დოლაბერიძის დაცვა, ანუ ვისი ვიოლინო ვის როიალშია?! - კვირის პალიტრა

დოლაბერიძის დაცვა, ანუ ვისი ვიოლინო ვის როიალშია?!

სწავლა სიბერემდეო და აგერ, მეც ვსწავლობ. დღე არ გავა, რაღაც ახალი რომ არ გავიგო, თან სულ სხვადასხვა სფეროდან: პოლიტიკა, ხელოვნება, სპორტი, ადამიანის, ქალის, ცხოველისა და მომხმარებლის უფლებები, გეოგრაფია, ისტორია, კულინარია... ცხოვრება გვასწავლის. ვინც სწავლობს, ის იგებს. "სწავლა სინათლეა, უსწავლელობა - სიბნელე" - ბონდო და ფრიდონ დოლაბერიძეების ეს შეგონება საუკუნეებს აუცილებლად გასწვდება და რა გასაკვირია, რომ მან ჩვენ დრომდე მოაღწია.

სწორედ ბონდო დოლაბერიძე გამახსენდა, როცა ევროპის სახალხო პარტიის განცხადება მოვისმინე.

არის ასეთი პარტია!!!

რა ვიცი, პარტიაა? რა ვიცი, რა ვიცი... საერთოდ, პარტიები ასე არ იქცევიან, თუ რა თქმა უნდა ეს საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტია არ არის, ან კიდევ უკეთესი - ანგოლის "ემპეელა პარწიი ტრუდა", თავისი, ჩემს ბავშვობაში უცვლელი თავმჯდომარით, რომელიც იყო აგოსტინიო ნეტო.

მოკლედ, პარტიები ასე არ იქცევიან, მით უმეტეს, თუ ეს სახალხოა, თანაც როგორი სახალხო - ევროპის სახალხო! ასე რომ, ახლა უნდა დავჯდე და ვიფიქრო, ევროპის სახალხო პარტია მართლა ევროპის არის, მართლა სახალხოა და მართლა პარტიაა? ჰოდა, მისი განცხადება რომ მოვისმინე, ჩემთვის აღვნიშნე, რომ ან ევროპა აღარ არსებობს, ანაც არსებობს და მასში ხალხი აღარ დარჩა, ეს "ევროპის სახალხო პარტიად" წოდებული დაჯგუფება კი, ეტყობა, საქართველოს დიდი მეგობარია და ასე და ამგვარად ცდილობს ხელი აგვაღებინოს ევროპის კარზე კაკუნზე, რადგან იცის, რომ ერთ დღესაც, როცა ევროპის კარი გაგვეღება, შევალთ და ახლო აღმოსავლეთში ამოვყოფთ თავს და ესენი, ევროხალხოსნები, პირდაპირ ვერ გვეუბნებიან, მაგრამ ასეთი განცხადებებით მიგვანიშნებენ, ახლო აღმოსავლეთს ისევ რუსეთი გერჩიოთო. ვეცოდებით, გვიფრთხილდებიან. იციან, რომ სხვა საქართველო არ არის და ეგეც არ იყოს, არსად ისე არ მღერიან, როგორც აქ, ამ ქვეყანაში.

მაშ, როგორ გავიგოთ ის განცხადება?

ამდენ ლაპარაკში ისე მოხდა, რომ თავად განცხადების შინაარსზე არაფერი მითქვამს, მაგრამ ჩვენში რომ დარჩეს, არც აქვს არანაირი შინაარსი, მას აქვს დედააზრი და როგორც ძველ დროში იტყოდნენ, წითელ ხაზად გასდევს, რომ დღეს საქართველოში არის დიქტატურა. სწორედ ეს სიტყვა - "დიქტატურა" - არის ის, რაც თავიდან უნდა გავიაზრო, არადა, ბავშვობიდან მაქვს თავი გამოჭედილი წითელი ქხმერებით, კონტრასებით, შავი პოლკოვნიკებით, ჩონ დუ ხვანით და კიმ ირ სენით, სამოსათი და სალაზარით, კალიგულა და ნერონი იქით იყოს, სტალინი გვყავდა ბოლო-ბოლო და რაც ჩვენ "ჩაუშესკუ, ჩაუშესკუ" გვიყვირია, ეჰ, თამუნია, თამუნია...

მეგონა, რომ დიქტატურა გულისხმობს ერთპარტიულობას, საიდუმლო პოლიციას, პოლიტიკური ოპონენტებისა და განსხვავებულად მოაზროვნეთა მკვლელობებს, მასობრივ დაპატიმრებებს, ტერორს, თავისუფალი მედიის და შეკრებების თავისუფლების აკრძალვას, უკანონობას. ანუ, ერთი გონებამახვილური გამონათქვამი რომ გავიხსენოთ, მხოლოდ ერთმა კაცმა და მასთან დაახლოებულმა ვიწრო წრემ რომ იცის, ვისი ვიოლინო ვის როიალშია.

ასე არ ყოფილა. თურმე. აი, ეს სიტყვა მშველის ხოლმე - "თურმე". ვიტყვი ან გავიფიქრებ ამ სიტყვას და მაშინვე ვიწყებ ახალი ცოდნის შეძენას. ამ შემთხვევაში კი ახალი ცოდნა სწორედ ევროპის სახალხო პარტიის განცხადების დედააზრს უკავშირდება - "საქართველოში არის დიქტატურა".

არა, არა... ასე კი არა, არამედ ასე: საქართველოში არის დიქტატურა!!!!!!!!

ძახილის ნიშნის გარეშე, დოლის გარეშე და ტიკის გარეშე ვინ გაფრენილა?

უნდა დავიძახო: თურმე დიქტატურაა, როცა ქვეყანას ერთი პარტია მართავს, ხოლო სასამართლო და პროკურატურა მეორე პარტიის ხელშია, ამავე პარტიის ხელშია ეროვნული ბანკი, აუდიტის სამსახური, ყველა წამყვანი ტელევიზია, წვრილ-წვრილი პარტიების დიდი უმრავლესობა, არასამთავრობო ორგანიზაციები, წვრილი, საშუალო და მსხვილი ბიზნესი, ფარული ჩანაწერები...

თურმე, დიქტატურაა, როდესაც ერთი პარტიის მმართველობის პირობებში, არ ხდება წინამორბედის მმართველობის დროს წინამორბედისავე მფარველობით განხორციელებული მკვლელობების, ტერორის და რეკეტის გამოძიება.

ეს მართლაც დიქტატურაა, ოღონდ - ნაციონალური მოძრაობის დიქტატურა. მაგრამ ვის იცავს და ვის წისქვილზე ასხამს წყალს ევროპის სახალხო პარტია? იცავს ერთიან ნაციონალურ მოძრაობას, წისქვილი რუსეთს ეკუთვნის, ის კი ფქვავს და ფქვავს.

პ.ს. "სწავლა სინათლეა, უსწავლელობა - სიბნელე" - ბონდო და ფრიდონ დოლაბერიძეების ამ შეგონებამ ჩვენს დრომდე და ჩემს პოსტსკრიპტუმამდე მოაღწია, მაგრამ ახლა ბონდო-ფეოლას ერთი განწირული შეძახილი მინდა გავიხსენო - "ხვედელიძე, დაცვას მიხედე, დაცვას" და ევროპის სახალხო პარტიას უნდა მივმართო: - დაცვას მიხედე, დაცვას, სანამ ჯერ კიდევ ევროპაა, სანამ იქ ხალხი ცხოვრობს და სანამ პარტიები არ აუკრძალავთ.