"არაფერი ახალი არ არის ცისქვეშეთში" ანუ ვისაც ეკონცერტება - გაატარეთ - კვირის პალიტრა

"არაფერი ახალი არ არის ცისქვეშეთში" ანუ ვისაც ეკონცერტება - გაატარეთ

2015 წლის ზაფხულში ტელეკომპანია "რუსთავი 2"-მა სხვადასხვა ქალაქში კონცერტების ჩატარება გადაწყვიტა. ადგილობრივი ჩინოვნიკები სხვადასხვა მიზეზით ხელს უშლიდნენ "რუსთავიორელებს", როგორც ადრე "ოცნების" მიტინგებს - "ნაცხელისუფალნი".

სულ ესაა ფაქტი, მშრალი, არაფრისმთქმელი, სოკოებივით მომრავლებულ საიტებზე რომ ნახავთ. სწორედ ამიტომ, ამ ფაქტის ასე აღნიშვნა არ შეიძლება, ეს მოვლენა ფილოსოფიურ, ფსიქიკურ, მხატვრულ, პოლიტიკურ და სოციალურ ანალიზს მოითხოვს ანუ - ამის მოყოლას ერთი კარგი პროვოკატორი უნდა. ჰოდა, აგერ არ გყავართ?! აბა, მოემზადეთ, წავიდა, ერთი ბრძენი კაცის არ იყოს, საკაიფო ანალიზი:

ყველაფერი იმით დაიწყო, რომ ზაფხულის ერთ ცხელ დღეს ტელეკომპანია "რუსთავი 2"-მა დიდ ქალაქებში კონცერტების ჩატარება გადაწყვიტა. ჯერ არაფერი, ხო? ახლა ნახეთ, როგორ ვთქვა?.. დამოუკიდებელმა, ობიექტურმა, ხალხზე ზრუნვით მუხლჩაუხრელად მშრომელმა ტელეკომპანიამ კონცერტის ჩატარება გადაწყვიტა, რათა ქართველი ერი გაეხარებინა... როგორია? დაიცა, ტყუილად გიხარიათ, "ნაცებო"; "პრონაცური პროვოკატორი" გამხდარაო, ჩემზე თუ ფიქრობთ, პირიქით, მინდა გითხრათ, რომ ძალიან ღრმა ლაფში ზის "ნაცმოძრაობა", რომლის მიტინგზე სამჯერ ნაკლები ხალხი მოვიდა, ვიდრე მარტო ფოთში "რუსთავი 2"-ის კონცერტზე.

ეჰ, გიგა ბოკერიავ, რა დრო დაგიდგა?! გაბუნიას უფრო მეტი ხალხი გამოჰყავს, ვიდრე - შენ, ბაქრაძეს, ბობოხიძეს, გაბაშვილს (ყველას არ ჩამოვთლი, იქნებ ამ სტატიის წერისას ჯაფარიძესთან გადავიდეს ვინმე) და კიდევ ერთ ოდესელ ოდისევსს (ვაა, რა მაგარ სახელს მივაგენი: ,,ოდესელი ოდისევსი", ოღონდ ერთი განსხვავებით: ეს ჩვენი ოდისევსი, მისდა საუბედუროდ, ერთთვალიან ციკლოპს კი არა, შვიდმილიარდთვალიან ციკლოპს შეებრძოლა), ამიტომ თქვენს ადგილზე ავდგებოდი და "რუსთავი 2"-ში დავიწყებდი მუშაობას.

აბა, როგორი იდეაა? ჰე, აიტაცეთ, ჯიგრებო, მე დაგაკვალიანებთ:

ბოკერია და ჩიორა "კურიერის" წამყვანებად, ძალიან მაგარი იქნებოდა. გიგა რომ იტყვის: ,,დღეს ამინდს ჩიორა გაგვაცნობს".

ან კიდევ, "ნიჭიერში" რომ ბობოხიძე გამოდის და ერთი ამოსუნთქვით ე.წ. "გრელკას" რომ ხეთქავს (ვერ იზამს, თუ?)

ან კიდევ, "იქს ფაქტორში" პუბლიკის წინაშე ყელს რომ იღერებს ულამაზესი მარიამი, 24 წლის. "ვაფშე" მაგარი - "კომედი შოუში" გამოდის ხაბაზი და თავის "ფირმენი" ხმით იძახის: "აუ, ჩემი კაი, რუსიკო ბიცოლა..."

დაბოლოს, ტელევიზიის დირექტორი იქნება (კი არის, მაგრამ - იურიდიულადაც) ჩვენი ოდესელი ოდისევსი (არა, მაგარი სახელი დავარქვი, რა...), რომელსაც ექნება ტოქშოუ სახელწოდებით - "11-ის ერთ წუთზე" (აბა, ათამდე ვერ გაბედავს გამოჩენას, გასაგები მიზეზების გამო).

ესეც ასე. "ნაცებზე" გული მოვიფხანე, ახლა "ოცნების" რიგი დადგა: შე მამაცხონებულო, რომ უშლი ამ კონცერტებს ამ პატიოსან ხალხს, აქაოდა, ამ ქალაქში სხვა კონცერტი გვაქვს, იმ ქალაქში გზების რემონტია და ასე შემდეგ, - კარგი, რა, მიშას ცხრა წელი მგონი, ჩვენ კი არა, თქვენ დაგავიწყდათ. ზუსტად ასე შვრებოდა ის კაციც, გვიშლიდა ამით ნერვებს და მერე ნერვებმოშლილი ხალხი მივიდა არჩევნებზე და რაც ქნა, კი იცით. კარგი, დავანებოთ ყველაფერს თავი, მიზეზი მაინც მოიფიქრეთ სხვა. ეს გზები ყველგან გაფუჭებულია და რაღა ზუსტად იმ ქალაქებში, იმ დღეს და იმ საათზე მოგინდათ დაგება?!. ან კიდევ, დაიტანჯა ის ოცი ბავშვი, კონცერტებს რომ ატარებინებთ ზუსტად იმ ადგილზე, "რუსთავი 2"-ს რომ უნდა კონცერტის ჩატარება. ბავშვები მაინც შეცვალეთ, მიშას დროსაც ეგენი ცეკვავდნენ ეულად, "ოცნების" მიტინგი რომ უნდა ჩატარებულიყო, იმ ადგილას.

პ.ს. ასეა, არაფერი იცვლება, მაშინაც და ახლაც ხელისუფლება კვლავაც სასაცილო მიზეზს ამბობს, როგორმე მიტინგსა თუ კონცერტის ჩატარებას ხელი რომ შეუშალოს.

ერთი აღმოსავლური სიბრძნე მახსენდება: მოლასთან მივიდა მეზობელი და ეუბნება, - ბაწარი მათხოვეო. - ვერ გათხოვებ, მჭირდება, სიმინდი მაქვს ზედ დაყრილიო. გაუკვირდა მეზობელს, - სიმინდი რატომ დააყარე ბაწარსო? მოლამ უპასუხა: რომ არ მინდა გათხოვო, მინდა, სიმინდს დავყრი ზედ და მინდა - შვრიასო.

პ.პ.ს. ბოლოს ცოტა ვსერიოზულდები. ეკლესიასტე: "არაფერი ახალი არაა ცისქვეშეთში".

მე მგონი, ქართველი იყო...