მერაბ მეტრეველის კვირის ფიქრები... - კვირის პალიტრა

მერაბ მეტრეველის კვირის ფიქრები...

უსუსურობის მწვერვალი

სიმართლე გითხრათ, ასე ცხადად პირველად ვიგრძენი და დავინახე ჩვენი ხელისუფლების უსუსურობა.  ნამდვილად არ მეგონა, ბიძინა ივანიშვილის გამოჩენა ასეთ დღეში თუ ჩააგდებდა, იმ დონემდე თუ მიიყვანდა, ასე აშკარად ეჩვენებინა თავისი სახე, რომელსაც დაღლილობისა და უსუსურობის დაღი აზის. სხვანაირ შთაბეჭდილებას ვერც ერთ შემთხვევაში ვერ მოახდენს ის ქმედებები, რომლებიც ხელისუფლებამ ივანიშვილის წინააღმდეგ განახორციელა. თავი რომ დავანებოთ უკვე ყავლგასულ და ჯერჯერობით დაუსაბუთებელ კამპანიას პუტინის პროექტის შესახებ; თავი რომ დავანებოთ "ქართუ ბანკის" საინკასაციო მანქანის დაყაჩაღებას და ასევე დაუსაბუთებელი ფულის გათეთრების ბრალდებას; ამავე ბანკში ეროვნული ბანკის შესვლას, ბერა ივანიშვილის მეგობრის დაკავებას ნარკოტიკების შენახვის ბრალდებით; ივანიშვილის დაცვის განიარაღებას, ყველაფერ იმას, რაც მათ ამ ერთ კვირაში ჩაიდინეს, და მისთვის მხოლოდ მოქალაქეობის ჩამორთმევის საკითხი განვიხილოთ, სავსებით საკმარისია, ხელისუფლების შიშსა და სისუსტეზე ვილაპარაკოთ. ე. წ. ხელისუფლების მომხრე ექსპერტებიც კი ვერ უარყოფენ, რომ მიუხედავად იურიდიული საფუძვლების არსებობისა, მოქალაქეობის ჩამორთმევის საკითხს პოლიტიკური გადაწყვეტილების სუნი უდის. ხელისუფლება იმ სპორტსმენს ჰგავს, რომელსაც მოწინააღმდეგის ისე ეშინია, მზად არის ყველაფერი გააკეთოს, რომ იგი ტატამზე არ შემოვიდეს და მას მეტოქის გამოუცხადებლობის გამო მიაკუთვნონ გამარჯვება. მაგალითად, მზადაა მეტოქე გასახდელში ჩაკეტოს, გასაღები კი გადაყლაპოს. შენ თუ მოწინააღმდეგის არ გეშინია, შემოუშვი ტატამზე და დაამარცხე. საინტერესოა, ვინ გაამართლებს ისეთ მოჭიდავეს, რომელიც ცდილობს მოწინააღმდეგე ტატამამდე არ მოუშვას და ასე მოიპოვოს გამარჯვება, ვინ იტყვის მასზე კარგს? როგორც ჩანს, ხელისუფლების შენარჩუნებისთვის მუდმივი ბრძოლა ძალიან დამღლელია.

ორი შენიშვნა

ბიძინა ივანიშვილმა პირველი ინტერვიუ ჟურნალისტ ია ანთაძეს მისცა. ინტერვიუ საკმაოდ ვრცელი და ყოვლისმომცველი გამოვიდა. ბიზნესმენმა ბევრ შეკითხვას გასცა საინტერესო პასუხი. თუმცა, აქ მინდა ორ ისეთ მომენტზე გავამახვილო ყურადღება, რაც მისი ნათქვამიდან არ მომეწონა და ვერ დავეთანხმები: 1) ივანიშვილი ამბობს, რომ პარლამენტში აბსოლუტური, საკონსტიტუციო უმრავლესობით მოსვლა სურს, რაც პარლამენტის მანდატების რაოდენობის ორ მესამედზე  მეტის მოპოვებას ნიშნავს. ანუ, მას დაახლოებით ისეთივე წარმომადგენლობა უნდა პარლამენტში, როგორიც დღეს "ნაციონალურ მოძრაობას" ჰყავს. მართალია, ბიზნესმენი იქვე ამბობს, რომ მისთვის იდეალური პარლამენტი ის არის, სადაც სამი თანაბარი ძალის პარტიაა, მაგრამ ასეთი პარლამენტი მხოლოდ მას შემდეგ უნდა აირჩეს, რაც მე ხელისუფლებიდან წავალ, მანამდე კი საკონსტიტუციო რეფორმა მაქვს გასატარებელი და საკონსტიტუციო უმრავლესობა მჭირდებაო. არ მომწონს ეს აზრი. იმიტომ, რომ სწორედ საკონსტიტუციო რეფორმა, ახალი კონსტიტუციაა ის საკითხი, რომელსაც უპირველესად საყოველთაო კონსენსუსი სჭირდება. ახალი კონსტიტუცია სწორედ მაშინ იქნება მაღალი ლეგიტიმურობის მქონე, როდესაც მას მინიმუმ ორი სხვადასხვა პოლიტიკური ბანაკი დაუჭერს მხარს; 2) ბატონმა ბიძინამ ინტერვიუში ასეთი რამ თქვა: "ძალიან მეშინია შუალედური პოზიციის. ვითომ შუაში მდგომი და სინამდვილეში ორპირი ხალხია ჩემთვის ყველაზე დიდი საფრთხე. შუა უნდა გაიკრიფოს... მოგწონს სააკაშვილი? - ღმერთმა მოგახმაროს - დაუჭირე მხარი. ოღონდ ნუ თამაშობ, რომ თითქოს არც იქით ხარ და არც აქეთ. ეს არის ორპირობა. ყველამ ზუსტად უნდა გაარკვიოს, მე მიჭერს მხარს თუ სააკაშვილს".

გასაგებია, რისი თქმაც უნდა ივანიშვილს. ასეთი პოზიცია ხალხშიც პოპულარულია, მაგრამ პოლიტიკოსისგან იმის განცხადება, ან ჩემკენ იყავი, ან სააკაშვილისკენ, თუ არა და, ორპირი ხარო, არაკორექტული მგონია. რატომ ნიშნავს შუაში დგომა ყოველთვის ორპირობას? კი, ის ადამიანები, რომლებიც ობიექტურობის სახელით შუალედურ პოზიციას იჭერენ და სინამდვილეში თვალთმაქცობენ, უნდა ამხილო, მაგრამ რა ვუყოთ ჟურნალისტებისა და ექსპერტების იმ ნაწილს, ვინც არ თვალთმაქცობს და მართლაც ობიექტურია? მისი პროფესია ავალდებულებს ობიექტური შემფასებელი იყოს. ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკაში მოსვლით უკვე გააკეთა დიდი საქმე ქართული დემოკრატიისთვის, რადგან გაჩნდა ალტერნატივა, გაჩნდა "ნაციონალური მოძრაობის" რეალური კონკურენტი და დამაბალანსებელი. ბალანსი და კონკურენცია დემოკრატიის განვითარებისთვის აუცილებელი პირობაა, მაგრამ არ მინდა მისი ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში ისეთივე პრობლემების წინაშე აღმოვჩნდეთ, როგორის წინაშეც მის გამოჩენამდე ვიდექით.