ამათ ვენაცვალე მე! (იმათ ხო, ვენაცვალე და ვენაცვალე...) - კვირის პალიტრა

ამათ ვენაცვალე მე! (იმათ ხო, ვენაცვალე და ვენაცვალე...)

ძველი წელთაღრიცხვის 65 წელს, ქართლის მეფე არტაგი რომაელი დიდსარდლის, გნეუს პომპეუსის თავდასხმის მოსაგერიებლად ემზადებოდა, მცხეთაში ჩაიკეტა, მტკვარზე ხიდი დაანგრია (თუ დაწვა, ზუსტად არ მახსოვს, როგორ წერია) და იმედი ჰქონდა, რომ რომაელები მდინარეს ვერ გადალახავდნენ.

მაგრამ პომპეუსმა ხიდი ერთ დღეში აღადგინა, ჯარიც გადაიყვანა და ეს ჩვენი არტაგიც დააშამათა.

ზოგი ვერსიით, ხიდი თავად არტაგმა აღადგინა, სხვა გზა რომ აღარ ჰქონდაო, მაგრამ ახლა ეს არ არის მთავარი, მთავარი სამი რამ გახლავთ: 1) ხიდი აიგო (აღდგა) საქართველოს უდიდეს მდინარეზე, 2) სამუშაო რამდენიმე საათში შესრულდა და 3) ეს ამბავი მოხდა 2000-ზე მეტი წლის წინ.

იმ ადგილიდან ოციოდე კილომეტრისა და 21 საუკუნის დაშორებით, არტაგის მემკვიდრეები - ქართლისა და, ღვთის მადლით, ჯერჯერობით კიდევ უფრო მეტი საქართველოს ხელისუფალნი, მტკვარზე კი არა, მტკვრის ერთ შენაკად ღელეზე - დიღმულაზე ხიდის აღდსადგენ ვადად 4 თვეს ითხოვენ!

არ ვიცი, პომპეუსისა და არტაგის დროს არსებობდა თუ არა "ავეჯის სახლი", მაგრამ ის კი ვიცი, რომ დავით აღმაშენებლის ძეგლი ჯერ არ იდგა დიღმის გზასაყარზე, ამიტომ მაშინდელი მცხეთელები ჩემსავით შავ დღეში ვერ იქნებოდნენ: სახლიდან წამოსული, ვაშლიჯვრის ასახვევთან, "ავეჯის სახლთან" უნდა იდგე და მანქანის მინაჩაწეული მარჯვენა ფანჯრიდან "ამ ფარჩაკი მთავრობის" გინებას ისმენდე, ხოლო მარცხენაში თუ გაიხედავ და ზევით აიხედავ, პირდაპირ აღმაშენებლის ცხენის, ბოიშმამითხოვია და, კვერცხებს უნდა უყურო და ახლა უკვე "იმ ჩათლახი მთავრობის" - ამ ძეგლის აქ გადმომტანის, ახლობლები გაიხსენო... თან ცხელა ჯერ კიდევ და საჭესთან თვლემამორეულს ტიტანთა სილუეტები გელანდება მზის ათინათში: პომპეუსი, აღმაშენებელი, ნარმანია, უგულავა, გია ნოდია...

სიმართლეს ვამბობ: როდესაც მერიის საიტზე დაიდო და შემდეგ "ინტერპრესნიუსმაც" გადმობეჭდა, - "ავეჯის სახლის" წინ, მდინარე დიღმულაზე საავტომობილო ხიდი უნდა აღვადგინოთ, 120 დღე დაგვჭირდება და მოსახლეობას ბოდიშს ვუხდითო, - ვიფიქრე, ნული შემთხვევით დაბეჭდეს და 12 დღე უნდა ეწეროს-მეთქი, თანაც ზაფხული იწურებოდა უკვე და სასექტემბროდ ამხელა პრობლემას თუ გაუჩალიჩებდნენ ქალაქს, არ მეგონა.

კარგი-თ, რა, ამის დედა ვატირე! მერე ვიღაც მეტყვის, "ნაციონალების" წისქვილზე ასხამ წყალსო! "ნაციონალების" დედაც ვატირე და იმათი წისქვილისაც, მაგრამ სამსახურში დროზე მისვლა მინდა, ჭკვიანი და ალღოიანი ხელისუფლება მინდა და კიდევ მინდა, ვიღაცებს არ ეგონოთ, ჯანში რომ "დუბინკებს" არ გვიკეთებენ, ეს საკმარისია ბედნიერებისათვის და შემდეგი არჩევნების მოგებისათვის!

არჩევნებზე გამახსენდა: მაჟორიტარული არჩევნების გაუქმებაზე უარს ამბობს ხელისუფლება. უფრო ზუსტად, 2020 წლამდე ვერ მოხერხდებაო. არადა, ამ ხელისუფალთაგან ბევრი შიმშილობდა კიდეც ამ სრულიად უსარგებლო ინსტიტუტის გაუქმების მოთხოვნით.

კი ვიცოდი, რატომაც არ უნდოდათ უახლოესი არჩევნებისთვის ამ საქმის მოსწრება, მაგრამ ჩემს გადაცემაში "რესპუბლიკელი" დავით ზურაბიშვილის სტუმრობისას მისი პასუხის გულწრფელობის ხარისხმა მაინც გამაოცა: მაგ ამბავს ხმა ხომ ჩვენმა მაჟორიტარებმაც უნდა მისცენ, ვინც ახლა პარლამენტშიაო? კი-მეთქი. ჰოდა, მაგათ კიდევ უნდათ მაჟორიტარობა 2016-ში და როგორ ვუთხრათ, საკუთარი სურვილის წინააღმდეგ მიეცით ხმაო?!

ამათ ვენაცვალე მე!

პ.ს. "ახლა, როცა ამ სტრიქონს ვწერ", პარლამენტის სხდომათა დარბაზში დაკა-დაკა მიმდინარეობს და მანდატურები დეპუტატების გაშველებას ცდილობენ.

დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარეს, ზურაბ ტყემალაძეს "ნაციონალ" ბობოხიძის რეპლიკები არ მოეწონა, მერე შოთა ხაბარელი ჩაერთო და... მოკლედ, დასცხეს, როგორც ჩვენი პარლამენტის წესი და რიგია.

მე სხვა რამ მადარდებს: ტყემალაძემ მანდატურებს დარბაზიდან ჟურნალისტების გაყვანაც მოსთხოვა!

ხელისუფლების მხრიდან მედიაზე ზეწოლა სწორედ ეს არის: შე დალოცვილო, არ შეგიძლია ნორმალური, ცივილიზებული ურთიერთობა, იგინები და "ირტყმეინები"? გადაღებისა და ჩვენების უფლება მაინც მომეცი, ხალხი გაერთობა...

პ.პ.ს  კიდევ და კიდევ: ამათ ვენაცვალე მე! (იმათ ხო, ვენაცვალე და ვენაცვალე...)