ხალხს - ღენჭეპო! - კვირის პალიტრა

ხალხს - ღენჭეპო!

რაღა დაგიმალოთ და, სერიოზულად მაღელვებს ჩვენი ჯერ კიდევ პრეზიდენტის მდგომარეობა - მახსოვრობის "ამბავში".

მეხსიერებას იმიტომ ვამბობ, რომ მაინც წამსვლელი კაცია, არ მინდა, ნაწყენი დარჩეს ჩემზე და ამიტომ "სინდისს", "ნამუსს", "სრულ ჭკუაზე ყოფნას" ან სხვა ასეთ განსაზღვრებებს არ ვახსენებ - "მახსოვრობა", ასე თუ ისე, "ნეიტრალური" პრობლემაა ანუ ქვეყნის დაქცევა არ გახლავთ: დაავიწყდა კაცს და მორჩა! რა მოხდა მერე?!.

ალბათ მიხვდით, რას ვგულისხმობ კონკრეტულად: ნასამართლეობის მოხსნის მისეული სასაცილო აქტისადმი მიძღვნილ პრესკონფერენციაზე რომ განუცხადა ჟურნალისტებს: ამას წინათ, ციხეში, იქაური ხელმძღვანელობის ფაქტობრივი ბრძანებით, პატიმარი ცემაში შემოაკვდათ! აბა, "ჩემს დროს" მომხდარიყო ეს, ხომ გამომაცხადებდით კაცობრიობის მტრად, ისედაც გამოცხადებული გყავართო (ჟურნალისტებს ეუბნება)!!!

ჰო, "დაავიწყდა" კაცს, - რა მოხდა მერე?! გადაიღალა და დაავიწყდა...

მტრად კი არავინ გამოგაცხადებს, მიშიკო, ნუ ნერვიულობ, დაწყნარდი, წამოწექი, აი, ეს წამალი დალიე და დამშვიდდები, დაგეძინება... შენ მოგიკვდეს ჩემი თავი!..

ნასამართლეობის მოხსნის შესახებ სააკაშვილის ბრძანებას რაც შეეხება, შესავალში "სასაცილო აქტი" ვუწოდე და იქნებ ცოტა არაქორექტულადაც გამომივიდა - იმდენი ადამიანის პირად პრობლემას, ხშირად კი დაუმსახურებელ პირად პრობლემას და ამ პრობლემების მოხსნას ეხება ეს აქტი, მაგრამ "სასაცილოობაში" აქ მხოლოდ მისი "ავტორის" განზრახვა ვიგულისხმე: რამდენიც უნდა ამტკიცონ მავანთ - ეს მისი კეთილშობილების მორიგი გამოხატულებააო, მე მაინც ვერ მომატყუებენ, "ვირეშმაკობის" გამოცნობის უტყუარი ალღო მაქვს ბავშვობიდან!

ასე რომ, როგორც ცხონებული კნეინა დარეჯან გძელაძე-თათქარიძისა იტყოდა, ოლოლო შენ, - მიხეილ, ვერ გამოიცან! რადგან სამშაბათ დილასვე, შენს რეზიდენციასთან განცხადებებით ხელში მოჩოჩქოლებულ ხალხთან ინტერვიუებისას, ერთ-ერთმა მათგანმა ყველას სათქმელი მოკლედ და ნათლად ჩამოაყალიბა:

- მადლობა არა, ისა! დიახაც, უნდა გამოეცა ეს ბრძანება: როგორ ტყუილადაც დაგვიჭირა, ისე გამოასწოროს თავისი შეცდომა!

არადა, მუშაობა - მუშაობად და დასვენებასაც სამშობლოს ინტერესებს უკავშირებს ეს კაცი: ამას წინათ სამეგრელოს მთებში, ტობავარჩხილის ულამაზეს ტბამდე თითქმის 50 კილომეტრი იარა ფეხით და გგონიათ, საკუთარი სიამოვნებისთვის?! არა, ბატონო! უკვე ნახსენებ პრესკონფერენციაზე მორცხვად "გამოტყდა" (დააძალეს, თორემ არც იტყოდა): ესეც იმიტომ გავაკეთე, რომ ვიცოდი, უამრავი უცხოური ტელეარხი გააშუქებდა ამ ამბავს და მართლაც, ბევრმა დამირეკა, რა ლამაზი ყოფილა საქართველო, ჩამოვალთ ტურისტად და ფულს დავხარჯავთ, ეკონომიკას აგიყვავებთო!

რა მაინტერესებს, იცით? რა და, ხშირად ამბობს ხოლმე: "დამირეკეს", "დამიკავშირდნენ"... ვინმემ ხომ არ იცით, რა ნომერზე ურეკავენ უცხოელი ტურისტები (პოტენციური ტურისტები)? მითხარით, რა, მეც მინდა დარეკვა, პირადად მინდა, ორი სიტყვა რომ ვუთხრა.

ჰმ, ისევ თვალსა და ხელს შუა შემომადნა ამ "პროვოკაციისთვის" განკუთვნილი ერთი გვერდი. არადა, ახალ ხელისუფლებასაც იმდენი აქვს უკვე მიქარული და გამოსწორების პირიც არ უჩანს, რომ მგონი, მთელი ჩემი "ოსტატობა" დამჭირდება მომავალში ერთ გვერდში ჩასატევად.

ამიტომ, მიხეილ, წადი, რა, დროზე და წასვლამდე კი, დაანებე თავი ამ სისულელეებს, - ხომ ხედავ, შენ გამო უფრო აქტუალურ თემებს ვცდები.

თუმცა, ცოტა რამ მაინც დაეტევა ამ გვერდზე: "ქართული ოცნების" წევრები რომ "პაჩკა-პაჩკა" გარბიან ბურჯანაძესთან; "მე-9 არხი" რომ ნახმარი ცხვირსახოცივით მოისროლეს; მიწების უცხოელებისტვის მიყიდვაზე რომ მორატორიუმი დააწესეს და გორის რაიონის სოფელ ბერბუკში მაინც რომ იყიდეს ირანელებმა (რაც მთავარია, ამისთვის არავის დასჯას რომ არ აპირებენ); ირმა სოხაძე რომ, მარგველაშვილის პიარ-მიტინგზე აცხადებს: წინა წლებში ერთ დღეში რომ აკეთებდნენ დაზიანებულ წყალსადენს და ახლა ექვსი თვე უნდებიან, ჩვენს "ჯიბრზე" აკეთებენო (მერე მიდი და დასაჯე "მოჯიბრეები", ხელისუფლება ხარ)...

P.S. ერთი სიტყვით, დიდი საქმეები მელის წინ შვებულებიდან დაბრუნებულს. ახლა კი, უცხოეთიდან თბილისის გაუვლელად, პირდაპირ გურიაში ჩასულმა, არ შემიძლია, აქაურების ერთი, და მთავარი, გულისტკივილი არ გაგიზიაროთ: ბურჯანაძესთან თუ სხვასთან გაქცევა აწი ნახეთ, ჩვენ ხმა იმიტომ მივეცით "ოცნებას", რომ პირადად ბიძინა დაგვპირდა, უახლოეს სეზონზე თხილის ფასს მივხედავო (თხილი იქაურების არსებობის ლამის ერთადერთ წყაროდღა დარჩა), - და მიხედა კი არა, გურიის გარეთ ყველგან ამაზე მეტ ფასად იბარებენ და "ნაშევარდნაძელმა" მაფიოზებმა წელს შარშანდელი კი არა, ღენჭეპოს ფასი გადაგვიხადეს. ჰოდა, მომავალ არჩევნებზე, ჩვენგან ხმებს კი არა, ღენჭეპოს მიიღებთო!

P.P.S. "ღენჭეპო" ნაჭუჭს ნიშნავს "გურულ ენაზე". სასაცილო სიტყვაა, მაგრამ არ მგონია, არჩევნებზე სასაცილოდ ჰქონდეს ზოგიერთს საქმე.