ნარუსეთშიცირკისდირექტორალი - კვირის პალიტრა

ნარუსეთშიცირკისდირექტორალი

უგულავა თუ სიჭინავა... აი, ვზივარ და ვფიქრობ - რომელი უფრო მნიშვნელოვანი ამბავია და რომელი ავირჩიო დღევანდელი "პროვოკაციის" მთავარ თემად: უგულავა რომ ლამის ჩე გევარად აქცია ახალი ხელისუფლების (თუ პროკურატურის, თუ სასამართლოს...) უნიათობამ, თუ ზვიად-დომენტი (ჰმ, ლაშა-გიორგი, ხუან-კარლოსი, ჯონ-მალხაზი...) სიჭინავა რომ იმაზე მეტად ჩათლახი ყოფილა, ვიდრე მეგონა. კაცმა რომ თქვას, არც ისე შორს არის ერთმანეთისგან ეს ორი ამბავი და კი შეიძლება მათი გადმოცემა "დილოგიის" სახით. მეც ვეცდები.

კი, კაცო - ახლა ვნახე "დილოგიის" განმარტებანი და მართლაც არ შევმცდარვარ: "ერთი ჩანაფიქრით გაერთიანებული ორი რომანი ან ორი დრამატული ნაწარმოები" და კიდევ: "ეპიკური ან დრამატული ჟანრის ნაწარმოები, შედგენილი ორი ნაწილისაგან, დამოუკიდებელი თხზულებებისაგან, რომლებსაც ერთმანეთთან აკავშირებს თემატიკა, საერთო პერსონაჟები და დროული თანამიმდევრობა".

აი, ბატონო: "პროვოკაციების" ეპიკურობისა და რომანობისა რა მოგახსენოთ, დრამატულობას კი ვცდილობ ხოლმე, მაგრამ რაც მთავარია - საერთო თემატიკა, საერთო პერსონაჟები და დროული თანამიმდევრობაო! ეგ არი, რა: საერთო თემატიკა, საერთო პერსონაჟები, დროული თანამიმდევრობა, ერთი და იგივე პოლიტიკური გუნდი, ერთი და იგივე მეთოდები სათავეში მოსვლისა (არ მომწეროთ კომენტარებში ვინმემ, სიჭინავამ პატიოსნად მოიგო ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნები ან უგულავამ საერთოდ მოუგო, გინდ პატიოსნად და გინდ - "უპატიოსნოდ", მერის არჩევნები "გრეჩიხასო", თორემ გული გამისკდება), ერთი და იგივე უტიფრობა და ერთი და იგივე თვალებში ნაცრის შეყრა - "საქმის კეთების" სახელით.

სიჭინავას ხელში ქართული ფეხბურთი რომ 154-ე ადგილზე ჩამოქვეითდა მსოფლიო რეიტინგში და ავღანეთმაც რომ გაგვისწრო (ავღანეთმა, სადაც საფეხბურთო ტრუსებით მოედანზე გამოსვლისთვის, შარიათის კანონებით სჯიან თალიბები), ამაზე პოლიტიკურ პასუხისმგებლობას "ნაცმოძრაობა", ცხადია, არ აიღებს, მაგრამ ეს ნარუსეთშიცირკისდირექტორალი დომენტი რომ სადღეგრძელოებში იმას ყროყინებს, რასაც ყოველთვის ფიქრობდა, ამაზე ვინმე რატომ არ გამოდის და თავზე ნაცარს თუ არ წაიყრის, ჩემთან ერთად მაინც აგინოს!

"გინებაში" მაინცდამაინც პირად შეურაცხყოფას კი არ ვგულისხმობ, არამედ დაახლოებით ასეთს: ვისაც 70-80-იანი წლების ხალხით გადაჭედილი სპორტის სასახლის ტრიბუნები ახსოვს, ასეთი ამბავიც ემახსოვრება: თბილისის "დინამოში" მუდმივად თამაშობდა გუნდის გასაძლიერებლად რუსეთიდან მოწვეული ერთი-ორი (ხანდახან სამი და ოთხიც) კალათბურთელი. მაგრები იყვნენ, მაგრამ მათაც ეშლებოდათ ხოლმე და თუ აქაურებს მაინც ინდობდა ქომაგი, უნდა გენახ-მოგესმინათ, მილოვიდოვსა და ცხონებულ კაპუსტინს რა ფორმით აგინებდნენ:

- ოეეე, კაპუსტიიიინ, შენი აქ ჩამომყვანის... (შემდეგ როგორც "ტექსტშია")!

ჰოდა, როდესაც იმ ფარულ ჩანაწერში დომენტის სადღეგრძელოს ვუსმენდი, სწორედ მაშინდელი სპორტის სასახლე გამახსენდა პირველად და ის "გულიდან ამოხეთქილი" და საოცრად გულწრფელი:

- ოეეეე, დომენტიიიიი, შენი აქ ჩამომყვანის...!!!!!!

და ზემოთ ნახსენები "დილოგიის" ამბავიც სწორედ აქ იკვეთება, "ჩამომყვანზე" - "საერთო პერსონაჟები" და "საერთო თემატიკაო", ეგ არი რა: უგულავა-ადეიშვილ-სააკაშვილ-გაბაშვილ-დომენტი!

სასამართლომ ვერ დაუმტკიცა უგულავას ვერაფერი და გამოუშვა, მეორე დღეს დაუძახა, დაუმტკიცა და ჩასვა. ევროპამ და ამერიკამ - თქვენ შ... კი არა, ბოდიში, რაებს აკეთებთ, თქვე ასეთ-ისეთებოო! ამათ დაიმორცხვეს და ბურტყუნი დაიწყეს... მალე არჩევნები მოვა (ფეხბურთის ფედერაციის კი არა, ის, მთავარი) და ასე ბურტყუნში იქნებიან ესენი... მერე უგულავას შეიწყალებს მარგველაშვილი, მერე სააკაშვილი (ან მისნაირი) მოგვაჯდება თავზე... ესენი ისევ იბურტყუნებენ...

ბოლოს, სუულ ბოლოს, ისევ დომენტი მოვა და იტყვის: "ზა ვაშუ სტრანუ, ზა ევო სტალიცუ!.."

ოოოხ, შენი აქ ჩამომყვანის!

P.S. ყველას, ვინც თვლის, რომ უგულავა უდანაშაულოა და სასამართლოს, რომელმაც ამდენი ხანი ვერ (თუ - არ) დაამტკიცა მისი დანაშაული: ჩემს მეზობელ დოდოშკას (ყოფილ მეზობელს, გადავედი იქიდან, თორემ ამას დავწერდი? დამბრიდავდა!), საკუთარი სახლი რომ არ გამოუგვია, მეეზოვედ იყო 2 წელი გაფორმებული მერიის სამსახურში და თვეში 450 ლარს იღებდა. ასეთი დოდოშკა რამდენიმე ასეული იყო. დოდოშკას საქმე მხოლოდ სართულ-სართულ სიარული (ისე, იმ ფულს მგონი სულ ხუთთეთრიანებად ახურდავებდა საწყალი, მსუქანია და კიბეებზე ვერ დადიოდა) და ნაცების აგიტაცია იყო.

უგულავას მხარდამჭერებო: მითხარით, რომ ასე დახარჯული 40 მილიონი გაფლანგვა და სისხლის სამართლის დანაშაული არ არის!

სასამართლოვ: დოდოშკა ვერ იპოვეთ, რომ აქამდე დაგემტკიცებინათ და მიგესაჯათ მისასჯელი? არ მჯერა, თქვენი დროც მოვა!