"ეს კაცი ხაზგასმით ამბობს, რომ საქართველო თავს დაესხა რუსეთს" - კვირის პალიტრა

"ეს კაცი ხაზგასმით ამბობს, რომ საქართველო თავს დაესხა რუსეთს"

"ქართულ ოცნებას ნამდვილად დავიცავთ კლიპით თუ უკლიპოდ"

როგორ აფასებს ხელისუფლება ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში ჩართვის გადაწყვეტილებას და მის განცხადებებს, ამის გასარკვევად საქართველოს პარლამენტის კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ნუგზარ წიკლაურს ვესაუბრეთ:

- სახელმწიფო დგას სამ უმთავრეს ფუნდამენტზე: უსაფრთხოებაზე, ეკონომიკასა და ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაზე. მიუხედავად იმისა, რომ ბიძინა ივანიშვილის ლამის 3-4 გზავნილი მოვისმინეთ, მისი პოზიცია და დამოკიდებულება უფრო და უფრო ბუნდოვანი გახდა ამ სამ უმნიშვნელოვანეს საკითხზე. ის თითქოს ლაპარაკობს უსაფრთხოებისა და საქართველოს ოკუპაციის პრობლემებზე, მაგრამ არანაირი ხედვა არა აქვს, თუ როგორ უნდა განვითარდეს ამ მიმართულებებით ქართული სახელმწიფოს პოლიტიკა. მას არა აქვს ჩამოყალიბებული პოზიცია არც რუსეთის, არც ევროკავშირის და ნატოს მიმართულებით. ყველასთან კარგი ურთიერთობა რომ უნდა გვქონდეს, კეთილი ოცნებაა, მაგრამ რეალურად როგორ შეიძლება ყველასთან კარგი ურთიერთობა გვქონდეს? ამბობს, რომ საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებულია და რომ ერთხელ მან საქართველო გადაარჩინა ომს, როდესაც თურმე ბოკერია აპირებდა რუსეთზე თავდასხმას და პრეზიდენტმა საქმეში ჩარევა ივანიშვილს სთხოვა. ამბობს, 2008 წელს პროცესებში რომ ვეღარ ჩავერთე, ომი ამიტომ დაიწყოო. ეს კაცი ხაზგასმით ამბობს, რომ საქართველო თავს დაესხა რუსეთს.

ყველა ელოდა ბიზნესმენისგან, რომელსაც ამდენი ფული აქვს ნაშოვნი, ეკონომიკურ პროგრამას გამოაქვეყნებდა, მაგრამ ელიტური კარტოფილის ჯიშების გავრცელების მოწოდებით შემოიფარგლა და არანაირი ხედვა არ შემოუთავაზებია, თუ როგორ უნდა განვითარდეს ბიზნესი ქვეყანაში. როდესაც დემოკრატიაზე ლაპარაკობს, უკვე კურიოზთან გვაქვს საქმე. ამბობს, რომ 2 წელიწადში დაამყარებს დემოკრატიას. სიტყვა "დამყარება" რა არის? დამყარება დიქტატურის შეიძლება. დემოკრატია შენდება. მერე ივანიშვილი განმარტავს, თუ როგორია მისი დემოკრატია. თურმე როდესაც 2/3-ით გაიმარჯვებს, 2 წელიწადში შექმნის ოპოზიციას, რომელიც დაუპირისპირდება მის მიერვე შექმნილ მთავრობას. შემდეგ, ალბათ, კიდევ ახალ ოპოზიციას შექმნის. იქმნება შთაბეჭდილება, რომ ამ ადამიანს საქართველო სათამაშოდ წარმოუდგენია. თავისი ფულით შექმნის პარტიებს, ფულით მოიზიდავს პოეტებს და ფსიქოლოგებს მრჩეველთა საბჭოში, შემდეგ შეუქმნის ამათ თავის ოპოზიციას და ასე გააგრძელებს. პრესაში ლაპარაკია იმაზე, რომ ივანიშვილი პოლიტიკაში პირველად არ ერთვება. ის იყო ჩართული რუსულ პოლიტიკაში და მხარს უჭერდა ქართველებისათვის კარგად ცნობილ გენერალ ლებედს, 9 აპრილის სისხლიან ჯალათს. ამას თვითონვე ადასტურებს "ვედომოსტთან" ინტერვიუში. ბევრ რამეზე ბუნდოვნად ლაპარაკობს, მაგრამ ნათლად ამბობს, რომ საქართველო აგრესორია, რომ მან დაიწყო ომი. ვფიქრობ, მისი პოლიტიკური პორტრეტი ამ თვალსაზრისით უკვე გამოკვეთილია და ყველა ის ადამიანი, ვინც ამბობდა, რომ დიდი, ოლიგარქიული ფული ვალდებულებების გარეშე შეუძლებელია რუსეთში ჰქონდეს ვინმეს, სწორი აღმოჩნდა.

- მაგრამ ბენდუქიძემაც რუსეთში იშოვა ფული და ის თქვენს მთავრობაში იყო. კითხვები მის საქმიანობაზე არ გაგჩენიათ?

- ძალიან ბევრი ყოფილა რუსეთში და ბევრსაც უშოვია იქ ფული. როდესაც ადამიანი აშენებს ატრაქციონებსა და სასულიერო ცენტრებს, მისდამი და მისი ფულის წარმომავლობისადმი ინტერესი გაცილებით ნაკლებია. მაგრამ, როდესაც ხდება პოლიტიკური ლიდერი და აკეთებს რადიკალურ განცხადებას, ცხადია, მისი ფულის წარმომავლობისადმი ინტერესი იზრდება.

- ივანიშვილს მხოლოდ ატრაქციონები არ აუშენებია, მან თქვა, რომ მთავრობას უხდიდა ხელფასს, რომ სოროსის ფონდში მას შეჰქონდა ფული.

- შეუძლებელია ადამიანი უზარმაზარ სფეროს ხელმძღვანელობდეს, ხელფასი 50 დოლარი ჰქონდეს და იქ კორუფციის საფრთხე არ გაჩნდეს. ეს ხომ არავისთვის იყო დაფარული. ამაში მონაწილეობდა ირლანდიის რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია, სოროსი და არაერთი ბიზნესმენი. როგორც აღმოჩნდა, მათ შორის იყო ივანიშვილიც. ამაში პრობლემას ვერ ვხედავ, ისევე როგორც სხვა მნიშვნელოვანი პროექტების დაფინანსებაში მის წვლილს, მაგრამ მან ახლა გადაწყვიტა, ყველა პროექტი გვერდზე გადადოს და თვითონ გადაიქცეს რუსულ პროექტად. როდესაც ადამიანი ამას გადაწყვეტს, საზოგადოების ყურადღება და კრიტიკული დამოკიდებულება მისდამი გაიზრდება. ივანიშვილს არ უნდა გაუკვირდეს, რომ საზოგადოება ყოველდღიურად შეიტყობს მისი ცხოვრების შესახებ ისეთ დეტალებს, რომლის გამოაშკარავების სურვილი მას არ ჰქონდა.

- ამბობთ, ივანიშვილი რუსული პროექტიაო, მაგრამ ივანიშვილმა პარტნიორებად აირჩია გამოკვეთილად პროდასავლური ორიენტაციის რესპუბლიკელები და ალასანიას გუნდი.

- ვერ ვიტყოდი, რომ ივანიშვილმა გამოკვეთილი მიმართულება აირჩია. მისი პირადი ადვოკატია ეკა ბესელია, ცნობილი თავისი პოზიციით, იქვე არის გუბაზ სანიკიძე. მის მრჩეველთა საბჭოში შედიან სრულიად განსხვავებული მიმართულებების პირები. მის მოსვლას პოლიტიკაში მიესალმნენ ალექსანდრე ებრალიძე, ხომერიკი, ხუბუტია, რომლებიც ქართული სახელმწიფოსადმი ყველაზე აგრესიულად განწყობილ ფრთას წარმოადგენენ.

- როდესაც ბიძინა ივანიშვილს ჩამოართვეს მოქალაქეობა, დააპატიმრეს მისი ბანკის საინკასაციო მანქანა დიდი თანხით, დაცვას მოსთხოვეს იარაღის ჩაბარება, ითქვა, რომ ხელისუფლებას მისი ეშინია.

- ეს სასაცილოა. არსებობს კანონი, რომლის აღსრულება სავალდებულოა ყველასთვის, ბატონ ივანიშვილს 2004 წელს პრეზიდენტმა მიანიჭა საქართველოს მოქალაქეობა, ამის შემდეგ მან უკანონოდ მიიღო სხვა ქვეყნის მოქალაქეობა. ამ შემთხვევაში კანონი ავტომატური გადაწყვეტილების მიღებას ითვალისწინებს, რაც მოხდა კიდეც.

ძალიან კომპეტენტური განცხადება გააკეთა ეროვნული ბანკის მმართველმა ბატონმა ქადაგიძემ, როდესაც თითქმის 6 მილიონი ლარის ოდენობის უცხოური ბანკნოტები გადაადგილდება, გაცილებით მეტი გამჭვირვალობაა საჭირო. საქართველოში ხელფასები არ რიგდება არც დოლარებით და არც ევროებით. ცხადია, ამან აღძრა ეჭვი და  ამიტომაც არის შესული ეროვნული ბანკი "ქართუში", რომ გაარკვიოს, ეს ერთჯერადი დარღვევა იყო თუ კიდევ არის სხვაც. ფულის მანქანებით გადატანა, როდესაც დიდი ეჭვია, რომ ეს ფული უკავშირდებოდა პოლიტიკური პროცესის ყიდვას, შეუმჩნეველი არ დარჩებოდა სამართალდამცავებს.

ხელისუფლება იქნება ისეთი მტკიცე, როგორიც არასდროს.ისინი ლაპარაკობენ ქართულ ოცნებაზე, მაგრამ ქართული ოცნება არ არის ლებედთან ერთად 17-18 წლის ქართველი გოგოების ხოცვა. ქართული ოცნება საქართველოს თავისუფლებაა და ამ ქართულ ოცნებას ნამდვილად დავიცავთ კლიპით თუ უკლიპოდ.

ივანიშვილის განცხადება, რომ შეიძლება ესროლონ, მიუთითებს მის ძალიან სპეციფიკურ სულიერ მდგომარეობაზე, მიმაჩნია, რომ ეს ბოდვაა და მეტი არაფერი. თუ ვინმე მას ესვრის, ის მსროლელი თვითონ იქნება, რადგან მან  საკუთარ თავს უკვე რამდენჯერმე ესროლა და პოლიტიკური თვითმკვლელობა მაშინ ჩაიდინა, როდესაც ჩვენი პატარა ქვეყანა დაადანაშაულა რუსეთის მიმართ აგრესიაში. ვარაუდი, რომ ვიღაც ივანიშვილს ესვრის, ისეთივე სასაცილოა, როგორიც მისი არაკი ბეღურებსა და მერცხლის ბუდეებზე. ეს გამონათქვამი თვალსაჩინოდ განმარტავს მის ამჟამინდელ სულიერ მდგომარეობას. შეიძლება ჩვენ საქმე გვქონდეს არა მის პოლიტიკურ იდეებთან, არამედ განდიდების მანიით შეპყრობილ ადამიანთან, რომელსაც საქართველოს ყიდვა უნდა. მინდა, მას შევპირდე, - საქართველოსა და ჩვენი თავისუფლების ყიდვას ვერავინ მოახერხებს.

- ივანიშვილთან რეზიდენციაში 18 ელჩი მივიდა.

- არავის უცდია იმ ფაქტის მნიშვნელობის დამცრობა, რაც მოხდა ქართულ პოლიტიკაში. ელჩების სტუმრობაში ვერ ვხედავ ოლიგარქ ივანიშვილის ვერც დაგმობას და ვერც მოწონებას. უბრალოდ, არსებობს ახალი რეალობა და ეს უნდა იცოდნენ ელჩებმა, ეს მათი მოვალეობაა.

- ივანიშვილი ამბობს, რადგან ვთქვი, რომ მოვალ, აუცილებლად მოვალო.

-  ასეთი რადიკალიზმი მიუთითებს მის უკიდურესად არადემოკრატიულ სტილზე. ხელისუფლებაში ვინ მოვა, ქართველი ხალხი გადაწყვეტს, ივანიშვილი აქამდე კარჩაკეტილ ცხოვრებას ეწეოდა და  დიდმა ფულმა დიდი ამბიცია გაუჩინა. ეს არის ისეთი ბილწი და მდაბიო ამოცანა, რომლის შესრულებას რუსული ოლიგარქიული ფულით ვერავინ შეძლებს.