მერაბ მეტრეველის კვირის ფიქრები... - კვირის პალიტრა

მერაბ მეტრეველის კვირის ფიქრები...

რა სარგებლობა მოაქვს ივანიშვილს

აბა, მკითხველებო, ვინ მეტყვის, რა სარგებლობა მოაქვს ივანიშვილს? არ ვგულისხმობ იმას, რომ პოლიტიკური პროცესები გამოაცოცხლა და ოპოზიციურად განწყობილ მოსახლეობაში იმედის მარცვალი გააღვივა, არც ქველმოქმედებაზე დახარჯულ მილიარდზე მეტ ლარს. მე ისეთ სარგებელს ვგულისხმობ, რომელსაც ხელისუფლებაში მყოფი ადამიანი თუ მოგვცემს და ეს უკვე ხელისუფლებაში მოუსვლელად იძლევა. თქვენ რა გგონიათ, გიგი უგულავამ თბილისელებს ტრანსპორტით მგზავრობისთვის ხუთ-ხუთი ლარი რომ დაურიგა, ვისი დამსახურებაა? თქვენი არ ვიცი და, მთელი თბილისი დარწმუნებულია, რომ ივანიშვილის, და მათ ვერავინ დაუშლის ასე ფიქრს. ეს იმიტომ, რომ ივანიშვილის გამოჩენამდე ხელისუფლება მხოლოდ გაძვირებაზე იყო გადასული და ახლა, უცებ რომ გაკეთილშობილდა, აბა, სხვას რას უნდა მივაწეროთ, თუ არა კონკურენტის შიშსო? როგორ ფიქრობთ, ივანიშვილის გამოჩენის დამსახურება არ არის ის განცხადება, რაც პრეზიდენტმა სააკაშვილმა მთავრობის სხდომაზე გააკეთა? - ყველას მოვუწოდებ, უპირველესად 45-დან 60 წლამდე ადამიანები აიყვანონ სამსახურში და ის მეწარმე, რომელიც ამას გააკეთებს, შემოსავლების გადასახადისგან გათავისუფლდებაო? მე ვფიქრობ, რომ სწორედ მისი დამსახურებაა და დარწმუნებული ვარ, ასე ფიქრის ლეგიტიმური საფუძველი მაქვს. ამდენი წელია, ამ ხელისუფლებას მთავარ ბრალდებად სწორედ იმას უყენებენ, 45 წელს გადაცილებულები უვარგისად გამოაცხადა და ჩარეცხაო და ერთხელ ყურიც არ შეუბერტყავს, ახლა კი მოულოდნელად პრეზიდენტს სწორედ 45 წელს გადაცილებული ადამიანების სიყვარულის ბუშტი გაუსკდა, თან ისე დიდი, რომ პრეზიდენტს განსაკუთრებული რამ მოაფიქრებინა. ისეთი განსაკუთრებული, რომ ახლა მთელი მთავრობა თავს იმტვრევს, მის ამ წინადადებას როგორ შევასხათ ხორციო. მთავრობის სადარდებელი იქით იყოს და, ჩვენ შეგვიძლია უკვე ივანიშვილის მიერ ხელისუფლებაში მოუსვლელად გაკეთებული საქმეები დავითვალოთ. მაშ, ასე: ივანიშვილმა ხალხს უკვე დაურიგა ხუთლარიანი დახმარება და შეცვალა მთავრობის პოლიტიკა, რომელიც 45 წელს გადაცილებულთა აშკარა დისკრიმინაცია იყო. როგორც ამბობენ, ხელისუფლება კონკურენტის შიშით კიდევ ბევრ სასიკეთო რამეს გააკეთებს. ჰოდა, დაველოდოთ, კიდევ რა სარგებელს მოგვიტანს ივანიშვილი.

რა სარგებლობა მოაქვს პროპაგანდას

თუმცა ხელისუფლება კონკურენტის შიშით მხოლოდ კარგ საქმეებს როდი სჩადის. წინა კვირასაც ჩამოგითვალეთ ის უაზრობები, რაც გააკეთეს. ამ კვირაში კიდევ რამდენიმე დაამატეს.  ჯერ იყო და, კვირის დასაწყისში ივანიშვილის მოსკოვის ოფისის თანამშრომელი დააკავეს, აქაოდა, ქვეყანაში გაურკვეველი ქვები შემოჰქონდა, შეგვეშინდა რადიაციული არ ყოფილიყოო, მერე გაავრცელეს, ქვები მაგიური დანიშნულებისაა და როგორც ეტყობა, ივანიშვილი ოკულტიზმით არის გატაცებულიო, მერე რამდენიმე ორგანიზაციას, რომლის თანამშრომლებსაც ფული "ქართუ ბანკში" ერიცხებოდათ, ანგარიშები სხვა ბანკებში გადაატანინეს. შუა კვირაში კი ივანიშვილთან თანამშრომლობისთვის ალასანიას დასჯა გადაწყვიტეს და თბილისის საკრებულოში ის თანამდებობები, რომლებიც მისი პარტიის წევრებს შარშან თავად უბოძეს, ახლა დიდი სკანდალით ჩამოართვეს. აქაოდა, ზურაბ აბაშიძემ და ვიქტორ დოლიძემ დაკისრებულ მოვალეობას თავი ვერ გაართვესო. ამ ამბავს დიდი ხმაური მოჰყვა საკრებულოში: ვიქტორ დოლიძემ განაცხადა, საკრებულოს თავზე დღეიდან წითელი დროშა ფრიალებს და მას სწორედ მე და აბაშიძე ჩამოვხსნითო. აქა-იქ გინებაც კი გაისმა. არადა, ამაზე დიდ სისულელეს ხელისუფლება ვერ ჩაიდენდა. თუ დაუკვირდებით, ამით ხელისუფლებამ ალასანიას პარტიას არათუ ავნო, პირიქით, რეკლამაც კი გაუკეთა. ალასანიას ბოკერიასთან შეხვედრისა და ამ თანამდებობებზე დათანხმების გამო ვიღაც-ვიღაცები ხელისუფლებასთან ალიანსშიც კი ადანაშაულებდნენ, ახლა კი ამ ქმედებით ხელისუფლებამ მას ჭეშმარიტი ოპოზიციის სახელი საბოლოოდ დაუმკვიდრა. თუმცა რად გინდა, ეს ამბავი საქართველოს მოსახლეობის 80%-ს არ გაუგია. თბილისის საკრებულოში ატეხილი სკანდალი არც ერთი ნაციონალური მაუწყებლისთვის საინტერესო არ აღმოჩნდა - არც "იმედმა" და არც "რუსთავი 2"-მა  (მხოლოდ "საზოგადოებრივმა მაუწყებელმა" გააშუქა) ეს თემა მთავარ გამოშვებაში არ გააშუქეს.

თუმცა ყველაფერი ეს რა არის იმასთან შედარებით, რაც ხელისუფლებამ კვირის ბოლოს გააკეთა. ამას ვერც თქვენი და ვერც ჩემი ფანტაზია ვერ გასწვდებოდა. შინაგან საქმეთა მინისტრის ტელევიზია "რეალ თV" ექსტრასენსებს, მკითხავებსა და წინასწარმეტყველებს მიადგა, რას იტყვით ივანიშვილის პოლიტიკურ მომავალზეო და ამ თემას მთელი გადაცემა მიუძღვნეს. ექსტრასენსებმა, მკითხავებმა და მჩხიბავებმაც "რეალ თV"-ის ის უთხრეს, რისი გაგონებაც უნდოდა: ივანიშვილის ირგვლივ პროცესს ხუთი კაცი მართავს, აქედან სამი საქართველოშია, ორი კიდევ... აბა, თუ გამოიცნობთ, ორი სად არის, ვინც ბიძინა ივანიშვილს მართავს? რა თქმა უნდა, რუსეთში. ახლა ის ორი ვინ არის, არც ამის მიხვედრას უნდა დიდი მჩხიბაობა. აი, ასეთი სარგებლობა მოაქვს პროპაგანდას.

(სიუჟეტი იხ. palitratv.ge-ზე)