труд и марксистский гуманизм, ანუ როცა "ბაკულას ღორები" და "სამანიშვილის დედინაცვალი" ერთმანეთში გერევა - კვირის პალიტრა

труд и марксистский гуманизм, ანუ როცა "ბაკულას ღორები" და "სამანიშვილის დედინაცვალი" ერთმანეთში გერევა

ყველას მოგესალმებით!

არ გაგიკვირდეთ - რატომ სხვა დროს არ გვესალმებაო.

რატომ და, ხუთი კვირაა, არ ვყოფილვარ თქვენთან და მხოლოდ ახლა უნდა გაგიმხილოთ საიდუმლო: პროვოკატორიც ადამიანია, სხვათა შორის, და შვებულებაც ეკუთვნის. ჰოდა, წინა ხუთი "პროვოკაცია" მე არ დამიწერია, მათი ავტორები "კვირის პალიტრის" იუმორისტული გვერდის "წამყვანები" - სულხან ნამჩევაძე/გელა კორძაძე იყვნენ (ისე, კი არიან "ილფი-პეტროვივით"), რისთვისაც დიდი მადლობა მათ და თქვენი ყველა საქებარი სიტყვა და კრიტიკაც მათ.

ახლა კი, საქმეს მივხედავ და შევუდგები ჩვენი ხელისუფლების ქებას, რადგან ამ ერთ თვეში, რაც არ ვიყავი, კიდევ უფრო აუყვავებიათ ქვეყანა: ყველგან ასფალტის დამგები ტექნიკა გუგუნებს; პენსიამ 10 (ათი! ათიიიიი!!!!) ლარით მოიმატა; ფეხბურთელებმა შოტლანდიას მოუგეს (ეეეეჰ, ეს შესავალი გუშინ დავწერე - დღეს ირლანდიასთან ისევ ჩაისვარეს); დოლარი ორი და ორმოცი გახდა, მაგრამ ჩვენი ბრალი არ არის, ევროსაც "ერხევა"; ნატოს სასწავლო ცენტრი გავხსენით, ოღონდ რუსებო, არ გეგონოთ, ეს თქვენს საწინააღმდეგოდ გავაკეთეთო - პრემიერმა; ინგა გრიგოლიას გადაცემა დაუხურეს და "რუსთავი 2"-ში... ვაი... შენც, ინგა?!

კარგი, მოდი "რუსთავი 2"-ს ამბით დავიწყოთ (ოღონდ გრიგოლია არაფერ შუაშია, მის ამბავს მხოლოდ მასთან საუბრის შემდეგ შევეხები): ხელისუფლების ზეწოლააო! - ატეხილია დიდი ამბავი ჩვენშიც და უცხოეთშიც (პრინციპში, უფრო უცხოეთში, თორემ აქ ყველამ ყველაფერი იცის და ძალიანაც რომ ეწყინოს ეს ნიკა გვარამიას (ცივი წყალი და რამე), ყველას მაგრად ჰკიდია მათი დაყადაღებული ქონება).

შეიძლება ვინმემ მითხრას: კოლეგებზე ასე ლაპარაკი როგორ გეკადრებაო, მაგრამ ვუპასუხებ: როდესაც "პალიტრაში" შემოგვიცვივდნენ "ნაცების" ზონდერ-საგადასახადოელები და ლამის ტუალეტშიც დაგვყვებოდნენ რამდენიმე დღის განმავლობაში, როდესაც გაზეთისა და ჟურნალის ბეჭდვას ძლივს და დაგვიანებით ვახერხებდით მათი "შემმოწმებლების" გამო და მთელი ქართული მედია და საზოგადოება ჩვენი ოფისის ეზოში აპროტესტებდა მათ უმსგავსობას, მოპროტესტეებს შორის რაღაც არ მახსოვს გვარამია და მისი საძმაკაცო.

ამიტომ მათ ყადაღაზე მეტად ის მაინტერესებს (ისევე, როგორც პროკურატურას), თუ რატომ გაყიდა ქიბარ ხალვაშმა 5 მილიონად ნაყიდი ტელევიზია 250 ათასად! კიდევ ის მაინტერესებს, თუ რატომ არ აინტერესებს ეს ამბავი გვარამიას და "რუსთავი 2"-ს ჟურნალისტებს.

სხვათა შორის, იმ ხელისუფლების დროს მინისტრიც იყო და პროკურიც გვარამია და იმაზე მეტი უნდა იცოდეს ამ ამბებისა, ვიდრე მე და თქვენ.

"იმ ხელისუფლებაზე" და მაშინდელ მინისტრებზე გამახსენდა: კიდევ, გია ნოდია იყო მაშინ განათლების მინისტრი!

(უჰ, მომეშვა ცოტა გულზე ამ ხალხის გახსენებით, თორემ ძალიან ცუდ ხასიათზე ვდგებოდი ხოლმე, როდესაც დღევანდელ მთავრობას "მიმოვიხილავდი" გონებაში - მათზე უარესებიც გვყოლია, ხალხო!)

გია ნოდია კიდევ, ამიტომ გამახსენდა: ეს რაები ულაპარაკია ჩემს არყოფნაში?! ქართული მწერლობის მისეულ "ანალიზს" ვგულისხმობ, მხოლოდ დავით კლდიაშვილი რომ ყოფილა კარგი მწერალი და იქვე "იწვება" - არც კლდიაშვილი აქვს წაკითხული, "ბაკულას ღორები" და "სამანიშვილის დედინაცვალი" ერთმანეთში ერევა.

ნოდარ დუმბაძე ყოფილა "ლპობის ეპოქაში შესული საბჭოთა ტოტალიტარიზმის იდეურ ლაბირინთებში ტრაგიკულად დაბნეული პიროვნება"! ეუფფფ, მალადეც!!!

ადამიანებო, თუ იცით, რა არის ეს: "Категория труда и марксистский гуманизм?". რა და, გია ნოდიას სადისერტაციო ნაშრომის სათაური, რომელიც 1986 წელს, გაგანია "პერესტროიკის" დროს დაწერა, ანუ მაშინ, როდესაც მარქსის უკანალის კოცნას აღარავინ აძალებდა არავის, უბრალოდ, ასე უფრო ადვილი იყო ცხოვრება. და ამის დამწერი ამბობს დუმბაძეზე იმას, რასაც ამბობს...

კიდევ: რობაქიძე ყოფილა "აშკარად ფაშისტი" და "საშინლად უნიჭო", ხოლო ჭაბუა ამირეჯიბი "დუმბაძეზე უარესი"!

"დიდოსტატის მარჯვენაში" კი მოსწონებია "რაღაც ადგილები" (მადლობა, უფალო!), მაგრამ "კოწიას" (ასე უწოდებს) დიდი მწერლობისა არ ესმის; "დავით აღმაშენებელი" საერთოდ ვერ წავიკითხეო და ისევ მისი დისერტაცია გამახსენდა: იქ რომ გამოყენებული ლიტერატურა აქვს ჩამოთვლილი, ისინი რომ წაიკითხა და გამსახურდია - ვერა...

ბატონო, გია! ამ ბოლო დროს უარს ამბობთ ჩემთან, გადაცემაში მოსვლაზე და ძალიან გთხოვთ, მეწვიეთ, სალაპარაკო მაქვს თქვენთან...

პ.ს. კი შევალიე ძვირფასი დრო და ადგილი (ჟურნალის გვერდში ადგილს ვგულისხმობ) გია ნოდიას ნაბჟუტურებზე წერას, მაგრამ საჭირო იყო მაინც... შევალ ნელ-ნელა ფორმაში და უკეთეს "პროვოკაციებს" მოგაწვდით.

ახლა კი, "რუსთავი 2"-ს უნდა ვუყურო (მართლა), გაბუნიასთან ინგა გრიგოლია იქნება და გული მიგრძნობს, მომავალ კვირასაც ვერ ავცდებით ამ თემას.