"ამ ხელისუფლების დასასრულს ვხედავ" - კვირის პალიტრა

"ამ ხელისუფლების დასასრულს ვხედავ"

"ეს კალვერას ბანდაა, რომელიც უკვე ბანკების დაყაჩაღებაზე გადავიდა და კალვერამ როგორც დაამთავრა, ყველამ ვიცით"

რამდენიმე კვირის წინ, როდესაც ირაკლი ალასანიას ვკითხეთ, აპირებდა თუ არა ბიძინა ივანიშვილთან თანამშრომლობას, გვითხრა, ჯერ ამ ადამიანის ხმაც არ გამიგიაო. ინტერვიუს გამოქვეყნებიდან რამდენიმე დღეში ალასანია ივანიშვილის პარტნიორი გახდა. რას ფიქრობს "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი ბიძინა ივანიშვილის პიროვნულ თვისებებსა და პოლიტიკურ ხედვაზე, ინტერვიუდან შეიტყობთ:

- ბიძინა ივანიშვილის გაცნობა და რამდენიმე შეხვედრა საკმარისი აღმოჩნდა, რომ მასში დამენახა საიმედო პარტნიორი, ადამიანი, რომლის ნდობა შეიძლება. ჩვენ ერთნაირი ხედვა გვაქვს ისეთ პრინციპულ საკითხებზე, როგორიც არის ეროვნული სახელმწიფოს მშენებლობა ანტიმონოპოლიური გარდაქმნების საფუძველზე, რომ კონკურენცია უნდა იყოს განმსაზღვრელი პოლიტიკაშიც, ბიზნესშიც და მედიაშიც. ჩემთვის მნიშვნელოვანია ივანიშვილის, როგორც ბიზნესმენის გამოცდილება. Mმას შეუძლია სამუშაო ადგილების შექმნა და როდესაც თითოეული მოქალაქე, უპირველესად, საკუთარი შესაძლებლობების რეალიზებას, შრომის უფლებას ითხოვს, ბატონი ივანიშვილის გამოცდილება ამ პრობლემის გადაჭრისთვის ძალზე ღირებულია. ჩვენი ხედვა ასევე დაემთხვა იმაშიც, რომ  საქართველოში სტრატეგიული დარგი სოფლის მეურნეობა უნდა იყოს. ძალიან მნიშვნელოვანი იყო, თუ სად ხედავს იგი საქართველოს ადგილს თანამედროვე გლობალურ მსოფლიოში. ორივე ვიზიარებთ აზრს, რომ საქართველო უნდა გახდეს გეოპოლიტიკური ძალების შეთანხმებებისა და არა დაპირისპირების ადგილი, რასაც აქამდე აკეთებდა სააკაშვილი და რამაც მიგვიყვანა ტერიტორიების დაკარგვამდე. რესურსს, რომ საქართველო გეოპოლიტიკური შეთანხმებების ადგილი გახდება, ჩვენი შეთანხმებული პოლიტიკური ნაბიჯები შექმნის როგორც დასავლეთთან, ისე რუსეთთან. რუსეთი ჩვენი მთავარი საგარეო გამოწვევაა და მას უნდა დავუპირისპიროთ ნაბიჯები ურთიერთობის ნორმალიზაციისკენ, პოლიტიკური დიალოგის აღდგენისკენ, რაც შედეგად მოიტანს დეოკუპაციას, ჩვენი ქვეყნის გათავისუფლებას რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალებისგან. ჩვენ ყველაფერზე პირდაპირ, დაუფარავად ვილაპარაკეთ და მასში სწორედ ეს პირდაპირობა მომწონს. ეს არის პირდაპირი და საკუთარ თავში დარწმუნებული ადამიანი.

- არ უთქვამს, რატომ აგირჩიათ პარტნიორად?

- ამას, ალბათ, თვითონ იტყვის. უამრავი სიკეთის გამო ბიძინა ივანიშვილისადმი ძალიან პოზიტიურად ვიყავი განწყობილი. აღმოჩნდა, რომ მასაც მოსწონდა ჩემი საქმიანობა აფხაზებთან მოლაპარაკების პროცესსა და გაეროში.

- "თავისუფალი დემოკრატების" გარდა ივანიშვილმა პარტნიორებად მიიჩნია რესპუბლიკელები, "ეროვნული ფორუმი" და "ეროვნული საბჭო". თუ მისი პარტნიორები ნინო ბურჯანაძე და ლევან გაჩეჩილაძე გახდებიან, ამას როგორ შეხვდებით?

- ეს პრობლემა არ იქნება. პირიქით, ბიძინა ივანიშვილს ვურჩიე, რაც შეიძლება მეტ პოლიტიკურ ძალას შეხვდეს, რომ გაიგოს, ვინ შეიძლება იყოს მისი პარტნიორი და ვინ - არა.

სახელისუფლებო ისტერიას, რაც გამოიწვია ჩვენმა შეხვედრებმა და ივანიშვილის განცხადებებმა, სახელისუფლებო ექსტრემიზმი მოჰყვა. ეს ნიშნავს, რომ სააკაშვილი ძალიან დამფრთხალია და რაც მთავარია, იგრძნო მომავალ არჩევნებზე მისი ხელისუფლების დასრულების საფრთხე.

მნიშვნელოვანია ჰილარი კლინტონის მოადგილე ბერნსის განცხადება, რომელმაც ჩვენს შეხვედრაზე, სადაც ამ ხელისუფლების ექსტრემისტულ გამოვლინებებზე ველაპარაკე, ნათლად თქვა, ხელისუფლება უნდა შეიცვალოს 2012-13 წლის არჩევნებზე და წერტილი დაუსვა კითხვას, - საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ ავტორიტარი სააკაშვილი ხომ არ დარჩება ხელისუფლებაში? ამას პასუხი გაეცა, ამერიკამ თავისი პოზიცია დააფიქსირა, ასევე ფიქრობს ევროპაც.

ივანიშვილის გაბედულმა გადაწყვეტილებამ გააჩინა შესაძლებლობა, რომელიც Yთითოეულმა მოქალაქემ უნდა გამოიყენოს.

- ივანიშვილი ამბობს, რომ შეიძლება ესროლონ.

- ივანიშვილი გადაწყვეტილებებს იოლად არ ცვლის. მას არაფრის ეშინია. ამაზე მეტყველებს მისი წარსულიც. ხელისუფლების ყველა მცდელობა მისი დაშინებისა - დაცვის განიარაღება, მოქალაქეობის ჩამორთმევა, ბანკის კუთვნილ ავტომანქანაზე ყაჩაღური თავდასხმა, მასზე არ მოქმედებს.

ჩემი აზრით, რაც მეტ წინააღმდეგობას შეუქმნიან, ბრძოლისუნარიანობა და ჟინი კიდევ უფრო გაძლიერდება ივანიშვილშიც და ყველა მოქალაქეშიც. ეს კალვერას ბანდაა, რომელიც უკვე ბანკების დაყაჩაღებაზე გადავიდა და კალვერამ როგორც დაამთავრა, ყველამ ვიცით.

თუ სააკაშვილმა თვითიზოლაციისკენ გადადგა კიდევ ნაბიჯი და საქართველოს თურქმენიზაცია დაიწყო,  გარდაუვალია საზოგადოების დაპირისპირებაც, რაც მას კადაფიზაციამდე მიიყვანს.

არ მივცეთ სააკაშვილს უფლება, გავიდეს სამართლებრივი ჩარჩოებიდან. უნდა ვაიძულოთ, არჩევნები ჩატარდეს დემოკრატიულ გარემოში.

- ამბობენ, ხელისუფლებას ივანიშვილის შემოშვება არ უნდა პოლიტიკურ არენაზეო, ივანიშვილს კი აქციების გაგონებაც არ უნდა. როგორ გესახებათ სამართლიანი არჩევნების ჩატარება?

- ჩვენ შევთანხმდით, რომ დაწყებული პროცესი ლოგიკურ დასასრულამდე მივიყვანოთ, რაც სააკაშვილის არჩევნებში დამარცხებით უნდა დასრულდეს. ამ გზაზე ბევრი წინაღობა, პროვოკაცია იქნება, მაგრამ მტკიცედ გადავწყვიტეთ, დაბრკოლებები გადავლახოთ, საზოგადოებაში სტაბილურობის განცდა დავნერგოთ და ისე მივიდეთ ცვლილებამდე. გამორიცხული არაფერია. თუკი სააკაშვილი კადაფიზაციისკენ წავიდა, საზოგადოების სამოქალაქო სოლიდარობა აუცილებელი იქნება.

- 18 ელჩის ივანიშვილთან შეხვედრას სოციალურ ქსელებში "სააკაშვილის პანაშვიდი" უწოდეს...

- ეს იყო პოლიტიკაში ბიზნესიდან გადმოსული ივანიშვილის აღიარება. ელჩების დიდი ინტერესი მეტყველებს იმ სახელმწიფოების ინტერესზე, რომელთაც ეს ელჩები წარმოადგენენ.

ჩვენ უნდა ვიყოთ ევროპული ოჯახის, ანუ ევროკავშირის წევრი, მაგრამ ამას ვერ მივაღწევთ, თუ ანტაგონიზმში დავრჩით რუსეთის ფედერაციასთან. ამიტომ რუსეთთან პარტნიორული ურთიერთობის აღდგენა არის გასაღები ჩვენი ევროპაში ინტეგრაციისა, ჩვენი ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის ფეხზე წამოყენების, აფხაზებსა და ოსებთან ურთიერთობის ნორმალიზების დაწყების. სააკაშვილს არა აქვს აფხაზებსა და ოსებთან ურთიერთობის აღდგენისა და დიალოგის დაწყების რესურსი. მას არა აქვს ქვეყნის ეკონომიკური კრიზისიდან გამოყვანის რესურსი. მას არასანდო პარტნიორად მიიჩნევენ არა მარტო პოლიტიკურ, არამედ ბიზნესწრეებშიც. მონოპოლიური და ავტოკრატიული რეჟიმი ვერ ეგუება ინვესტიციებს და ამიტომაც შემცირდა 80%-ით.

დარწმუნებული ვარ, ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლით ჩვენი წარმატების შანსმა ბევრად აიწია.

ეს არის ის სიახლე, რასაც ელოდა ქართველი საზოგადოება. მე ვგრძნობ მოქალაქეების განწყობას და ახალ პარტნიორთან ერთად ვაპირებთ იმედი გავუმართლოთ ხალხს. მე ვხედავ ამ ხელისუფლების დასასრულს.