მერაბ მეტრეველის კვირის ფიქრები... - კვირის პალიტრა

მერაბ მეტრეველის კვირის ფიქრები...

მთავარი გამღვიძებელი

თბილისში "სარკოზობა" დამთავრდა და "ბიძინაობა" დაიწყო. "სარკოზობა" ერთდღიანი იყო, "ბიძინაობა" კი რამდენ ხანს გაგრძელდება, არავინ იცის, რადგან აგერ 7 ოქტომბრიდან დღემდე ყველა და ყველაფერი ბიძინა ივანიშვილის ირგვლივ ტრიალებს. ივანიშვილი, ივანიშვილი, ივანიშვილი და კიდევ ივანიშვილი!.. წინა კვირას რადიო "პალიტრის" ეთერში ექვსიდან ხუთი გადაცემა ამ თემას მივუძღვენით და ვეჭვობ, ამ კვირაშიც ასე იქნება. რატომ? პასუხი მარტივია: თუ აქამდე ქართული პოლიტიკის ერთადერთი ინტრიგა ის იყო - მომავალ არჩევნებს "ნაციონალური მოძრაობა" საკონსტიტუციო უმრავლესობით მოიგებს თუ უბრალო უმრავლესობით - ახლა ამ კაცმა ყველაფერი თავდაყირა დააყენა. ამ ერთ კვირაში მან მოახერხა, ყველა იმ ადამიანის ტვინში შეეღწია, ვისაც საქართველოში პოლიტიკა აინტერესებს - ზოგი გააღიზიანა, ზოგი გააბრაზა, ზოგი დააინტრიგა, ზოგს სიხარულის კურცხალი მოჰგვარა, მაგრამ ყველა კი აალაპარაკა...

საერთოდ, ახლად გამომცხვარი მესიები არ მიყვარს და იმედი მაქვს, არც ბატონ ბიძინას ექნება ჩემს სიყვარულზე პრეტენზია. ჯერჯერობით მას სამართლიანი პრეტენზია მხოლოდ  საქართველოს მთავარი გამღვიძებლის სტატუსზე შეიძლება ჰქონდეს და ეს სულაც არ არის პატარა ამბავი. როგორია - ყველას, მთელ ქვეყანას გვეძინა, მოწყენილობისგან ვამთქნარებდით და ძილის წინ "სააკაშვილის შოუებს" ვუყურებდით - ეს იყო ჩვენი ცხოვრება. სხვა შოუმენები ან დახოცილიყვნენ, ან ისე დაჩაჩანაკებულიყვნენ, მათ საყურებლად პულტისკენ ხელის გაწვდენაც გვეზარებოდა. ეს სააკაშვილის შოუებიც უკვე ისე ჰგავდა ერთმანეთს, ყურების დროს ჩაგვთვლემდა ხოლმე. ამ დროს გამოჩნდა კაცი, რომელმაც მხოლოდ თავისი გამოჩენით თვალები მოგვაფშვნეტინა, ყურები გამოგვაფხეკინა, მოკლედ - გამოგვაღვიძა, ჩვენი ცხოვრება უფრო საინტერესო გახადა მხოლოდ იმით, რომ გამოჩნდა და ქართულ პოლიტიკას ინტრიგა დაუბრუნა. ჰოდა, ალალი იყოს მასზე მთავარი გამღვიძებლის სტატუსი!..

KvirisPalitra.Ge"ოპერის მოჩვენება"

არა და არ დაადგა საშველი ამ ერთი კვირის განმავლობაში ბიძინა ივანიშვილის "განსხეულებას". "განსხეულებას" ვამბობ, რადგან ეს კაცი საქართველოს მოსახლეობის 99 პროცენტისთვის მითოლოგიური არსებაა, მათ ის თვალით არ უნახავთ, არ იციან, როგორ გამოიყურება. დაგვპირდა, 14 ოქტომბრის შემდეგ გამოვჩნდებიო, მაგრამ ეს ამბავიც რაღაც უცნაური მეჩვენება: დაამატა, პრესკონფერენციას იმ შემთხვევაში გავმართავ, თუ ნაციონალური არხები მას პირდაპირ ეთერში გადასცემენო. ნაციონალური არხები ამაზე უარს ამბობენ. სიმართლე გითხრათ, ბოლომდე არც ამ არხების მესმის და არც ბატონი ბიძინასი. გასაგებია, რომ პრესკონფერენციის პირდაპირ ეთერში ჩართვა არც ერთი ტელევიზიის ვალდებულება არ არის, მაგრამ როცა იცი, რომ ივანიშვილის პერსონისადმი დღეს უდიდესი ინტერესია და  გადაცემას, რომელშიც ის ჩაერთვება, დიდი რეიტინგი ექნება, უარი რატომ უნდა თქვა?! მეორე მხრივ, ბატონი ბიძინას პირობაც ახირება მგონია. ჩვენ, სხვა მედიასაშუალებები, რატომ უნდა ვიყოთ დამოკიდებული ნაციონალური არხების გადაწყვეტილებაზე? მათ არ უნდათ და არ აინტერესებთ, ჩვენ - გვაინტერესებს. იქნებ დაგვდოს პატივი და შეგვხვდეს. ასეა თუ ისე, ჯერ არავინ იცის, როდის და როგორ მოხდება ამ მითური გმირის "განსხეულება". მანამდე ქართულ ტელევიზიებს მისი მხოლოდ რამდენიმე კადრი აქვთ და მათ ატრიალებენ. ამ კადრებში ბატონი ივანიშვილი ოპერაში ზის და ტაშს უკრავს. იქნებ ოპერის მოჩვენებაა?!

ცუდი საქციელი

ამ ერთ კვირაში ბატონმა ბიძინამ ერთი ცუდი საქციელის ჩადენაც მოასწრო.  ცუდ საქციელს ჩემი აზრით, ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო მის ქმედებას ვუწოდებ. თავის მეორე წერილში მან 2006 წელს მომხდარი ამბავი გაიხსენა. ბატონი ბიძინა ხელისუფლებას მიმართავს: - "ეს ხდებოდა 2008 წლის აგვისტომდე წელიწად-ნახევრით ადრე. მაშინაც იგივე სცენარი განიხილებოდა, რაც თქვენ 2008 წლის აგვისტოში განახორციელეთ. ბოკერია დაჟინებით ითხოვდა ქართული ჯარების შეყვანას სამაჩაბლოში და იმედი ჰქონდა, რომ რუსი სამხედროები გაიწეოდნენ და ქართულ ჯარს ცხინვალში უომრად შეუშვებდნენ. მე მაშინ შევძელი, ბოკერია დამერწმუნებინა, რომ არ შეიძლებოდა ამ ნაბიჯის გადადგმა." თუ გადაარწმუნა, ძალიან კარგი, მაგრამ არა მგონია, ბატონი ბიძინა ვერ ხვდებოდეს, რომ ასეთი საიდუმლო შეხვედრის შინაარსის სააშკარაოზე გამოტანით ქვეყნის ინტერესებს ვნებს და ჩვენს მტრებს, ამ შემთხვევაში - რუსეთის ხელისუფლებას და სეპარატისტებს, ჩვენს საწინააღმდეგოდ კიდევ ერთ არგუმენტს სთავაზობს. აკი მის ამ განცხადებას უმალვე გამოეხმაურა ულვაშმოპარსული ბორის ჩოჩიევი: - "ივანიშვილი თავისი განცხადებით ადასტურებს, რომ სამხრეთ ოსეთზე საქართველოს თავდასხმის საკითხი არა მხოლოდ 2004 და 2008 წელს, არამედ 2006 წელსაც განიხილებოდა. დარწმუნებული ვარ, ივანიშვილის ამ განცხადებას მალე რუსეთის საგარეო უწყებაც გამოეხმაურება. გასაგებია, რომ შეიძლება  საქართველოს ხელისუფლების ცხელ თავებში მართლაც განიხილებოდა სამხრეთ ოსეთში შეჭრის სცენარი, თუმცა მე ვფიქრობ, ეს ჩვენი ხელისუფლების ლეგიტიმური უფლება იყო, მაგრამ რა საჭიროა ამ ამბის სააშკარაოზე გამოტანა, მაშინ, როცა ეს პროცესი ჯერ არ დასრულებულა, ჩვენ, ფაქტობრივად,  ისევ საომარ მდგომარეობაში ვიმყოფებით, ვცდილობთ, საერთაშორისო თანამეგობრობას დავუმტკიცოთ, რომ ომის დაწყებაში დამნაშავე რუსები არიან  და არა - ჩვენ. ამის მოყოლა მემუარებში შეიძლება, როცა ეს პროცესი ან ასე, ან ისე დასრულდება.

კარგი საქციელი

ბატონი ბიძინას უდავოდ კარგი საქციელია აქცენტის სერიოზულ ხალხზე და არა -  ოდიოზურ ფიგურებზე გაკეთება. ნამდვილად მომეწონა მისი არჩევანი, როდესაც ყურადღება ალასანიას პარტიასა და "რესპუბლიკელებზე" გააკეთა და პარტნიორებად არჩევნებისა და დასავლეთის მომხრე პარტიები აირჩია. ამით მას ორი რამის ჩვენება უნდა: - ერთი, რომ არ აპირებს ქვეყანაში რევოლუციების და გადატრიალებების მოწყობას, ანუ   ხელისუფლებაში მოსვლა არჩევნების გზით სურს და მეორე: - ის არ არის პრორუსული ორიენტაციის. ახლა ისღა დაგვრჩენია, იმედი ვიქონიოთ, რომ ეს საზოგადოების თვალის ასახვევად არ კეთდება. ისე, ამ პარტიებს მან ნამდვილად სულზე მოუსწრო. წარმომიდგენია, რა სიხარული სუფევდა "რესპუბლიკელებში", როცა მათ ივანიშვილის წერილში თავიანთი პარტიის სახელი ამოიკითხეს. როგორი საქმეა, არჩევნებამდე ერთი წლით ადრე მათ ბოლო იმედი - "ექვსიანიც" თავზე დაენგრათ. რეიტინგებში სადღაც ბოლო ადგილზე არიან და საარჩევნო ბარიერის გადალახვის არანაირი შანსი ჰორიზონტზეც კი არ ჩანს. ამ დროს ჩნდება ბიძინა ივანიშვილი, რომელსაც მათთან თანამშრომლობა სურს. ეს მათთვის ნამდვილი ცის გახსნა იქნებოდა. რატომღაც მგონია, თავიანთ საქციელს ძალიან ნანობენ "ახლები". მათ ნამდვილად იჩქარეს გადაწყვეტილების მიღება. მათი ეს ნაბიჯი რომ არა,  დარწმუნებული ვარ, ბატონი ივანიშვილი თანამშრომლობას მათაც შესთავაზებდა.