"ნაცმოძრაობის"კარცერში, როგორც იქნა, სუფთა ჰაერმა შემოაღწია" - კვირის პალიტრა

"ნაცმოძრაობის"კარცერში, როგორც იქნა, სუფთა ჰაერმა შემოაღწია"

"ვხედავ იმედით ანთებულ ადამიანებს"

"ივანიშვილის მხარეს დღეს არის ძალა, რადგან სიმართლე მის მხარესაა"

მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკაში ჩართვა გადაწყვიტა,  ხალხს იმედი ჩაესახა და ბევრი რამის ლუსტრირებაც მოხდა. "კვირის პალიტრა" მწერალ კონსტანტინე ჯანდიერს ესაუბრა:

- მთელ ამ ხმაურსა და მრისხანებაში, მერკანტილიზმის, ბინძური პოლიტიკური გათვლებისა და გარიგებების დაჭაობებულ ატმოსფეროში ყველაზე მომხიბლავი და იმედისმომცემი  ბიძინა ივანიშვილის გულწრფელობაა. მისი პირველივე განცხადებიდან არ მტოვებს შეგრძნება, რომ "ნაცმოძრაობის" ამ პოლიტიკურ კარცერში, როგორც იქნა, სუფთა ჰაერმა შემოაღწია. ეჭვგარეშეა, რომ მას პოლიტიკა ქონების დასაგროვებლად და გავლენის მოსაპოვებლად არ სჭირდება. ეს არსებითი განსხვავებაა ივანიშვილსა და ჩვენს პოლიტიკურ სპექტრში მოფუთფუთე სუბიექტების უმრავლესობას შორის. ივანიშვილს საკმარისი ფინანსური რესურსიც აქვს და რაც მთავარია, მყარი რეპუტაციაც. სწორედ მისი რეპუტაციაა იმ გავლენის მთავარი წყარო, რაც  საშუალებას აძლევს, მოკლე დროში მოახდინოს ჯანსაღი ძალების კონცენტრაცია და სრულფასოვანი პოლიტიკური, გნებავთ, ზნეობრივი და მენტალური ალტერნატივის ჩამოყალიბება, რაც აქამდე ვერა და ვერ ხერხდებოდა.

- ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკური საქმიანობა პოლიტიკოსების, ჟურნალისტებისა და მედიასაშუალებების კრიტიკით დაიწყო.

- ბიძინა ივანიშვილმა მოურიდებლად თქვა ის, რასაც ფიქრობს. შეიძლება ვინმე დაეთანხმოს ან არა მის მოსაზრებებს, მაგრამ ის აბსოლუტურად გულწრფელი იყო. ესაა მთავარი. ამიტომაც მის ცნობილ განცხადებებს შედეგად არ მოჰყოლია მტრობა, ლანძღვა და ქილიკი. ადამიანმა გაგვაცნო თავისი მოსაზრება, მოისმინა განსხვავებული აზრი, კორექტივები შეიტანა თავის პოზიციაშიც (და არა მარტო რიტორიკაში) და ინციდენტი ამოიწურა. ეს არის ნორმალური, ჯანსაღი და ბრძნული ქცევა, რაც ასე აკლდა ჩვენს პოლიტიკურ ცხოვრებას ე. წ. "ეროვნული მოძრაობიდან" დღემდე.

- ბიძინა ივანიშვილი თავის წერილში ლაპარაკობს სოფლის მეურნეობის აღორძინებაზე, ურთიერთობების წესებზე. მისი შეხედულებები ეროვნულობის, ტრადიციებისაკენ მოტრიალების სულისკვეთებითაა სავსე. ხომ არ ეხმიანება ეს "შემოქმედებითი კონსერვატიზმის" იდეას, რომლის ერთ-ერთი ავტორი ბრძანდებით?

- დიახ, ეხმიანება და მეტიც, შემოქმედებითი კონსერვატიზმის, როგორც მსოფლმხედველობის საუკეთესო ილუსტრაციად გამოდგება. მთელი მსოფლიოს მასშტაბით საქართველოს ეძლევა შანსი, აამოქმედოს მიწასთან ურთიერთობის მრავალსაუკუნეობრივი ჩვევა, ტრადიციული ცოდნა, შემოქმედებითად გაამდიდროს იგი თანამედროვე ტექნოლოგიებით, დახვეწოს მენეჯმენტი, აითვისოს მარკეტინგის ინსტრუმენტები და სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის საერთაშორისო ბაზრებზე დაიმკვიდროს რაოდენობრივად მოკრძალებული, მაგრამ უნიკალური და საკმაოდ ძვირად ღირებული ნიშა. ამისი ნათელი მაგალითია ქართული ტრადიციული ქვევრის ღვინო, რომლის მზარდი პოპულარობა ევროპასა და ამერიკაში მაღალი ხარისხით, ბიოლოგიური უსაფრთხოებით, უნიკალური თვისებებით, ამავე დროს, სწორი მენეჯმენტითა და თანამედროვე მარკეტინგით არის განპირობებული. თანამედროვე ბიზნესისა და ადგილობრივი სასოფლო-სამეურნეო ტრადიციების შერწყმა იკითხება სასოფლო-სამეურნეო პოლიტიკის ივანიშვილისეულ ხედვაში.

- ივანიშვილის განცხადებებს ის მოჰყვა, რომ ქართველი საზოგადოების დიდი ნაწილი სხვადასხვა ხერხით ცდილობს მის გარემოცვაში შეაღწიოს, კეთილგანწყობა მოიპოვოს.

- თითოეული ადამიანი პასუხს აგებს საკუთარი უკვდავი სულის წინაშე. მედროვეების არმიები ყოველთვის უპირისპირდებიან ან ერთხანს ემლიქვნელებიან პრინციპების ერთგულ ინდივიდებს, რადგან სინამდვილეში ანგარიშს მხოლოდ ძალას უწევენ. ივანიშვილის მხარეს დღეს არის ძალა, რადგან სიმართლე მის მხარესაა. მაგრამ მორალური და ფინანსური ძალმოსილების გარდა, მას საკმარისი სიბრძნეც აქვს, რათა გულწრფელობა პირმოთნეობისაგან გაარჩიოს. ვფიქრობ, ის მზადაა მოუსმინოს ყველას, თუმცა დარწმუნებული ვარ, ხორბალი და სარეველა ერთმანეთში არ აერევა.

- საზოგადოების ნაწილი ამბობს, ივანიშვილს ყველაფერში ვენდობი, მისი იმედი მაქვს და სადაც წაგვიყვანს, გავყვებიო. ხომ არ მიგაჩნიათ, რომ ესეც პრობლემაა?

- გეთანხმებით, ეს სერიოზული პრობლემაა ჩვენი საზოგადოებისთვის. პოლიტიკური მოთამაშის საკრალიზაცია, მისი უკრიტიკო გაღმერთება პიროვნული და მოქალაქეობრივი უპასუხისმგებლობის გამოვლინება, პარაზიტიზმისკენ მკაფიოდ გამოხატული მიდრეკილების მაჩვენებელი და აზროვნების სერიოზული დეფექტი მგონია. შესაძლოა სწორედ ეს გარემოება აფიქრებინებს ივანიშვილს, რომ მომავალ პარლამენტში კონსტიტუციურ უმრავლესობას მიიღებს. ეს შეიძლება დიდად სახიფათო შეიქნეს როგორც ქვეყნის, ისე პირადად ბატონი ბიძინასთვისაც.

- ზოგი პარალელებს ავლებს ივანიშვილსა და პატარკაციშვილს შორის. რას ელით ხელისუფლებისგან, რომელმაც ბიძინა ივანიშვილს მოქალაქეობა უკვე შეუჩერა.

- სახელისუფლებო კრიმინალურ დაჯგუფებასთან ომში პატარკაციშვილს არ დარჩა სერიოზული მოკავშირე არც საქართველოში, არც დასავლეთსა და არც რუსეთში. რუსეთის ხელმძღვანელობა მაშინ უმართავ ოლიგარქებთან სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლით იყო დაკავებული, თეთრი სახლის ადმინისტრაცია კი უპირობოდ უჭერდა მხარს სააკაშვილს. ივანიშვილის შემთხვევაში საქმე სხვაგვარადაა, ამას მოწმობს თუნდაც თვრამეტი ქვეყნის დიპკორპუსის ერთობლივი ვიზიტი მის რეზიდენციაში. ამერიკის სახელმწიფო მდივნის, ჰილარი კლინტონის თანაშემწის განცხადება, რომ ისინი მხარს უჭერენ თამაშის წესებს და არა კონკრეტულ მოთამაშეებს და რომ საქართველოს დღევანდელი ადმინისტრაცია უნდა მოემზადოს ხელისუფლების დემოკრატიულად და სრულად (ვიმეორებ, სრულად!) გადაცემისათვის, ფრთხილი ოპტიმიზმის საფუძველს გვაძლევს.

- რამდენად შესაძლებელია დღევანდელ საქართველოში "ქართული ოცნების" ახდენა, რაც ივანიშვილმა თავის წერილებში ასახა?

- თუ არ ვცდები, ე. წ. "ვარდების რევოლუციის" შემდეგ პირველი შემთხვევაა, ახალგაზრდები გულწრფელად აცხადებენ, რომ აქვთ ოცნება და ეს ოცნება მკვეთრად განსხვავდება არსებული სინამდვილისაგან. თუკი ახალგაზრდობას აქვს ოცნება და იცის, რა უნდა, მაშინ მას ენერგიაც და სიმტკიცეც ეყოფა, ოცნება რეალობად აქციოს.