"კრიტიკა მხოლოდ უგუნურს ეჩვენება მტრობად" - კვირის პალიტრა

"კრიტიკა მხოლოდ უგუნურს ეჩვენება მტრობად"

"საქართველო დაღუპეს "ყოვლისმცოდნე" ადამიანებმა"

"ბოკერიას ცოლმა სააკაშვილის ახალ ინიციატივას დებილობა უწოდა?!"

გასულ კვირას გამაოცა უშიშროების საბჭოს მდივნის, გიგა ბოკერიას მეორე ნახევრის, თამარ ჩერგოლეიშვილის ექსცენტრიკულმა კრიტიკამ, რაც მიხეილ სააკაშვილის ახალ ინიციატივას ეხებოდა. როგორც მოგეხსენებათ, პრეზიდენტმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ვინც 45-წლიდან 60 წლამდე ასაკის ადამიანებს დაასაქმებს, საშემოსავლო გადასახადებისგან გათავისუფლდებაო. ეს ინფორმაცია ჯერ "თავისუფლების ინსტიტუტის" იდეოლოგმა და სულისჩამდგმელმა ლევან რამიშვილმა სოციალურ ქსელ "ფეისბუკში" გამოაქვეყნა, შემდეგ რამიშვილის პათოსი გიგა ბოკერიას მეუღლემ და ჟურნალ "ტაბულის" რედაქტორმა გაიზიარა და თავის გვერდზეც განათავსა გამაოგნებელი კომენტარით: "ეს რა დებილობაა?! თუ ნებისმიერი ბიზნესი, ნებისმიერი თქვენგანი სამსახურში 45-დან 60 წლამდე ადამიანს აიყვანს, გარკვეულ ფარგლებში გათავისუფლდეს საშემოსავლო გადასახადისგან".  რასაკვირველია, ქალბატონ ჩერგოლეიშვილს თანამოაზრეებიც უმალ გამოეხმაურნენ და სააკაშვილს მწარედ დასცინეს, სტატუსს კი ზომაზე მეტი "დამლაიქებელი" გამოუჩნდა. ბოლოს კი, როცა ერთ-ერთმა ფეისბუკელმა "მაღალსა" და კადაფის შორის პარალელი გაავლო, სახელმწიფო უშიშროების საბჭოს მდივნის მეუღლემ უხერხულობა იგრძნო და სტატუსი კომენტარებიანად ააორთქლა, მაგრამ გვერდის ასლის შენახვა მაინც მოვასწარი.

ამ ინიციატივაზე, ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედებასა და სხვა ბევრ საინტერესო საკითხზე ვესაუბრეთ ექსპერტ გია ხუხაშვილს:

- სააკაშვილის ინიციატივა ნამდვილად სასაცილოა. თუ ხელისუფლების წევრები დებილებს ეძახიან ერთმანეთს, ეს მათი პრობლემაა. 45-დან 60-წლამდე თაობა ადრე "ჩარეცხილი" იყო. ახლა კი ხელისუფლება ცდილობს, ამ ასაკის ადამიანებს იმაზე უკეთესად მოაჩვენოს თავი, ვიდრე სინამდვილეშია. ბუნებრივია, ამ მოტივით არის ნაკარნახევი პრეზიდენტის ინიციატივა. რა გამოდის? თუ ადრე ასაკობრივ კატეგორიაზე მხოლოდ დისკრიმინაციულ გამონათქვამებს სჯერდებოდნენ, ახლა კანონით მოინდომეს ასაკობრივი დისკრიმინაციის გამომხატველი ცენზის დაწესება. ასეთი პრეცედენტი მსოფლიო ისტორიაში არ არსებობს! დიახ, ჩვენ ჭეშმარიტად ვართ პირველი ქვეყანა, რომელიც საგადასახადო კოდექსში შეღავათებს  დასაქმებულ პირთა ასაკის მიხედვით ადგენს. მაინტერესებს, საგადასახადო კოდექსში სიტყვასიტყვით ჩაწერენ, რაც პრეზიდენტმა ბრძანა, თუ უფრო მეტ "კრეატიულობასთან" გვექნება საქმე?! დამრჩა შთაბეჭდილება, რომ პირებს, რომლებიც ამ ინიციატივის გახმაურებისას პრეზიდენტს გვერდს უმშვენებდნენ, კარგად ესმოდათ, რა წარმოუდგენელ სისულელეზე იყო ლაპარაკი, მაგრამ ქვეყნის თავკაცს მაინც ყველა დაეთანხმა. სიმართლე გითხრათ, ეს უფრო შემაშფოთებელი იყო. რატომღაც მგონია, რომ ეს ინიციატივა კანონში არ აისახება.

- და მაინც, თუ აისახა, რა მოჰყვება შედეგად?

- თავდაყირა დადგება ყველაფერი, გამოაშკარავდება ხელისუფლების პოლიტიკური სიბეცე, რადგან ბაზარზე სამუშაო ადგილების განსაზღვრული რაოდენობაა. უფრო მეტი ვაკანსია ჰაერიდან ხომ არ გაჩნდება?! გამოდის, ახალგაზრდების (თუნდაც პროფესიონალების) ხარჯზე გამოთავისუფლდება ადგილები. ხელისუფლება საბოლოოდ 45-იდან 60 წლამდე მოქალაქეთა გულს კი მოიგებს, მაგრამ ახალგაზრდებს მოიკიდებს მტრად... შესაძლოა, საწარმოებმა ახალგაზრდები ამუშაონ, ასაკოვნები კი გააფორმონ. მოკლედ, ათასგვარი კომბინაციის მოფიქრება შეიძლება, რომლის ადმინისტრირებაც შეუძლებელი გახდება მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ხელისუფლება ასაკობრივი დისკრიმინაციის მეშვეობით შექმნის უზარმაზარ ხვრელს საგადასახადო სისტემაში.

- გასულ კვირას ცნობილი გახდა, რომ დაფუძნდა საქართველოს განვითარების კვლევითი ინსტიტუტი. რა სახის კვლევების ჩატარებას აპირებთ?

- განვლილმა 20-მა წელმა ცხადყო, რომ მუდმივად შეცდომებს ვუშვებთ, ამიტომ საბჭოური მემკვიდრეობიდან გამოსვლა გაგვიჭირდა, ფაქტობრივად, დეკლარირებული ფასეულობებისკენ ნაბიჯიც კი ვერ გადავდგით. ამიტომაც უნდა გავაანალიზოთ, თუ რა შეცდომები დავუშვით, მიმდინარე რეფორმები განვიხილოთ და შევქმნათ შეცდომების ისტორია, რათა მომავალში მაინც ვიაროთ სწორ გზაზე. კვლევებში ექსპერტები ჩაერთვებიან. მოვიწვევთ იმ ექსპერტებსაც, რომლებიც ხელისუფლების რეფორმების მხარდამჭერები არიან (მაგალითად, ნოდია, ჯგერენაია და სხვებიც). ამ წრეში არ მოვიაზრებთ ახალგამოჩეკილ ექსპერტებს, რომლებსაც იდეოლოგიური რუპორის ფუნქცია აკისრიათ და კვალიფიკაციის დონეც დაბალი აქვთ. ჩავატარებთ სოციოლოგიურ კვლევებს, რომ ამა თუ იმ რეფორმისთვის ნიადაგი მოვსინჯოთ, გავარკვიოთ, მიიღებს თუ არა მას საზოგადოება.

ჩვენს ინსტიტუტში 5 ან მეტი დეპარტამენტი იქნება. მაგალითად, შეიქმნება სამართლის დეპარტამენტი, რომელიც შეისწავლის სხვადასხვა საკითხს, დაწყებული ადამიანის უფლებების დაცვით და დამთავრებული ქვეყნის კონსტიტუციური მოწყობით. ასევე შეიქმნება ეკონომიკის დეპარტამენტი, რომელიც მოიცავს სოფლის მეურნეობის, სოციალური  ჯანდაცვის საკითხებს და ა.შ. შეიქმნება განათლების, ასევე, საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების დეპარტამენტები და სხვ.

- კვლევით ცენტრს კავშირი თუ აქვს ბიძინა ივანიშვილთან?

- როცა ინსტიტუტი დავაფუძნეთ, სხვადასხვა დონორ ორგანიზაციას მივმართეთ მხარდაჭერისთვის. პირველად ბიძინა ივანიშვილი გამოგვეხმაურა. ის მზად არის, ყველა სასიკეთო წამოწყებას შეუწყოს ხელი, მაგრამ ჩვენს საქმიანობაში არ ჩაერევა. ამის გარანტია უკვე მივიღე.  ბატონი ბიძინა წლების განმავლობაში ისე ეწეოდა ქველმოქმედებას, სანაცვლოდ არავისგან არაფერი მოუთხოვია. ეს მისი პრინციპია.

ცხადია, თუ გვთხოვს კვლევას ან რჩევას, არ დავიზარებთ. არათუ ბიძინას, სააკაშვილსაც შევხვდი ორიოდე წლის წინ, სადაც გარდაცვლილ პატარკაციშვილზე ვისაუბრეთ, ვურჩიე ბადრის ოჯახთან ბრძოლა შეეწყვიტა. ველაპარაკე ბენდუქიძეზეც. სხვათა შორის, მაშინ სააკაშვილმა ძალიან მალე გაათავისუფლა ბენდუქიძე თანამდებობიდან, მოგვიანებით კი ხელისუფლებამ პატარკაციშვილების ოჯახთან დავაც მორიგებით დაასრულა. ამით იმის თქმა მინდა, რომ როგორც ექიმს არა აქვს უფლება, თავად აირჩიოს, ვის უმკურნალოს და ვის არა, ისე ჩვენც არა გვაქვს უფლება, ამორჩევით ვესაუბროთ პოლიტიკოსებს. სხვათა შორის, კრიტიკა მხოლოდ უგუნურს ეჩვენება მტრობად, გონიერი კი მას ითვალისწინებს და შეცდომას ნაკლებად უშვებს. სიმართლე გითხრათ, როცა ბიძინა ივანიშვილს შევხვდი, დამრჩა შთაბეჭდილება, რომ გარშემომყოფთაგან სწორედ კრიტიკულ აზროვნებას მოითხოვს.

- როგორ ფიქრობთ, 1-ელ ნოემბერს მას ჟურნალისტების კრიტიკულ კითხვებზე სიმშვიდის შენარჩუნება გაუჭირდება?

- ვფიქრობ, ჟურნალისტებთან ურთიერთობისას პრობლემა არ შეექმნება, რადგან გულწრფელი კაცია. ის სხვა პოლიტიკოსებისგან იმით განსხვავდება, რომ თუ რამე არ იცის, ამბობს კიდეც. საზოგადოების რაღაც ნაწილს ჰგონია, რომ პოლიტიკოსმა უნდა ილაპარაკოს მაინცდამაინც პოლიტიკური ტერმინებით. როცა ადამიანი ამბობს, რომ რაღაც არ იცის, სინამდვილეში ბევრად იმაზე მეტი იცის, ვინც ამბობს, ყველაფერი ვიციო. საქართველო დაღუპეს, დანგრევის პირას მიიყვანეს "ყოვლისმცოდნე" ადამიანებმა! წარმოუდგენელია, ერთმა კაცმა ყველაფერი იცოდეს.

- ინტერნეტში ambebi.ge-მ ბიძინა ივანიშვილის მიერ ქველმოქმედებისთვის გაღებული თანხების სრული ნუსხა გამოაქვეყნა. მგონი, უდიდესი ნაწილი სწორედ სამთავრობო რეფორმების გატარებისთვის არის დახარჯული.

- როგორც ირკვევა, ბიძინა ივანიშვილი აძლევდა ფულს ხელისუფლებას და ფიქრობდა, რომ ამით საზოგადოებას ეხმარებოდა. ერთ მშვენიერ დღეს კი მიხვდა, რომ ფული ფუჭად დახარჯა, ამიტომაც გადაწყვიტა პოლიტიკაში მოსვლა.

ახლა ისიც გაირკვა, რომ ძალიან ბევრი ობიექტი, სადაც ხელისუფლება ლენტებს ჭრიდა და ქულებს იწერდა, სწორედ ბიძინა ივანიშვილის ძალისხმევით ყოფილა გახსნილი. რეფორმები, რომელთა წარმატებაზეც ხელისუფლება მუდმივად ლაპარაკობდა, თურმე სწორედ ბიძინა ივანიშვილის დამსახურება ყოფილა.

ახლა ხელისუფლებას გაახსენდა, რომ ივანიშვილი "რუსული პროექტია". გამოდის, ეს პროექტები რუსული ფულით დაფინანსებულა და ხელისუფლებაც რუსული ფულით იღებდა ხელფასს.

- ეროვნულმა ბანკმა მზადყოფნა გამოთქვა, "ქართუ ბანკს" იმ ოდენობის ფული გამოუყოს, რაც დაუყადაღეს.

- ხელისუფლება გაუაზრებლად და ექსცენტრიკულად მოქმედებს. მან არა მარტო "ქართუ ბანკს", მთელ საფინანსო სისტემას შეუქმნა პრობლემა. რეალურად ხომ ბიძინა ივანიშვილის ბანკი წარმოადგენს კაპიტალის ძალიან მცირე ნაწილს, რომელსაც ზურგს თავად მაგნატი უმაგრებს? ბიძინა ივანიშვილი თავად არის გარანტი, რომ მისი ბანკის კლიენტები არ დაზარალდებიან. ამიტომ ხელისუფლება მიხვდა, რომ "ქართუსთან" ბრძოლით ივანიშვილზე მეტად საკუთარი თავი დააზარალა.

სასაცილო იყო ეროვნული ბანკის შესვლა "ქართუშიც" იმ მოტივით, რომ ფინანსური სტაბილურობა უნდა იყოს უზრუნველყოფილი. აშკარაა, ამ ვითარებაში "ქართუსთვის" წართმეული მილიონების დაბრუნება უფრო გონივრული იქნება.

ცხადია, ხელისუფლებას ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში გამოჩენისა იმდენად შეეშინდა, რომ არაადეკვატურად მოიქცა.

www.ambebi.ge

ივანიშვილის ქველმოქმედება 2005-2010 წ.წ.

2005-დან 2010 წლის ჩათვლით ივანიშვილმა ქველმოქმედებაზე 1.156.081.151 ლარი დახარჯა. აქ მოყვანილია თანხა, რომელიც ფონდი "ქართუს", ისტორიულ ძეგლთა დაცვისა და გადარჩენის ფონდისა და ასოციაცია "ატუს" მეშვეობით ქველმოქმედებისთვის დაიხარჯა.

2010 წელი

2010 წელს ფონდ "ქართუს" შემოსავლის სახით მიღებული აქვს 134.499.001 ლარი, რომელიც სრულად დახარჯულია ქველმოქმედებაში. 2010 წლის პროგრამული ანგარიშის თანახმად, ფონდი 18.089.169 ლარით კულტურისა და ხელოვნების სფეროს დაეხმარა. აქ შედის როგორც ეკლესიებისა და კულტურული ძეგლების რეაბილიტაციისთვის, ასევე ხელოვნების დამსახურებული მუშაკებისთვის, ფილარმონიის  საკონცერტო დარბაზის გარემონტებისა და სხვ. გამოყოფილი თანხები.

7.517.003 ლარით სპორტის სფერო დაფინანსდა. გათვალისწინებული იყო თანხა სპორტსმენებისა და მწვრთნელების სოციალური  დახმარებისთვის, 2.085.545 ლარი კი - საქართველოს რაგბის კავშირისთვის.

მედიცინის სფერომ ფონდისგან 10.928.224 ლარი მიიღო. აქ შედის საჩხერის რაიონის  მოსახლეობის ჯანმრთელობის დაზღვევის  ხარჯებიც და მათი უფასო სამედიცინო მომსახურებისთვის გადახდილი თანხაც. მეცნიერული სფეროსთვის მხოლოდ 2010 წლის განმავლობაში 2.753.420 ლარია გაღებული. ამ თანხისგან 1.169.032 ლარი თბილისის ბოტანიკური ბაღისა და ბოტანიკის ინსტიტუტის თანამშრომლების სოციალურ  დახმარებას, კომუნალურ გადასახადებს, ბოტანიკურ ექსპედიციებს, საზღვარგარეთის მივლინებებს, კომპიუტერული და საბაღო ინვენტარის შეძენას მოხმარდა, 1.036.400 ლარი კი მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსებისა და  წევრ-კორესპონდენტების  სოციალურ დახმარებას.

980.607 ლარი განათლების სისტემას გადაერიცხა, აქედან 505.753 ლარი კავშირს "სხივი 21", საჯარო სკოლების კომპიუტერული ტექნიკით უზრუნველსაყოფად. ამავე დოკუმენტებით ირკვევა, რომ ივანიშვილმა სოფლის მეურნეობის სფერო 2010 წელს  884.509 ლარით დააფინანსა, რეგიონების განვითარებისთვის კი 88.385.025 ლარი გადარიცხა. მანვე 17.261.100 ლარით დააფინანსა ფრანგული სკოლის მშენებლობაც, 10 მლნ-ით კი პროექტი "ქონების დაგროვების ფარგლებში" საგრანტო პროგრამები. 6.791.100 ლარი დახარჯა საჩხერის მიწისძვრით დაზარალებული მოსახლეობის სახლების რეაბილიტაციაზე, 6.673.500 ლარი - სამედიცინო კომპლექსის, 6.041.600 ლარი კი რაგბის სტადიონის ასაშენებლად. სოციალურად დაუცველი პირების დასახმარებლად "ქართუმ" 592.726 ლარი გამოყო.

2009 წელი

2009 წელს ფონდ "ქართუს" საქველმოქმედოდ გაცემული აქვს სულ 125.391.897 ლარი.

2008 წელი

საქართველოს ისტორიულ ძეგლთა დაცვისა და გადარჩენის ფონდმა 4.198.162 ლარი დახარჯა  ქველმოქმედებისთვის, ხოლო ფონდმა "ქართუმ"  - 170.223.837.

2007 წელი

საქართველოს ისტორიულ  ძეგლთა დაცვისა და  გადარჩენის ფონდმა 2007 წელს ქველმოქმედებაზე 2.818.094 ლარი დახარჯა. ამავე წელს "ქართუმ" ქველმოქმედებას 181.916.475 ლარი მოახმარა.

2006 წელი

ოფიციალური მონაცემებით, 2006 წელს ფონდმა "ქართუმ" 272.933.005 ლარის ღირებულების პროექტები  დააფინანსა, საქართველოს ისტორიულ ძეგლთა დაცვისა და გადარჩენის ფონდმა კი 69 ისტორიული ძეგლისა და ეკლესიის აღდგენა-მშენებლობა, რაზეც 2.349.883 ლარი დაიხარჯა. ასოციაცია "ატუმ" 2006 წელს სხვადასხვა ქველმოქმედების სახით146.139.009 ლარი დახარჯა.

2005 წელი

ოფიციალური მონაცემებით, "ქართუმ" 2005 წელს 81.600.900 ლარის ღირებულების პროექტები დააფინანსა. ამავე წელს საქართველოს ისტორიულ ძეგლთა დაცვისა და გადარჩენის ფონდმა 15 ძეგლისა და ეკლესიის რესტავრაცია დააფინანსა, რაზეც 419.027 ლარი დახარჯა, 148.439 ლარი კი ქარელის რაიონში  დირბის სამონასტრო კომპლექსის მშენებლობა-რესტავრაციას მოხმარდა, 53.995 ლარი წალკის რაიონის სოფელ არჯევან-სარვანის ეკლესიის საპროექტო-სარესტავრაციო სამუშაოებს. ასოციაცია "ატუმ" 2005 წელს ქველმოქმედებისთვის 44.944.858 ლარი გაიღო.

სრული ვერსია იხ. ინტერნეტმისამართზე www.ambebi.ge

"სიბრძნე ოქროზე ძვირფასია, მაგრამ პატიოსნება, სამართლიანობა და ღირსება სიბრძნეზე მნიშვნელოვანი"

ალი აფშერონი