"იგი მოვალე იყო, ეს ნაბიჯი გადაედგა" - კვირის პალიტრა

"იგი მოვალე იყო, ეს ნაბიჯი გადაედგა"

"კაცი ამდენ რამეს აკეთებდა, ჩადიოდა სააკაშვილი, გახსნიდა ობიექტს და ბიძინას არც კი ახსენებდა"

ელდარ ნადირაძე: "გოკა გაბაშვილი ისე ლაპარაკობდა ივანიშვილზე, პირიდან ლამის სისხლი მოსდიოდა"

"ესენი ყველანაირ უზნეობასა და საძაგლობას იკადრებენ ძალაუფლების შესანარჩუნებლად"

"ოპოზიციას დღეს შაურის ფასი არა აქვს. ბიძინამ დაინახა, რომ ესენი არაფრის გამკეთებლები არ არიან და თვითონ  ჩაება საქართველოს გადარჩენისთვის ბრძოლაში", - გვითხრა პარლამენტის ყოფილმა წევრმა, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა, "ნაციონალური მოძრაობის" საპარლამენტო ფრაქციის ყოფილი თავმჯდომარის, მაია ნადირაძის ბიძამ ელდარ ნადირაძემ, რომელიც ჭორვილელია და ბიძინა ივანიშვილს ბავშვობიდან იცნობს.

- ბიძინას წერილებში არ არის ემოციას აყოლილი კაცის ხედვა, ხალხის საამებლად შეთხზული ამბავი. ბიძინამ პოლიტიკოსები და ტელევიზიები რომ გააკრიტიკა, უსაფუძვლოდ არაფერს იტყოდა. არ არის ისეთი კაცი, მტკიცებულების გარეშე რაიმე თქვას. ოპოზიციის დაქსაქსულობამ გააძლიერა სწორედ სააკაშვილი და ამას ვერ დაინახავდა? მიუხედავად ამისა, ბიძინა ივანიშვილი ამბობს, რომ შურისძიების წინააღმდეგია. მის წერილებში  სამშობლოს გადარჩენის სურვილი ჩანს. ეს კი დათმობისა და შერიგების გარეშე არ მოხდება.

- ოცი წლის განმავლობაში სამი მთავრობა გამოვიცვალეთ და ქვეყნის სათავეში ყველა ნაციონალური თემით მოდიოდა. ჩანს, ეს თემა ქართველი ხალხის ხასიათზეა გათვლილი. ეს ხომ არ უდევს საფუძვლად ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ მიზნებს?

- სოციალური გასაჭირი ხალხში პატრიოტულ გრძნობებს ვერ ჩაკლავს. "ნაციონალებმა" კარგად ითამაშეს ამ გრძნობებზე და კარგა გვარიანადაც გვაბღავლეს. როგორც კი ხელისუფლებაში მოვიდნენ, დაპირების საქმით გაგრძელების ხალისი აღარ გამოუჩენიათ. უფრო მეტიც, დაუნდობელი ბრძოლა გამოუცხადეს კულტურისა და მეცნიერების მოღვაწეებს. თავად განსაჯეთ: ივანე ჯავახიშვილისა და მისი თანამოაზრეების მიერ უდიდესი ძალისხმევით შექმნილი უნივერსიტეტი, ფაქტობრივად, გაუქმებულია და გადაქცეული საშუალო დონის კოლეჯად, რომელსაც გამოცლილი აქვს ეროვნული სულიერება; გაძარცული და უფლებააყრილია საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია, შეგინებულია ქართული თეატრი, უგულებელყოფილი და მეორე პლანზეა ქართული ენა. შევიწროებული და დახურვის პირას არის მისული სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტები. ქართულ დიპლომს არ გააჩნია არავითარი ღირებულება.

დღევანდელ ქართულ უმაღლეს სასწავლებლებს მხოლოდ იმიტომ არ აუქმებენ, რომ ისინი შემოსავლის წყაროდ აქციეს და თუ ადრე მექრთამე ლექტორები უხუთავდნენ სულს აბიტურიენტის მშობლებს, ახლა სახელმწიფო აკეთებს ამას.

საქართველოში არ არსებობს სტრატეგიული ობიექტი, რომელიც უცხოელებს არ ეყიდოთ, მათ შორის რუსებს, რომლებიც ჩვენი ხელისუფლებისგან ერთდროულად დაჯილდოებულნიც არიან და შერისხულებიც. ასეთი პარადოქსები კი დღემდე უპასუხოდაა დარჩენილი.

ესენი სამშობლოს ინტერესებს კი არა, თავიანთ თანამდებობებს იცავენ და მიაჩნიათ, რომ სწორედ დათმობა, სხვათა სურვილების შესრულება, სხვათა კანონების დამკვიდრება, მორჩილება და უპრეტენზიობა არის უმთავრესი, რაც სკამებს შეანარჩუნებინებს. როცა მთავრობა უტევს მეცნიერებას, ხელოვნებას, ეროვნულ ფასეულობებს, ეკლესიას და ანგარიშს არ უწევს ხალხს, ამას ვერ გადაწონის ვერც გზების კეთილმოწყობა, ვერც პოლიციის აღმავლობა და ვერც პალიკო კუბლაშვილის დაუშრეტელი სურვილი ხელისუფლებაში მარადიულად ყოფნისა.  პავლე კუბლაშვილისთანა პოლიტიკოსებს ვერც კი წარმოუდგენიათ, პირად ინტერესებს როგორ უნდა ანაცვალოს ადამიანმა სამშობლოს ინტერესები. როგორ შეიძლება უმდიდრეს ადამიანს სამშობლოსათვის სცხელოდეს. ბიძინას საქციელში ვერაფერს ვხედავ საკვირველსა და სენსაციურს. იგი მოვალე იყო, ეს ნაბიჯი გადაედგა.

ღია წერილში ბიძინა ივანიშვილმა წინ წამოსწია ორი ძირითადი საკითხი, - სოფლის მეურნეობის აღორძინება და ქართული ინტელექტუალური კადრების მომზადება. ეს უკვე საკმარისზე მეტია საიმისოდ, რომ მას ხალხი დაუდგეს გვერდით.

ბევრჯერ მქონდა მომენტი, ერთი პატარა უპრინციპობის საზღაურად მიმეღო ის, რაც მაკლდა, მაგრამ ეს არ გამიკეთებია. ადამიანს, თავისი მდგომარეობით რაგინდ უბრალოც უნდა იყოს, შეუძლია თავისი ქვეყნის დიდი სიყვარული ატაროს. როცა პოლიტიკაში მოდის ნამდვილად ეროვნული ტიპის მოღვაწე, ჩემთვის მტკივნეული იქნება, თუ ამ პროცესში არ მივიღებ მონაწილეობას.

- საზოგადოება დაინტერესებულია ბიძინა ივანიშვილის პიროვნებით. თქვენთვის იგი უცხო არ არის, იქნებ გვიამბოთ უფრო მეტი მასზე?

- ბიძინას არ უყვარს თავის თავზე დიდი წარმოდგენის მქონე ადამიანები, მით უმეტეს - ამპარტავნები. ძალზე დემოკრატიულია, ერთი წამით არ გაგრძნობინებს თავის უპირატესობას, გულწრფელად საუბარი უყვარს და კარგი იუმორი აქვს. თუ გსურთ, მისი პატივისცემა დაიმსახუროთ, ხოტბას ნუ შეასხამთ.

ზოგიერთს უნდა, ბიძინა ივანიშვილის ცხოვრება "კონკიას" ზღაპრად წარმოსახოს. თითქოს არავინ ჰყავდა, არაფერი გააჩნდა და მერე მილიონერი გახდა. ეს სენსაციის ელემენტს შეიცავს და კარგად "იყიდება", მაგრამ ასე არ ყოფილა. ბიძინას წელგამართული ოჯახი ჰქონდა. მამამისი, გრიშა, ჩვენს სოფელში ცნობილი კაცი იყო. მის სიტყვას პატივს სცემდნენ. დედამისი, ციცინო, პირში მთქმელი ქალია, რომ დაინახავს დაგლახავებულ და არაფრის მაქნის ადამიანს, შეუძახებს, ხელი გაანძრიეო. ამ ოჯახს ერთი წუთი არ უცხოვრია უშრომლად. ხუთი შვილი გაზარდეს. ოჯახში ბავშვობიდან შრომას რომ შეეჩვევი, მთელ ცხოვრებას შრომაში გაატარებ. ასეა გაზრდილი ბიძინაც. ჯერ თბილისში წამოვიდა სასწავლებლად და ფრიადებზე დაამთავრა ეკონომიკის ფაკულტეტი, მერე  რუსეთში დაიცვა დისერტაცია. მოსკოვში ვინ იყო მისი პატრონი, მაგრამ თავისი ნიჭითა და შრომისმოყვარეობით გაიკაფა გზა.

ბიძინაზე 7 წლით უფროსი ვარ, მაგრამ ბავშვობიდან მახსოვს. მასწავლებლებს ადვილად არ ემორჩილებოდა. დაუმორჩილებლობა და პროტესტის გრძნობა მოწიფულობაშიც გაჰყვა.

ბევრი ცნობილი ადამიანია ჩვენი სოფლიდან: წერეთლები, მაჭავარიანები, ხატელიშვილები, ივანიშვილები და ჩვენც არა გვიშავს, ნადირაძეებს. სხვათა შორის, ერთ გაზეთთან ასე ჩამოვთვალე გვარები და ჟურნალისტმა მხოლოდ ივანიშვილები და ნადირაძეები დატოვა. ისე გამოიყვანა, თითქოს ბიძინას ვეჯიბრებოდი და მას მერე, აგერ უკვე 4 წელია, ბიძინა აღარ მინახავს. ეტყობა, წაიკითხა და იფიქრა, თავხედი ყოფილაო. არადა, ჭორვილაში ხშირად მეძახდა. მის ოჯახში ხშირად ვყოფილვარ თამადა. ბიძინას ძველშავის წითელი ღვინო უყვარს. მოსწონდა, სადღეგრძელოებს ლექსებს რომ მოვაყოლებდი ხოლმე. მუხრანი და მურმან ლებანიძე უყვარს განსაკუთრებით. ბიძინას ჩემი ოთხი წიგნი აქვს დაფინანსებული.

როდესაც მითქვამს, პრეზიდენტად იყარე კენჭი-მეთქი, თავიდან მიშორებდა, ეს ჩემი საქმე არ არისო. როდესაც ამბობენ, ხელისუფლების პროექტებს აფინანსებდაო, ამას ბიძინა საკუთარი ოჯახის უსაფრთხოებისთვის აკეთებდა. შევარდნაძის დროსაც არ ყოფილა მშვიდად. იბარებდა შევარდნაძე და სთხოვდა, ეს და ეს უნდა გააკეთოო. ბიძინაც აკეთებდა, რომ არ გაეკეთებინა, მტრად გამოაცხადებდნენ ან მის თვითმფრინავს ჰაერშივე ააფეთქებდნენ.

ბიძინას პოლიტიკაში მოსვლა არ უნდოდა, მაგრამ ყელში ამოუყვანეს. ბევრს სთხოვდნენ და თანაც თავხედურად, ისე, რომ შეურაცხყოფილი რჩებოდა. კაცი ამდენ რამეს აკეთებდა, ჩადიოდა სააკაშვილი, გახსნიდა ობიექტს და ბიძინას არც კი ახსენებდა. ერთხელ და ორჯერ კიდევ გაიგებდა, მაგრამ ასჯერ შეიძლება ასეთი რამ გააკეთო? ისეთი კაცია, ვერავინ მოატყუებს.

ხელისუფლება ძალიან გაავებულია ბიძინას გადაწყვეტილებით და ყველანაირად ეცდება, ავნოს. მის ოჯახშიც შეაღწევენ და ბიძინას დაჭერასაც მოინდომებენ. თუ არა და, ეცდებიან, საქართველოდან გააგდონ.

- რობერტ სტურუამ facebook-ზე ივანიშვილის განცხადება გამოაქვეყნა და მხოლოდ ერთსიტყვიანი კომენტარი დაურთო, - "მოკლავენ".

- ამას წინათ გოკა გაბაშვილი ისე ლაპარაკობდა ივანიშვილზე, პირიდან ლამის სისხლი მოსდიოდა. ოპოზიცია სააკაშვილზე ტყუილად ქილიკობს. მიშა არ არის უნიჭო და ადვილად მოსაშორებელი კაცი. აღმოსავლური ყაიდის დესპოტია, ალღოიანი და მიზანდასახული, თუმცა ზოგჯერ სულელს თამაშობს და კარგად ირგებს ნიღბებს. ესენი ყველანაირ უზნეობასა და საძაგლობას იკადრებენ ძალაუფლების შესანარჩუნებლად.