"რატომ უნდა ვიყო ჩუმად, როდესაც არც სააკაშვილი მომწონს და არც ივანიშვილი?" - კვირის პალიტრა

"რატომ უნდა ვიყო ჩუმად, როდესაც არც სააკაშვილი მომწონს და არც ივანიშვილი?"

"ივანიშვილს ერჩია, მთვარეზე ეძებნა ხალხი, ვიდრე რესპუბლიკელები და ალასანია დაეყენებინა გვერდით"

"ივანიშვილმა გონივრული გადაწყვეტილება მიიღო, როდესაც  ქუჩაში გასვლაზე უარი თქვა"

რას შეცვლის ქართულ პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილის მოსვლა? ამის შეფასება არა მის მოკავშირეებს, არამედ იმ პოლიტიკურ ძალას ვთხოვეთ, რომელიც ივანიშვილმა არასასურველ პარტნიორთა შორის დაასახელა.პარლამენტის ვიცე-სპიკერს, ქრისტიან-დემოკრატ ლევან ვეფხვაძეს ახალ ქართულ პოლიტიკურ რეალობაზე ვესაუბრეთ:

- როდესაც პოლიტიკაში უზარმაზარი ფინანსური რესურსების ადამიანი მოდის, ბუნებრივია, ეს პოლიტიკურ ლანდშაფტში ცვლილებებს იწვევს. დრო იქნება საჭირო, რომ ყველაფერი დალაგდეს, გამოიკვეთონ ძირითადი მოთამაშეები და გაირკვეს, რომელი პოლიტიკური ძალა ვის გარშემო კონცენტრირდება.  ბიძინა ივანიშვილისგან ბევრს ელიან, მაგრამ რაც დრო გადის, ზოგს ეს მოლოდინი უმტკიცდება, ზოგსაც შეკითხვები უჩნდება. როდესაც მეცენატი ხარ და ყველას ფულს აძლევ, ბუნებრივია, საყოველთაო სიმპათიით სარგებლობ, მაგრამ როდესაც პოლიტიკაში მოდიხარ, ვიღაცას შეიძლება აღარ მოეწონო, ზოგმა გაგაკრიტიკოს, ზოგმა კი გითხრას - ფულს იმიტომ მიხდიდი, რომ პოლიტიკაში მოსასვლელად ემზადებოდიო.

- თავად თუ გაქვთ კითხვები ივანიშვილთან?

-  მის სატელევიზიო ინტერვიუში რაც ვნახე, ჩანდა, რომ კრიტიკისადმი არცთუ კეთილგანწყობილია - კრიტიკის საპასუხოდ  არაადეკვატური და აგრესიული ხდება. ხშირად ჭკუას არიგებს ექსპერტებს და ჟურნალისტებს. თქმა, რომ ეს ნორმალურია, ნიშნავს, ხელი შეუწყო ახალი სააკაშვილის შექმნას. სააკაშვილის მთავარი პრობლემა  არის და იქნება ის, რომ აზროვნების მონოპოლიის ამბიცია აქვს. თუ ჩვენ ერთის აზროვნების მონოპოლია მეორით შევცვალეთ, ჭკვიანური არ იქნება. ივანიშვილი, რომელიც 2012 წლის არჩევნებში პარლამენტში ადგილების 2/3-ის მიღებას აპირებს, ვეჭვობ, ისეთივე ყაიდის პოლიტიკოსი იქნება, როგორიც სააკაშვილია.

აზროვნების მონოპოლია ერთი პრობლემაა, მაგრამ სხვაა, როდესაც ფიქრობ, რომ შენი მოსაზრება აბსოლუტური ჭეშმარიტებაა. ეს ნიშნავს, რომ ბევრ ისეთ შეცდომას დაუშვებ, რომელთა კრიტიკულად შეფასების უნარი თავად არ გაქვს და არც სხვას უჯერებ.

ეს არის სააკაშვილის ხელისუფლების უმთავრესი პრობლემა და ამ პრობლემის კონტურებს ვხედავ ბიძინა ივანიშვილის შემთხვევაშიც. ზოგიერთი ექსპერტი თუ ჟურნალისტი, რომელთაც ფინანსური თუ სხვა მერკანტილური მოლოდინი აქვთ, ივანიშვილს ასეთ კითხვებს არ უსვამენ, რაც არასწორია.

ერთ ნაწილს   ივანიშვილის დიდი ფინანსური შესაძლებობები ხიბლავს, მეორე ნაწილი კი ფიქრობს, რომ  ივანიშვილმა შეიძლება სააკაშვილი შეცვალოს, ამიტომ დღეს მისი კრიტიკა შესაძლოა, საერთო საქმისთვის აღმოჩნდეს საზიანო. ამიტომაც ბევრ რამეზე თვალს ხუჭავენ, რაც ასევე არასწორია, რადგან ადამიანს, რომელსაც არავინ აკრიტიკებს, გაუმყარდება აზრი, რომ ის არის ერთადერთი და აბსოლუტური ჭეშმარიტება.

ივანიშვილს, როგორც ჩანს,  წყენის დამახსოვრება სჩვევია. ახსოვს, რომ ის "დროებაში" გავაკრიტიკეთ ამერიკული სოფლის გამო, როდესაც მან ეს სოფელი დაანგრია. ხელისუფლება მაშინ ივანიშვილის ნებისმიერ კაპრიზს ასრულებდა, რაც ასევე არასწორი იყო.

დარწმუნებული ვარ, კრიტიკით ჩვენ გაცილებით კარგს ვუკეთებთ მას, ვიდრე ის ადამიანები, ვინც გარს ახვევია და გარკვეულ ვაკუუმს უქმნიან. გეხსომებათ, გიორგი თარგამაძემ თქვა, ხელისუფლებას სჭირდება, ივანიშვილი ქუჩაში გავიდეს, რომ არჩევნებამდე მოითავოს ეს ადამიანიო და მოკლე ხანში ივანიშვილმა განაცხადა, ქუჩაში არ გავალო. არადა, შეიძლება გარემოცვიდან ბევრი ეუბნებოდა  დღესვე გავიდეთ ქუჩაში და სააკაშვილი დავამთავროთო.

ვიცნობ იმ ადამიანებს, ვინც ივანიშვილს გარშემო ჰყავს. ბევრმა იცის, რომ არჩევნებში გამარჯვება იოლი არ იქნება, დიდი ჭიდაობა გაიმართება და რევოლუცია ურჩევნიათ, მაგრამ ივანიშვილმა გონივრული გადაწყვეტილება მიიღო, როდესაც  ქუჩაში გასვლაზე უარი თქვა. ამდენად, ჩვენი კრიტიკა მისთვის ბევრად სასარგებლო აღმოჩნდა, ვიდრე გარშემომყოფთა დითირამბები.

- თუმცა იმასაც ამბობენ, რომ ბიძინა ივანიშვილი მეხოტბეებს ვერ იტანს.

-  თუ მეხოტბეები არ უყვარს, მრჩეველთა საბჭოში ნახევარზე მეტი ახლოს არ უნდა გაეკარებინა. ყურში მომხვდა ალასანიასა და რესპუბლიკელების მისეული შეფასებები. მათ ადგილას, ივანიშვილის ნათქვამის გამო თავს უხერხულად ვიგრძნობდი. ივანიშვილმა განაცხადა, რესპუბლიკელები და ალასანია არ მოგწონთ, მაგრამ რა ვქნა, მთვარეზე ხომ არ დავიწყებ ხალხის ძებნასო. ჩანს, ივანიშვილის პარტნიორებს მიზნები მოთმინებას აიძულებს.

- რა მიზნებს გულისხმობთ?

- მათი მიზანია, ივანიშვილს ელმავლის ფუნქცია შეასრულებინონ.  ალასანია და რესპუბლიკელები ამბობენ, პარლამენტში 2/3 მხოლოდ ივანიშვილმა კი არ უნდა აიღოს, ჩვენც ამ 2/3-ის თანაზიარი უნდა ვიყოთო. ეს არის მოდელი, რომელიც რესპუბლიკელებმა 2003 წელს სააკაშვილის შემთხვევაში გამოიყენეს. ამავე სქემას ვხედავ ახლაც. ბიძინა ივანიშვილმა რესპუბლიკელები და ალასანია იმიტომ აირჩია, რომ პროდასავლური იმიჯი შეიქმნას, თუმცა ერჩია, მართლაც მთვარეზე ეძებნა ხალხი, ვიდრე ისინი დაეყენებინა გვერდით.

ივანიშვილმა გამოაცხადა ახალი კონცეფცია, რომ ქართულ პოლიტიკაში მხოლოდ ორი პოლუსი უნდა იყოს და თქვა, ვინც დღეს ჩემზე ცუდს ფიქრობს, ჩუმად არის, ვინც ხმამაღლა ლაპარაკობს, ხელისუფლებასთან არის შეკრულიო. რატომ უნდა ვიყო ჩუმად, როდესაც არც სააკაშვილი მომწონს და არც ივანიშვილი?  არჩევნების მერე რა იქნება, უცნობია და აჯობებს, ყველა ხიდს ნუ დაწვავენ, თორემ ეს ბუმერანგად დაუბრუნდებათ.

- მიანიშნებთ, რომ შესაძლოა, მომავალ პარლამენტში 2/3-ის მისაღებად ივანიშვილს თქვენთან მოუხდეს თანამშრომლობა?

- ისე ნუ მოიქცევიან, რომ კოალიციაზე ლაპარაკი ახლავე შეუძლებელი გახდეს. არასწორია ფორმულა: ან ყველაფერი, ან - არაფერი. თუ ივანიშვილი და მისი გარემოცვა ამ ფორმულით აპირებს ხელმძღვანელობას, ჩვენი გზები ვერ გადაიკვეთება.  ბიძინა ივანიშვილს აქვს რესურსი, მაგრამ მას დამოუკიდებლად პარლამენტის 2/3-ის კი არა, 1/2-ის მიღებაც გაუჭირდება.