"რემბოს დაბრუნება" - კვირის პალიტრა

"რემბოს დაბრუნება"

"მხოლოდ გოგონებმა დავარიგოთ მაისურები, ჩვენ რაღას დაგვაბრალებენ?!"

ჩვენს ქვეყანაში  შიში და შიშის შიში მეფობენ

რემბო დაბრუნდა! ცხადია, არაფერ შუაშია სილვესტერ სტალონეს პერსონაჟი, მებრძოლი რემბო. უბრალოდ დიჯეი "რემბო" დაბრუნდა საპატიმროდან, საიდანაც ჩვენს დროში მალევე იშვიათად აბრუნებენ ვინმეს.  ხანმოკლე პატიმრობიდან გაათავისუფლეს ცნობილი დიჯეი ლევან მდინარაძე, რომელიც 17 ოქტომბერს პოლიციამ დააპატიმრა. მისმა მეგობარმა ბერა ივანიშვილმა კი სიმღერა მიუძღვნა: "ყველა ოცნებას რეალობად ვაქცევთ, ვერ წაგვართმევთ იმას, რასაც ჩვენ ერთმანეთს ვაძლევთ, სიყვარულს და ერთგულებას, ეს თქვენთვის უცხოა..." დაიჭირეს რემბო, ლევან, შენთან ვართ!" (კლიპი იხ. palitratv.ge-ზე).

მდინარაძე მხოლოდ იმის გამო დააკავეს, რომ დიჯეი "ქართული ოცნების" ემბლემიან მაისურებს არიგებდა. შესაძლოა დაკავების მიზეზი ისიც გახდა, რომ მდინარაძე ხელისუფლებისთვის ასევე მიუღებელი კახი კალაძის მეგობარია. თუმცა, შსს-მ ინფორმაცია გაავრცელა, რომ რემბო ნარკოტიკების შეძენის გამო დააპატიმრეს. მდინარაძის დაპატიმრებას "ქართუ ბანკის" თანამშრომლების ასევე აბსურდული მიზეზით დაკავება მოჰყვა და საერთოდ, მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკაში მოსვლის შესახებ განაცხადა, მოვლენები უცნაურად განვითარდა. ბერას მეგობრები ამბობენ, რომ მერაბიშვილის უშიშროების სამსახურები უთვალთვალებენ ბერას ფანებს და ყველა იმ ადამიანს, ვინც მისი "ფეისბუკის" გვერდზე კომენტარებს აქვეყნებს. "ისინი დაგვდევენ, მაგრამ ვერ შეგვაშინებენ", - წერენ ერთგან. პარალელურად კი  მოვლენები ასე ვითარდება: ცოტა ხნის წინ "ქართუ ჯგუფს" თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის რეკონსტრუქციისთვის ერთ-ერთ კომპანიასთან ხელშეკრულება გაუფორმებია, შესრულებული სამუშაოსთვის ავანსის მიღებამდე კი ამ კომპანიამ პრობლემების თავიდან ასაცილებლად თანამშრომლობაზე უარი განაცხადა(?!).

ბერა ივანიშვილის კლუბისთვის "ქართუ ჯგუფმა" აშშ-ში შეუკვეთა ხმის გამაძლიერებლები, რომლებიც ერთი კვირაა საბაჟოზეა გაჩერებული. შესაბამისი სამსახურები წერილობით მიმართვაზე არ რეაგირებენ.

ბაკურიანში "ქართუ ჯგუფმა" დაასრულა საბაგირო გზის გაყვანა, თუმცა, ზედამხედველობის სამსახური დღემდე არ ატარებს ჩატარებული სამუშაოების მონიტორინგს(?!).

ივანიშვილის პრესსამდივნოს ინფორმაციით, "ქართუ ჯგუფის" თანამშრომლებს აკითხავენ უბნის ინსპექტორები (ოფიციალური მიზეზი - უბნის ინსპექტორის შეცვლა და შესაბამისად, სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებაა) და "ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტები  რჩევით, უარი თქვან "ქართუ ჯგუფში" მუშაობაზე.

ასევე პრესსამდივნოს ცნობით, სხვადასხვა კომპანია უარს აცხადებს "ქართუ ჯგუფისა"  და ბერას ლეიბლის ლოგოს - "ქართული ოცნება" მაისურებზე გამოსახვაზე. "გვაქვს ინფორმაცია, რომ ერთ-ერთი სტამბის ხელმძღვანელი მხოლოდ იმის გამო დააკავეს, რომ მაისურები დაბეჭდა", -  აცხადებენ პრესსამდივნოში.

აღშფოთებული საზოგადოება ფიქრობს, რომ ხელისუფლება, როგორც სჩვევია, ცდილობს ყავლგასული მეთოდებით შეავიწროოს, დააშინოს ხალხი, ელექტორატი. თუმცა, დაშინება ვეღარ ჭრის, - მდინარაძის დაკავებამ ისე გააღიზიანა ახალგაზრდობა, რომ ფეხზე დადგა მოხალისეთა არმია, რომელიც მზად არის დაარიგოს "ქართული ოცნების" მაისურები.

"ყველას დაგვიჭერენ? დაგვიჭირონ, უფრო მალე მივალთ გამარჯვებამდე. ბიჭები არ გავაკაროთ ამ საქმეს, მხოლოდ გოგონებმა დავარიგოთ მაისურები, ჩვენ რაღას დაგვაბრალებენ?" - ამგვარ მოწოდებებს თითქმის ყოველ მეორე კომენტარში შეხვდებით. არც ლევან მდინარაძე ჰგავს შეშინებულს. მიუხედავად იმისა, რომ საპროცესო გარიგებით 10.000 ლარის გადახდა დააკისრეს. რემბოს შემართული განწყობა აქვს. უბრალოდ თავს იკავებს გახმაურებული ამბის კომენტირებისგან, ისევ ხუმრობის ხასიათზეა და მადლობას უხდის მხარდამჭერებს: "გამარჯობა, ჩემო მეგობრებო. რამდენიმე წუთია, რაც მოვედი სახლში, ცოტა ემოციურ მდგომარეობაში ვარ ამწუთას, სახლში ყოფნას რამდენიმე საათის წინ ვერც წარმოვიდგენდი და ძალიან გაკვირვებული ვარ. ყველას დიდი მადლობა, რომ ძალიან დამიდექით გვერდით... ნაღდად ვერ წარმოვიდგენდი, რომ ასეთი ხმაური ატყდებოდა. აქვე ის მინდა დავამატო, რომ საბოლოო პასუხი ჯერჯერობით არ არის გამოტანილი სასამართლოს მიერ და ვიმედოვნებ, პასუხი დადებითი იქნება. ძალიან მიყვარხართ".

"შიში ჯერ მაინც მეფობს, ხელისუფლებას ხალხის გაღვიძებისა და "ქართული ოცნების" ასრულების ეშინია, ხალხს კი ჯერ კიდევ ახსოვს 7 ნოემბრის, 26 მაისისა და სხვადასხვა დროს მოქნეული მათრახის სიმწარე.

ხელისუფლების "მომღერალმა სახემ", გოგა ხაჩიძემ ბერა ივანიშვილს "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ჰიმნი დაუწუნა. კლიპს - "რეპად გადმოცემული ორღობის ამბები", ბერას  შემოქმედებას კი "აგრესიული ჩლიფინა რეპი" უწოდა. თუმცა, მალევე მოიბოდიშა და აღიარა, რომ კრიტიკა გადაჭარბებული იყო. შესაძლოა ამის მიზეზიც შიში იყოს. მოკლედ, ჩვენს ქვეყანაში არა დრონი და მეფეები, არამედ შიში და შიშის შიში მეფობენ.