"უცნობები", ანუ რატომ მიყვარს "ენდეაის" გამოკითხვები?! - კვირის პალიტრა

"უცნობები", ანუ რატომ მიყვარს "ენდეაის" გამოკითხვები?!

მიყვარს "ენდეაის" გამოკითხვები. ვერთობი ხოლმე, ვხალისობ... ხანდახან მჯერა კიდეც, შედეგების - მაშინ, როდესაც ჩემს მოსაზრებებს ემთხვევა. აი, ახლაც: თვალი გამექცა ზოგიერთი ქალაქის მერის "ენდეაისეული" რეიტინგებისკენ და ვიხალისე, მაგრამ, რა ვიხალისე!

არადა, სულ სხვა, ძალიან არასახალისო თემაზე მინდოდა დღეს საუბარი - გაბრაზებული ვარ და თანაც, გაგიკვირდებათ და თქვენზე - მკითხველებზე... მაგრამ ამაზე ქვემოთ.

ახლა კი, გორის მერის რეიტინგი: 7%-ს მოსწონს, 19%-ს - არა. ე.ი. დანარჩენ 74%-ს, ბოდიში და... ჰო, როგორც არის. - რაზე ხალისობო? - მკითხავთ. რაზე და, გორის მერმა განაცხადა, - არ მჯერა მაგათი გამოკითხვებისო და ამ დროს გაირკვა, რომ ბიძინა ივანიშვილს სჯერა!!!

ერთი ძველთაძველი ანეკდოტი გამახსენა ამ ამბავმა (ვინც არ იცის, რას ნიშნავს რაიკომის პირველი, მეორე და მესამე მდივანი, მშობლებს ჰკითხეთ და აგიხსნიან):

"რაიკომის მესამე მდივანი ეკითხება მეორე მდივანს:

- ნიკალაევიჩ (ეს "იჩ"-იც მშობლებს ჰკითხეთ), ნიანგი მართლა დაფრინავს?

- აი, ხო გეუბნები, დებილი ხარ და შენგან არაფერი გამოვა-მეთქი! სად გაგონილა, ნიანგის ფრენა?!

- რა ვიცი, პირველმა მდივანმა თქვა...

- ნუუ... ახლა... მთლად არწივივით ვერ შლის ფრთებს, მაგრამ ცდილობს... დაფრინავს ფაქტობრივად, რა..."

ამიტომ, ახლა ალბათ იტყვის გორის მერი: - ნუუ... ახლა... მთლად არ მჯერა-მეთქი, ვერ ვიტყვი, მაგრამ...

ჰო, რაც შეეხება ჩემს წყენას თქვენდამი: გაგიკვირდებათ და, სულაც არ ვხუმრობ და ახლავე აგიხსნით (აქვე ვიტყვი, რომ ეს მხოლოდ იმ მკითხველებს ეხებათ, რომლებიც "კვირის პალიტრის" საიტზე კითხულობენ "პროვოკაციებს" და კომენტარებს წერენ): დავწერ რამეს "ნაცების" უმსგავსობაზე და - შე უბედურო, მთლად გაქოცებულხარ, რა გადაგიხადა ბიძინამო - ერთი "სასტავი". ისულელებენ ეს გოიმები რამეს, ვიშაყირებ ამაზე და: - ოეეეე, ვეღარ დამალე, "ნაცები" რომ მოგენატრა, ხოოო?! - მეორე "სასტავი".

ჯანდაბას, იმიტომ ვაკრიტიკებ ერთ მხარეს, რომ მეორეს გულზე მოხვდეს, მაგრამ კეთილი ინებეთ და რაღაც ჩარჩოში ჩაეტიეთ, თორემ მე ვინმეს მართლა თმენისვალდებულებიანი საჯარო პირი ხომ არ ვგონივარ?! ბიჯოს!

და საერთოდ: აღარ მინდა ჟურნალისტობა, ქალაქის მერი უნდა გავხდე! ან პრეზიდენტი! კი, პრეზიდენტობა ჯობს...

ვაჰ, პრეზიდენტზე და "ნაცებზე" გამახსენდა: ნარმანიას რომ ბიძინას მოთრეულს ეძახიან და "არგუმენტს" აყოლებენ - რომ არა ივანიშვილი, მაგას ვინ აირჩევდაო! და იმავე დროს, მარგველაშვილზე როდესაც არის მსგავსი "ეჭვი" ვინმესგან გამოთქმული, "მორცხვად" დუმან...

ჰოდა, იმას ვამბობდი: თუკი ასეთი "ქოცმეხოტბე" ვარ, "მომათრიოს" მეც ივანიშვილმა პრეზიდენტად, ხოლო თუკი სააკაშვილი და "ნაცები" დაბრუნდებიან (ამაზეც ხომ ვ-ოცნებ-ობ), მაშინ მიშამ მომხედოს.

ხუმრობა იქით იყოს და, ამიერიდან ვეცდები, ფრთხილი ვიყო შეფასებებში ან მხოლოდ ფაქტები აღვნიშნო. მაგალითად, ასე: "დეპუტატ ლორთქიფანიძის პიჯაკის შემოხევისათვის საპროტესტო აქციის ორი მონაწილე დააკავეს და ორთვიანი პატიმრობა შეუფარდეს." აჰა, ვინ მომდებს შარს?!

განვაგრძოთ დეპუტატ ლორთქიფანიის "თემა": "ჟურნალისტის შეკითხვაზე, - რატომ არ გაქვთ თანამედროვე მობილური, მოსაუბრის ფარულად ჩაწერას შეძლებდითო, დეპუტატმა (!) უპასუხა, - ეგეთი ბოზური საქციელი (!!!) არასოდეს ჩამიდენია და არც ჩავიდენო!"

არა! არა-მეთქი!!! არ გამომდის, საქართველოსი არ იყოს, ნეიტრალიტეტი: როგორ არ უნდა დავარქვა ახლა ამ ძალად ძველ ბიჭს ის, რასაც იმსახურებს?! თქვი შე კაი კაცო: "უკადრებელს არ ვიკადრებ", ან "ასეთი რამ მიუღებელია ჩემთვის"... ამან რაზბორკა მოუწყო ჟურნალისტს... ეეეჰ, მე კიდევ, "რიგითი" მკითხველებისა მიკვირს...

პ.ს. ამას წინათ ბლიც-გამოკითხვა ჩავატარე და გაირკვა, რომ 20-დან 17-მა იცოდა, ვინ იყო ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი. სამაგიეროდ, ასევე 20-დან 17-მა არ იცის, ვინ არის საქართველოს ჩემპიონი!

ეს ამბავიც "ენდეაის" ზემოთ ნახსენებ "სახალისო გამოკითხვაზე" გამახსენდა: თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის (არჩეულის, არჩეულის!!!) სახელი პირველად გაიგო თბილისელთა 34%-მა!

...არა, ისევ ჟურნალისტობა ჯობს...