ნაციონალები ჯერჯერობით "სანგრებში" სხედან - კვირის პალიტრა

ნაციონალები ჯერჯერობით "სანგრებში" სხედან

სააკაშვილს ივანიშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის შესახებ ბრძანებულებაზე ხელის მოწერა არ უნდოდა?!

სახელისუფლებო გუნდს მკაცრი დირექტივა მიეცა მედიასთან არაფერი თქვას

ბიძინა ივანიშვილის პირველ განცხადებას თუ სახელისუფლებო გუნდის აღშფოთებული შეფასებების კორიანტელი (მას ხან რუსი ბიზნესმენი უწოდეს, ხანაც "მწირი ინტელექტის" ადამიანი)  და მოქალაქეობის შეჩერება მოჰყვა, მეორე ღია წერილის შემდგომ სახელისუფლებო გუნდის  ჩამიჩუმი აღარ ისმის. როგორც ჩანს, "ნაციონალური მოძრაობის აფთრებმა" (ეს ეპითეტი სოსო ცისკარიშვილს ეკუთვნის) ტაქტიკა შეცვალეს. სახელისუფლებო კულუარებიდან გამოჟონა ინფორმაციამ, რომ მიხეილ სააკაშვილს ბიძინა ივანიშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის შესახებ ბრძანებულებაზე ხელის მოწერა არ უნდოდა, მაგრამ თანაგუნდელებმა კატეგორიულად მოსთხოვეს ამის გაკეთება.

რაკი ბიძინა ივანიშვილის მეორე წერილის შემდეგ სახელისუფლებო გუნდმა ტელევიზიებთან პირში წყალი ჩაიგუბა, საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს აზრის გამოთქმა "კვირის პალიტრამ" სთხოვა,  მაგრამ მიხეილ მაჭავარიანმა გვითხრა, ივანიშვილის მორიგ განცხადებას ველოდები და ინტერვიუს მომავალ კვირას მოგცემთო. ეკა ხერხეულიძემ, ახლა არ მცალია, გვიან დამირეკეთო, ნუგზარ წიკლაურმა კი ჩვენს ზარს არ უპასუხა.

როგორც გავიგეთ, სახელისუფლებო გუნდს მკაცრი დირექტივა მიეცა - მედიასთან ჯერჯერობით არაფერი თქვას. ერთმა ისიც გვირჩია, ტყუილად  ცდილობთ, ყველა გაფრთხილებულია, დუმილი დაიცვანო. ჩვენი ინფორმაციით, ხელისუფლება საუბარს იმიტომაც გაურბის, რომ ჯერჯერობით არ იციან, რა თქვა ივანიშვილმა "როიტერთან" ინტერვიუში.

ერთმა "ნაციონალმა", რომელმაც ინკოგნიტოდ დარჩენა ისურვა, გვითხრა, ივანიშვილის მეორე წერილი ჩვენ რატომ უნდა შევაფასოთ, მასში ოპოზიციაზეა ლაპარაკი და მათ არკვიონ ერთმანეთთან, ვინ არის ნამდვილი და ვინ - ფსევდოოპოზიციაო. იმ წერილში ვანოსა და სააკაშვილის გადადგომაზეც ეწერა-მეთქი. ეგ ვანოს და მიშას ჰკითხეთ, რას აპირებენ, ჩემთვის ხომ არ მოუთხოვია ივანიშვილს გადადგომაო.

სააკაშვილის თანაგუნდელები ჯერჯერობით "სანგრებში" სხედან, პროცესებს ზვერავენ და ივანიშვილის მორიგ შეტევას ელიან. ბიძინა ივანიშვილი ბადრი პატარკაციშვილი არ არის. იმ მეცენატთან ბრძოლა, რომელმაც შემოქმედებითი ინტელიგენცია შიმშილით სიკვდილს გადაარჩინა, უამრავ ადამიანს გაუმართა ხელი და საზოგადოებას თავი ბევრი სიკეთით დაამახსოვრა, ადვილი არ იქნება. სახელისუფლებო ბანაკში არც ის გამოეპარებოდათ, რომ საზოგადოებამ ივანიშვილისთვის მოქალაქეობის შეჩერების გამო უკვე აღშფოთებით ამოიგმინა. თუ რესპუბლიკელებს დავუჯერებთ, სააკაშვილმა ამის გამო პოლიტიკური ფასი უკვე გადაიხადა და ნეიტრალურად განწყობილი ამომრჩეველიც გაპოლიტიკოსებული ბიზნესმენისკენ მიახედა.

მარი ზანდუკელი