შალვა, მოგვენატრე, გამოჩნდი! - კვირის პალიტრა

შალვა, მოგვენატრე, გამოჩნდი!

ახალ წელს საქართველოს პრეზიდენტი ავღანეთში შეხვდა.

მიხეილ სააკაშვილის, როგორც პრზიდენტის, პირველი ახალი წელიც მახსოვს - მაშინ თბილისში, მოხუცთა ერთ-ერთ თავშესაფარში შეხვდა 2004 წელს და დაპირებებიც უხვად გაიღო. შეასრულა კიდეც: სულ მალე ის მოხუცები წავკისში, ფეშენებელურ აგარაკზე გადაიყვანეს. ოღონდ ერთი "პატარა უსიამოვნება" ახლდა ამ ამბავს: ის აგარაკი კონტროლის პალატის თავმჯდომარეს, სულხან მოლაშვილს ჩამოართვა, თვითონ მოლაშვილი, გამოგონილი ბრალდებით (ანუ პირადი ბოღმით) ციხეში ჩაამწყვდია და იქ მას დიდხანს აწამებდნენ (რაც არაერთმა საერთაშორისო ორგანიზაციამ დაადასტურა).

რატომ გამახსენდა ახლა ის პირველი ახალი წელი, იცით? რატომ და, მაშინაც და ახლაც "სახელმწიფოობანას" თამაშობდა სააკაშილი და მაშინ თუ ერთი ძველი ფრანგული კომედიის პერსონაჟივით "ბოროტად თამაშობდა", ახლა "სათამაშოების მაგნატი მამიკო" ვეღარ ქაჩავს და მისი "ავღანური გართობაც" შედარებით უწყინარი იყო - მხოლოდ "ტომ სოიერის თავგადასავლის" ერთი სცენა გამახსენა მისმა სატელეფონო (თუ რაცია იყო ის, ვერ ვერკვევი მაგეებში) გადაძახილმა სხვადასხვა საგუშაგოსთან.

მართალია, მიშა მაინც მიშაა და ქართული ფოლკლორისა არ იყოს, "აქლემი ისე არ დავარდება, ვირის ტვირთი ვერ ასწიოსო" და "ბებერი ხარისა რქებიც ხნავენო" (პრეზიდენტის "პონტში" ბებერია, აბა, რა, "გადაბერებულიც" კი შეიძლება ვუწოდოთ). ამიტომ მხოლოდ თამაშს არ დასჯერდა და "მიშური" მაინც ჩაატარა: ავღანეთიდან დუბაიში "დაგაზა" (აბა, რა ქნას - ლაზიკას აშენება არ დააცადეს და...)

ჰო, "ტომ სოიერიდან" იმ ეპიზოდს რაც შეეხება: გახსოვთ, ტომი რომ მესერს ღებავს და მისი მეგობარი ბენ როჯერსი გამოჩნდება ვაშლის კბეჩით და, რაც მთავარია - "გემით"?! ანუ, ვითომ დიდი ხომალდი იყო და როგორც ავტორი წერს, "ერთსა და იმავე დროს ის ხომალდიც იყო, კაპიტანიც, გემის საყვირიც, ასე რომ, მას თავი წარმოედგინა საკუთარ გემზე, ბრძანებასაც თვითონ იძლეოდა და თვითონვე ასრულებდა.

- შეჩერდი! ტინ-ლინ-ლინ, ტინ-ლინ-ლინ!..

- უკანა სვლით! ტინ-ლინ-ლინ!..

- უკანა სვლით! საჭე მარჯვნივ! ტინ-ლინ-ლინ! ჩშშ-ჩშშ-ჩშშ!.."

ზუსტად ასე ისმოდა ჩვენი ტელეეკრანებიდან ახალ წელს სააკაშვილის სიტყვები:

- რა ხდება, ისვრიან მანდაც? თუ არ ისვრიან? აბა, ახლა სხვა საგუშაგოს დამაკავშირეთ... სროლა თქვენთანაც გრძელდება? რა?! რაღა დროს სროლაა?..

თან ისეთი სახე ჰქონდა - ბავშვობაში რომ ომობანას არ ათამაშებდნენ და ახლა რომ ინაზღაურებდა... ერთი ისღა აკლდა, "ტინ-ლინ-ლინ!" და "ჩშშ-ჩშშ-ჩშშ!.." დაეყოლებინა.

სამაგიეროდ, ახალმა მთავრობამ, უფრო ზუსტად - პარლამენტმა, კერძოდ კი, ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, ბატონმა ხუნდაძემ (ივანიშვილის ოჯახის ექიმია, სხვათა შორის) განაცხადა, 1-ლი ივლისიდან საქართველოში მშობიარობა უფასო იქნებაო! ნიჭიერმა ქართველებმა უცებ გადათვალეს, რომ ივლისამდე ცხრა თვეზე ნაკლები იყო დარჩენილი და ბევრი მაშინვე შეუდგა საქმეს. მეორე დღეს კი მთავრობამ (ამჯერად ნამდვილად მთავრობამ, კერძოდ, ჯანდაცვის მინისტრმა სერგეენკომ - ეს საჩხერის საავადმყოფოს ყოფილი მთავარი ექიმია) "დააზუსტა": არა, ცუდი არ იქნება, რაც ხუნდაძემ თქვა, მაგრამ მთავრობას ჯერ ამ ღონისძიებისთვის საჭირო თანხები დათვლილი არ აქვსო(?). მერე კი დააყოლა, რადგან ითქვა, გავაკეთებთ, აბა, რას ვიზამთო, მაგრამ იმ "საქმედაწყებულებიდან" ბევრმა მაინც თავში ხელი შემოიკრა.

აი, ვწერ ახლა და რა გამოდის? რა და - ხელისუფლებაც გავანაწყენე და ოპოზიციაც. ასეა, ცუდი "პახმელია" ვიცი, ვიღრინები ხოლმე, თორემ სინამდვილეში, საქართველოში ცხოვრება საამურია, განსაკუთრებით, პენჯაბელი ფერმერებისათვის (ისე, სწორი ფორმა "პუნჯაბი" გახლავთ): როგორც "კვირის პალიტრა" წერს, ერთ იქაურს, რომელიც ჰოლანდიაში მზარეულად მუშაობს, უნახავ-ჩამოუსვლელად შეუძენია 50 ჰექტარი საძოვარი და არის ახლა ტკბილად - მასაც, უცხოელებზე მიწის გასხვისებისათვის ყოველგვარი შეზღუდვის მოხსნის ინიციატორსაც და ამ მიწის წინა - რაგინდარა ხერხებით ხელში ჩამგდებ პატრონსაც ძალიან მაგრად ჰკიდიათ ("ბოიშმამითხოვია"), იმ საძოვრებზე რომ ქართველ გლეხებს საქონელი დაუდიოდათ, იმათი ბედი...

P.S. ვერ დავამთავრე საახალწლო განწყობით - ხომ გითხარით, ცუდი "პახმელია" მაქვს-მეთქი ("ნაბახუსევის სინდრომი" რქმევია ცივილიზებულ-მეცნიერულად). დიდი იმედი მაქვს, რომ მომავალ "პროვოკაციაში", რომლის დაწერაც "ძველით ახალი წლის" შემდეგ, "ძველით ბედობას" მომიწევს, უკეთეს ამბებსა და განწობას დავიბედებთ მეც და თქვენც.

თუ არა და - ხელისუფლებაც და ოპოზიციაც დიდხანს გვიმყოფოს ღმერთმა და საქმეს ეგენი ანუ საწერ-საკითხავს არ გამოგვილევენ.

P.P.S. კაცო, ვიფიქრე, სადმე საახალწლო გადაცემაში მაინც გამოჩნდება-მეთქი, მაგრამ თქვენც არ მომიკვდეთ - სად დაიკარგა შალვა ნათელაშვილი, ხომ არ იცით? ვერ ვუკითხე მეც ამბავი... არადა, მართლა მომენატრა.