თავში მეტ(თ)ლახი! - კვირის პალიტრა

თავში მეტ(თ)ლახი!

აღარ მინდოდა ამ თემას შევხებოდი, მაგრამ ვინ გაცადა?! - წინა სამშაბათს უნდა მყოლოდა სტუმრად ჩემს გადაცემაში ორგანიზაცია "იდენტობის" წარმომადგენელი (თუ თავმჯდომარე) ირაკლი ვაჭარაძე - ამერიკაში ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონებასა და ამ მოვლენებისადმი ქართველების დამოკიდებულებაზე უნდა გვესაუბრა, მაგრამ დაანონსებისას ნათქვამი უწყინარი ხუმრობა ლამის "ტაბურეტკით სირბილად" ჩამითვალეს და ატყდა ერთი ამბავი.

გაიბუტა და აღარ მოვიდა. ჰოდა, რას ვეტყვი, იცით? რას და, - არ გინდა და, ნუ გინდა! ახლა, ამ ნათქვამში ზოგი რას იგულისხმებს და ზოგიც - რას: "წადი შენი"-დან დაწყებული, "კისერი გიტეხია"-თი გაგრძელებული და "სარი გითხ..." უჰ! ეს არა, ეწყინებათ! მოკლედ, ყველა თავისებურად გაიგებს, მე მხოლოდ ის დავწერე, რასაც ვფიქრობ და ყოველთვის მზად ვარ, დისკუსიისთვის.

ბილეთების (ფეხბურთის) თემაც არ მოძველდა - ისევ უბილეთოდ ვართ და ეჭვი მაქვს, ისეთები აღმოჩნდებიან ფეხბურთზე, ის მისვლა სტადიონზე მათთვის პირველი და უკანასკნელი იქნება, მაგრამ რას ვიზამთ.

ამის მიუხედავად, ბილეთებზე არაფერს ვიტყვი, რადგან დარწმუნებული ვარ, სუპერთასის მატჩამდე კიდევ მოხდება ამ ამბავში რამე იდიოტობა და მაშინ მივხედოთ.

აი, მთლიანად ფეხბურთზე კი, განსაკუთრებით ქართულ ფეხბურთზე - ორიოდე "ახალ" ამბავს ვიტყვი. უფრო სწორად - ჩემს ახალ დაკვირვებას: ბევრს უთქვამს ბანალური ჭეშმარიტება - ფეხბურთი იმიტომ მიყვარს, რომ ცხოვრებას ჰგავსო და ასეც არის - თავისი არჩევნებიანად ჰგავს ცხოვრებას. თავისი დონიანად და თავისი კორუფცია-ნეპოტიზმიანად. 140-ე ადგილზე რომ ვართ მსოფლიო რეიტინგში - იმითაც და ფედერაციაში რომ მთავარი ტიპები იცვლებიან და გარკვეული "სასტავი" რომ ყველა მთავრობას ერგება, იმითაც ვგავართ...

გუშინ სსფ-ს გენერალურ მდივანს ვუსმენდი და საოცარი რამ თქვა: დიდი იმედი მაქვს, რომ მთავრობა არ ჩაერევა ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებშიო! კალაძეზე იყო აქცენტი. წამყვანმა ჰკითხა, - ამბობენ, კალაძე კობიაშვილს ლობირებს და რას იტყვიო?..

არ მითხრათ ახლა: სწორი უთქვამს, რას ერჩიო? რას და რევაზ არველაძეს ეს წინა, იმის წინა და "კიდო იმის წინა" არჩევნებზე რომ ეთქვა და ექნა, მაშინ იქნებოდა მართალი, თორემ ახლა, ცხადია, აღარ უნდა მთავრობის ჩარევა.

"ახლა არ გინდათ სააკაშვილი, ხოოო?!"

არ ჩაერიოს კი არა, ისე უნდა ჩაერიოს, როგორც - არასდროს. სანამ არჩევნები დაიწყება, დაზუსტდეს დელეგატთა სია და არარსებული და მხოლოდ ქაღალდზე არსებული გუნდებისა და ორგანიზაციების მაგივრად, რეალურმა სუბიექტებმა მიიღონ მონაწილეობა; ძველმა ხელმძღვანელობამ ანგარიში წარმოადგინოს და თქვას - გარიგებულ თამაშებში ეჭვმიტანილი 150 (!) პირიდან რატომ არც ერთი(!!!) არ დაისაჯა და რატომ არ აეკრძალათ ფეხბურთში საქმიანობა?!

საიდან იცოდა მავანმა ტაილანდელმა(?) ჯეელმა, რომ ბოლნისის "სიონი" აუცილებლად მოუგებდა მარტვილის "მერანს", რატომ გაყიდა სარჩო-საბადებელი და რატომ გააქანა 400 ათასი დოლარი იქაურ ტოტალიზატორში ბოლნისის "ერთიანზე"?!

შემთხვევით, ის 400 ათასი აქედან ხომ არ წასულა?! მერე იქიდან დაბრუნებული სამმაგი თანხა ერთი კონკრეტული პოლიტიკური პარტიის საიდუმლო ანგარიშზე ხომ არ დამჯდარა?!

რა ვიცი, რა ვიცი, ისე, ვიკითხე, მხოლოდ...

ჰმ, ცხოვრებას ჰგავს ფეხბურთიო... კი, ჰგავს...

P.S. აბა, ამ ამბავთან რა მოსატანია, მაგრამ სვეტიცხოველში თუ ყოფილხართ ამ ბოლო დღეებში ვინმე?

დღეს ვიყავი და... მოიცადეთ, არ გაგიკვირდეთ, არ შეგეშინდეთ და სკამზე მყარად დაჯექით: მეტლახი (თუ მეთლახი? რაც არი, ერთი მაგის დედაც ვატირე) დაუგიათ! სვეტიცხოველში!

მეტლახს ისევ აყრის კაცი, კარგად დავაკვირდი და არ უნდა იყოს პრობლემა, მაგრამ მთავარი სხვაა: ხელისუფლება, რომელიც წინა ხელისუფლების კრიტიკის ტალღაზე მოვიდა და ამ კრიტიკის რამდენიმე საარჩევნოდ საყვირალ ფაქტს შორის ბაგრატის ტაძრის უმსგავს "აღდგენაც" იყო, თავისი ლიფტითა და უნიტაზებით, იგივეს რომ აკეთებს, ამას რა ჰქვია?!

ხანდახან კრიტიკა დაგვიანებულია. "პროვოკატორობაც". ხანდახან ერთადერთი გზა რჩება: ასეთების ჩამდენებს - მეტ(თ)ლახი თავში!

P.P.S. მ ამ ”პროვოკაციას” ვწერდი, ფიფამ ახალი რეიტინგი გამოაქვეყბა: 140-ე არა, ბებიათქვენისა!საქართველოს ნაკრები უკვე 153-ეა რეიტინგში!!!