ვცხოვრობთ, რომ როგორც შექსპირი იტყოდა, "ჩვენ ერთმანეთის სახეებსა ვცნობთ და არა გულებს". დროა, გულებით ვიცნოთ ერთმანეთი და სიყვარულით ავაშენოთ ეს ქვეყანა.