"ჩვენ გიჟები კი არ ვართ, ცუდად ვართ" - კვირის პალიტრა

"ჩვენ გიჟები კი არ ვართ, ცუდად ვართ"

"როიტერმა" ბიძინა ივანიშვილთან ინტერვიუს ვიდეოკადრები გაავრცელა. (იხ. www.palitratv.ge-ზე)

"დახურული იმიჯის" ღია გაკვეთილები, ანუ რას ეუბნება ივანიშვილი ხელისუფლებას

"ივანიშვილის განცხადებებმა აპათიაში მყოფი საზოგადოება გამოაფხიზლა და ახალი პოლიტიკური რეალობა შექმნა. ხელისუფლება დაბნეულია, ჩანს, საპასუხო სვლებისთვის ემზადება, რადგან სერიოზული მოწინააღმდეგე გამოუჩნდა, მაგრამ მის ტაიმ-აუტს უთუოდ მოჰყვება გადადებული პარტია, სადაც მოწინააღმდეგეები პირისპირ დადგებიან", - გვითხრა ფსიქოლოგიის დოქტორმა მარინა ბალიაშვილმა.

- ქართველ საზოგადოებას  გარდატეხის იმედი მიეცა. ქარიზმატული ლიდერის მოლოდინი ძნელბედობის ჟამს ჩნდება. ზოგჯერ გვეუბნებიან, ქართველები სულ ქარიზმატულ ლიდერს ეძებთ, გიჟები ხართო. გიჟები კი არა ვართ, სულ ცუდად ვართ და იმიტომ გვინდა ისეთი ლიდერი, ვინც ცუდი მდგომარეობიდან გამოგვიყვანს. ადამიანმა, როდესაც ცუდად არის და საკუთარი თავის იმედი არა აქვს, რაღაცის უნდა დაიჯეროს. ჩვენ დიდი ხანია ცუდად ვართ და ამიტომ გვაქვს სურვილი, ვიღაც გავაღმერთოთ, მერე კი ამ პიედესტალიდან გადმოვაგდოთ.

- მაგრამ ბიძინა ივანიშვილი არ ჰგავს იმ პოლიტიკოსებს, რომლებიც ქვეყნის სათავეში მოდიან ხოლმე.

KvirisPalitra.Ge- იმიტომ არ ჰგავს, რომ არ გვინახავს, არ ვიცით. ის არის "მისტერ იქსი". შესაძლოა ესეც ერთგვარი პიარხერხია. ამას "დახურულ იმიჯს" ეძახიან, როდესაც ადამიანი ახლოს არ მოდის, დისტანციიდან  შეგიძლია მიაწერო ის თვისებები, რომელიც გინდა. "დახურული იმიჯის" პიროვნება იყო სტალინიც. როდესაც ადამიანის შესახებ ბევრი არაფერია ცნობილი,  მისი მითოლოგიზება იწყება. ახალი ლიდერის მოლოდინი რომ აქვს ხალხს, სააკაშვილის ბრალია. მის გამოა, რომ ხალხმა სასწაულების დაჯერება დაიწყო, ოღონდ არ დაიღუპოს.

- პიარის სპეციალისტებმა პიარხერხები დაინახეს ივანიშვილის მიმართვებშიც.

- კარგად ჩანს, რომ ამ ტექსტის შემდგენმა პიარი იცის. ეტყობა, ივანიშვილს ურჩიეს, რომ განცხადებების ტექსტი ხისტი ყოფილიყო. ამით ითქვა, ივანიშვილი პოლიტიკაში კი არ მოცუცქდა, არამედ ფართოდ გამოაღო კარი და მტკიცე ნაბიჯით შემოვიდა.

ეს ეფექტური ხერხია, შთაბეჭდილების მოსახდენად და ხალხის ცნობიერებაში დასამკვიდრებლად. ივანიშვილი აქცენტებს სწორად აკეთებს და მსჯელობას ფაქტობრივი მასალით ამყარებს. ვანო მერაბიშვილის დადებით კონტექსტში მოხსენიებაც რაღაცისთვის სჭირდებოდა, იქ შემთხვევითი ფრაზები არ მოხვდებოდა.

- ივანიშვილი  რამდენჯერმე ურჩევს სააკაშვილს გადადგეს. გამეორება რისთვის გახდა საჭირო?

- გამეორებას  ზემოქმედების მოსახდენად და შთაგონებისთვის იყენებენ. ეს იყო მინიშნება სააკაშვილისთვის, შენგან ამას ველოდებითო.

არასწორია შეფასება, რომ ივანიშვილი უამბიციო პიროვნებაა. ამბიცია რომ არ ჰქონოდა, მილიარდერი ვერ გახდებოდა.

- ბრძანეთ, ძნელბედობის ჟამმა გააჩინა ლიდერის მოლოდინიო, მაგრამ NDI-ის კვლევებმა ცხადყო, რომ მოსახლეობის 64% სააკაშვილს უჭერს მხარს, ხოლო "ნაციონალური მოძრაობის" რეიტინგი 52%-ია.

- მაგრამ რამდენად გულწრფელია გამოკითხული? ხალხი სიმართლეს არ ამბობს. კომუნისტების დროს მარნეულში ჩატარებული გამოკითხვისას მოსახლეობამ თქვა, რომ ღმერთი არ არსებობს. Eეს ხომ იმას არ ნიშნავს, რომ ალაჰის არ სჯეროდათ, მაგრამ რადგან გამოკითხვას კომუნისტები ატარებდნენ, იცოდნენ, ასე უნდა ეპასუხათ.

- ერთ ტელეარხზე ხალხი რეკავდა და ამბობდა, ივანიშვილს ბრმად გავყვებითო. ესეც უკიდურესობად ხომ არ მიგაჩნიათ?

-  როცა ხალხს გაძაღლებული ცხოვრება აქვს, რა უნდა მოსთხოვო. მაღალი დონის საზოგადოების ჩამოყალიბებას სჭირდება მატერიალური რესურსი, თავისუფლება და თვითპატივისცემა.

- ქალბატონო მარინა, იქნებ ფრაგმენტულად გავაანალიზოთ ბიძინა ივანიშვილის ღია წერილი:

"მე ვერ ვითანამშრომლებ "ქრისტიან-დემოკრატებთან", "ლეიბორისტებთან", "ახალ მემარჯვენეებთან", ედპ-სთან, "ქართულ პარტიასთან", თორთლაძისა და დავითაიას პარტიებთან... ხელისუფლების დაკვეთას ასრულებენ ამ პარტიების ლიდერები შალვა ნათელაშვილი, დავით გამყრელიძე, ეროსი კიწმარიშვილი, ბაჩუკი ქარდავა".

- როდესაც ბიძინა ივანიშვილი კონკრეტულად ასახელებს პოლიტიკურ პარტიებს, მიჯნას ავლებს. მან შემოსაზღვრა თავისი სამოქმედო არეალი, გამოკვეთა მიზნები და მიანიშნა, ჩემკენ ზედმეტი მოძრაობა ნუ იქნებაო. ეტყობა, ჩამოთვლილ ხალხს დიდხანს აკვირდებოდა. ამ ხალხს ფსევდოოპოზიციას იმიტომ კი არ უწოდებს, რომ სააკაშვილი მოსწონთ, არამედ იმიტომ, რომ ხელს აძლევთ არსებული ვითარება, სადაც "თავისას ძოვენ". მათ ხალხი იცნობს, ზედაპირზე ტივტივებენ და სულაც არ არიან დაჩაგრული ოპოზიციონერობით. ეს არ არის ის ხალხი, ვინც რწმენისთვის რაღაცას გაიღებს, დათმობს. კონფორმისტები არიან, ეგუებიან გარემოს  და იქნებ სულაც არ უნდათ მიშას წასვლა, რადგან განსაზღვრული ბალანსი მოძებნეს სათავისოდ.

"ყველას აქვს უფლება, უერთგულოს, მხარი დაუჭიროს მას, ვინც მოსწონს როგორც პოლიტიკოსი და როგორც ლიდერი. ამ ადამიანებს სააკაშვილი მოსწონთ, ის მათ პოლიტიკურ გემოვნებას ყოველმხრივ აკმაყოფილებს...

მე მესმის ამ ადამიანების მდგომარეობისა. შეიძლება ზოგს გულით უნდოდეს სახელისუფლებო გუნდის დატოვება, მაგრამ ეს არც ისე იოლად მისაღები გადაწყვეტილებაა.

ისინი ერთხელ გაკეთებული მცდარი არჩევანის მძევლები არიან და მე მათ უფრო თანაგრძნობით ვუყურებ. მე არ მაქვს მათ მიმართ აგრესიული განწყობა, ის კი არა, რომელიმე მათგანმა თავისი პოლიტიკური მრწამსი რომ შეიცვალოს, არ გამოვრიცხავ მათთან თანამშრომლობის შესაძლებლობასაც".

- ეს არის განაცხადი, რომ ივანიშვილი საზოგადოების პოლარიზაციასა და დაპირისპირებას არ აპირებს. ამას გადმობირებას ვერ დავარქმევ. ის ხელისუფლებაში მყოფ პირებს გზას უხსნის, ნდობას უცხადებს. პოლარიზაციაში მართლაც არაფერია კარგი, რადგან ასეთ დროს ორივე მხარე უკიდურესობაში ვარდება. ეს გარკვეულწილად დაპირებაც არის, რომ თუ დროზე მოეგებიან გონს, სახელისუფლებო გუნდში ვინც ნორმალურია, ადგილი მისთვისაც მოიძებნება.

"მერაბიშვილი ხშირად მაოცებდა ეკონომიკის სფეროში საკმაოდ სერიოზული კომპეტენტურობით. თუმცა მეც ბევრჯერ გამიოცებია იგი ჩემი პროფესიიდან შორს მდგარი ამა თუ იმ საკითხის გადაწყვეტისას. საკმაოდ ბევრი ფაქტიდან მხოლოდ ერთს შევახსენებ ვანო მერაბიშვილს. გახსოვს, ვანო, სააკაშვილმა დიდი ხვეწნის შემდეგ რომ დამიყოლია, ბოკერიასთან მივსულიყავი, რომ მისთვის გადამეფიქრებინა ქვეყნისთვის ძალიან სარისკო და საბედისწერო გადაწყვეტილების მიღება. ეს ხდებოდა 2008 წლის აგვისტომდე წლინახევრით ადრე. მაშინაც იგივე სცენარი განიხილებოდა, რაც თქვენ 2008 წლის აგვისტოში განახორციელეთ".

- ამ მონაკვეთში ბევრი რამ ჩანს. ივანიშვილი აჩვენებს, რომ ქვეყნის ბედის გადაწყვეტაში მონაწილეობდა. ახლა რომ ამბობენ, პოლიტიკის რა იცისო, ის ხაზს უსვამს, პოლიტიკაში ყოველთვის ვიყავიო. ამ ეპიზოდიდან ჩანს, რომ სააკაშვილი მას მარტო ფულს კი არ ქაჩავდა, ჭკუასაც ეკითხებოდა. მეტიც, სააკაშვილი, ვინც ყველას ზემოდან უყურებს, ივანიშვილს ეხვეწება. ეს რომ სარწმუნოა, იქიდანაც ჩანს, რომ ბიძინა ივანიშვილის ღია წერილების შემდეგ სააკაშვილს ჯერ ხმაც არ ამოუღია. ამ ეპიზოდით ივანიშვილი ააშკარავებს იერარქიულ ურთიერთობებს სააკაშვილის გარემოცვაში და ხაზს უსვამს თავის უპირატესობას. საგულისხმოა კიდევ ერთი დეტალი: სააკაშვილი თვითონ ვერ მიდის ბოკერიასთან, რაღაც თემებზე ვერ ელაპარაკება და ივანიშვილს სთხოვს მასთან მისვლას. გამოდის, ბოკერია იმდენად გათავხედებულია, ისე აკეთებს რაღაცებს, სააკაშვილს არაფერს ეკითხება და პრეზიდენტს მასთან შუამავალი სჭირდება. ამ შიდა სამზარეულოს გამოაშკარავებით ივანიშვილმა კარგად მიანიშნა, ვინ რას წარმოადგენს სახელისუფლებო იერარქიაში.

აქვე ივანიშვილი ნათელს ხდის, რომ სააკაშვილის გარემოცვა ჯერ კიდევ 2008 წლამდე საომრად იყო ატეხილი. ავანტიურაზე ისე მიდიოდა, რომ არანაირი გარანტია და გათვლები არ ჰქონდა.

"ვარდების რევოლუციიდან" დაახლოებით ერთი წლის შემდეგ სააკაშვილი სპეციალურად ჩამოფრინდა ბობოყვათში ჩემთან შესახვედრად (მე ამ დროს ურეკში ვიყავი) და მითხრა, მერაბიშვილი უნდა გავუშვაო. მე მაშინ ყველაფერი გავაკეთე, რომ სააკაშვილს შენი გაშვება გადაეფიქრებინა. მე ის დავარწმუნე, რომ შენ ბუნებით ერთგული კაცი ხარ, გონიერი ორგანიზატორი და წინდახედული მენეჯერი. სააკაშვილმა მაშინ დამიჯერა და არც უნანია, რაც უდავოდ შენი დამსახურებაა. მე მისთვის არასოდეს მიმიცია ცუდი რჩევა, არც მისთვის, არც შენთვის.

ახლა კი კიდევ ერთი რჩევა მინდა მოგცე - ურჩიე სააკაშვილს, რომ დროზე გადადგეს! სააკაშვილი დაიღალა, გამოიფიტა და ქვეყანასაც და საკუთარ თავსაც უფსკრულისკენ მიაქანებს, შენ და შენი მასწავლებელი ადეიშვილი მას დათვურ სამსახურს უწევთ და ძალაუფლებას უნარჩუნებთ. ეს არ არის გამოსავალი, ეს არ შეიძლება მარადიულად გაგრძელდეს და ასე, ძალისმიერი მეთოდებით ძალაუფლების შენარჩუნების მცდელობა ერთ საბედისწერო დღეს შეიძლება დიდი კატასტროფით დამთავრდეს.

ურჩიე სააკაშვილს, რომ გადადგეს! ეს არის ერთადერთი შანსი, რომ მას საკუთარ ქვეყანაში ცხოვრების საშუალება მიეცეს. თუ სააკაშვილი შენს რჩევას ყურად არ იღებს, მაშინ შენ თვითონ გადადექი, რადგან შენთვისაც ეს ყველაზე საუკეთესო გამოსავალია და ამით შენ დარჩები საქართველოში საპატივცემულო და ღირსეულ ადამიანად".

- აქაც სააკაშვილთან ურთიერთობის აფიშირება ხდება, რომ პრეზიდენტი ივანიშვილს ჭკუას ეკითხებოდა, მათ შორის - საკადრო საკითხებზე. პრეზიდენტი რატომ უნდა ეკითხებოდეს რამეს კერძო პირს, მაგრამ სააკაშვილი, ჩანს, გრძნობდა ამ კაცის ძალას. ივანიშვილი ამ ქვეტექსტით ამბობს, სანამ სააკაშვილს მე ვაძლევდი რჩევებს, ნაკლებ შეცდომას უშვებდა, ახლა კი ეს კაცი კონტროლს აღარ ექვემდებარება. დააკვირდით, ივანიშვილი ვანო მერაბიშვილს ეუბნება, სააკაშვილთან მივიდეს, რადგან ყველაზე მეტად სააკაშვილი მას დაუჯერებს, გარდა ამისა, ვანოს აქვს მექანიზმები სააკაშვილზე გავლენის მოხდენისა. ივანიშვილი ხედავს, რომ სააკაშვილს ძალიან ცუდი რამეების გაკეთება შეუძლია და როგორც გონიერ ადამიანს, მერაბიშვილს მიმართავს, რომ საქმეში ჩაერიოს და ცუდის გაკეთების საშუალება არ მისცეს სააკაშვილს.

როგორც ფსიქოლოგი ვხედავ, სააკაშვილი გამოგონილ სამყაროში ცხოვრობს. მან ეს ხელოვნური სამყარო უპირველესდ თავისთვის შექმნა, რომ რეალობას გაექცეს.  ყველაზე მეტად სააკაშვილს საკუთარი თავის დაჯერება უნდა, რომ მაგარი ქვეყანა ააშენა და აქედან გამომდინარე, მაგარი ბიჭია. კარგა ხანია საზოგადოებაში ისმის,  - მიშა არ მოგვწონს, მაგრამ ოპოზიციაც არ ვარგა, თუ მიშა არ იქნება, მაშინ ვინ უნდა იყოსო და აი, გამოჩნდა ბიძინა ივანიშვილი, რომელიც ამბობს, რომ ქვეყნის აღმშენებლობა უნდა. ბიძინა ივანიშვილი საქართველოსთვის შანსია და ეს შანსი რომ არ გამოვიყენოთ, სულელები ვიქნებით. ცხოვრება ყოველთვის გაძლევს შესაძლებლობას, მთავარია, ადამიანი არ დაბრმავდეს და დაინახოს ეს.