"რუსთავი 2"-ის მოწმეები - გავიქცევი, წმ. გურამ დონაძის ხატს შევთხოვ პატიებას, მერე გოგიბედაშვილის "ლექსებს" წავიკითხავ - კვირის პალიტრა

"რუსთავი 2"-ის მოწმეები - გავიქცევი, წმ. გურამ დონაძის ხატს შევთხოვ პატიებას, მერე გოგიბედაშვილის "ლექსებს" წავიკითხავ

საერთოდ, ძალიან რბილი ხასიათი მაქვს. ნუ გაგიკვირდებათ, მართლა ასეა. იმასაც ვაღიარებ, რომ ჩემიანების მიმართ მიკერძოებული ვარ და ობიექტურობას ხშირად ვერ ვინარჩუნებ ხოლმე. ძალიან კი ვცდილობ, რომ წერისას მაინც არ ვიყო ტენდენციური, მაგრამ რამდენად გამომდის, თქვენი განსასჯელია.

"ჩემიანებში" ყველას ვგულისხმობ - ნებისმიერი ნიშნით ჩემიანს: უბნელს, წარმოშობით გურულს, არგენტინის გულშემატკივარს, "ჩემ წელს" დაბადებულსაც კი... ცხადია, ასეთივე და კიდევ უფრო სუბიექტური ვარ, როდესაც საქმე ჩემს კოლეგებს, ჟურნალისტებს ეხებათ, ამიტომ ერთ-ერთი პირველი უნდა ვიყო "რუსთავი2"-ის დამცველთა შორის!

ასეც იქნება: აი, ჩავათავებ ამ "პროვოკაციას", რამდენიმე კითხვასაც დავსვამ და გავიქცევი თავისუფალი სიტყვის დამცველთა აქციაზე...

"უნდა ეჩვენებინათ, თუ არ უნდა ეჩვენებინათ?!"

"ხელისუფლებამ მისცა ეს კადრები უკრაინულ საიტს, თუ ხელისუფლებასთან დაახლოებულმა წრეებმა (?! -ზუსტად ასე დაისვა კითხვა, განსხვავებას თუ ხედავთ ვინმე, შემატყობინეთ)?"

"რატომ არ არის განადგურებული ეს კადრები, აკი ღარიბაშვილმა საკუთარი ხელით მოსპო დისკეტებიო?"

და ა.შ.

თქვე ჩემ...ო კლოეგებო, ამდენ ბოდიალს, ერთი მარტივი კითხვა რომ დაგესვათ (ან ახლა, ან მაშინ - 3 წლის წინ), არ აჯობებდა? აი, მაგალითად, ასეთი:

"ამის გამკეთებლების უფროსები და "კიდომ იმის უფროსები", დღეს რომ რეალურად თქვენი უფროსები არიან, სირცხვილი არ არის?!"

ან ასეთი: "უკრაინული საიტის დედაც ვატირე, მაგრამ მე რომ ქართული ტელევიზიების ფლაგმანი ვარ, მე რატომ არ ვეძებ და ვამზეურებ ამ ამბებს და არ ვააშკარავებ დამნაშავეებს?!"

ან სულაც ასეთი: "ქიბარ ხალვაში გათახსირებული და ცილისმწამებელია, მაგრამ როდესაც ჩვენი ტელევიზიის წილებს ყიდულობდა, გზად პრეზიდენტთან რატომ შეიარა?! რა შუაში იყო პრეზიდენტი ბიზნესთან?!" სხვანაირადაც შეიძლება: "ქიბარ ხალვაში ბიძინას და რუსების აგენტია, მაგრამ 5 მილიონად ნაყიდი ტელევიზია ცოტა ხანში 250 ათასად რატომ გაყიდა?!"

ანდა მოწოდებები რომ ავიღოთ - აი, ბოლო ხანს რომ მოუწოდებს მოქალაქეებს და განსაკუთრებით, კოლეგებს: გამოგვიცხადეთ სოლიდარობა, გვჩაგრავს "ქოცნებაო"! უფრო ეფექტიანი ხომ ასე იქნებოდა: "ხალხო, გახსოვთ, "ტელე-იმედი" რომ დაარბიეს "ნაცმოძრაობისას", ჩვენ რომ მთელი შემადგენლობით მაშინვე იქ გავჩნდით და სასტიკად გავაპროტესტეთ და მთავრობას რომ ვუთხარით: "თუთ!" და მერე კიდევ "კვირის პალიტრას" რომ მიუსია სააკაშვილმა საგადასახადო, ჟურნალისტებიც კი ტუალეტშიც რომ ვერ შედიოდნენ იმათ უკითხავად რამდენიმე დღე, მთელი ჟურნალისტური კორპუსი რომ "პალიტრის" ეზოში აპროტესტებდა ამ ამბავს და ჩვენ - "ერორელები" რომ პირველები ვიყავით ამ მოპროტესტეთა შორის, მერე "აიტივი.ჯი" და "პრესა.ჯი" რომ წაართვეს მის პატრონებს, სააკაშვილის მონებს რომ აჩუქეს და ჩვენ რომ გადავირიეთ და კინაღამ გავსკდით, იმდენი ვაპროტესტეთ; მერე უდანაშაულო ფოტოკორესპონდენტებს ლამის სამშობლოს ღალატი რომ შეტენეს, უამრავი სიუჟეტი გავუშვით მათი უდანაშაულობის დასამტკიცებელიო; ახლა ჩვენ გვიჭირს და გადაგვიხადეთ სამაგიერო!!!"

აბა, როგორია?! ჰოდა, გიხდით სამაგიეროს: "აქა ვზივარ და სხვაგვარად არ ძალმიძს!" არ ძალმიძს, რადგან თქვენ ტელევიზიას რამდენიმე მილიონი აპატია სააკაშვილის ბანდამ და თქვენ ამის ფონზეც არ გაგიტყდათ ჩვენთან საგადასახადოს მიერ სადამსჯელო ოპერაციის ჩატარება; არ ძალმიძს, რადგან აშკარად ჩანს, როგორ გიხარიათ დღევანდელი ხელისუფლების ნებისმიერი იაღლიში და სისულელე, რომელიც ქვეყნისთვისაც საზიანოა და მხოლოდ მის ოპოზიციას აძლევს ხელს; არ ძალმიძს რადგან უკვე აღარ მალავთ, რომ ერთი პოლიტიკური გუნდის ტელევიზია ხართ და თქვენი "კურიერიც" დიდი ხანია ბრეჟნევისდროინდელ "ვრემიას" დაემსგავსა; არ ძალმიძს, რადაგან ისე ვარ შეშინებული, რომ ბრიყვი მოსამართლის მიერ ნათქვამი, - დედაჩემი ჩემი ოჯახის წევრი არ არისო, ვერ გამიპროტესტებია, ვაი თუ ამით თუნდაც მისხალით იმათ დაბრუნებას არ შევუწყო ხელი; არ ძალმიძს, რადგან ნებისმიერი ბრიყვი მირჩევნია იმ თახსირების მობრუნებას, რომლებიც თვითონ თუ არ ბრძანებდნენ იმ საშინელებების ჩადენა-გადაღებას (არც ეს მჯერა), მომხდარიდან ძალიან მალე იცოდნენ მაინც და გული არ გაუსკდათ მაშინვე!

და რაზე წუწუნებენ დღეს?! "ცოცხებითა და კვერცხებით შეიარაღებული ადამიანებიო"! თავს დაესხნენ ჩვენს ოფისებსო! შეიარაღებულიო!

თქვე მართალა კვერცხებო და ცოცხებო!

მიდით, ატეხეთ ამბავი, ვეღარ დამალა "ქოცობაო"! ეუფ, გადაუხადა ბიძინამო!

ფეხებზე მკიდია თქვენი აზრი! არ ხართ თქვენ ჩემი კოლეგები!

პ.ს. ვაჰ, ეს რაები წამოვაყრანტალე... აგერ დიდი ქართველი პოეტი, დეფი ამბობს, "რუსთავი 2" რელიგია და ბუნების კანონებიაო! იეღოვას კი არა და, "რუსთავი 2"-ის მოწმეები!

ჩემი სიკვდილი, მკრეხელობა ჩამიდენია!..

უნდა მოვინანიო - გავიქცევი, წმინდა გურამ დონაძის ხატს შევთხოვ პატიებას და მერე გოგიბედაშვილის "ლექსებს" წავიკითხავ, ფსალმუნების "პონტში"...