"მოქალაქეობის შეწყვეტით პოლიტიკური გეგმები არ იცვლება" - კვირის პალიტრა

"მოქალაქეობის შეწყვეტით პოლიტიკური გეგმები არ იცვლება"

ბიძინა ივანიშვილს საფრანგეთის მოქალაქის პასპორტი აღებული აქვს 2010 წელს, საქართველოს მოქალაქის პასპორტი კი - 2011 წელს

ჩემი რეკომენდაციით, ყველა შესაძლო საფრთხის გათვალისწინებით, ამ ეტაპზე ბიძინა ივანიშვილი იტოვებს საფრანგეთის მოქალაქეობას და უარს ამბობს რუსეთის მოქალაქეობაზე

როგორც კი ბიძინა ივანიშვილმა თავისი პოლიტიკური მიზნები საზოგადოებას გააცნო, სამოქალაქო რეესტრმა ივანიშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის შესახებ განცხადება გაავრცელა.

"სამოქალაქო რეესტრის სააგენტომ "საქართველოს მოქალაქეობის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად დაადგინა, რომ ბიძინა ივანიშვილმა 2004 წელს საქართველოს მოქალაქეობის მიღების შემდეგ მოიპოვა საფრანგეთის რესპუბლიკის მოქალაქეობა. ამ გარემოებიდან გამომდინარე, საქართველოს კონსტიტუციისა და "საქართველოს მოქალაქეობის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის მოთხოვნათა გათვალისწინებით, ბიძინა ივანიშვილს შეუწყდა საქართველოს მოქალაქეობა".

14 ოქტომბერს ივანიშვილის ადვოკატ ეკა ბესელიას სამოქალაქო რეესტრმა პრეზიდენტის სპეციალური ბრძანებულებაც გადასცა ბიძინა ივანიშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის თაობაზე, რომლის საფუძველს ბიძინა ივანიშვილის "სხვა სახელმწიფოს მოქალაქეობაში შესვლა" წარმოადგენს. პრეზიდენტის ბრძანებულება 2011 წლის 11 ოქტომბრითაა დათარიღებული.

KvirisPalitra.Geეკა ბესელია, ბიძინა ივანიშვილის პირადი ადვოკატი: - ეს გადაწყვეტილება პოლიტიკური ანგარიშსწორების აქტია და არა სამართლებრივი დოკუმენტი. ბრძანებულებას თან არ ახლავს სამოქალაქო რეესტრის დასკვნა, რომელიც უნდა ასახავდეს იმ პროცედურებს, რომელიც კანონით წინ უძღვის პრეზიდენტის ბრძანებულებას. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-13 მუხლში მითითებულია, რომ აღიარებულია დაინტერესებული მხარის უფლება, მონაწილეობა მიიღოს იმ საკითხების განხილვაში, რომელიც ადგენს, ცვლის, ზღუდავს ან აუქმებს მის უფლებებსა და მოვალეობებს. ეს ნიშნავს, რომ როცა ამ საკითხზე იწყებდნენ მსჯელობას, მასში მონაწილეობა აუცილებლად უნდა მიეღო ბიძინა ივანიშვილსაც. იმავე კოდექსით დადგენილია მოქალაქეობის შეწყვეტისას დაინტერესებული მხარის მიერ საკუთარი აზრის გამოთქმისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გაცნობის უფლებები.

KvirisPalitra.Geბიძინა ივანიშვილმა საქართველოს მოქალაქეობა ნატურალიზაციის გზით  2004 წელს მოიპოვა. ის საქართველოს მოქალაქეა და ამის დამადასტურებელია საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 10 ივნისის #484 განკარგულება ბიძინა ივანიშვილისთვის მოქალაქეობის მინიჭების თაობაზე, საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა, გაცემული 2006 წლის 7 მარტს, საქართველოს პასპორტი, გაცემული 2006 წლის 13 მარტს. საქართველოს პასპორტი უკანასკნელად გაცემულია 2011 წლის 29 ივნისს. გარდა ამისა, ბიძინა ივანიშვილი ამომრჩეველთა ერთიან სიაშია რეგისტრირებული, მათ შორის - 2010 წლის მაისის ადგილობრივი არჩევნების მონაცემებით. ხელისუფლების არც ერთ შტოს არ ჰქონდა მოქალაქეობის შეწყვეტის უფლება, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ უარს ამბობს საფრანგეთისა და რუსეთის მოქალაქეობაზე.

ცხადზე უცხადესია, ხელისუფლებას ეშინია ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ პროცესში გამოჩენისა.

ბიძინა ივანიშვილს საფრანგეთის მოქალაქის პასპორტი აღებული აქვს 2010 წელს, საქართველოს მოქალაქის პასპორტი კი - 2011 წელს. ჩვენს კანონმდებლობაში არ მოიძებნება ნორმა, რომელიც ამბობს, რომ თუ ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირი კიდევ გახდება სხვა ქვეყნის მოქალაქე, ეს მოქალაქეობის დაკარგვის საფუძველია, ხოლო ის, რაც კანონით აკრძალული არ არის, დაშვებულია.

შეუძლებელია, ხელისუფლებას არ სცოდნოდა, რომ ივანიშვილი საფრანგეთის მოქალაქეც იყო. კანონი პირდაპირ ავალდებულებს შესაბამის სტრუქტურებს საჭირო პროცედურების დაცვას პასპორტის გაცემისას, რაც სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურებს შორის სრულყოფილი ინფორმაციის გაცვლას გულისხმობს.

ივანიშვილს საჯარო განცხადება რომ არ გაეკეთებინა, მაშინ შეიძლებოდა საფრანგეთის მოქალაქეც ყოფილიყო?

- კანონიერია თუ არა მოქალაქეობის შეწყვეტა, ეს სხვა საკითხია, მაგრამ მოქალაქეობა ივანიშვილს შეწყვეტილი აქვს, რა მექანიზმებით აპირებთ ამ გადაწყვეტილების გაბათილებას?

- გამოვიყენებთ ყველა სამართლებრივ პროცედურას, მაგრამ არა ხელისუფლების, არამედ ჩვენი დღის წესრიგით.  ხელისუფლებას ნამდვილად არ მივცემთ საშუალებას, ეს პროცესი თავის კონტროლირებად სასამართლო დარბაზებში გადაიტანოს.

ეს საკითხი კომბინირებულად უნდა განვიხილოთ, სამართლებრივ და პოლიტიკურ ჭრილში, როგორც სამართლებრივი, ასევე პოლიტიკური ინსტრუმენტების გამოყენებით. მოქალაქეობის შეწყვეტით ბიძინა ივანიშვილის გეგმა და ამოცანები არ იცვლება. მან მისცა პირობა ქართველL ხალხს, რომ ამ პროცესს ბოლომდე მიიყვანს.

KvirisPalitra.Geმოგვიანებით გახდა ცნობილი, რომ 2011 წლის 11 ოქტომბერს მიხეილ სააკაშვილმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას,  რომლითაც საქართველოს მოქალაქეობა შეუწყვიტა არამარტო ბიძინა ივანიშვილს არამედ მის მეუღლეს, ეკატერინე ხვედელიძესაც, რის შემდეგაც ჩვენ ეკა ბესელიას კვლავ დავუკავშირდით.

ეკა ბესელია: - ამ პოლიტიკური აქტით მიხეილ სააკაშვილმა აღიარა, რომ არ სცემს პატივს საქართველოს კონსტიტუციას, საერთაშორისო სამართლით აღიარებულ ნორმებს და აკრძალულ მეთოდებს იყენებს პოლიტიკურ ოპონენტთან ბრძოლაში.

მოქალაქეობის ჩამორთმევის თაობაზე ბრძანებულება მიღებულია კანონის უხეში დარღვევით, კერძოდ, დარღვეულია როგორც ორგანული კანონი "საქართველოს მოქალაქეობის შესახებ", ასევე ადმინისტრაციული აქტის გამოცემის პროცედურა,  რაც ცალკე სასამართლო განხილვის თემაა.

განსაკუთრებით გვინდა შევეხოთ ფაქტს, რომელიც უპრეცედენტოა სამართლებრივი და მორალური სიმძიმით, - მიხეილ სააკაშვილმა არა მარტო მის პოლიტიკურ ოპონენტს - ბიძინა ივანიშვილს შეუწყვიტა საქართველოს მოქალაქეობა, არამედ მის მეუღლესაც, ეკატერინე  ხვედელიძეს. ეკატერინე ხვედელიძემ საქართველოს მოქალაქეობა 2004 წლის 22 ივლისს მიიღო, მაშინ, როდესაც უკვე იყო საფრანგეთისა და რუსეთის მოქალაქე. საფრანგეთის მოქალაქის პასპორტით ეკატერინე ხვედელიძემ რამდენჯერმე გადაკვეთა საქართველოს საზღვარი და ეს დაადასტურეს შესაბამისმა ორგანოებმა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ფორმალური საფუძველიც კი არ არსებობდა ეკატერინე ხვედელიძისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტისა.

საქმე გვაქვს არა სამართლებრივ პროცედურასთან, არამედ ბიძინა ივანიშვილის, როგორც პოლიტიკური ოპონენტის შიშის გამო დაუშვებელი და უკანონო მეთოდების, ასევე საპრეზიდენტო უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასთან. უკანონო #602 ბრძანებულების გაუქმების მოთხოვნით მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ შევიტანთ სარჩელს სასამართლოში. ჩემი რეკომენდაციით, ყველა შესაძლო საფრთხის გათვალისწინებით, ამ ეტაპზე ბიძინა ივანიშვილი იტოვებს საფრანგეთის მოქალაქეობას და უარს ამბობს რუსეთის მოქალაქეობაზე.

"არ არსებობს გადაუწყვეტელი პრობლემები, არსებობს ცუდი გადაწყვეტილებები"

ბორნე