მოვა თუ არა ნინო ჟვანია პოლიტიკაში? - კვირის პალიტრა

მოვა თუ არა ნინო ჟვანია პოლიტიკაში?

ზურაბ ჟვანიას ქვრივს ივანიშვილთან შეხვედრა უნდა

"როცა პოლიტიკური ვითარება შეიცვლება, სიმართლის დადგენაც მოხერხდება"

ბიძინა ივანიშვილის განცხადებებმა პოლიტიკური საქმიანობის დაწყების თაობაზე გარდაცვლილი პრემიერ-მინისტრის ოჯახის წევრების დიდი ინტერესი გამოიწვია. ისინი ამ ფაქტს პოზიტიურად აფასებენ და ბევრ კითხვაზე პასუხს გაპოლიტიკოსებული ბიზნესმენისგანაც ელიან.

ნინო ჟვანია: - ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლის გადაწყვეტილებამ ჩერჩილის ცნობილი სიტყვები გამახსენა: "პოლიტიკაში ორი კვირის იქით ნურაფერს დაგეგმავ". ჩამქრალ პოლიტიკურ სივრცეში, სადაც ახალს არავინ არაფერს მოელოდა, უცბად გამოჩნდა კაცი, რომელსაც სიტუაციის შეცვლა შეუძლია.

მოდი, ის ვთქვათ, რა დადებითი შეიძლება მოუტანოს ქართველ საზოგადოებას ბიძინა ივანიშვილის გამოჩენამ პოლიტიკურ სარბიელზე. მე მაინც ოპტიმისტი ვარ და ვენდობი ადამიანებს, მიუხედავად იმ მწარე გამოცდილებისა, რომელიც ცხოვრებამ მაჩვენა. მინდა დავიჯერო, რომ ეს არის ნაბიჯი ადამიანისა, რომელიც ამ გადაწყვეტილებითაც ცდილობს ქვეყნისთვის კარგი გააკეთოს. როცა ზურა ლაპარაკობდა დემოკრატიაზე, ის დეტალურად აღწერდა დემოკრატიისთვის აუცილებელ ქვაკუთხედებს, ლაპარაკობდა პარლამენტზე, თავისუფალ მედიაზე, სამოქალაქო საზოგადოებაზე. ბოლოს კი ამბობდა, ეს ყველაფერი არ იმუშავებს, თუ საჭირო "საწვავი" არ იქნებაო. ამ საწვავს კი მან სამოქალაქო თავგანწირვა და ქვეყნის წინაშე პასუხისმგებლობის აღება უწოდა. მე მჯერა, რომ არიან მოქალაქეები, რომლებიც მზად არიან იკისრონ პასუხისმგებლობა, ვფიქრობ, კრიტიკული მასა არის ჩვენს საზოგადოებაში. მინდა მჯეროდეს, რომ ბატონი ბიძინა ამ კრიტიკული მასის ნაწილია, რადგან კარგად მესმის, რომ დემოკრატიული ქვეყნის აშენება არა "ზევიდან ქვემოთ", არამედ ქვემოდან ზემოთ იწყება და სწორედ კრიტიკულ მასაზე დაყრდნობით.

როგორც ჩანს, ბატონი ბიძინა აცნობიერებს, რომ მარტო ვერ შეცვლის პოლიტიკურ სურათს და საზოგადოების დიდ და საუკეთესო ნაწილს უნდა დაეყრდნოს. ამ მხრივ მან, ვფიქრობ, სწორი ნაბიჯი უკვე გადადგა, - შეარჩია ის პოლიტიკური პარტიები, რომელთაც პრინციპული და ჩამოყალიბებული პოზიცია აქვთ...

- ზურაბ ჟვანიას, როგორც "ვარდების რევოლუციის" ერთ-ერთ შემოქმედს, როგორი ურთიერთობა ჰქონდა ბიძინა ივანიშვილთან?

- სიმართლე გითხრათ, არ ვიცი. ვიცი მხოლოდ რამდენიმე ისტორია, რაც ადასტურებს, რომ თანამშრომლობდნენ და ისიც ვიცი, რომ იყვნენ პირები, რომლებიც მათ ურთიერთობას ხელს უშლიდნენ. ახლახან წავიკითხე ია ანთაძის ვრცელი ინტერვიუ ბატონ ბიძინასთან, რესპონდენტი საკმაოდ ბევრ თემაზე ლაპარაკობს, ზურაბ ჟვანიას სახელი კი არსად ფიგურირებს.

ვთვლი, რომ მნიშვნელოვანი იქნება მისი დამოკიდებულება ზურაბ ჟვანიას, როგორც პოლიტიკოსისა და იმ პოლიტიკური მემკვიდრეობის შესახებ, რომლის დანერგვასაც ზურა ცდილობდა.

ბიძინა ივანიშვილი ამბობს, ყველას ეგონა, "ვარდების რევოლუციას" სოროსი აფინანსებდა, სინამდვილეში კი მეტწილად ჩემი თანხები იხარჯებოდაო. ე. ი. მას, სავარაუდოდ, "ვარდების რევოლუციის" ერთ-ერთ შემოქმედთან, ზურაბ ჟვანიასთანაც ჰქონდა ურთიერთობა.

ბატონი ბიძინას ურთიერთობა ხელისუფლებასთან შემდგომშიაც გაგრძელდა. ვფიქრობ, მისთვის ძნელი იქნებოდა ზურას გარდაცვალებაზე კატეგორიული დამოკიდებულების ჩამოყალიბება მაშინ, როცა მას მერაბიშვილთან ნდობით აღსავსე ურთიერთობა ჰქონდა,

მაგრამ ახლა, ალბათ, შესაძლებელია ამ თემაზე მოსაზრების გამოთქმა.

- და მაინც, როგორ ფიქრობთ, რატომ არ ახსენა ბიძინა ივანიშვილმა ბატონი ზურა?

- მე როგორც დავინახე, მან მხოლოდ იმ თემებზე ისაუბრა, რაც მისთვის როგორც პოლიტიკოსისთვის, ასპროცენტიანი მოგების მომტანი იქნებოდა. მისი განცხადებებიდან გამომდინარე, მას "ვარდების რევოლუციის" შემდგომ რეფორმების გატარებაში ფინანსური წვლილი შეჰქონდა, რაშიც ხელფასების დაფინანსებაც შედიოდა. ალბათ, მას უხდებოდა მჭიდრო ურთიერთობა ზურაბ ჟვანიასთან და რა გასაკვირია, რომ ამ ურთიერთობის დეტალებიც მაინტერესებს.

რა თქმა უნდა, მინდა პირადად შევხვდე და ვესაუბრო. გავიცნო ის, როგორც ადამიანი და პოლიტიკოსი, გავიგო, რას ფიქრობს იმ ტრაგედიაზე, ჩვენს ოჯახს რომ დაატყდა თავს.

- თქვენი აზრით, რატომ გახშირდა ბოლო წლებში ბიზნესმენების პოლიტიკაში მოსვლა?

- ბიზნესმენებს პოლიტიკაში ჩართვისკენ ისიც უბიძგებს, რომ პოლიტიკოსების რესურსი ამოიწურა. აღარ ვიტყვი, ქართული პოლიტიკიდან ზურას წასვლით რამხელა რესურსი დაიკარგა, მაგრამ მერეც ბევრი პოლიტიკოსი ცდილობდა თავისი ხედვა და გზა დაემკვიდრებინა, თუმცა ხელისუფლებასთან ბრძოლაში საკმარისი ძალა არ აღმოაჩნდათ. ბიზნესმენები კი, როცა ხედავენ, რომ ქვეყანაში საქმეა გასაკეთებელი და გამკეთებელი არ ჩანს, თავად ცდილობენ რაღაცის შეცვლას. მაგალითად, ჩემთვის სავსებით გასაგები იყო ბადრის პოლიტიკაში ჩართვის მცდელობა. ის ზურას ბოლო ერთი წლის განმავლობაში დაუმეგობრდა, ბევრს ლაპარაკობდნენ საქართველოს მომავალზე, დაიწყეს ერთიანი ხედვის ჩამოყალიბება. და როცა ზურა ტრაგიკულად და ასე საშინლად გაქრა პოლიტიკური ცხოვრებიდან, ბადრიმ პასუხისმგებლობა იგრძნო იმ საქმის გაკეთებაზე, რასაც ერთად გეგმავდნენ. ამან უბიძგა წასულიყო იმ სივრცეში, რომელიც არაპოლიტიკოსისთვის საკმაოდ სარისკოა. პოლიტიკას თავისი კანონები აქვს, გამოცდილება სჭირდება, რაც ბიზნესმენებს, როგორც წესი, არა აქვთ.

- ფიქრობთ, რომ ივანიშვილი არ დაუშვებს პატარკაციშვილის შეცდომებს?

- ბიძინა ივანიშვილი უფრო პრაგმატული ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებს, უფრო გაწონასწორებულ და ზუსტ ნაბიჯებს დგამს... აუღელვებელია. ვფიქრობ, არ დაუშვებს საბედისწერო შეცდომებს, არ აჰყვება ემოციას, არ ენდობა ადამიანებს, რომლებიც ამას არ იმსახურებენ, რამაც, ფაქტობრივად, ბადრი დაღუპა.

სავარაუდოდ, ის უფრო მეტს იმუშავებს და უფრო თანამიმდევრულად, ნაბიჯ-ნაბიჯ გაააქტიურებს პოლიტიკურ საქმიანობას. განსხვავებაა იმაშიც, რომ 2007 წელთან შედარებით ქვეყანაში კიდევ უფრო გაუარესდა ვითარება, ე.ი. არსებობს მეტი პოტენციალი ოპოზიციაში მყოფი პოლიტიკოსისთვის, რომ წარმატებას მიაღწიოს. საგარეო პოლიტიკაშიც სააკაშვილის ხელისუფლების მიმართ დამოკიდებულება საგრძნობლად შეცვლილია. თუმცა მუდამ უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენ თვითონ ვართ განმსაზღვრელი ჩვენი გადაწყვეტილებების, არჩევანისა და ნუ გვექნება იმედი, რომ დასავლეთს იმ პასუხისმგებლობას ავკიდებთ, რაც თავად უნდა გამოვიჩინოთ.

- ზურაბ ჟვანიას იდუმალებით მოცული გარდაცვალების საქმე ისევ არ არის დახურული. თუ გაქვთ იმედი, რომ ვინმე ინფორმაციის მომწოდებელი გამოჩნდება?

- დიახ, ვფიქრობ, როცა პოლიტიკური ვითარება შეიცვლება, სიმართლის დადგენაც მოხერხდება. ზურა ამას ნამდვილად იმსახურებს. ამდენი წელი გავიდა და იმედი არ დამიკარგავს, მიუხედავად იმისა, რომ ეს წლები საოცრად მძიმე იყო ჩვენთვის.

- თავად თუ გიფიქრიათ პოლიტიკაში მოსვლაზე?

- არ დაგიმალავთ, სხვადასხვა პარტიამ შემომთავაზა, რომ მათი გუნდის წევრი გავმხდარიყავი, მაგრამ ყოველთვის უარი ვთქვი. ახლა ჩემთვის მთავარია, სამი შვილი გავზარდო ისე, რომ ზურაბ ჟვანიაზე უფრო მაგარი ჟვანიები გამოვიდნენ. ამას რომ მივაღწევ, მერე ვნახოთ, შეიძლება პოლიტიკაზეც ვიფიქრო.