მერე რა, რომ მთვრალია, მთვრალი კარბელაშვილი, ანუ ბოლო ჭიქა არ უნდა დაგელია, ძმაო - კვირის პალიტრა

მერე რა, რომ მთვრალია, მთვრალი კარბელაშვილი, ანუ ბოლო ჭიქა არ უნდა დაგელია, ძმაო

"ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა, გიორგი კარბელაშვილმა, ერთი სიმღერის არ იყოს, ბევრი ღვინო დალია, ჩვენს ენაზე რომ ვთქვათ, დათვრა, შემდეგ კი ბახუსითა და დეპუტატის იმუნიტეტით გათამამებული, საჭესთან დაჯდა და თბილისის ტრასას დააწვა, თუმცა, მისდა საუბედუროდ, გზად პატრულს გადაეყარა, რომელმაც კანონი დაიცვა და წინააღმდეგობის გაწევისთვის, სტრიპტიზიორს დამსგავსებული კარბელაშვილი განყოფილებაში გადაიყვანა. ერთი ცნობილი გადაცემის არ იყოს, დიდი მადლობა- ვის? გაგიკვირდებათ და არა- პატრულს, არამედ- დეპუტატ კარბელაშვილს.

რაში უხდი მადლობასო?- სულმოუთქმილად მკითხავს ჩემი მკითხველი.

მაცადეთ, ბატონო და აგიხსნით:

იმიტომ, რომ "ნაციონალებმა", რომლებმაც 7 ნოემბერი, 26 მაისი და რა ვიცი, კიდევ რამდენი ასეთი მოაწყვეს, რომლებიც ატერორებდნენ ბიზნესს, მედიას, არასამთავროებს და თვით თავის თავსაც კი, ერთი პატიება არ უთხოვიათ, კარბელაშვილის საქციელზე კი მთელი დღე იხდიდნენ ბოდიშს. ჰოდა, სულდგმულთაგან მოვითხოვ: არვინ გაბედოს კარბელაშვილის ლანძღვა!.. ლანძღვა კი არა, თბილისის ცენტრში, ყველაზე გამოსაჩენ ადგილას ძეგლი დაუდგან წარწერით: "ამ კაცმა "ნაცებს" ბოდიში მოახდევინა". ბატონ ბიძინას კი მინდა მივმართო: გადაცემებს რომ უძღვნით ამ ხალხს და ანალიზს უკეთებთ განვლილ 9 წელს, სულ არ ყოფილა საჭირო, დაათვრეთ ხოლმე კარბელაშვილი და ყოველდღე "ნაცების" ბოდიში იქნება "რუსთავი 2"-ზე.

ახლა ოდნავ დავსერიოზულდეთ (მთვრალი დეპუტატი ხომ არა ვარ, რომ ვიცანცარო) და ბატონი კარბელაშვილის ნათქვამს- "პროვოკაცია მომიწყვეს", ბოდიში და ანალიზი (ბოდიშს ბიძინას ვუხდი, მისი სიტყვის უნებართვოდ გამოყენებისთვის) გავუკეთოთ. სად მოგიწყვეს, გიორგი ჩემო, პროვოკაცია? რომ სვამდი, დაგაძალეს? საჭესთან ძალით დაგსვეს თუ პატრულის გინება "ჩაგიდეს"? ერთიც, მეორეც და მესამეც შენ გააკეთე და ხელისუფლებას აბრალებ? შე კაი კაცო, ხელისუფლებას დასაბრალებლის მეტი რა აქვს, მაგრამ მართლა უნამუსობაა, ყანწით დალეული დედმაშვილების სადღეგრძელოსაც მაგათ რომ ტენი. რა მოხდებოდა, რომ გაგაჩერეს, გამოგერთმია ჯარიმის ქვითარი და წასულიყავი სახლში, რომ ამოუტრიალე პატრულსა და მის უფროსებს ყველაფერი... სააკაშვილისგან ბევრი კარგი არ მახსენდება, მაგრამ რაც მახსენდება, ერთ-ერთი პატრულია და იმას მაინც ნუ ჩაუყრი იმ ოდესელ ოდისევსს (აუ, მაგარია ეს გამოთქმა რა...) წყალში. ისე, მე რომ მიშა ვიყო, აუცილებლად გაგაგდებდი, ამხანაგო გიორგი, პარტიიდან.

მაგრამ აქ სხვა რამეშია საქმე, ბატონო გიორგი: თანამდებობამ გაგაგიჟა, თან ოპოზიციონერი დეპუტატის თანამდებობამ, ,,ვის გაუბედეთო?!" ეს განწყობა გქონდა ალბათ. თქვენნაირებზე ანუ უბრალო ხალხზე მაგარი ვარო, ამის დამტკიცება გინდოდა ყველასთვის, თორემ, მე რომ მთვრალი გავეჩერებინე ვინმეს და- "პროვოკატორი" ვარ, თქვენი დედა! ვის უბედავთ-მეთქი?- მეთქვა, დამიჭერდნენ, ჯარიმასაც მომარტყამდნენ, საკანსაც მახეხინებდნენ და კაი გვარიანადაც ,,დამამშვენებდნენ". შენ კი წაგიყვანეს განყოფილებაში და მალევე გამოგიშვეს, დეპუტატის იმუნიტეტი იცავსო. სხვათა შორის, ქართულ გვარ-სახელებში მოვიძიე შენი გვარი- კარბელაშვილო და მეფური წარმომავლობის არ ხარ, ვერც მირონი შევამჩნიე, იმ ცნობილ კადრებში, შენს სახეზე (ის ღვინისგან დასიცხული ოფლი იყო, ხალხო!). ჰოდა, იმუნიტეტი თუ იმიტომ გაქვს, რომ მე და ჩემს მეზობელ ინჟინერ ჯემალაზე ან მასწავლებელ ქეთინოზე ზეაღმატებული ტიპი იყო, ბოდიში და მიიწებე ერთ ადგილას (მიგაწებეს კიდეც). ასე გეკუთვნის შენ (ცოტა გავცხარდი, მაგრამ ნოდარ დუმბაძის ერთი პერსონაჟის არ იყოს, ბავშვობიდან ვერ ვიტან ეგეთ ტიპებს).

პ.ს. ისე, გადარჩენილი ხარ, კარბელაშვილო, ,,ნაცები" რომ არ არიან ხელისუფლებაში და თუ რატომ, ახლავე აგიხსნი: შეგინებისა და ჩხუბის ფონზე, პატრულმა მაქსიმალური თავშეკავება გამოავლინა. აი, მერაბიშვილის პოლიცია რომ ყოფილიყო და ასეთ ფაქტზე დაეჭირე, კარგ დიდ კამერას მოიმარჯვებდნენ, მის წინ ჰოლივუდის მსახიობივით დაგაყენებდნენ და ერთ-ორ, კარგ ლაზათიან პანღურს ამოგკრავდნენ. ასე რომ, მადლობა უთხარი ახლანდელ მინისტრს დღეს, პანჩურამორტყმული დეპუტატი კი არა, პატრულთან ნაჩხუბარი დეპუტატი რომ ხარ.

პ.ს. პ.ს. ბოდიში წინაპრებთან, მაგრამ მათი გამოთქმა უნდა შევცალო: მთვრალი კაცი- კარბელაშვილის გარდა,- კაი კაცი.