"პრადვინუტები" და "ჩარჩენილები", ანუ ვინ წავა გაეროში - გიორგი თუ ირაკლი? - კვირის პალიტრა

"პრადვინუტები" და "ჩარჩენილები", ანუ ვინ წავა გაეროში - გიორგი თუ ირაკლი?

მოდი, ჩარჩენილებით დავიწყოთ, თუმცა, სანამ თემაში "ფრჩხილებს გავხსნი" და მკითხველს გავაგებინებ, ვის ვგულისხმობ "ჩარჩენილებში" (იმდენნი არიან, შანსი არაა, მკითხველმა თვითონ გამოიცნოს). მოდი, ჯერ დალოცვილი ისტორია გავიხსენოთ. კერძოდ, ცოტა ხნით XIII საუკუნეში გადავბარგდეთ და მაშინდელი ორი მეფე - დავით ულუ და დავით ნარინი გავიხსენოთ.არც ბევრი ბრძოლა მოუგიათ, არც საქართველო აუყვავებიათ და არც ეკლესია-მონასტრები უშენებიათ ამ მეფეებს, მაგრამ ერთი კარგი მაგალითი კი დაგვიტოვა ამ ორმა მირონცხებულმა ბაგრატიონმა: ერთ ეპოქაში ორივემ ერთად იმეფა და ერთხელაც არ წაკამათებულა. პირიქით, ქვეყნისთვის ყველა მნიშვნელოვან საკითხს ერთად აწერდნენ ხელს. "მეფე დავით ულუ" და "დავით ნარინი" - ასეთი ხელმოწერა ამშვენებს მაშინდელ ყველა გადაწყვეტილებას. მივდივარ, მკითხველო, უკვე, მთავარი თემისკენ. ზოგიერთი ალბათ მიხვდა კიდეც, რისი თქმა მინდა. დიახ, იმის თქმა მინდა, რომ 8 საუკუნის წინ თუ შეეძლოთ მეფეებს ასე თანაცხოვრება, ჩვენს პრემიერსა და პრეზიდენტს რა ეტაკათ ასეთი, რომ ტუალეტში შესვლაზეც კი კინკლაობენ? არა, ტუალეტში შესვლა კიდევ მესმის: შეიძლება, ძალიან გიჭირდეს, კონსტიტუცია დაარღვიო და ისე შეხვიდე პირველი, რომ კანონით არ გქონდეს ამის უფლება, მაგრამ გაეროში წასვლა დამეთანხმებით, ტუალეტში შესვლისგან ძირეულად განსხვავებული თემაა.

მაშ, ასე: ვინ წავა გაეროში - გიორგი თუ ირაკლი? რამდენიმე მეთოდს შემოგთავაზებთ, როგორ გადავწყვიტოთ, რომელი წავიდეს. რეალითი შოუ გავაკეთოთ - "გაერსტარი", სადაც წამყვანი იტყვის: - თუ გინდათ, რომ გაეროში წავიდეს ირაკლი, დაამესიჯეთ მითითებულ ნომერზე. თუ გინდათ, რომ გაეროში წავიდეს გიორგი, დაამესიჯეთ მითითებულ ნომერზე! ა? როგორია? ან სხვა მეთოდიც შეიძლება: გიორგიმ "ბარსას" "უბალელშიკოს" და ირაკლიმ - "რეალს", ხოლო სეზონის ბოლოს ვისი გუნდიც გახდება ჩემპიონი, ის წავიდეს გაეროში, ხოლო თუ არც ერთი არ გახდა ჩემპიონი, მაშინ უსუფაშვილი გაუშვან. მე მგონი, ესეც არაა ცუდი მეთოდი, მაგრამ თუ გეზარებათ, უფრო ადვილს გეტყვით: "ჯეირანი" მაინც ითამაშეთ, თორემ XIII საუკუნის ორი მეფე რომ გჯობნით სახელმწიფოებრივ აზროვნებაში, ძალიან ჩამორჩენილები და რეტროგრადები ჩანხართ, ბატონებო. თან, ავი ენები ამბობენ, ღარიბაშვილის უწყებამ გაეროდან პრეზიდენტის მოსაწვევი წერილი დამალაო (იაგო გამახსენდა - "ოტელოდან"). იგივე ენები (ავი) იმასაც ამბობენ, პრეზიდენტმა თქვა, მარტო წავალ, დელეგაციის გარეშე, თუ საჭირო გახდაო (მეფე ლირი გამახსენდა, ყველასგან მიტოვებული). ჰოდა, ბატონებო, 10 საათზე რომ იძინებს, იმ კაცს გადაეცით, ან ერთი დატოვოს, ან შეგარიგოთ, ან თვითონ შეურიგდეს და მერე შეგარიგოთ, ან თვითონ წაგეჩხუბოთ და თქვენ შერიგდით. მოკლედ, რომელი კომბინაციაც უნდა, ის გაათამაშოს (არ ეშლება ეგეთები), ოღონდ გაეროში მთავარ სალაპარაკო თემად სირიის კონფლიქტი და ანეკდოტები ქართულ დელეგაციაზე არ იქცეს. ნოდარ დუმბაძის ერთი საბავშვო ლექსი მახსენდება, ლალი და მანანა რომ ჩხუბობენ, ზუსტად ისეთი სიტუაციაა ახლა მთავრობაში.

რატომ დაწერე ახლა ეს ბოლო წინადადება, სტატია დაამძიმე და უაზროდ გაწელეო, - მეტყვის კარგი სტილისტი... ახლა "პრადვინუტებზე" გადავდივარ და ნოდარ დუმბაძის სახელი ჰაერივით მჭირდება... იმიტომაც დავწერე ბოლო წინადადება, რომ დარჩიაშვილსა და ნოდიას ვუთხრა ერთი-ორი "კაი" სიტყვა - ხალხს, რომელსაც ჰგონია, რომ დროს გაუსწრო და უბრალოდ, ერი ვერ უგებს. არადა, სულ მარტივადაა საქმე: აღარც გვახსოვდა, ნოდია და დარჩიაშვილი ხალხს და "ბიძინა რუსეთის აგენტია"-ს ძახილი კიდევ უფრო ავიწყებდა მათ სახელებს საზოგადოებას. ჰოდა, ამათ რაღაც ახალი უნდა ეთქვათ. ადგნენ, ჩემო ბატონო, და ერთმა ნოდარ დუმბაძე გამოლანძღა, მეორემ - ჭაბუა ამირეჯიბი და კოწია გამსახურდია დაამატა, მერე კი გაიყურსნენ. გასროლა ზუსტი აღმოჩნდა. ხალხი გადაირია - რას ჰქვია, ნოდარი და ჭაბუა გაგვილანძღეთო?! მერე გია ნოდიამ უპასუხა, - ვისი რა საქმეა, ვინ მომწონს, თქვე ბნელებოო... - ბნელი თავი გაბიაო, უთხრა საზოგადოების ნაწილმა. - რა უნდა ამათ ევროკავშირში, რუსული ორბიტის ხალხიაო, - დაიბუხუნა დარჩიაშვილმა. მოკლედ, "ცვეტში" არიან დღეს, პატივმოყვარეობის ჭიები დაკმაყოფილებული აქვთ და აწი აგინეთ, თუ გინდა, ერთ ადგილას ჰკიდიათ. ასე რომ, ჩემო საზოგადოების ნაწილო, რატომ მართლა ერთ ადგილზე არ გკიდიათ, ნოდარ დუმბაძე მოსწონს, ნოდია თუ პარმენ ლორია?! თუმცა, ერთს მეც ვიტყვი: ბოლშევიკები, ჩემო დარჩიაშვილო, ზუსტად ისეთივე ბრალს უყენებდნენ კონსტანტინეს, როგორიც შენ წაუყენე. კერძოდ: ენის არქაულობა და ძველის გაფეტიშება (არცაა გასაკვირი, ძველი კომკავშირელი ხარ შენც).

პ.ს პ.ს-ს როცა ვიწყებ, სულ ანეკდოტი მახსენდება ხოლმე. ახლა გურიაში მომხდარი, 20-იანი წლების მაგალითი მინდა მოვიყვანო: თურმე ერთ სოფელში ბოლშევიკმა ეკლესიიდან ჯვარი გადმოაგდო, მერე ხატი ჩამოხსნა კედლიდან, ფეხებით შედგა და თან ყვიროდა, - აბა, მიქნას რამეო?! ერთმა მოხუცმა გლეხმა, რომელიც ამ ამბავს მთელ სოფელთან ერთად უყურებდა, ჩაილაპარაკა: - მეტი რაღა გიქნას, გაუგიჟებიხარ უკვეო!.. მკითხველი და მიმხვედრი მიხვდება, რატომ დავწერე. "ჩამორჩენილებზეც" მიდის და "პრადვინუტებზეც".