მოწონებულები, დაწუნებულები და... ერთ ლარად შეთავაზებული მედია... - კვირის პალიტრა

მოწონებულები, დაწუნებულები და... ერთ ლარად შეთავაზებული მედია...

ხაზს იქით და ხაზს აქეთ დარჩენილები ცდილობენ, როგორმე იპოვონ ამ მოვლენებში თავიანთი როლი და ადგილი

საქართველოში პოლიტიკური აღებმიცემობის სეზონი გაიხსნა. არა, ამის სეზონი სულ იყო, მაგრამ პარტიების, საზოგადოების, მასმედიის რეალურ ფასს კონკურენცია ვერ ადგენდა. ივანიშვილის პოლიტიკაში გამოჩენამ კი ყველაფერი თავდაყირა დააყენა.

ოპოზიციის მხარეს ისევ გამოჩნდა ძლიერი ფიგურა, რომლის პოლიტიკური კაპიტალი  ჯერჯერობით ქველმოქმედებით მიღებული აქტივები და ბიზნესში მიღწეული წარმატებაა. მართალია, ივანიშვილის განცხადებები "უმრავლესობამ" მხოლოდ გაზეთ "სიტყვა და საქმისთვის" შესაფერის განცხადებებად მიიჩნია, მაგრამ ამ აღებმიცემობის ხანაში  პოლიტიკურ ბაზარზე რეალური ფასები მაინც  განისაზღვრა. ალბათ, ამას ნიშნავს "საქმე ლაპარაკის ნაცვლად", თანაც უკვე არა "ნაციონალურად"!

ხელისუფლებამ ნამდვილი "პოლიტაუქციონი" გამოაცხადა, ივანიშვილის "ელვარების" შემხედვარეს წვრილ-წვრილი პარტიების ბიუჯეტიდან დაფინანსების სურვილი გაეღვიძა. "უახლოეს მომავალში უნდა შეიქმნას ფონდი, რომელიც მნიშვნელოვანი იქნება პოლიტიკური პარტიების მხარდაჭერისთვის. საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან ძლიერი კვალიფიციური სუბიექტები ფინანსდებიან, ეს დაფინანსება უნდა გაიზარდოს", -  განაცხადა პავლე კუბლაშვილმა. მოკლედ, ამ გაწევ-გამოწევაში ცნობილი სიმღერა გამახსენდა, "მიდი, პავლე, მიდი მალე, დაუბნელე შენს მტერს თვალი!.." "12 ქორწილისა" რა ვთქვათ, მაგრამ ახლა იმდენი ფულის სუნი ტრიალებს, თუ გახდა საჭირო, არჩევნებს 12-ჯერაც ჩავატარებთ.

* * *

ივანიშვილმა თავად აირჩია პარტიები და არც ერთ რჩეულს უარი არაფერზე უთხრა. მოწონებულებს შორის აღმოჩნდნენ რესპუბლიკელები, ალასანია და მისი თანაგუნდელები და სხვები... და ბიზნესმენისკენ ყველა ფრთაშესხმული გაიქცა. დაწუნებულებმა კი, ცოტა არ იყოს, სასაცილო მდგომარეობაში ჩაიყენეს თავი, - იმის გათვალისწინებით, რომ ბიძინა ივანიშვილის გამოჩენას პოლიტიკაში თითქმის ყველა უკლებლივ მიესალმა, მიუხედავად იმისა, რომ თითქმის არ იცნობენ, ზოგიერთს მისალმება დამთავრებულიც არ ჰქონდა, ისე გააგორა ივანიშვილმა პოლიტიკურ რინგზე.

მაგალითად, შალვა ნათელაშვილმა აშკარად იჩქარა და ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში  მოსვლა ისევე მიიწერა საკუთარ დამსახურებად, როგორც თავის დროზე ავღანეთში დატყვევებული ბრიტანელი ჯარისკაცების გათავისუფლება. მაგრამ, როცა ივანიშვილმა შალვაც ფსევდოოპოზიციად მოიხსენია, მშრომელთა პარტიის ლიდერს მოთმინების ფიალა აევსო და, ივანიშვილს უწინდელი ბოღმა ალაპარაკებსო, - გაცხარდნენ პატარ-პატარა ლეიბორისტები.

ვერც სხვა დაწუნებულებს დავუკარგავთ პოლიტიკურ ბრილიანტებს: მაგალითად, ნირწამხდარმა პაატა დავითაიამ ბრძანა, მე კასტინგში მონაწილეობა არ მიმიღიაო (რომ მიეღო, ხომ რას ამბობთ, შანსი ნამდვილად ჰქონდა!)! ბაჩუკი ქარდავას აზრით, ბიძინა ივანიშვილს ედპ-სთან კონკურენცია გაუჭირდება!.. არ ვიცით, რომელი რეიტინგები უმაგრებს ედპ-ს ზურგს, ენ-დი-აის თუ აი-რა-ის... გია თორთლაძეს კი ბიძინა ივანიშვილთან თანამშრომლობა ვერ წარმოუდგენია, რადგან თავს ბიზნესმენად არ მიიჩნევს, ივანიშვილს კი პოლიტიკოსად. მისი ნათქვამი კი ასეც საკმაოდ "საინტერესოა": ივანიშვილი - ბიზნესმენი, თორთლაძე - "პოლიტიკოსი!" "ახალმა მემარჯვენეებმა" კი ბოლოს და ბოლოს, ივანიშვილთან "საერთო ენა" გამონახეს. ისინი დაეთანხმნენ, რომ მათ შორის თანამშრომლობა არ შედგება. ივანიშვილმა "ქრისტიან ჟურნალისტებსაც" გადაასხა ცივი წყალი და გიორგი თარგამაძის პარტია პატარკაციშვილის მოღალატედ, ხელისუფლებასთან გარიგებულ ოპოზიციურ ძალად დაასახელა. ამ ვითარებაში ყველაზე თვალსაჩინო მაინც ქრისტიან-დემოკრატ ლევან ვეფხვაძის განცხადება იყო: ივანიშვილი ხელისუფლებაში ერთმანეთთან უკიდურესად გაბუტულ ძალებსაც შეარიგებსო.

აი, თურმე რატომ უნდა იყოს ოპოზიცია ზომიერი და კონსტრუქციული. ამით სახელისუფლებო ძალებს ერთმანეთთან წაჩხუბების მეტი შანსი ეძლევა. აბა, კონსტრუქციულებთან კამათს რა მუღამი აქვს?!

ყველაზე ექსტრაორდინარული მაინც "ქართული პარტიის" ყველაზე დაწუნებული ლიდერი, ეროსი კიწმარიშვილი იყო. მან ოქრუაშვილ-ივანიშვილის მოლაპარაკებაზე ხმა დაყარა, მოგვიანებით კი ბიძინა ივანიშვილის  გვერდზე ("ფეისბუკის" მეშვეობით) გავრცელდა ივანიშვილის სამდივნოს განცხადება, რომ მსგავსი მოლაპარაკება არასოდეს ყოფილა. აი, თურმე რატომ სჭირდებოდა ივანიშვილს საეთერო დროის 50%.

* * *

ივანიშვილმა დაფინანსება ზოგ მედიის წარმომადგენელს საჯაროდ შესთავაზა. "ოპო-ტელევიზიების" სამმაგ თანხად ყიდვას ისეთი ამბავი მოჰყვა, რომ ეროსი კიწმარიშვილმა ივანიშვილს "მაესტროს" მმართველობა იქით შესთავაზა ერთ ლარად, რა თქმა უნდა, საერთო-პოლიტიკური მიზნის მიღწევის სანაცვლოდ. "მაესტროს" პატიოსანმა ჟურნალისტებმა სოციალურ ქსელებში გულისტკივილით აღნიშნეს, ჩვენზე "სეილი" გამოცხადდაო და მომავალში არც "მაესტროს" "გამარჯვებული ხალხის ტელევიზიად" გარდაქმნის პერსპექტივას მიესალმნენ.

რაც მთავარია, პროცესები ელვისებურად განვითარდა, რაც გვაფიქრებინებს, რომ წინ არაერთი შოუ, ადრენალინის გამოყოფა და  "ხბოს აღტაცება" გველოდება, რადგან ბერა ივანიშვილს თუ დავუჯერებთ, "სცენარი შეიცვალა, პუბლიკა შოკშია და ქართული ოცნებაც აუცილებლად ახდება!"

ახლა კი ხაზს იქით და ხაზს აქეთ დარჩენილები ცდილობენ, როგორმე იპოვონ ამ მოვლენებში თავიანთი როლი და ადგილი.