"ფეხი დამადგით, კვერცხზე დამადგით!.." - კვირის პალიტრა

"ფეხი დამადგით, კვერცხზე დამადგით!.."

შესავლის ნაცვლად:

"ფეხი დამადგით, გულზე დამადგით ფეხი ყოველმან, წყალობა ჰყავით..." - ეს ჩვენმა დიდმა პოეტმა ქალმა ანა კალანდაძემ დაწერა.

მაგრამ "ნამდვილი ავტორი" ხომ დავით აღმაშენებელია - მეფე-წმინდანი, რომელმაც უზომო ღვაწლის მიუხედავად, თავმდაბლობის უბადლო მაგალითი დაგვიტოვა ამ ანდერძით - ცოდვილი ვარ და დაე, გელათის ტაძარში შემომსვლელმა ყოველმა მლოცველმა გულზე ფეხი დამადგასო!

გავიდა თითქმის 900 წელი და საქართველოს "მეორე აღმაშენებელმა" და "უახლესი ისტორიის შემოქმედმა" იმ საფლავთან ფიციც დადო, 7-8 წელიწადში ყველაფერი "აღაშენა" კიდეც და როდესაც შეატყო, სიკვდილამდე მეფობა აღარ გამომდისო, "თავმდაბლობის ძეგლი" ახლავე დაიდგა: ბათუმის "რედისონი" ხომ დღეს ჩვენი გელათიც არის და ალავერდიც, ჰოდა, იმის წინ დაიდგა კომპოზიცია: "შლოპანცები დამადგით კვერცხებზე"!

რაც შეეხება იმას, თუ ვისი ან რისი კვერცხებია შუა ბათუმში გამომზეურებული, მაგაზე მკითხაობას ახლა არ დავიწყებ - მთავარია, რომ "კვერცხობაა", მაგრამ კიდევ უფრო საინტერესო ის არის, რომ ამ "ქმნილებაზე" დიდი გაწამაწიაც გამართულა: დედაქალაქის მერს (ჯერჯერობით თბილისს ვგულისხმობ) ისე მოსწონებია პროექტი, რომ მისი პატარა მაკეტი ახლაც კაბინეტში უდგას თურმე, მაგრამ ბოლოს მაინც ყველაზე "ტურისტულ-სტრატეგიულ" ქალაქში გადაწყდა ყველაზე "ტურისტულ-სტრატეგიული" ფეხსაცმლის დადგმა.

დედაქალაქზე, ჯერჯერობითო, რომ ვთქვი - ცხადია, ქუთაისის "გადედაქალაქება" ვიგულისხმე და იმის მიუხედავად, რომ ამაზე ადრეც არაერთხელ ვისაუბრეთ, მაინც არის სიახლე: ესენი ეტყობა, აღარ ხუმრობენ და პარლამენტის აპარატის თანამშრომლებს მხოლოდ ორი კვირის ვადა მისცეს გადაწყვეტილების მისაღებად - ან ქუთაისში გადმოხვალთ საცხოვრებლად და სამუშაოდ, ან დარჩებით აქ უმუშევრად და აგე - შალიკოს მიტინგებზე, ადგილი უამრავიაო (შალიკოზე გამახსენდა: ჩემი პირობა, რომ რადიო "პალიტრაში", გადაცემა "პროვოკატორის" ეთერში მოსვლაზე ლეიბორისტთა ლიდერის დათანხმებაში სახინკლეს ვკისრულობ, ძალაშია).

სამაგიეროდ, ქუთაისი გახდება ყველაზე "დასაქმებული" ქალაქი საქართველოში.

სხვათა შორის, რუსეთისგან "მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში" გაწევრების სანაცვლოდ "ვითომ" გამოგლეჯილი დათმობაც საზღვრების მონიტორინგის შესახებ, "ბლეფი" აღმოჩნდა: შვეიცარიელები მხოლოდ სახმელეთო საზღვარს გააკონტროლებენ?! ე.ი. თუკი რუსებს იარაღის ან სხვა "მამაძაღლობის" შემოტანა დასჭირდათ და ამისთვის თვითმფრინავები გამოიყენეს, ჩვენც და იმ შვეიცარიელებმაც ქვევიდან ავხედოთ და დავინახავთ, რაზეც დაგვიკიდებენ.

ან - კიდევ უფრო მარტივი სიტუაცია: ვთქვათ, მოადგა "კალაშნიკოვებით" ან თუნდაც ჯავშანტექნიკით დატვირთული კოლონა როკის გამოსასვლელს, ან ფსოუს ხიდს და "შემთხვევით" ან შემთხვევით, მონიტორინგის ტექნიკა დაზიანდა, უცხოელებს, რომლებსაც მხოლოდ "ელექტრონული მონიტორინგის" უფლება აქვთ, ხოლო ტვირთის შეჩერება კი არ შეუძლიათ (თანაც, ეს ყველაფერი დიდად არ ადარდებთ), გგონიათ, პასუხს მოვთხოვთ?

და რაც ყველაზე მთავარია: ამ წინადადებას რუსები თვითონ გვთავაზობდნენ ადრე და რას მაიმუნობთ და არტისტობთ ახლა, თქვე ჩემის მესაზღვრეებო?!

კარგი, ჯანდაბას მაგათი თავი... ცხინვალის არჩევნებზეც ვთქვათ ორიოდ სიტყვა: არ ვიცი, მეორე ტურში რა მოხდება, მაგრამ პირველი ტური ძალიან "საყვარლობა" იყო - 32 ათასი რეგისტრირებული ამომრჩევლიდან შუადღისთვის მესამედზე ნაკლებს ჰქონდა ხმა მიცემული, ზუსტად იმდენს, კომისიის რამდენი წევრი და დაცვის თანამშრომელიც იყო უბნებზე! თვით კოკოითსაც ბევრი უცინია ამ სტატისტიკაზე. ბოლოს მიუყვანიათ ორი მესამედი და, პრეზიდენტად რომ უნდა დასვან, იმ ბიბილოვს 24% მიუღია. ახლა დავთვალოთ: 32 ათასის 2/3 არის დაახლოებით 21000 და ამის 25% არის 5000!

ესეც ჩვენი ამოცანის პასუხი: 5000 კაცის არჩეული "პრეზიდენტი" რომ თავზე წამოგაჯდება და გაიძულებს, "შვეიცარიული მონიტორინგი" დაუყენო (მერე რა, რომ რუსეთის ზურგით), ზუსტად ის ძეგლი გვეკუთვნის, რაზეც შესავალში მოგახსენებდით...

P.S. კიდევ ერთი "მიღწევა", რითაც "მეორე აღმაშენებელი" ამაყობს, სამართლიანი სასამართლოა. ის, "ძველი და დრომოჭმული" აღმაშენებელი "გალობანი სინანულისანში" წერდა: "მსაჯული მართალ სჯიდე... მართალნი ნეტარებდნენ, ცოდვილთა ჰგვემდეს ცეცხლი", აქ კი - "აღშენებულ-შლოპანცებიან-მონიტორებიან" საქართველოსი გასულ კვირაში ციხიდან თვრამეტი წლის ქალიშვილი გამოვიდა, რომელიც 13 წლისა დაიჭირეს და სრულად მოახდევინეს სასჯელი არჩადენილი დანაშაულისთვის!

...ყველაზე ცუდი კი ის არის, რომ ოპოზიციისაც მეშინია... თორემ ამათ, ბოლოს და ბოლოს, მართლაც დაადგამენ კვერცხებზე ფეხს, ისეა ხალხი გამწარებული. მაგრამ მერე მათაც რაიმე უცნაური ძეგლი არ წამოგვიჭიმონ უალაგო ალაგას...

პროვოკატორი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)