"ამ კამპანიას პოლიტიკური ავადმყოფობა ჰქვია" - კვირის პალიტრა

"ამ კამპანიას პოლიტიკური ავადმყოფობა ჰქვია"

"გული მწყდება, რომ ქართული ბანკები დუმან"

"მიუხედავად ზეწოლისა, "ქართუს" თანამშრომლები სამსახურის დატოვებას არ აპირებენ"

როდის არის საეჭვო უცხოური ვალუტის გადატანა  საინკასაციო მანქანით და რა ურთიერთვალდებულებებია საქართველოს ეროვნულ ბანკსა და კომერციულ ბანკს შორის, ამ და სხვა საკითხებზე "ქართუ ჯგუფის" პრეზიდენტსა და "ქართუ ბანკის" ახალ გენერალურ დირექტორს, ნოდარ ჯავახიშვილს ვესაუბრეთ.

- ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ამბობს, რომ კომერციულმა ბანკმა თურმე სალაროს გამაგრებასთან დაკავშირებული ღონისძიებები ეროვნულ ბანკთან უნდა შეათანხმოს. ასეთ ნორმატიულ აქტს არ ვიცნობ და კარგი იქნება, თუ დააზუსტებს, კანონის რომელ მოთხოვნას ეყრდნობა. სალაროს გამაგრება ჩვეულებრივი ღონისძიებაა. არის შემთხვევები, როცა ბანკს ნაღდი ფული ბევრი აქვს და ეს მისთვის საზარალოა, დადებულ ფულს პროცენტი არ მოაქვს. ამიტომაც ბანკი ცდილობს ზედმეტი ფული თავიდან მოიცილოს. ხდება პირიქითაც - როცა ნაღდი ფული კლიენტებთან ვალდებულებების მოხდას არ ჰყოფნის. სწორედ ასეთი შემთხვევა გვქონდა, პოლიტიკური ვითარებისა და ფსიქოლოგიური ზეწოლის გამო კლიენტებმა "ქართუ ბანკიდან" თანხების გატანა დაიწყეს, ე. ი. ვალდებულებათა შესასრულებლად ნაღდი ფული გვჭირდებოდა.

როცა ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ვიყავი, ჩვენთან მოდიოდა ყველა ის კომერციული ბანკი, რომლებსაც საკორესპონდენტო ანგარიშებიდან უნაღდო ფულს ვაჭრიდით და ზუსტად იმავე რაოდენობით ნაღდ ფულს ვატანდით როგორც ლარებში, ასევე უცხოურ ვალუტაში. ეს წესი შემდეგ შეიცვალა და სალაროს გამაგრება შესაძლებელი გახდა არა მხოლოდ ეროვნული ბანკის მეშვეობით, არამედ კომერციული ბანკებითაც. განსხვავება ის არის, რომ ამგვარი ფინანსური ოპერაციისთვის ეროვნულ ბანკს საკომისიო უნდა გადაუხადო, კომერციულს კი - არა.

როცა ეს ინფორმაცია ვნახე, თვალში მომხვდა, რომ ცოტა ხნის წინ თურმე საქართველოს ბანკისთვის გაგვიტანებია 4 მილიონი დოლარი. მაშინ "რატომღაც" არავის ჩაუთვლია, რომ ეს "საეჭვოდ დიდი თანხა" იყო და საქართველოს ბანკის საინკასაციო მანქანასაც თავზე არავინ დასხმია. იმიტომ ხომ არა, რომ საქართველოს ბანკი გილაურის სახელთან ასოცირდება, "ქართუ" კი ივანიშვილთან? გონდაკარგული უნდა ვიყო, რომ ეს მიმდინარე პოლიტიკურ პროცესს არ დავუკავშირო. აშკარაა, "ქართუ ბანკი" ხელისუფლებამ ფორსმაჟორულ სიტუაციაში ჩააყენა, რომლის კლიენტურასაც დღითი დღე "ამუშავებენ" და ეუბნებიან, - წადით აქედანო. ის, რაც ეროვნულმა ბანკმა და სამართალდამცავებმა ფულის გათეთრებაზე განაცხადეს, სამარცხვინო და ალოგიკური იყო. ამას სჯობდა პირდაპირ ეთქვათ, - ეჭვი შეგვეპარა, რომ ეს ფული პირადად ბიძინა ივანიშვილს სჭირდებოდა და ამიტომ დავაყადაღეთო. თუმცა ესეც ძალიან სასაცილო იქნებოდა, რადგან ლაპარაკია ივანიშვილზე, რომელსაც 5 მილიარდზე მეტი აქვს...

ისე, მართლაც რომ მომმართოს ივანიშვილმა, ჩემს ანგარიშზე არსებული ფული მომეციო, ხელისუფლების შიშით ვეღარ უნდა გავცე? რა, ამ თანხას კონფისკაციას გაუკეთებს ხელისუფლება? მაპატიეთ, მაგრამ კამპანიას, რომელიც "ქართუ ბანკის" წინააღმდეგ მიმდინარეობს, ხელისუფლების ავადმყოფობის გამოვლინება ჰქვია! რა გათეთრებაზეა ლაპარაკი, როცა უნაღდო გადარიცხვა გავაკეთეთ ნიუ-იორკში მდებარე ერთ-ერთ ბანკში ჩვენსავე საკორესპონდენტო ანგარიშზე, შემდეგ გერმანიის ბანკში იგივე ფინანსური ოპერაცია ჩავატარეთ. თავის მხრივ, ამ ბანკებმა გადმორიცხეს თანხები საქართველოს ბანკის საკორესპონდენტო ანგარიშზე (ჩვენც, ისევე როგორც საქართველოს ბანკს, საკორესპონდენტო ანგარიშები გვაქვს უცხოეთში). ეს ინფორმაცია მნიშვნელოვანია, რადგან თუ ფულის გათეთრებაზეა ლაპარაკი, თავისთავად ზემოხსენებული ბანკების პასუხისმგებლობის საკითხიც დგას. მრცხვენია, ისეთი რაღაცების ახსნა მიწევს, მაგრამ მაინც უნდა ვთქვა:

ფული შავია, როცა არალეგალური გზით, მაგალითად, ნარკოტიკების რეალიზაციით, იარაღის უკანონო ვაჭრობით ან სხვა შავი საქმით არის ნაშოვნი. იმ შემთხვევაში, თუ ის დიდი ოდენობითაა, უნაღდო გადარიცხვით და შემდგომ განაღდებით თეთრდება.

საინკასაციო მანქანაზე თავდასხმა და მისი დაყადაღება წარმოუდგენელი რამ არის ცივილიზებული სამყაროსთვის. და თუ ეროვნულ ბანკს მაინც ეჭვი გაუჩნდა, შეეჩერებინა სატელეფონო ზარით სალაროს გამაგრების ღონისძიება, აუცილებელი იყო "ქართუ ბანკის" თანამშრომლების დაპატიმრება? ჩვენი მანქანა იქვე, მოხვეულში (საქართველოს ბანკთან შესასვლელში) გააჩერეს ნიღბიანებმა, რომელთაც ტანთ სამოქალაქო ტანსაცმელი და ბოტასები ეცვათ, ხელში კი იარაღი ეჭირათ. მოგვიანებით გაირკვა, რომ სპეცრაზმელები იყვნენ. ერთ უცხოელს ვუთხარი, მსგავსი რამ თქვენს ქვეყანაში რომ მომხდარიყო, ინკასატორი, რომელსაც დიდი ოდენობით ფული მიაქვს, აუცილებლად გამოიყენებდა იარაღს და სისხლი დაიღვრებოდა-მეთქი. დამეთანხმა. იმასაც გაგიმხელთ, როგორ მომზადდა თავდასხმა "ქართუ ბანკის" საინკასაციო მანქანაზე. თავდაპირველად ჩვენი წარმომადგენელი დაუკავშირდა საქართველოს ბანკს და გაარკვია, რომ მას შეეძლო ჩვენთვის ნაღდი ფული მოეცა. გვითხრეს, საქართველოს ბანკს დოლარისა და ევროს ჭარბი ოდენობა აქვსო. ამიტომ სიხარულით დათანხმდნენ, თუმცა შემდეგ ორჯერ წაიღეს უკან თავისი სიტყვა. ბოლოს ვუთხარით, თუ არ გინდათ ნაღდი ფულის მოცემა, სხვა ბანკს დაველაპარაკებითო. ამის შემდეგ თანხმობა განაცხადეს. როგორც ჩანს, სპეცოპერაცია "ყველა დონეზე" შეთანხმდა, მერე კი რაც მოხდა, ყველამ იცით.

- ე..ი. ფიქრობთ, რომ საქართველოს ბანკიდან ინფორმაციამ გაჟონა?

- გაჟონა კი არა, წინასწარ შეთანხმებული და მომზადებული იყო ყველაფერი. ჩადეს თუ არა ფული საინკასაციო მანქანაში, სპეცრაზმმაც უცბად დაიწყო მოქმედება. ასეთი რამ მოულოდნელად და შეუთანხმებლად ვერ მოხდებოდა.

- როგორ შეხვდა ამას ივანიშვილი?

- "ნოდარ, რატომ დაგჭირდათ ეს?" - მკითხა ბატონმა ბიძინამ. "გარბიან კლიენტები, ზოგს აშინებენ, ზოგი თავად ფრთხილობს, რამაც ნაღდი ფულის დეფიციტი გამოიწვია", - ვუპასუხე. მოკლედ, ბიძინა ივანიშვილს ავუხსენი, რომ ჩვენი გადაწყვეტილება სალაროს გამაგრების თაობაზე კლიენტების წინაშე აღებული ვალდებულებების შესრულების აუცილებლობამ განაპირობა. ბატონმა ბიძინამ მითხრა, სხვა დროს, როცა მსგავსი ვითარება შეგექმნებათ, მითხარით და ფულს საკუთარი ანგარიშიდან გადმოგირიცხავთო. თუ კიდევ წაგართმევენ, ისევ გადმოვრიცხავო. სხვათა შორის, ნავთობტერმინალმა უკვე გადაიტანა თავისი ანგარიში "ქართუ ბანკიდან" სხვა ბანკში. შესაძლოა მსგავსი ვითარება კიდევ შეგვექმნას, რაც ნიშნავს, რომ ამ ორგანიზაციებს მილიონები უნდა გავატანოთ.

სამწუხაროა, რომ ამგვარი არაორდინარული სიტუაცია ხელისუფლებამ შექმნა. ბანკი ბანკია და მნიშვნელობა არ უნდა ჰქონდეს, ვისია, ეროვნული ბანკი მას ისე უნდა უდგებოდეს როგორც კომერციულ ბანკს. საქართველოს ბანკში მოწმის სტატუსითაც არავინ დაჰკითხეს. ეროვნული ბანკის პრეზიდენტს უთქვამს, საქართველოს ბანკზე ნაკლები ეჭვი მქონდაო. რას ჰქვია ნაკლები ან მეტი ეჭვი? თუ ფულის გათეთრებაზეა ლაპარაკი, ე. ი. ორი მონაწილე ვართ, ხომ? შეიძლება ორივე მხარე არ დაიკითხოს?

- თქვენ განაცხადეთ, შესაძლოა საქველმოქმედო ღონისძიებებს პრობლემა შეექმნესო...

- თავისუფლად შეიძლება სწორედ პოლიტიკური მოსაზრებებისა თუ დაუსაბუთებელი ეჭვის გამო, დაგვიყადაღონ ყველა ანგარიში. ეს ნიშნავს, რომ ბანკში ნებისმიერი აქტიური ოპერაცია შეჩერდება, მათ შორის - საქველმოქმედო პროექტებისთვის ფულის გადარიცხვაც.

- რამდენიმე დღის წინ ბიძინა ივანიშვილთან დიპკორპუსი იყო. რა საკითხებზე ისაუბრეს?

- არ ვესწრებოდი ამ შეხვედრას, თუმცა როგორც ვიცი, ერთ-ერთი განხილვის თემა "ქართუ ბანკის" საინკასაციო მანქანის დაყადაღება იყო. "ქართუ ბანკი" კუთვნილი ქონების - მანქანისა და ფულის დაბრუნებას ითხოვს.

- რა საკადრო ცვლილებებია "ქართუ ბანკში"?

- ბატონმა ბიძინამ "ქართუ ბანკის" ყოფილი გენერალური დირექტორი გიგა ჩრდილელი ხელისუფლებისთვის ინფორმაციის მიწოდებაში ამხილა, რის შემდეგაც მან თანამდებობა დატოვა. განცხადებები დაწერა გიგა ჩრდილელის სამმა მეგობარმა, რომლებსაც უმაღლეს მენეჯმენტში სხვადასხვა თანამდებობა ეკავათ. ისინი მზად არიან დაბრუნდნენ, ახლა მთავარი ამოცანაა გადავლახოთ სირთულეები, რომლებიც ხელოვნურად შეგვექმნა.

- გავრცელდა ინფორმაცია, რომ "ქართუ ბანკის" თანამშრომლებზეც ახდენდნენ ზეწოლას.

- დიახ, ზოგს უბნის ინსპექტორი აკითხავს და ბანკიდან წასვლას ურჩევს. თუმცა ჩვენი თანამშრომლები საოცარ ერთსულოვნებას იჩენენ და სამსახურის დატოვებას არავინ აპირებს.

- როგორ მოხდა, რომ ივანიშვილმა ეს პოსტი თქვენ შემოგთავაზათ, მას ადრე იცნობდით?

- ბატონი ივანიშვილი არასოდეს მინახავს. ჩვენ შორის ერთხელ სატელეფონო საუბარი შედგა. მთხოვა, "ქართუ ბანკის" დაარსებას ვაპირებ და იქნებ ჩემს წარმომადგენლებს დაეხმაროთო. ვუთხარი, - ვიცი ვინ ხართ და მესმის, რომ საქართველოში საბანკო სისტემა ძალზე სუსტია, ე. ი. ფინანსურად ძლიერი ბანკი გვჭირდება. თქვენ რომც არ დაგერეკათ, მაინც ყველაფერს გავაკეთებდი, რომ ასეთი ბანკი იყოს საქართველოში-მეთქი. მას შემდეგ მასთან კავშირი არ მქონია, თუმცა არ დავმალავ, რომ ბატონი ბიძინას ძმა ჩემი უნივერსიტეტის მეგობარია. სწორედ მან დამირეკა და მითხრა, ბიძინას შენთვის "ქართუ ბანკის" გენერალური დირექტორის თანამდებობის შემოთავაზება უნდაო.

- "ეროვნული ფორუმის" წევრი ისევ ხართ?

- არა და ეს გადაწყვეტილება "ეროვნულ ფორუმთან" ერთად მივიღე. კახა შარტავამ ბატონ ბიძინას უთხრა, თქვენ ისეთი მისია გაკისრიათ, ოღონდ ეგ საქმე მიიყვანეთ ბოლომდე და მზად ვართ, ნოდარი დავთმოთო.

ცხადია, ბიძინა ივანიშვილს დევნიან. იმედია, რომ ბოლოს და ბოლოს, ვიღაც ხმას ამოიღებს, საერთაშორისო საზოგადოებრიობა ამ ყველაფერს შეფასებას მისცემს. გული მწყდება, რომ ქართული ბანკები დუმან. ყველას ეშინია რაღაცის. თუმცა როგორც საზოგადოების დიდი ნაწილი, ისე ბიზნესმენებიც, ეტყობა, ეEლიან, მათ კართან როდის ჩაიმუხლებს აქლემი.